“გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის” – კახა კალაძე

17
spot_img

ყველა წარმატებული პროექტის, წამოწყებული საქმის, ქალაქისთვის სასიკეთო იდეების უკან დგანან ადამიანები – საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი სახელები და გვარები, კონკრეტული ფუნქციებით, როლებითა და პასუხისმგებლობებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა მათგანს საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ მათი შრომის შედეგი სახეზეა.

„ამ ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი – მათი კეთილსინდისიერების, უდიდესი შრომის, ქალაქისადმი დიდი სიყვარულის შედეგია ყველა წარმატებული პროექტი, რეაბილიტირებული ქუჩა, განახლებული შენობა და მოწყობილი სკვერი. ამ შრომის შედეგი შესაძლოა, არ იყოს 100 პროცენტით დამაკმაყოფილებელი თქვენთვის, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ადამიანები საქმეში სულსა და გულს დებენ. გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის, გვჯერა ხვალინდელი დღის და იმის, რომ ამ ქალაქზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვეებით, დამთავრებული ვიცე-მერით, ამ წლის შედეგებისთვის და ზოგადად, მათი დაუღალავი შრომისთვის თბილისის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დედაქალაქის საკრებულოს, პარლამენტის უმრავლესობისა და მედიის წარმომადგენლებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, რომელთა მხარდაჭერით, შევძლებთ ქალაქისთვის საჭირო ინიციატივების რეალიზებას. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ვისაც საზოგადოებამდე მიჰქონდა დედაქალაქის ყველა სიახლე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ მომავალში, რისი საფუძველიც არის თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა. მადლობა ამისთვის თბილისის თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გულწრფელად უხარია ქალაქის წინსვლა, ჩვენთან ერთად განიცდის გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. თქვენ ხართ სტიმული იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიშრომოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.