Home Blog Page 1849

“კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება” – ილია დარჩიაშვილი

კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება – ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუციებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში.

“წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური ჩართულობით და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით, შევძელით გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში. ასევე განსაკუთრებულად მინდა გამოვყო საქართველოს პარლამენტის როლი და თითოეული მმართველი გუნდის წევრის.

ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით. კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ მოლაპარაკებების დაწყებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას…

ჩვენ ევროპასთან განსაკუთრებული, ცივილიზაციური კავშირები გვაქვს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუციებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

“იმაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს” – შალვა პაპუაშვილი

„ლელო“, როგორც წარმონაქმნი, არის ცინიზმის პიკი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ლელო“ არის დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის რეალური ალტერნატივა და მათი მთავარი სტრატეგია იქნება, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს.

„ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე, ადამიანები, რომლებიც კანონიერ, ძალაში შესული განაჩენით მხილებულნი არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე, ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორები, გველაპარაკებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობაზე. ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს. რთულია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, თუ რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველო  ისტორიულ  გზაგასაყარზე

ოკუპაცია და მშვიდობა არათავსებადი ცნებებია! გუშინდელი დღე – საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიიაზე ოკუპანტის მიერ ჩასაფრებით ქართველის მოკვლა და მეორე ქართველის ამავე ტერიტორიიდამ გატაცება ამის დასტურია. ოკუპანტმა “მაჯა” გაუსინჯა დღევანდელ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ პულსაციას მთელი მსოფლიო იგრძნობს!!! რუსთაველის გამზირიდან ამ მნიშვნელოვან წინადღეს ვეტვით საერთაშორისო თანამეგობრობას, მოყვარესაც და მტერსაც ვეტვით, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ერი არ დათმობს არსებობისა და ბრძოლის მთავარ ფორმას – თავისუფლებას!!! არ შეეგუება ოკუპაციას!

ოკუპანტმა თავისი ქმედებებით (მკვლელობითა და გატაცებით) მთავარი გზავნილი გაუგზავნა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს – ” მე აქ ვდგავარ, ენერგორესურსების გამტარიდან სულ რაღაც ნახევარ კმ-ში და ეს ჩემი გავლენის სფეროაო”; ჩვენი შვილების მომავალი ჩვენსავე აქტიურობაზეა დამოკიდებული…

საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შანსი, დააღწიოს თავი ნეოკოლონიალურ რისკებს და თავისუფალი სამყაროს წევრი გახდეს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი… 2020 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 78-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პოზიცია ინტეგრაციის პოლიტიკისა და ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში გაერთიანების მიმართ. კრემლმა თავისი „წითელი ხაზი“ მის მიერ გამოცემულ უსაფრთხოების ორ დოკუმენტში გამოგვიცხადა, რომ უკრაინა და საქართველო საკუთარი „გავლენის სპეციალური ზონაა“. უკრაინაში რუსეთის ომმაც არ დაახანა. საქართველოში კი გაგრძელდა ჰიბრიდული ომი, ტაქტიკური და სუბტაქტიკური ოპერაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტრატეგიული თვალსაზრისით – საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი… ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკვე განლაგებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილები (მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზები) და მიმდინარეობს „მცოცავი ოკუპაციის“ პროცესი. ოჩამჩირე კი მალე დენთის კასრად იქცევა რუსული ფლოტის აქ გადმოტანით…

საქართველოს დღეს აქვს: გეოსტრატეგიული საფრთხეები: მე-4 სამხედრო ბაზა ФСБ მესაზღვრეებთან ერთად. ძალები, რომელთა მეშვეობითაც „მცოცავი ოკუპაცია“ ხორციელდება და სამხედრო კოალიცია (დაახლოებით 8000 პერსონალი), რომლის მთავარი მისიაა შავი ზღვის საქართველოს ზღვისპირა ზონასა და საქართველოს დასავლეთ ნაწილებზე სამხედრო საფრთხის შექმნა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი პირველი „სამხედრო ცენტრის“ მთავარი სამხედრო სტრატეგიული მიზანი იქნება თბილისი-გორის სტრატეგიული მაგისტრალის კონტროლი და საკვანძო სატრანზიტო დერეფნის კონტროლი. ასევე: თბილისისა და გორის მიმართულებით სარაკეტო-საარტილერიო დარტყმის საფრთხის დაწესება; ოპერატიულ-სადაზვერვო და ტაქტიკური დივერსიული საქმიანობის განხორციელება; და საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 500-2000 კმ-ის მანძილზე სადაზვერვო მისიების განხორციელება. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ რუსულ-აფხაზურ გაერთიანებულ სამხედრო კოალიციურ ჯგუფთან დაკავშირებით, მისია იქნება მონიტორინგი და ინტერვენციის შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში (ვ. მაისაია). გეოპოლიტიკური საფრთხეები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის პროცესს გულისხმობს – შესაძლებელია აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში „შეზღუდული სუვერენიტეტის“ პრინციპით შესვლა. რუსეთისთვის ამ ორი რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიები ინსტრუმენტია საქართველოს წინააღმდეგ ევროატლანტიკურ გზაზე და სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ფინანსდება პრორუსული პოლიტიკური მოძრაობები და პარტიები პრორუსული მედია სტრუქტურები… გეოეკონომიკური საფრთხეები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკა პირდაპირ დაქვემდებარებულია რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე. ასევე ეს შეიძლება იყოს, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის ორკილომეტრიანი ხაზის კონტროლი, რაც გამოიწვევს შემდგომ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ომს.

საქართველოს დღეს არა აქვს უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს სტრატეგიაში გაწერილი დღევანდელი გამოწვევების თავიდან აცილების არანაირი გეგმა. მხოლოდ დეკლარირება, რომ „ო მ ი ა რ გ ვ ი ნ დ ა“, არ არის სტრატეგია და ღონისძიებები; არც ოპოზიციასთან, მედიასათან და, რაც მთავარია, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაპირისპირებაა სწორი სტრატეგია, თუ ხელისუფლების დასავლური კურსი ჰარმონიაშია ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანთან, მისი ქმედებები და დეკლარირებები უნდა ემთხვეოდეს ხალხის არჩევანს. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, ხალხი კი რჩება. ვერანაირი მცდელობა კრემლის დასამშვიდებლად ვერ იქნება „ოპიუმი“. 1920-21 წლებში სოციალ-დემოკრატების მცდელობა რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის მიმართ რითაც დამთავრდა, ცნობილია. თუ რუსეთი უკრაინაში განახორციელებს თავის მიზნებს, საქართველოში ინტერვენციის სტრატეგიას მას ვერავინ შეაცვლევინებს – ასეთია პროგნოზი. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოსთან (“მცოცავი ოკუპაცია“, მოქალაქეების გატაცება, წამება, მოკვლა, პრორუსული პროპაგანდის გაძლიერება…); არც სამხედრო კამპანიის გამორიცხვა შეიძლება, რადგან რუსეთის გადაწყვეტილება – ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის შტაბ „სამხრეთის“ მოწონება – მიუთითებს, რომ შეტევითი სტრატეგია არ არის გამორიცხული, აშკარაა… ამას ადასტურებს სპეციალური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე… აგრესიაზე თვალების დახუჭვა აგრესიას არ აგვაცილებს, პირიქით, სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდებით საფრთხის წინაშე. რუსეთის აგრესიის მიზანი საქართველოში იგივე იქნება, რაც არის დღეს უკრაინაში – შეწყვიტოს უკრაინის სუვერენული და კონსტიტუციური გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ.

ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, შეიძლება არ ვიცოდეთ უსაფრთხოების საბჭოს სხდომათა დეტალები, მაგრამ ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საბჭო მუშაობს და მთავარ საფრთხედ სწორედ იმას სახავს, რაც უსაფრთხოების დოკუმენტში უწერია (რუსეთი) და არა ოპოზიციას, ან ყოფილ პრეზიდენტს ან მედიას და მის მენეჯერებს, ან მათთან „აფილირებულ“ საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ძალზე სახიფათოა ქვეყნის გეოსტრატეგიისთვის. დღეს, ჩემი აზრით, უნდა მიმდინარეობდეს კოორდინირებული მუშაობა სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და სტრუქტურებისა. საქართველოს კი სამუშაო მაგიდაზე არ უდევს სამხედრო სცენარები, ეროვნული უსაფრთხოების წინაშე სტრატეგიული დილემა ერთი-ორი პოლიტიკოსის ყოველდღიური სრულიად უარგუმენტო და დამაზიანებელი განცხადებებით არა თუ ვერ გადაიჭრება, იმ ტოტსაც მოჭრის, რომლის იმედადაცაა დღეს დარჩენილი საქართველოს საზოგადოება. დღეს საქართველოში არ არის (ან არის და უმოქმედოა) გადაწყვეტილების მიმღები – კრიზისის მართვის ს ა კ ო ო რ დ ი ნ ა ც ი ო ი ნ ს ტ ი ტ უ ტ ი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახით. თუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არაქმედუნარიანია, როგორღა შეძლებს ის სწორ სტრატეგიულ ანალიტიკურ მიდგომას და პოლიტიკური და ემოციური უნარების მობილიზებას, მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას. ხელისუფლების შტოების დღევანდელი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ამორფულია, უარგუმენტო, არაერთგვაროვანი და მყიფე. ეს იწვევს საზოგადოებაში მთავარ, სტრატეგიულ საკითხზე შეთანხმების ნაცვლად დაბნეულობას, დაპირისპირებასა და ნიჰილიზმს, შიშს მზაობის ნაცვლად. ქაოსშია ხელისუფლება და ნებისმიერი გეგმა, რომელსაც ის წარმოადგენს ასეთ შემთხვევაში, იქნება ასეთივე… ის დადებით შ ე დ ე გ ს ქვეყნისთვის ვერ გამოიღებს. ასევე არ არსებობს რეგიონალური სტრატეგია და კომუნიკაცია რეგიონის ქვეყნებთან…

ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ ისტორიული გაკვეთილებიდან და შევცვალოთ მომავალი; დღეს ეს არის უპირველესი დავალება და ვალდებულება ხელისუფლებისა, ეს არის უპირველესი სიფხიზლე და სოლიდარობა ოპოზიციისა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული შანსი – გაკაფული გზა თავად საქართველოსა და დღეს უკვე უკრაინის მიერ; ამიტომ საზოგადოება, განსაკუთრებით ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა, ყოველ დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე უნდა იდგეს ერთად მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ ა დ მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი იდეებისა და იდენტობისა, ჩვენი არჩევანი არ შეიცვლება და, საფრთხეების მიუხედავად, ვირჩევთ თავისუფლებას, უარს ვამბობთ ნეოკოლონიალისტურ ევრაზიულ (რუსულ) კავშირზე; დიახ, ჯერ კიდევ არ ვართ მზად, ჯერ კიდევ ბევრი სიმახინჯე და დაბრკოლებაა ამ გზაზე, მაგრამ თუ ახლა საქართველო ამოვარდა გეოსტრატეგიული კალათიდან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო), ჩვენი სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება; თაობათა დაღვრილი სისხლი კი – უმიზნო… „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყანათა შორის სწორედ საქართველომ გაიღო პირველი და დიდი მსხვერპლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ორივე ომის დროს. „ევრონესტის“ (თბილისში ჩატარდა) 2013 წლის დავალებებიდან საქართველოს სრულყოფილად არც ერთი არ შეუსრულებია. ამის მიუხედავად, ამ ცივილიზაციური ომის პირობებში „ნიუტონის ვაშლი დაგვეცა თავზე“ და გაიხსნა ფანჯარა შესაძლებლობებისა… საქართველო იმსახურებს უკეთეს მომავალს და მეტს… გავაკეთოთ მეტი მეტისათვის, ჩვენი ეროვნული და სტრატეგიული უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის!

/ცირა ბარამიძე/

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელების მიერ სადესანტო ხომალდზე თავდასხმას ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ წუხელ ფეოდოსიის პორტში სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმა მოხდა.

უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ავიაციიდან გაშვებული მართვადი რაკეტების გამოყენებით თავდასხმის შედეგად ხომალდი დაზიანდა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენად სერიოზულად დაზიანდა ხომალდი.

ამასთან, ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

“საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება” – კახა კალაძე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, გალაკონცერტი იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს.

„სიხარულით სავსე დღეებში მთელ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გელოდებათ. დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე მოწყობილია „საახალწლო სოფელი“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა: კონცერტები, წარმოდგენები, საშობაო ბაზრობები, სანტას სახლი და უამრავი გასართობი პატარებისთვის. „საახალწლო სოფელში“ შეგიძლიათ, ყოველდღიურად მობრძანდეთ, წამოიყვანოთ პატარები. 31 დეკემბერს კი, ტრადიციულად, ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი დაიწყება. ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება, ორკესტრის თანხლებით.

„კონცერტის მეორე ნაწილში კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურებთ და ბევრ საყვარელ სიმღერას თუ ფილმს გავიხსენებთ. გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ასე რომ, გელოდებით ყველას გალაკონცერტზე. ერთად გავაცილოთ 2023 წელი და ვისურვოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა -პრემიერი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებამ უკლებლივ, ყველა ჩვენი თანამოქალაქე ძალიან გაახარა და ჩვენ ახლა ვართ კიდევ უფრო მეტად მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა და ისაუბრა 11-წლიანი მმართველობის კონკრეტულ შედეგებზე.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ მიღწევებზე, რომლებსაც ჩვენ ბოლო 11-წლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ. რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს მინდა, შევეხო და საზოგადოებას, თქვენ, ყველას ერთად შეგახსენოთ, რა კონკრეტულო შედეგი მოიტანა ჩვენი, მმართველი პარტიის მმართველობამ. ბუნებრივია, დემოკრატიზაციის გზაზე ჩვენ ძალიან ძლიერი, ძალიან სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევითი არ არის, რომ 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ასევე კანონის უზენაესობის ინდექსში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მინდა, ვახსენო ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. ინდექსი ისეთი, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა. ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო დღეს უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ხოლო ევროპაში მე-11 ადგილზეა. ამავე ანგარიშის თანახმად, კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 29-ე, ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა. რეგულაციების ხარისხით, საქართველო ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზეა, ხოლო სახელმწიფოებს შორის მე-9 ადგილზე.ასევე გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, „თრანსფარენსი ინთერნეიშენალის“ მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, საქართველო 41-ე ადგილზეა. ესეც არის ისტორიული გაუმჯობესება, ისტორიული მაქსიმუმი. რაც შეეხება გამჭირვალობის ინდექსს და კონკრეტული ინდექსი არის ომიანობის ჟამს, ჩვენ წლევანდელი კვლევის შედეგის მიხედვით, მე-17 ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 15 სახელმწიფოს. ასევე მინდა, შევეხო „ფრეიზერ ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, მსოფლიოს ეკონომიკური გავისუფლების ინდექსს, სადაც საქართველო 25-ე ადგილს იკავებს.

მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო თავისუფალი ქვეყნების სიაში, მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა. ასევე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს მოწინავე, შვეიცარიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, ასეთი ორგანიზაციაა „გლობალ რისკ პროფაილ“ გლობალური კორუფციის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე დასახელდა. ბიუჯეტის გამჭირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მეგობრებო. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. ასევე ბოლოს მინდა შევაჯამო – მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხლოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში, უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშოროს 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ხოლო მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის რვა ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას.

ეს არის შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. რა თქმა უნდა, მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს შედეგი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად ვაღწევთ ამ შედეგებს პარლამენტი, მთავრობა, მთელი ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ამაში თქვენი, ელჩების როლი არის ძალიან დიდი. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული გამარჯვება. ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებამ უკლებლივ, ყველა ჩვენი თანამოქალაქე ძალიან გაახარა და ჩვენ ახლა ვართ კიდევ უფრო მეტად მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს” – შალვა პაპუაშვილი

საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა კანდიდატის სტატუსი მოპოვებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობისა და პროფესიონალიზმისთვის. მისი თქმით, საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა ელჩების აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში.

„ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივაღწიეთ – მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ, ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს. კანდიდატის სტატუსის მოპოვების წელიწად ნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს, თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში, პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის” – კახა კალაძე

ყველა წარმატებული პროექტის, წამოწყებული საქმის, ქალაქისთვის სასიკეთო იდეების უკან დგანან ადამიანები – საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი სახელები და გვარები, კონკრეტული ფუნქციებით, როლებითა და პასუხისმგებლობებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა მათგანს საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ მათი შრომის შედეგი სახეზეა.

„ამ ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი – მათი კეთილსინდისიერების, უდიდესი შრომის, ქალაქისადმი დიდი სიყვარულის შედეგია ყველა წარმატებული პროექტი, რეაბილიტირებული ქუჩა, განახლებული შენობა და მოწყობილი სკვერი. ამ შრომის შედეგი შესაძლოა, არ იყოს 100 პროცენტით დამაკმაყოფილებელი თქვენთვის, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ადამიანები საქმეში სულსა და გულს დებენ. გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის, გვჯერა ხვალინდელი დღის და იმის, რომ ამ ქალაქზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვეებით, დამთავრებული ვიცე-მერით, ამ წლის შედეგებისთვის და ზოგადად, მათი დაუღალავი შრომისთვის თბილისის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დედაქალაქის საკრებულოს, პარლამენტის უმრავლესობისა და მედიის წარმომადგენლებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, რომელთა მხარდაჭერით, შევძლებთ ქალაქისთვის საჭირო ინიციატივების რეალიზებას. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ვისაც საზოგადოებამდე მიჰქონდა დედაქალაქის ყველა სიახლე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ მომავალში, რისი საფუძველიც არის თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა. მადლობა ამისთვის თბილისის თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გულწრფელად უხარია ქალაქის წინსვლა, ჩვენთან ერთად განიცდის გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. თქვენ ხართ სტიმული იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიშრომოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება – ილია დარჩიაშვილი

“წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური საქმიანობით და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 2022 წლიდან, ფაქტობრივად მოშლილია ის მსოფლიო წესრიგის პრინციპები, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის დიპლომატიური საქმიანობისათვის, მნიშვნელოვან ფუნდამენტს წარმოადგენდა. შედეგად, სახეზეა აქამდე დამკვიდრებული თამაშის წესების უგულვებელყოფა და მსოფლიოში ახალი გლობალური თუ რეგიონული ძალების მიერ საკუთარი ინტერესების აქტიური, ახლებური პოზიციონირება. ამ ვითარებაში, ჩვენი მხრიდან თითოეული ნაბიჯის გადადგმა დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენგან უდიდეს სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვს. ისეთ გარემოში, როდესაც სწორი, ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ორიენტაციით სვლა ჩვენზე გაცილებით დიდი რესურსების მქონე ქვეყნებსაც უჭირთ, ჩვენ განვლილი ერთი წლის მანძილზე შევძელით და, არა მხოლოდ უზრუნველვყავით მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ ჩავუყარეთ მყარი საფუძველი მის მდგრად განვითარებას და ისტორიული ცივილიზაციური არჩევანის მკაფიო, შეუქცევად პერსპექტივას.

წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური საქმიანობით და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით, შევძელით გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ სანუკვარ ოცნებას საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა. და ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპასთან განსაკუთრებული, ცივილიზაციური კავშირები აქვს.

„კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად მივაღწევთ მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილებას. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული ისტორიული შედეგის, კანდიდატის სტატუსის მოპოვების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, მისი მიღწევების, მისი გლობალური როლის და შესაძლებლობების აქტიური და განახლებული ენერგიით პოზიციონირება, რაშიც უაღრესად დიდია ჩვენი დიპლომატიური კორპუსის როლი.

ჩვენ ევროპასთან განსაკუთრებული, ცივილიზაციური კავშირები გვაქვს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში.

გლობალიზაციის პირობებში, საქართველოს ინტერესების დასაცავად, განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მხარ უჭერ საქართველოს ევროპულ გზას. მიმდინარე წელი, არანაკლებ წარმატებული იყო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ხაზგასასმელია საქართველოს მზარდი როლი მშვიდობის ჩამოყალიბების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის საქმეში.

არ შეიძლება არ გამოვყოთ მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობა და საანგარიშო წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოსათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ჩვენი ქვეყნის აქტიური პოზიციონირება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.

როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედ დეპუტატებს ფრაქციიდან რიცხავენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები, ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, რისთვისაც ფრაქციის წევრების გარიცხვა სჭირდებათ.

შუშანიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებენ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.

„ვულოცავ ნიკა მელიას, დღეს გაერთიანდა „ქართულ ოცნებასთან“ ქუთაისის საკრებულოში. დარეჯან ფხაკაძემ, რომელმაც ფრაქცია დატოვა და “ქართულ ოცნებას“ შეუერთდა დღემდე ფრაქციაში რჩება. მისი ხმით აპირებენ ჩვენს გარიცხვას ფრაქციიდან, რომლებიც წლებია ამ პარტიაში და ფრაქციაში ვართ. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე რამდენიმე კვირაა პარტიიდან წასულები არიან, ფრაქციიდან ხელფასს ამ დრომდე იღებენ. მოვუწოდებთ პარტიიდან წასულებს დატოვონ მანდატები!“ – განაცხადა გიგა შუშანიამ.

„მოიარე საქართველო“- „გემო ფესტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტები შიდა ტურიზმის განვითარებისთვის

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2023 წელს, კიდევ ერთი ახალი პროექტი „მოიარე საქართველო“ დაიწყო.

ფოტო-ვიდეო კამპანია რაჭაში ჩატარდა და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს. „მოიარე საქართველო“ კამპანიის ფარგლებში მზადდება ვიდეორგოლები და ფოტო მასალა.

ცნობილი ადამიანები, ინფლუენსერები მოგზაურობენ რეგიონებში, გვაცნობენ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, სათავგადასავლო ტურიზმის ყველაზე შთამბეჭდავ ლოკაციებს, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ სამზარეულოს.

საქართველოს რეგიონებში კულინარიული ტურიზმის განვითარებისათვის გრძელდება პროექტი „გემო ფესტი“. ფესტივალი წელს მესტიასა და ქუთაისში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, კონცერტები და გასართობი სივრცეები. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი კერძები.

2023 წელს, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, თუშეთში, კახეთში საინფორმაციო, გასტრონომიული და გაცნობითი ტურები გამართა. ტურებში ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, შეფ-მზარეულები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტების მიზანია რეგიონების და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.

ევროპამ არ უნდა მიუშვას რუსეთი თავის საზღვრებთან, ამისთვის უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება -იან ლიპავსკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა მიუშვას რუსეთი თავის საზღვრებთან და ამისთვის “ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის დახმარების გაწევა”.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც ასევე კბილებს ილესავს ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე”, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინის დახმარება – სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური – სარგებელს მოუტანს ევროპის უსაფრთხოებას.