Home Blog Page 1846

“ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ”

ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს უკეთესი მომავლის წინააღმდეგ მებრძოლ რეინკარნირებულ ბოლშევიკთა გაერთიანებაა.

„ერთ-ერთი ამონარიდი სააკაშვილის მიერ ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი თანხების დანიშნულებიდან:
Strategy on persuading U.S. Senators to pursue sanctions against the Republic of Georgia – „ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში”.

ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზრზენად მავნებლური ქმედება განახორციელა ჩვენი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედმა “ერთიანმა ბოლშევიკურმა მოძრაობამ”. ძალაუფლების მოპოვების მანიაკური წყურვილით შეპყრობილმა პოლიტიკურმა კერპთაყვანისმცემლებმა მკაფიოდ აჩვენეს ჩვენს ძვირფას ხალხს თუ რაზე არიან წამსვლელი საკუთარი ავხორცი ვნებების დასაკმაყოფილებლად. ნაციონალური მოძრაობა საქართველოს უკეთესი მომავლის წინააღმდეგ მებრძოლ რეინკარნირებულ ბოლშევიკთა გაერთიანებაა. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ბრეგაძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

“იმ პოლიტიკურ ძალას რა ვუთხარი, გიორგი ვაშაძის გადასარჩენი რომ გახდება”

იმ პოლიტიკურ ძალას რა ვუთხარი, ვაშაძის გადასარჩენი რომ გახდება, მაგრამ ეს კარგია. ვაშაძე ყველას კარგად ახსოვს – შემოვიდა პარლამენტში 4 ადამიანით და ახლა დარჩნენ ორნი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ადამიანი, რომელსაც ოპოზიციურ მიტინგზე ხალხმა მიკროფონი წაართვა და აქციებზე დარბოდნენ, სადაა, ვაშაძე გამოვიდესო, ასეთ პოლიტიკოსს ნიშნავენ პლატფორმის ლიდერად. იმ პოლიტიკურ ძალას რა ვუთხარი, ვაშაძის გადასარჩენი რომ გახდება, მაგრამ ეს კარგია. ვაშაძე ყველას კარგად ახსოვს – შემოვიდა პარლამენტში 4 ადამიანით და ახლა დარჩნენ ორნი.

რაც უფრო მეტი ძველი სახე წარმოჩინდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მით უფრო კარგად იქნება საქმე 2024 წელს. საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს, რომ უარესს უქადიან საქართველოს, ვიდრე 2012 წლამდე იყვნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონსულტაციები დასრულდა. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას პარტიები დღეს გააკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გაერთიანებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5693 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5693 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8819 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა” – ელენე ხოშტარია

ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა – ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა – ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა საჭირო და საინტერესო იყო.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ, მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“,- წერს ხოშტარია.

“უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აცხოვნოს” – პატრიარქი აფხაზეთიდან გადმოსვენებულებზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„როგორც ცნობილია, პერიოდულად ხდება გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება.

დღეს თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულნი არიან: გივი ჭელიძე, დავით ზაქარაია, გურამ ხუნწელია, შახი სიჭინავა, შოთა მურუსიძე, მოსე მარგველანი, ანზორ თოდუა, გენადი თოდუა, ვახტანგ ჩიჩუა, აბელ პატარაია, დავით შარვაძე, ჯემალ იოსავა, გულნარა აბულაძე.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინიც, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 იდენტიფიცირებული ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს. გარდაცვლილთათვის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული.

„სანქციები პირველად 2014 წელს შემოვიღეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ რუსული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ. 2022 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის პასუხად სანქციები გავახანგრძლივეთ და ამას გავაგრძელებთ“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

“ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა”

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. საქართველოში ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე ჩამოვედი – ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, ეს „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელებაა ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

სააკაშვილი პრემიერის რამდენიმე განცხადებას ასახელებს და მათ ტყუილს უწოდებს.

„რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი:

ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყებად და „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. მე საქართველოში ჩამოვედი ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე, როცა არათუ უკრაინის, არამედ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა ომის დაწყების პერსპექტივის შესახებაც კი. ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელება;
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ: სააკაშვილის ხელისუფლება რომ ყოფილიყო, „მეორე ფრონტი“ გაიხსნებოდა. ეს იაფფასიანი ტყუილია. დაასახელოს ოფიციალური პირის ერთი გვარი მაინც, რომელიც ამას ამბობდა. რა თქმა უნდა, ასეთი არ არსებობს;
ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა;
უკრაინის ხელისუფლების გამოგზავნა მე არ მჭირდებოდა. სრულიად საჯაროდ მქონდა დიდი ხნის განმავლობაში დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩამოვიდოდი შარლ მიშელის რეფერენდუმისა და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და დაპირება შევასრულე. პრემიერმა ისიც არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ მათ ჩემს პასპორტში შტამპი ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასვლისას უკრაინულ პასპორტში შტამპი, როგორც წესი, არ ირტყმევა.
ის, რომ საქმე გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან უტყუარად მტკიცდება მათი გართულებით გენერალ ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით. გია არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი და ძალიან ბევრ ოპერაციას ხელმძღვანელობს რუსების წინააღმდეგ და რამდენადაც ვიცი, უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს, რა თქმა უნდა, ის რუსებს და „ქოცრუსებს“ ნერვებს უშლის“,- აცხადებს სააკაშვილი.

უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო

უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო, რათა გაანადგუროს კარგად გამაგრებული რუსული პოზიციები, რომლებმაც უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევა შეანელა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკული წარმოების საკამათო იარაღის გამოყენებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის “რთული გადაწყვეტილება” უკრაინისთვის აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.

კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.

თიბისი კაპიტალი Euromoney-იმ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ – Euromoneyთიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

„აღნიშნული ჯილდო თიბისი კაპიტალის 2022 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების აღიარებაა. თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. გასულ წელს, 2.3 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კერძო და საჯარო ობლიგაციები გამოვუშვით, რაც საქართველოს ბაზრისთვის რეკორდული მაჩვენებელია. წლევანდელი წელიც წარმატებით მიმდინარეობს –  2023 წლის 6 თვეში, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის, 11 კერძო და საჯარო ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რომელთა შორის 2 მწვანე ობლიგაციაა. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბროკერო მიმართულებას: ტრეიდინგის ვებ-პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწეთ და ვაგრძელებთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცესის მომხმარებლებისთვის გამარტივებას. ასევე, მუდმივად ვაახლებთ მაკრო-სექტორულ კვლევებს, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური პროგნოზების სიზუსტე ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაგვასახელა”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

2022 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა – ჯამში 14 განთავსების მთლიანმა მოცულობამ 865 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გასულ წელს, თიბისი კაპიტალმა 230 რეპორტი გამოაქვეყნა და კომერციული სექტორების 70% დაფარა.

აქტიურობით გამოირჩეოდა თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2022 წელს განახლებული ციფრული პლატფორმა გაეშვა, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლებს 20-ზე მეტი ქვეყნის 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე შეუძლიათ ვაჭრობა. 2022 წელს, საბროკერო მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3.5-ჯერ გაიზარდა.

ასევე 2022 წელს, თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებამ, პირველად საქართველოში რეგიონალური ფასიანი ქაღალდების ინდექსი შექმნა, რომლის განახლებაც ორ კვირაში ერთხელ ქვეყნდება. ინდექსი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ან მომავალში გეგმავენ რეგიონის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას.  

R

 

“მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა” – გურამ მაჭარაშვილი

მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას ვუხდით, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის აზრით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა რა, რომ საზოგადოებაში მის მიმართ დიდი ინტერესი არ იყო, გადაწყვიტა, ქვეყანა დაესანქცირებინა და დაეზიანებინა, რაშიც მილიონები გადაიხადა.

“მას შემდეგ, რაც ჯერ საქართველოში ჩუმად შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და “ვივამედიდან” იმდენი სისულელე ჩაიდინა, იმდენი ანტიქართული განცხადებები აკეთა – ხან ქართველობაზე თქვა უნარი, ხან უცხოელებს დააბრალა: – რაღაცებს ვიტყვი, თუ აქედან არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, სიმართლე თქვას. ჩვენ “ხალხის ძალა” ამდენსაც არ ვამბობდით. თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება მოეფიქრებინა, ეს ჩვენც არ გვეგონა. იმდენს არც ვამბობდით, რაც FARA-ს კონტრაქტშია ჩამოთვლილი. ჩვენ ვამბობდით, რომ ლობიზმი იყო, ფულს უხდიდნენ, “გლობალური ომის პარტია” არსებობდა, რადგან აქ მეორე ფრონტი და არეულობა სურდათ, მაგრამ ის, რომ ამის გარდა, იმაშიც გადაიხდიდნენ, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტი უნდა დაებარებინათ და სააკაშვილის შეწყალება დაევალებინათ და მთელი დასავლეთის პრესა მოესყიდათ… თურმე ამ ყველაფერში მილიონები ყოფილა გადახდილი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჯოზეფ ბაიდენი, ევროპელი ლიდერები იმით უნდა დაკავებულიყვნენ, რომ პატიმარ სააკაშვილზე წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას აქ ვინმე აწამებდა.

თუ ვინმე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აწამებს, არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან რაღაც “წყალ-წყალა” სუპი შეაქვთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა.

„საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, აზარალებს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია, რეგულირების სააგენტოს რეაგირების შემდეგ ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო.

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“კარგი იქნება, ოპოზიციამ რევოლუციური და დესტაბილიზაციის გეგმის გარდა, საზოგადოებას რაიმე საინტერესო პროგრამა წარუდგინონ”- გია ვოლსკი

დღეს პარტიების გამსხვილებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან უკვე გამსხვილებულია და ყველა რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული, ეს ერთი ლეგიონია, მათ ერთი სახელი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კარგი იქნება, რევოლუციური და დესტაბილიზაციის გეგმის გარდა, საზოგადოებას რაიმე საინტერესო პროგრამა წარუდგინონ.

„მათგან საინტერესო პროგრამას არ ველოდები, ვინაიდან „რევკომი“ უცვლელია ისევე, როგორც გეგმები და ხალხისა და სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება. „ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნეს“, მაგრამ არ მგონია, ან ფერსა და ან ზნეში რაიმე განსხვავებული იყოს ან პოლიტიკურ ველზე ახალი ენეგრიის წყარო შემოიტანონ. ეს არის დესტრუქციული ძალების გაერთიანება და არ მგონია, ამ გაერთიანებით ერთს ან მეორეს პროცენტი მოემატოს. დღეს პარტიების გამსხვილებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან უკვე გამსხვილებულია და ყველა რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული – ეს ერთი ლეგიონია, მათ ერთი სახელი აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.