საქართველო  ისტორიულ  გზაგასაყარზე

29
spot_img

ოკუპაცია და მშვიდობა არათავსებადი ცნებებია! გუშინდელი დღე – საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიიაზე ოკუპანტის მიერ ჩასაფრებით ქართველის მოკვლა და მეორე ქართველის ამავე ტერიტორიიდამ გატაცება ამის დასტურია. ოკუპანტმა “მაჯა” გაუსინჯა დღევანდელ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ პულსაციას მთელი მსოფლიო იგრძნობს!!! რუსთაველის გამზირიდან ამ მნიშვნელოვან წინადღეს ვეტვით საერთაშორისო თანამეგობრობას, მოყვარესაც და მტერსაც ვეტვით, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ერი არ დათმობს არსებობისა და ბრძოლის მთავარ ფორმას – თავისუფლებას!!! არ შეეგუება ოკუპაციას!

ოკუპანტმა თავისი ქმედებებით (მკვლელობითა და გატაცებით) მთავარი გზავნილი გაუგზავნა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს – ” მე აქ ვდგავარ, ენერგორესურსების გამტარიდან სულ რაღაც ნახევარ კმ-ში და ეს ჩემი გავლენის სფეროაო”; ჩვენი შვილების მომავალი ჩვენსავე აქტიურობაზეა დამოკიდებული…

საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შანსი, დააღწიოს თავი ნეოკოლონიალურ რისკებს და თავისუფალი სამყაროს წევრი გახდეს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი… 2020 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 78-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პოზიცია ინტეგრაციის პოლიტიკისა და ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში გაერთიანების მიმართ. კრემლმა თავისი „წითელი ხაზი“ მის მიერ გამოცემულ უსაფრთხოების ორ დოკუმენტში გამოგვიცხადა, რომ უკრაინა და საქართველო საკუთარი „გავლენის სპეციალური ზონაა“. უკრაინაში რუსეთის ომმაც არ დაახანა. საქართველოში კი გაგრძელდა ჰიბრიდული ომი, ტაქტიკური და სუბტაქტიკური ოპერაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტრატეგიული თვალსაზრისით – საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი… ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკვე განლაგებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილები (მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზები) და მიმდინარეობს „მცოცავი ოკუპაციის“ პროცესი. ოჩამჩირე კი მალე დენთის კასრად იქცევა რუსული ფლოტის აქ გადმოტანით…

საქართველოს დღეს აქვს: გეოსტრატეგიული საფრთხეები: მე-4 სამხედრო ბაზა ФСБ მესაზღვრეებთან ერთად. ძალები, რომელთა მეშვეობითაც „მცოცავი ოკუპაცია“ ხორციელდება და სამხედრო კოალიცია (დაახლოებით 8000 პერსონალი), რომლის მთავარი მისიაა შავი ზღვის საქართველოს ზღვისპირა ზონასა და საქართველოს დასავლეთ ნაწილებზე სამხედრო საფრთხის შექმნა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი პირველი „სამხედრო ცენტრის“ მთავარი სამხედრო სტრატეგიული მიზანი იქნება თბილისი-გორის სტრატეგიული მაგისტრალის კონტროლი და საკვანძო სატრანზიტო დერეფნის კონტროლი. ასევე: თბილისისა და გორის მიმართულებით სარაკეტო-საარტილერიო დარტყმის საფრთხის დაწესება; ოპერატიულ-სადაზვერვო და ტაქტიკური დივერსიული საქმიანობის განხორციელება; და საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 500-2000 კმ-ის მანძილზე სადაზვერვო მისიების განხორციელება. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ რუსულ-აფხაზურ გაერთიანებულ სამხედრო კოალიციურ ჯგუფთან დაკავშირებით, მისია იქნება მონიტორინგი და ინტერვენციის შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში (ვ. მაისაია). გეოპოლიტიკური საფრთხეები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის პროცესს გულისხმობს – შესაძლებელია აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში „შეზღუდული სუვერენიტეტის“ პრინციპით შესვლა. რუსეთისთვის ამ ორი რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიები ინსტრუმენტია საქართველოს წინააღმდეგ ევროატლანტიკურ გზაზე და სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ფინანსდება პრორუსული პოლიტიკური მოძრაობები და პარტიები პრორუსული მედია სტრუქტურები… გეოეკონომიკური საფრთხეები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკა პირდაპირ დაქვემდებარებულია რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე. ასევე ეს შეიძლება იყოს, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის ორკილომეტრიანი ხაზის კონტროლი, რაც გამოიწვევს შემდგომ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ომს.

საქართველოს დღეს არა აქვს უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს სტრატეგიაში გაწერილი დღევანდელი გამოწვევების თავიდან აცილების არანაირი გეგმა. მხოლოდ დეკლარირება, რომ „ო მ ი ა რ გ ვ ი ნ დ ა“, არ არის სტრატეგია და ღონისძიებები; არც ოპოზიციასთან, მედიასათან და, რაც მთავარია, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაპირისპირებაა სწორი სტრატეგია, თუ ხელისუფლების დასავლური კურსი ჰარმონიაშია ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანთან, მისი ქმედებები და დეკლარირებები უნდა ემთხვეოდეს ხალხის არჩევანს. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, ხალხი კი რჩება. ვერანაირი მცდელობა კრემლის დასამშვიდებლად ვერ იქნება „ოპიუმი“. 1920-21 წლებში სოციალ-დემოკრატების მცდელობა რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის მიმართ რითაც დამთავრდა, ცნობილია. თუ რუსეთი უკრაინაში განახორციელებს თავის მიზნებს, საქართველოში ინტერვენციის სტრატეგიას მას ვერავინ შეაცვლევინებს – ასეთია პროგნოზი. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოსთან (“მცოცავი ოკუპაცია“, მოქალაქეების გატაცება, წამება, მოკვლა, პრორუსული პროპაგანდის გაძლიერება…); არც სამხედრო კამპანიის გამორიცხვა შეიძლება, რადგან რუსეთის გადაწყვეტილება – ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის შტაბ „სამხრეთის“ მოწონება – მიუთითებს, რომ შეტევითი სტრატეგია არ არის გამორიცხული, აშკარაა… ამას ადასტურებს სპეციალური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე… აგრესიაზე თვალების დახუჭვა აგრესიას არ აგვაცილებს, პირიქით, სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდებით საფრთხის წინაშე. რუსეთის აგრესიის მიზანი საქართველოში იგივე იქნება, რაც არის დღეს უკრაინაში – შეწყვიტოს უკრაინის სუვერენული და კონსტიტუციური გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ.

ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, შეიძლება არ ვიცოდეთ უსაფრთხოების საბჭოს სხდომათა დეტალები, მაგრამ ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საბჭო მუშაობს და მთავარ საფრთხედ სწორედ იმას სახავს, რაც უსაფრთხოების დოკუმენტში უწერია (რუსეთი) და არა ოპოზიციას, ან ყოფილ პრეზიდენტს ან მედიას და მის მენეჯერებს, ან მათთან „აფილირებულ“ საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ძალზე სახიფათოა ქვეყნის გეოსტრატეგიისთვის. დღეს, ჩემი აზრით, უნდა მიმდინარეობდეს კოორდინირებული მუშაობა სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და სტრუქტურებისა. საქართველოს კი სამუშაო მაგიდაზე არ უდევს სამხედრო სცენარები, ეროვნული უსაფრთხოების წინაშე სტრატეგიული დილემა ერთი-ორი პოლიტიკოსის ყოველდღიური სრულიად უარგუმენტო და დამაზიანებელი განცხადებებით არა თუ ვერ გადაიჭრება, იმ ტოტსაც მოჭრის, რომლის იმედადაცაა დღეს დარჩენილი საქართველოს საზოგადოება. დღეს საქართველოში არ არის (ან არის და უმოქმედოა) გადაწყვეტილების მიმღები – კრიზისის მართვის ს ა კ ო ო რ დ ი ნ ა ც ი ო ი ნ ს ტ ი ტ უ ტ ი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახით. თუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არაქმედუნარიანია, როგორღა შეძლებს ის სწორ სტრატეგიულ ანალიტიკურ მიდგომას და პოლიტიკური და ემოციური უნარების მობილიზებას, მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას. ხელისუფლების შტოების დღევანდელი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ამორფულია, უარგუმენტო, არაერთგვაროვანი და მყიფე. ეს იწვევს საზოგადოებაში მთავარ, სტრატეგიულ საკითხზე შეთანხმების ნაცვლად დაბნეულობას, დაპირისპირებასა და ნიჰილიზმს, შიშს მზაობის ნაცვლად. ქაოსშია ხელისუფლება და ნებისმიერი გეგმა, რომელსაც ის წარმოადგენს ასეთ შემთხვევაში, იქნება ასეთივე… ის დადებით შ ე დ ე გ ს ქვეყნისთვის ვერ გამოიღებს. ასევე არ არსებობს რეგიონალური სტრატეგია და კომუნიკაცია რეგიონის ქვეყნებთან…

ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ ისტორიული გაკვეთილებიდან და შევცვალოთ მომავალი; დღეს ეს არის უპირველესი დავალება და ვალდებულება ხელისუფლებისა, ეს არის უპირველესი სიფხიზლე და სოლიდარობა ოპოზიციისა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული შანსი – გაკაფული გზა თავად საქართველოსა და დღეს უკვე უკრაინის მიერ; ამიტომ საზოგადოება, განსაკუთრებით ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა, ყოველ დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე უნდა იდგეს ერთად მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ ა დ მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი იდეებისა და იდენტობისა, ჩვენი არჩევანი არ შეიცვლება და, საფრთხეების მიუხედავად, ვირჩევთ თავისუფლებას, უარს ვამბობთ ნეოკოლონიალისტურ ევრაზიულ (რუსულ) კავშირზე; დიახ, ჯერ კიდევ არ ვართ მზად, ჯერ კიდევ ბევრი სიმახინჯე და დაბრკოლებაა ამ გზაზე, მაგრამ თუ ახლა საქართველო ამოვარდა გეოსტრატეგიული კალათიდან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო), ჩვენი სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება; თაობათა დაღვრილი სისხლი კი – უმიზნო… „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყანათა შორის სწორედ საქართველომ გაიღო პირველი და დიდი მსხვერპლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ორივე ომის დროს. „ევრონესტის“ (თბილისში ჩატარდა) 2013 წლის დავალებებიდან საქართველოს სრულყოფილად არც ერთი არ შეუსრულებია. ამის მიუხედავად, ამ ცივილიზაციური ომის პირობებში „ნიუტონის ვაშლი დაგვეცა თავზე“ და გაიხსნა ფანჯარა შესაძლებლობებისა… საქართველო იმსახურებს უკეთეს მომავალს და მეტს… გავაკეთოთ მეტი მეტისათვის, ჩვენი ეროვნული და სტრატეგიული უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის!

/ცირა ბარამიძე/