Home Blog Page 1854

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ რესტორანმა „სადგურმა“ ბიზნესი გააფართოვა

ლუდის ბაღი და რესტორანი “სადგური“, რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში მდებარეობს,  თიბისის ბიზნეს დაჯილდოების 2022 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში „რეგიონის  განვითარებისთვის“.  აღებული ჯილდოს დახმარებით კომპანიამ რესტორნის ტერიტორიაზე არსებული 300 კვმ დარბაზისთვის აპარატურა შეიძინა, რითაც თავისი საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა.

კომპანიის ისტორიასა და ამ ისტორიით სოფელში დაწყებულ ახალ ცხოვრებაზე „სადგურის“ დამფუძნებელი, გიორგი ბარათაშვილი გვიამბობს:

„2016 წელს, როცა პირველად მოვხვდი ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში, ძალიან მომხიბლა მისმა არქიტექტურამ და გამორჩეულმა, სრულიად უცხო განწყობამ. მივხვდი, რომ ამ ადგილს, თავისი ისტორიით, უნიკალური ეთნოგრაფიითა და კულტურით, განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი ჰქონდა.

აქ თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი გერმანელების მიერ 19-საუკუნეში აშენებული სახლები, ინფრასტრუქტურა, ღვინისა და გასტრონომიული კულტურა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ასურეთში შეგვეძინა ფართი და დაგვეწყო გასტრონომიული ბიზნესი.

2020 წელს შევისყიდეთ გერმანელების მიერ 1933 წელს აშენებული სამანქანო და სატრაქტორო სადგურის შენობა თავისი ეზოთი და ადმინისტრაციული ნაგებობით და დავიწყეთ ბიზნესის დაგეგმვა.

მოვახდინეთ შენობის მთლიანი რეკონსტრუქცია და 2022 წელს გავხსენით ლუდის ბაღი, ეგრეთწოდებული გერმანული „ბიერგართენი“ და რესტორანი, რომელსაც „სადგური“ დავარქვით.

გერმანელების წასვლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ქართველები, ძირითადად რაჭველები დასახლდნენ. ასე შეიქმნა უნიკალური, რაჭულ-გერმანული კულინარიული და ღვინის კულტურა.

ადგილობრივებისგან მოვიძიეთ ძველი გერმანული რეცეპტები, რომლებიც საინტერესო იმითაა, რომ ეს გერმანული კერძები რაჭული კულინარიული ელემენტებითაა გამდიდრებული. ჩვენი მენიუ ძირითადად ასეთი კერძებისგან შედგება. აღვადგინეთ ასევე გერმანული ძეხვეულის კულტურა, ნედლი სოსისები, რომლებსაც ადგილობრივები გვიმზადებენ.

განსაკუთრებული ადგილი ამ მენიუში რა თქმა უნდა, ღვინოს უკავია, რომელიც ასევე გერმანული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გერმანელებს აქ მოჰყავდათ ყურძნის  უნიკალური ჯიში, „შალა“. შემორჩენილია მათ მიერ საგანგებოდ აშენებული მარნები და სარდაფები თავისი კასრებით, ჩანებით, ტექნოლოგიით. რაჭველებმა ეს მემკვიდრეობა თავისებურად გააგრძელეს, არ შეუწყვეტიათ ღვინის წარმოება. სულ მალე კი ამ საქმეს ჩვენც მივყოფთ ხელს და ჩამოვასხამთ  ჩვენს ღვინოს – „ასურეთულ შალას“, „სადგურის“ ლოგოთი.

იმ დროს, როცა სადგური გავხსენით, სოფელში არ არსებობდა სხვა საკვები ობიექტი. თუმცა სულ რამდენიმე თვეში მივხვდით, რომ ჩვენი აქ დამკვიდრების შემდეგ ასურეთში ცხოვრება სულ სხვანაირად აჩქეფდა.  ჩამოდიოდა და გვსტუმრობდა უამრავი ტურისტი, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ამიტომ რესტორანს დავამატეთ კიდევ ერთი ღია სივრცე და ასევე დახურული სივრცე კორპორაციული და კერძო ღონისძიებებისთვის.

მალევე სოფელში გაჩნდა სხვა საკვები ობიექტებიც, სასტუმროც, შენდება ცხენების ფერმა, აიწია უძრავი ქონების ფასმაც. დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა, მათგან ვყიდულობთ ნედლეულსაც. ეს ყველაფერი, ცხადია,  დადებითად აისახა სოფლის ეკონომიკაზეც.

სწორედ ამიტომ, როცა 2022 წელს გამოცხადდა ბიზნეს დაჯილდოება, განაცხადი შევიტანეთ ნომინაციაში „რეგიონის განვითარებისთვის“.

ჯილდოს დახმარებით ჩვენი დარბაზისთვის შევიძინეთ  საპრეზენტაციო და მუსიკალური გაფორმებისთვის საჭირო აპარატურა, რომლის წყალობითაც დღეს აქ უკვე  შესაძლებელია სრულყოფილი ღონისძიებების ჩატარება, იქნება ეს გამოფენა, პრეზენტაცია, ქორწილი, კორპორაციული წვეულება ტუ ფესტივალი. რამდენიმე ასეთი ღონისძიება უკვე შედგა.

წელს მოვაწყვეთ გერმანული ფესტივალიც „ოქტობერფესტი“, რომელსაც ჩვენ „ოქროსფერფესტი“ დავარქვით. მთელი ფესტივალის განმავლობაში, ამ აპარატურის დახმარებით, უკრავდა ცოცხალი მუსიკა.

ამ ფესტივალით საფუძველი ჩაეყარა ახალ, საფესტივალო მიმართულებას, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო დაიხვეწება და  მასშტაბს შეიძენს. ეს ამ აპარატურის გარეშე ვერ მოხდებოდა.

ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვება ჩვენნაირი დამწყები ბიზნესებისთვის იმის დასტურია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ამ გამარჯვების შემდეგ გაგვიცნო კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა, სამჯერ გაიზარდა სტუმრების რაოდენობა და შესაბამისად გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობაც – კიდევ უფრო გავლამაზდეთ, დავხვეწოთ ჩვენი რესტორანი და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ამ რეგიონით, რომელშიც უკვე სულ სხვანაირად ჩქეფს სიცოცხლე.“

R

“მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე” – ბექა ლილუაშვილი

მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე – თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?! – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” თანამშრომლობს და არ გამორიცხავს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც გამოუშვან.

ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში “არქის” პროექტის დამტკიცება “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით კიდევ ერთი მაგალითია მათი თანამშრომლობის და საერთო ბიზნესინტერესების.

“მივმართავთ “ოცნების” ბოსებს, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, საერთოდ მოგვაწოდონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში?! მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ ნებადართულ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს სააკაშვილი სასამართლოების საფარქვეშ. გარდა ამისა, არავის უკვირს რეკლამირება, რასაც სააკაშვილს უწევს კობახიძე, მდინარაძე. გაგვაგებინონ, რა ფორმატი აქვთ თანამშრომლობის და რას ითვალისწინებს ეს ფორმატი დამატებით, გარდა ბიზნესში და პოლიტიკაში არაერთგზის თანამშრომლობისა, გვითხრან რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება “ნაცმოძრაობასთან”, სააკაშვილთან მიმართებით. არ გამიკვირდება ახალი წელი მიულოცოს ამ ადამიანმა მოქალაქეებს პირდაპირი ეთერით საავადმყოფოდან, ამის ნებაც მისცენ და არც ის გამიკვირდება, რომ 2024 წლის არჩევნების შიშმა “ქოცებს” გამოაშვებინოს ეს კაცი ციხიდან. გვითხრან რას ითვალისწინებს კიდევ მათი თანამშრომლობა კეზერაშვილთან “ქოლ -ცენტების” საქმეში, პარლამენტში თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში. გასაგებია, ერთად ფულის კეთება მათ უყვართ და აგვიხსნან, კოჰაბიტაციის პიკში ეს ითვალისწინებს თუ არა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მომავალში.

ის, რაც რუსთავის საკრებულოში მოხდა, მკაფიოს ხდის მათ კოჰაბიტაციას. “არქის” სამშენებლო პროექტის დამტკიცება “ქართული ოცნების” მიერ “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერით არის კლასიკური მაგალითი ფულის შოვნაზე დახამების და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები განპირობებული იყო იმით, რომ მეტი დაეფასებინა ფულად განზომილებაში “ნაცების” წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩახტომოდნენ წილში “ოცნების” კორუფციულ გარიგებას. ესაა კლასიკური მაგალითი როგორ მიიღეს ერთობლივად გადაწყვეტილება რუსთაველების ხარჯზე და მათი ქალაქის იერსახის ხარჯზე “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ”. როგორც ჩანს “ქოლ -ცენტრების” ფულთან ერთად დეველოპერული სექტორიდან მიღებული ფული სჭირდებათ არჩევნების დასაფინანსებლად “ოცნების” მხარეს,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

“არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყურდღების მიღმა დარჩეს“ – რას წერს The Globe and Mail-ი

კანადის გაზეთ The Globe and Mail-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ომისაგან დასავლეთის დაღლის გამო არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყურდღების მიღმა დარჩეს“ (ავტორი – კონრად იაკაბუსკი).

გთვაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კიევში მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა, რათა უკრაინელები გაემხნევებინა და ეთქვა, რომ ამერიკას და მსოფლიოს უკრაინის ომი ახსოვთ და არ დავიწყებიათ. მისტერ ლოიდი დაბეჯითებით ცდილობდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ამერიკა მას ძველებურად მხარს უჭერს და რომ დახმარებას გააგრძელებს.

გასაგებია თეთრი სახლისა და პენტაგონის ძალისხმევა, მაგრამ იმ პირობებში, როცა უკრაინისათვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის დამტკიცება კონგრესში სერიოზულ დაბრკოლებას აწყდება, ხოლო დასავლეთში „უკრაინის ომის გამო დაღლილობა მატულობს“, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის სიტყვები რაღაც არადამაჯერებლად ჟღერს.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ უკრაინის თემატიკა საერთაშორისო პრესის პირველ გვერდზე იშვიათად თუ შუქდება იმდენად, რამდენადაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უკვე ღაზას კონფლიქტს აქვს მონოპოლიზებული. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ: მათ მობილიზება გაუკეთეს აშშ-ის დაუძინებელ მტრებს – ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ჩათვლით და ეს ხდება ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკას, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამო, პოლიტიკური ჟანგბადის ნაკლებობა აქვს და სუნთქვა უძნელდება…

ეს კარგი ამბავია ვლადიმერ პუტინისათვის და ცუდი – ვოლოდიმირ ზელენსკისათვის. საკმაოდ ცუდი და არასასიამოვნოა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედით დაწყებული კონტრშეტევა, პრაქტიკულად ძალიან მცირე შედეგებით დასრულდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ოდესღაც უდაო ლიდერობა დრეს უკვე საეჭვო ხდება საკუთარი მთავრობისთვისაც კი… თვით პოლონეთიც კი, რომელიც რუსეთის დაუძინებელი მტერია, ისიც კი ყოყმანობს უკრაინისადმი მხარდაჭერაში. სულ ცოტა ხნის წინათ დასავლეთის ბევრი ქვეყნის ლიდერმა, როგორც ჩანს, დაიჯერეს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის არმია რუსეთზე გაიმარჯვებდა… ახლა კი დასვლეთის მოთმინების ფიალა ევსება. ისეთი სიტუაციაა, რომ არ ჩანს, ომის სასწორი ვის მხარეზე გადაიხრება. კონფლიქტი ისეთ სახეს იძენს, რომელიც ძალების გამოფიტვისკენაა მიმართული. გაურკვეველი სიტუაცია აყოვნებს ამერიკის დახმარების გარანტიებსა: ვაშინგტონელი პოლიტიკოსები და კანონმდებლები ბოლომდე არ არ არიან დარწმუნებულნი, რომ 61 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს, ამიტომ მათი ყურადღება ისრაელისკენაა მიპყრობილი. უკრაინის ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

და რაც კიდევ უფრო უარესია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, ესაა ვარაუდები აშშ-ის პრეზიდენტად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის არჩევის თაობაზე 2024 წელს. ამერიკელი რესპუბლიკელები უკრაინელებს და უკრაინის პრეზიდენტს არ სწყალობენ. ამიტომაც ბევრი ექსპერტი ომის საკითხის მოგვარებას გადაუდებლად მიიჩნევს. ზოგიერთები ღიად მოუწოდებენ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ სანამ დროა და სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესებულა, სანამ ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელს დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სავარძელი არ დაუკავებია, ისარგებლოს მომენტით და მოლაპარაკება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ანუ, როგორც საგარეოპოლიტიკური ექსპერტები რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი წერენ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy), „აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა კონსულტაციები უნდა დაიწყოს რუსეთთან და თავიანთი შემტევი აცენტი ახლა თავდაცვაზე უნდა გადაიტანონ. რასაკვირველია, კიევი უარს არ იტყვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და კრემლის პარსუხიმგებლობაზე აგრესიის გამო, მაგრამ უკრაინამ იმავდროულად უნდა აღიაროს, რომ მისი პრიორიტეტები დროებით იცვლება – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების ნაცვლად, კიევი იწყებს იმ ტერიტორიის ეკონომიკურ აღდგენას  (ქვეყნის 80%), რომელსაც ჯერ კიდევ თვითონ აკონტროლებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი ცდილობენ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ. საქმე იმაშია, რომ ისინი ორივე რამდენიმე თვის წინათ შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დიპლომატიური კომპრომისების მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, მათი პუბლიკაცია „ფორინ პოლისში“ ყურადღებით იქნა წაკითხული ვაშინგტონის პოლიტიკურ აუდიტორიაში, მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაშიც.

„რეალობა ისეთია, რომ ცხელი საველე ომი დიპლომატიური ომით უნდა შეიცვალოს, ყირიმისა და დონბასის გასათავისუფლებლად. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ისეთი ომია, რომელშიც კიევი ვერ გაიმარჯვებს. უფრო უარესი – არის დიდი რისკი იმისა, რომ გავა მცირე დრო და უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერასაც დაკარგავს“.

ეს არგუმენტი, როგორც ჩანს, ეხმიანება იმას, რასაც ბევრი დასავლელი ოფიციალური პირი კერძო საუბრებში აღიარებს, მაგრამ ხმამაღლა და საჯაროდ ვერ ლაპარაკობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ამას გრძნობს და შეშფოთებულია: როგორც მან თქვა ბრიტანელ საგარეო საქმეთა მინისტრთან – დევიდ კემერონთან გამართულ შეხვედრაზე ამ რამდენიმე დღის წინათ. „ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს ყურადღების გადატანა [ისრაელზე]“.

მოკლედ, ფსონები უკრაინაში ძველებურად ისევ ისეთი მაღალია, როგორც 21 თვის წინათ, ომის დაწყების დღეებში იყო, მაგრამ რადგანაც ჩიხური სიტუაციის იგნორირება სულ უფრო რთულდება, ხოლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი [რაიმე კომპრომისულ] ნაბიჯს არ გადადგამს რუსეთისაკენ, უეცრად იგი ძალიან მარტო დარჩება.

წყარო

თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ -მურთაზ ზოდელავა ლევან ხაბეიშვილზე

ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელში.

ზოდელავას თქმით, „კვიპროსის კლუბის“ თბილისის საკონსულოდ ქცეულ ტელევიზიაში, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო ვერც პარტიის ოფისში და ვერც ყრილობაზე.

„ხაბეიშვილმა ახლა ფორმულას ეთერში რაც გააკეთა მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა. თავმჯდომარედ კი არა ნაცნობადაც ვერ ვიგუებ. პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა, ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე, ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა, მგონი ისე დაიშალნენ ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში“, – წერს ზოდელავა Facebook-ზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს  “ნაციონალურ მოძრაობას”

https://www.facebook.com/murtaz.zodelava.77/posts/pfbid0VFQvUYbBw3AtyYhWEasC6oqDudAeqMvqqavsAtfBYnGSa9NdArJ9UvHp3xtUspaxl

“აფხაზეთი უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე სომხეთი და საქართველო” – ბჟანია

სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთის გავლენის ქვეშ აკეთებს განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთის მიერ აღებულ კურსს ეწინააღმდეგება. აფხაზეთმა აირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარების კურსი. ბოლო განცხადებაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცალმხრივად მხარი დაუჭირა საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას, რაც აფხაზეთის სუვერენიტეტის ფაქტს ძირეულად ეწინააღმდეგება. ამიტომ, გვსურს შევახსენოთ პრემიერ-მინისტრს ფაშინიანს, რომ აფხაზეთში პატივისცემით ეპყრობიან მთელ სომეხ ხალხს, რომლის ნაწილმა წარსულის ტრაგიკული მოვლენების დროს თავი აფხაზეთს შეაფარა.

დღეს სომხეთის სათვისტომო აფხაზეთის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაშია წარმოდგენილი, სომხურ ენას და კულტურას მხარს უჭერს სახელმწიფო, სომხეთის სამოციქულო ეკლესია თავისუფლად ფუნქციონირებს.

აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს აქვთ ყველაფერი, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებისთვის ვერ უზრუნველყო. მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ამ ადამიანებმა სახელმწიფოს ნგრევა და მშობლიური მიწიდან განდევნა მიიღეს. უფრო მეტიც, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის შედეგად სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა.

შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთიანობის, სუვერენიტეტის,  ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის პრინციპები უფრო აფხაზეთს შეესაბამება, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას აკონტროლებს და რომელიც რუსეთის ფედერაციამ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს.

ამასთანავე, არც სომხეთი, არც მისი პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი საქართველო ამ კლასიფიკაციას არ შეესაბამება. მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, რომ ინდოქტრინირებულ რიტორიკაზე უარი თქვას და ფაქტობრივ მდგომარეობას შეეგუოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარებისას“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მანამდე ფაშინიანის სიტყვები სოხუმის დე ფაქტო პარლამენტის სომეხმა წევრებმა აშოტ მინასიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა და ლევონ გალუსტიანმა გააკრიტიკეს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ნოემბერს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +3, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. მოასლოდნელია ნალექი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც ნალექიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

“ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ” – გიორგი ბარამიძე

კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, პარტიის წესდებით,“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას არ იზიარებს.

გიორგი ბარამიძის განმარტებით, თუ ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ენმ-ის პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად არის, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მიმართოს.

„ჩემს ენმ თანამებრძოლებსა და მეგობრებს (ალბათ მედიასაც) დააინტერესებთ, რა პოზიცია მაქვს ენმ-ის თავმჯდომარის მიერ ნიკა მელიას მიმართ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. უმეტესობამ იგი აღიქვა, როგორც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა. მე მაინც მინდა საჯაროდ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაც არაერთხელ სხვადასხვა ეთერებში მითქვამს. კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ენმ-ის წესდებით, ენმ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ზოგადად, ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ ცხადია, უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლაც ასეა ზუსტად და ამას საჯაროდ ვამბობ.

მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად, ენმ-ს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.

თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია, ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა, რომ გადაწყვიტონ. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ-ის რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში.

ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.

მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან.

მჯერა, მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა. მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო მოღალატეთა რეჟიმისგან უნდა ერთად გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა.

მე მჯერა ჩვენი გამარჯვების. საქართველოში უნდა გათენდეს!

თავისუფლება მიშას! დიდება საქართველოს“, – წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

რუსეთის ჯარები აცხადებენ, რომ ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით წინსვლა აქვთ

რუსეთის ჯარებმა ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით წინსვლა დაადასტურეს.

როგორც მედია წერს, მანამდე, 26 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა მცირე წინსვლა განიცადეს კრასნოგოროვკას ჩრდილო-დასავლეთით და ავდეევკას სამხრეთ-აღმოსავლეთით.

რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს მთელი ინდუსტრიული ზონა რკინიგზის სადგურთან, მაგრამ ომის შემსწავლელ ინსტიტუტს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარებმა განაგრძეს შეტევა ბახმუტის სამხრეთით და ზარალს აყენებენ რუსეთის ჯარებს სამხედრო ტექნიკით.

“ისრაელი დროებითი ზავის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაახლებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი დროებითი ზავის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაახლებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს აცნობა.

ამავე დროს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ზავის გაგრძელებას ისურვებდა, თუ „ჰამასი“ ყოველდღიურად 10 მძევალს გაათავისუფლებდა. დროებითი ზავის გაგრძელების სურვილი გამოთქვა „ჰამასმაც“.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი-ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის მიწვევით, იერუსალიმში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

შტაინმაიერმა გაიმეორა გერმანიის პოზიცია იმის შესახებ, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი გზა იყო ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შეტანის უზრუნველსაყოფად.

„ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ არასოდეს უნდა მივცეთ უფლება, განახორციელოს თავისი გამოცხადებული მიზანი, კერძოდ, ისრაელის განადგურება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არ უნდა დავუშვათ. ამასთან ერთად, კარგია, რომ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ახლა გამოიყენება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. გერმანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მშვიდობიანი თანაარსებობა წარმატებული იქნება, თუ პოლიტიკა ორი პრინციპით იხელმძღვანელებს: პირველი – მეტი უსაფრთხოება ისრაელისთვის; და მეორე – მეტი პერსპექტივა პალესტინელების მომავლისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა საუკეთესო გზაა. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავინახავთ მომენტს, როდესაც მსგავსი პერსპექტივები კვლავ იქნება განხილული“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

როგორც მედია წერს, სამშაბათს შტაინმაიერი ომანში გაემგზავრება პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის, ასევე ეწვევა კატარს, რომელიც ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტში შუამავალია.

ნიკა მელია აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი -ლევან ხაბეიშვილი

ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„სხვა ადამიანებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. კონკრეტულ ადამიანზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მან თავად გადაწყვიტა, არ იყოს პარტიის წევრი. შესაბამისად, ის არ ითვლება, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ახლა მე მას საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხეს, ხაბეიშვილმა აღნიშნა: „კონკრეტული საბუთი თუ გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით, იურიდიულად თუ გინდათ და მოგწერთ. საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას““.

კითხვაზე, რომ ნიკა მელია არ თვლის ასე, არ წასულა პარტიიდან და ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ მელია პარტიიდან გააგდეს ან გაუშვეს, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მელიამ თავად გადაწყვიტა ასე და ის არ გაუგდიათ.

„თქვენ გინდათ, რომ სიტყვა „გააგდეთ“ გითხრათ? ეს არის ამოცანა? ან „გაუშვით“? მოდით, ჩემს პასუხს გეტყვით: მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია. ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. პირს ხომ არ ამოვუკერავთ ამ ადამიანს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რითი დასტურდება პარტიის წევრობა და აქვთ თუ არა პარტიის წევრებს შესაბამისი საბუთი, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება.

„მაყურებელი გვიყურებს, ბავშვები ხომ არ ვართ. გეუბნებით, მომწერეთ წერილობით, გამოგიგზავნით, თუ გინდათ. მეტი რა გავაკეთო? არ არის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ირიცხება. მან გადაწყვიტა, რომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე რვა თვეა, ამას აკეთებს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია რიტორიკას შეცვლის, შეუძლია დაწეროს განცხადება პარტიაში გაწევრიანებაზე და მას ხელმეორედ მიიღებენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა ლევან ხაბეიშვილს წერილობითი ფორმით გადასცეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“ რაზეც ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ასევე წერილობით უპასუხა: „არ არის, არ წარმოადგენს“, და ფურცელს ხელი მოაწერა.