Home Blog Page 1845

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის პარლამენტში

ევროპის პარლამენტის წევრის, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ჯგუფ „ეკრ“ („ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი“ – ევროპის პარლამენტში არსებული მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების გაერთიანება) წევრის, პოლონელი პოლიტიკოსისა და მეცნიერის, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, პროფესორ კაროლ კარსკის მიწვევით, 2023 წ. 17-19 ივლისს ბრიუსელში იმყოფებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაცია ბელგიაში ქართულ სამრევლოსა და მის წინამძღვარს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე დოსითეოს (ბოგვერაძე) ეწვია და მისგან კურთხევა ითხოვა. მღვდელმთავარი მიესალმა და დალოცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და დელეგაციის წევრები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეპარქიაში ქართული დიასპორის ყოფა-ცხოვრებას, ემიგრირებულ თანატომელთა პრობლემებს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე.

დამშვიდობებისას, მეუფემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მიმართა:

„ბატონო ზურაბ, უსაზღვროდ დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. ძალიან გაგვახარეთ. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. უნიკალურად მოფიქრალი პიროვნება ბრძანდებით. აკადემიური წრის წარმომადგენლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვისაც ვიცნობ, ცხადია, გაურბიან გარკვეულ თემებს, თუნდაც კონსტრუქციულს. გამაოცა თქვენი დამოუკიდებლობისა და ღიაობის ხარისხმა. შეიძლება ითქვას, აღმოგაჩინეთ. გამეხარდა, რომ უმეტესად სტუდენტებით იყავით წარმოდგენილი და არა აკადემიური პერსონალით. არ ვიცი, მე სიხარულისგან მგონი გადავაჭარბე გულწრფელობაში. ველი მომავალ შეხვედრას. სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ“.

2023 წლის 18 ივლისს კი ევროპარლამენტის ალტიერო სპინელის (ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, 1970-1976 წლებში კი – ევროკომისარი) სახელობის დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსია და წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.

შეხვედრაზე, რომლის მთავარი მომხსენებელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.

„ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უშუალო მოწვევითა და მათი სრული დაფინანსებით განხორციელდა, – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, – რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც კონფლიქტის ზონიდან მსოფლიოში პირველი ადგილნაცვალი უმაღლესი სასწავლებლისა და აქ ინიცირებული ინოვაციური სამშვიდობო ხედვის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ, დაგვიკავშირდნენ და ბრიუსელში ჩამოსვლა გვთხოვეს, რათა იქვე, ევროპარლამენტის დარბაზში გვესაუბრა სამხრეთ კავკასიაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კონფლიქტების დარეგულირების ჩვენეულ ხედვასა და განათლების სისტემაზე“.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა ევროპის პარლამენტის ისტორიაში, როცა ევროპარლამენტმა მიიწვია უმაღლესი სასწავლებლის რექტორი პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისათვის. ბუნებრივია, პროფესორ ზურაბ ხონელიძისადმი ინტერესს ზრდიდა და ზრდის მრავალკომპონენტიანი ფაქტორი: ის არის დიპლომატი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, ამასთანავე, ზ. ხონელიძე არის მეცნიერ-მკვლევარი და უმაღლესი სასწავლებლის მენეჯერი. ამდენად, მის ხელთ არსებული ცოდნა, ინფორმაცია, იძლევა შესაძლებლობას მთელი რიგი საკითხების შესახებ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა.

„ინტერესი ძალიან დიდი იყო. მათ ყველაფერი აინტერესებდათ, რაც უკავშირდება საქართველოს, სამხრეთ კავკასიას, კონფლიქტებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. მე აღვნიშნე, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა ქართული იდეაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი სამშვიდობო სივრცის შექმნას, ახალ სამეზობლო პოლიტიკას, სამხრეთკავკასიურ რეგიონულ უსაფრთხოებას, რომელიც საერთაშორისო მშვიდობის ნაწილი და ფაქტორი გახდება“, – ამბობს ზ. ხონელიძე.

რა არის „საუნივერსიტეტო დიპლომატია“? დაინტერესდნენ ევროპელი პოლიტიკოსები. ამ კითხვაზე მათ ვრცელი პასუხი მიიღეს ინოვაციური იდეის ავტორისაგან. ამასთან ერთად, ხაზი გაესვა „საუნივერსიტეტო დიპლომატიისადმი“ გამოხატულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტერესს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში.

„ვუთხარი, რომ ამ იდეის საფუძველზე ჩვენ შევქმენით სამენოვანი სამაგისტრო პროგრამა და დავაფუძნეთ სამშვიდობო განათლების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი, ჩვენი დელეგაციის წევრი, ბატონი ლევან გერაძე აუდიტორიას წარვუდგინე“, – გვიპასუხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოსაზრებები საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ.

„დიახ, NATO ჩვენი პრიორიტეტია, ვუპასუხე პატივცემულ დეპუტატებს ამ აქტუალურ კითხვაზე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი სამშობლო, არა წევრ სახელმწიფოებს შორის, პროცენტულად ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ამ სამხედრო-პოლიტიკური ინსტიტუციის სამშვიდობო მისიებში. თუმცა, საკუთრივ NATO-ში კარგად იციან, რა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში და რამ შეიძლება დააზარალოს საქართველო. პირველ რიგში, ეს იქნება დაპირისპირება რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებული აქვს. ამიტომ, საკუთრივ ბრიუსელი ცდილობს საქართველოს აარიდოს გართულებები და ამასთანავე ყველაფერს აკეთებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის გაზრდისა და აქ დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისათვის, – აღნიშნავს რექტორი ზ. ხონელიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან საუბარში. – ამასთანავე, ისიც ვუთხარი, რომ NATO-ს წესდების V მუხლი ეს მაინცდამაინც ევროპულ-ამერიკული მიგნება არაა. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებდა ცნობილი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი ამ 900 წლის წინ. ერთიანობა იცავდა იმდროინდელ კავკასიას გარეშე მტრებისგან. რახან NATO გაწევრიანების გზაზე დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას აყენებს უპირველეს ყოვლისა, თამარის ეპოქა და ყუთლუ-არსლანის დასის მიერ ინიცირებული „კარვის“ შესახებაც ვისაუბრე, მით უფრო, რომ ევროპარლამენტში გახლდით. სწორედ ის „კარავი“ იყო საპარლამენტო ცხოვრების წინა სახე, რომელზეც ევროპაში საუბარი გაცილებით გვიან, XIII საუკუნის მიწურულს დაიწყეს. რა თქმა უნდა, ევროპა, კონკრეტულად კი ძველი საბერძნეთია დემოკრატიის მშობელი, მაგრამ არც ჩვენთვისაა უცხო ტოლერანტიზმი, პლურალიზმი, საჯაროობა. შესაბამისი მაგალითებიც მოვიხმე საქართველოს ძველი ისტორიიდან, რაც, დამერწმუნეთ, მათთვის უცნობი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენს მეგობრებთან სათქმელის სწორად მიტანას. ვსაუბრობთ ევროპელებთან საქართველოზე, მაგრამ მთავარ აქცენტებს ვკარგავთ მეორეხარისხოვან მოვლენებზე ყურადღების გადატანით. არადა, კოლხურ-იბერიული სამყარო, შეიძლება ითქვას, ძველ საბერძნეთთან ერთად, თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის აკვანია. ის ღირებულებები, რომელსაც „ევროპულს“ ვუწოდებთ, ასევე ქართულიცაა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ყურადღებით ისმენდნენ“.

რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორ უნდა იქცეს ერთ-ერთი რთული რეგიონი მტკიცე მშვიდობის სივრცედ, რა როლი აქვს აქ საქართველოს? ეს კითხვა დაესვა „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ ავტორს.

„რთული კითხვაა, თუმცა პასუხგაუცემელი ნამდვილად არ არის. კავკასიაში ვისაუბრე საქართველოს ისტორიულ როლზე, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა იყო რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი. თუმცა, ამჟამად, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ასე არ არის, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისი როლი დაიბრუნოს. ჩვენს ქვეყანას გააჩნია ყველა ის ობიექტური პირობა, რომელიც საამისოდ საჭიროა, თუმცა ეს უნდა მოხდეს ევროპასთან, დასავლეთთან, რეგიონით დაინტერესებულ საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად, ურთიერთ ინტერესების გაზიარებითა და აღიარებით. საქართველო პროდასავლური ორიენტაციის სახელმწიფოა, მაგრამ, ამასთან ერთად, ის აღმოსავლეთის ბუნებრივი ნაწილიცაა, რომელსაც ზურგს ვერ აქცევს, ვერ ჩამოიშორებს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მენტალობა, კულტურა, სწორედ დასავლეთ-აღმოსავლეთითაა ნასაზრდოები და განვითარებული. ამიტომ, ვართ ევროპისკენ ორიენტირებული, ასევე, აღმოსავლეთის ინტერესებსაც ვითვალისწინებთ. სამივე კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გვაქვს, სწორედ ასე გადაწყდება. ერთობლივად, ყველა მონაწილისა და რეგიონით დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, იქმნება სამხრეთკავკასიური საუნივერსიტეტო ასოციაცია, რომელშიც ჩაერთვებიან, უმაღლესი სასწავლებლების გარდა, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ინსტიტუციები. ცენტრი კი ქ. თბილისი იქნება. საქართველო აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ის მაინც იარსებებს. აი, აფხაზეთი კი საქართველოს გარეშე განწირულია. სწორედ ამას იაზრებს აფხაზი ახალგაზრდობა და ცდილობს საკუთარი ხალხის მომავლის გადარჩენას. ევროპელ დეპუტატებს წარვუდგინე აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და აღვნიშნე, რომ ის თბილისში ცხოვრობს. მისთვის აფხაზეთის მომავალი დღეს მხოლოდ დედა-საქართველოს უკავშირდება და ჩემი თხოვნით, ჩვენმა უმცროსმა აფხაზმა მეგობარმა ჩვენს ევროპელ მეგობრებს აფხაზურ ენაზე მიმართა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ევროპარლამენტში აფხაზურმა ენამ პირველად გაიჟღერა“, – აღნიშნა ზ. ხონელიძემ.

შეკრებილებს უნივერსიტეტის სახელით მიმართა სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები: ფრაქციის თავმჯდომარე იოანნა კოჩინსკა, კავკასიის ჯგუფის წევრი კოსტავას ზვოტოვსკი, რუსეთთან ურთიერთობის ჯგუფის წევრი რიჩარდ ჩარნეცკი, უხუცესი პარლამენტარი ჰენდრიკ პროვარი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ბრიუსელში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირმა დიხამინჯია, სსუ აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნანა გულუა, ვარშავის ბოლესლავ პრუსის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, ბატონი გიორგი ჯეჯეია.

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ევროპარლამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობა. ამა წლის სექტემბერში სსუ უმასპინძლებს ევროპელ დეპუტატთა დელეგაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი ზურაბ ხონელიძე არის პირველი რექტორი არა მარტო საქართველოდან, არამედ – ზოგადად მსოფლიოდან, რომლის მიმართ ევროპარლამენტმა ასეთი პატივი გამოხატა და მიიწვია ბრიუსელში საერთაშორისო ურთიერთობებში ინოვაციური მიდგომის, მშვიდობის ქართული პარადიგმის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პრეზენტაციისათვის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური მიწვევა და ვიზიტი ევროპარლამენტში ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის 90-წლიან ისტორიაში. ევროპარლამენტარებმა სრულად გაიზიარეს და აღიარეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლის, დავით ზაქარაიას ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლი, დავით აბელის ძე ზაქარაია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„დავით აბელის ძე ზაქარაია დაიბადა 1968 წლის 7 იანვარს სოხუმში; ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოხუმზე შტურმის დროს; დაკრძალული იყო აჩადარაში, საკუთარი სახლის ეზოში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის, 4 მებრძოლის_ გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას და 9 სამოქალაქო პირის_შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ თოდუას, გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავას და გულნარა აბულაძის ნეშტები გადმოასვენეს. იდენტიფიცირებულთა ნეშტები, დავით ზაქარაიას გარდა, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციებზე, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ. დღეისათვის, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ კვეზერელმა ნიქოზში ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე და გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 1990-იან წლებში, ცხინვალის რეგიონში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები, ზვიად საბაშვილი და თენგიზ დევიძე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

 

„1990-იანი წლებში, სამაჩაბლოში, საომარი მოქმედებების დროს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღედ, 20 ივლისი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, წელს დაწესდა და ამიერიდან, ამ თარიღს, ყოველ წელს აღნიშნავენ.

 

ინფორმაციისთვის, სოფელ ნიქოზში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენელთა ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით, 2019 წელს გაიხსნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერები და წევრები გამოავლინეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი  სქემა, რომლის მიხედვითაც  ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის გზები.

პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი  ხელმძღვანელი, ჯგუფის ორი წევრი და ე.წ. 16 „დამდები“, რომელთა შორის როგორც საქართველოს,  ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.

დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ახდენდნენ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, “კოკაინის“, „ბუპრენორფინის“, „მეთადონის“, „მეტამფეტამინის“, „ამფეტამინის“ და „მდმას“ საქართველოში შემოტანას. ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით  ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ  და ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ასევე  ახდენდნენ რეალიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხების გათეთრებას.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე,  ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები –  კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რისი საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რამაც პროკურატურას შესაძლებლობა მისცა ორგანიზებული ჯგუფის მიერ შექმნილი სრული დანაშაულებრივი ინფრასტრუქტურა გამოევლინა. იდენტიფიცირებულია ყველა ის საბანკო ანგარიში, სადაც როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ირიცხებოდა და მათი წარმომავლობის შესანიღბად  ტრანზაქციები ხორციელდებოდა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2023 წლებში, აღნიშნული ფორმით განხორციელებული ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია კი რამდენიმე ხერხით განხორციელდა, კერძოდ:

თანხის ნაწილი გარკვეული პერიოდულობით „პირადი გადარიცხვის“ დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის – ე.წ. „დამდების“ ანგარიშებზე ჯამში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დოლარი გადაირიცხა; დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ – ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. ზემოაღწერილი სქემით, საზღვარგარეთ გადარიცხულია ჯამში – 2 039 542 აშშ დოლარი და 531 986 ფუნტი სტერლინგი; თანხის ნაწილი ასევე კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომლის ბანკომატით განაღდება ხორციელდებოდა ან გატანა ანგარიშიდან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში, აღნიშნული თანხის ოდენობამ ჯამში – 740 502 ლარი, 560 173 აშშ დოლარი და 162 124 ევრო შეადგინა. საქართველოში თანხის განაღდებას და შეგროვებას ზემოაღნიშნული დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უზრუნველყოფდა.  ბრალდებულები თანხის ნაწილს, სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით, ასევე საზღვარგარეთ აგზავნიდნენ;

აღნიშნული ქმედებების პარალელურად, ორგანიზებულმა ჯგუფმა დაიწყო საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გადარიცხვა/გადახდა იმ იურიდიულ პირთა ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებებით და ავტომანქანებით ვაჭრობენ. ხსენებული ფორმით და დანიშნულებით, ჯამში 5 126 491 თურქული ლირა, 67 257 ფუნტი სტერლინგი და 14 289 აშშ დოლარი გადაირიცხა.

გარდა ამისა, ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. ქ.ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.
საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
გამოძიების მიერ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებულების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის და მართლმსაჯულების წინაშე მათი წარდგენის მიზნით. ამავდროულად, სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ყადაღა დაედო საქართველოში ორგანიზებული ჯგუფის საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს, ასევე უძრავ-მოძრავ ქონებას“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

“ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვექნება რუსული პარტიის დამარცხების საერთო სტრატეგია”- ხაბეიშვილი

მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძესთან ერთად განაცხადა.

მისივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას ერთიანი საქართველოსთვის.

„უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოუწია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ცივილიზებული სამყარო დადგა ისტორიულ გზაგასაყარზე. შესაბამისად, ძალიან მარტივი არჩევანი გააკეთა ყველამ მშვიდობასა და ბოროტებას შორის, ტერორიზმსა და მშვიდობას შორის, პუტინის ტერორისტულ ზრახვებსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას შორის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ტერორისტი პუტინი ემუქრება არა მარტო უკრაინას, არამედ მშვიდობას ცივილიზებულ სამყაროში. შესაბამისად, ეს დილემა დადგა საქართველოშიც. სამწუხაროდ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ჰყავს „რუსული პარტია“ და ამ ომის დაწყებისთანავე გაჩნდა კითხვა – ვის მხარეს დაიჭერს პუტინის კარის ოლიგარქი, ვგულისხმობ ივანიშვილს. სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა ისიც, რომ პუტინის კარის ოლიგარქმა აირჩია კონკრეტული მხარე და ესაა პუტინის რუსეთი. მან მთელ სახელმწიფოს განუსაზღვრა ეს კურსი. ქართველ ხალხს უკვე პირდაპირ, ღიად განუცხადეს, რომ საქართველო ადგას პუტინიზაციის, რუსეთიზაციის გზას და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც იღებენ, დაწყებული რუსული კანონით, გაგრძელებული ლავროვის და მათი ოჯახის წევრების მასპინძლობით, ფრენების აღდგენით. საქართველო, როგორც „შავი ხვრელი“, ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა პუტინს. შესაბამისად, საქართველოშიც დადგა აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა და პროდასავლურ ფლანგზე, ვგულისხმობ ოპოზიციას, კონკრეტული ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები გახდა საჭირო. რუსული ხელისუფლების, ეკონომიკური სიდუხჭირის, სოციალური პრობლემების პირობებში საზოგადოების, ხალხის დაკვეთა არის ერთობა. აბსოლუტურად ყველა კვლევაში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, ყველა შეხვედრაზე ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, უბნებში ხალხი ერთ რამეს საუბრობს – რუსულ პარტიას დაამარცხებთ მხოლოდ ერთობითო. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა.

კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდი პარტიაა პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“რა ვიცით, სააკაშვილის თმა რომაა- იქნება ბებიამისის თმაა?!”- შალვა ხაჭაპურიძე

დავუშვათ და ჰქონდა პოლონელ ექიმს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცით, სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა?! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც “ვივამედში” მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„მიხვდნენ პოლონელი ექიმები რა დასკვნასაც დადებდნენ, სააკაშვილს რომ შეხედავ რა მდგომარეობაშია, გასაგებია, რა დასკვნასაც დადებენ, ეს დასკვნა რომ რამენაირად გააბათილონ და ფასი დაუკარგონ, ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რომ ჩვენ აწი აღარ შევუშვებთ, აღარ შევამოწმებინებთ და ეს დასკვნა უკვე ყალბია. რატომ არის ყალბი? დავუშვათ და ჰქონდა იმ კაცს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცი სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა, ამ კაცის ბებიის. საიდან ვიცით, რა მტკიცებულებებით?

არეულია აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლებელია ამას სერიოზული სამართლებრივი შეფასება მისცე. მე პირადად ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ არის.“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

პროფესორ ვახტანგ მაისაიას პოლონეთის რესპუბლიკის ახალი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – “ბრინჯაოს არწივის ორდენი” გადაეცა

პოლონეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვარშავაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალული პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, პოლონეთის რესპუბლიკის ახალი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „ბრინჯაოს არწივის ორდენი“ – გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ორდენის გადაცემა მოხდა უშუალოდ პოლონეთის რესპუბლიკის მეცნიერების და უმაღლესი განათლების მინისტრის, დოქტორ პრშემისლავ ჩარნეკის ინიციატივითა და წარდგინებით.

„ორდენი, ასევე, მიენიჭა ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრს, ევროპარლამენტის დეპუტატ, პროფესორ კაროლ კარსკის.

ვახტანგ მაისაიას აღნიშნული ჯილდო გადაეცა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მას პოლონეთში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების საქმეში შეაქვს, ასევე, მისი განსაკუთრებული სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობისთვის სამხედრო მეცნიერების, უსაფრთხოების კვლევებისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გერმანიის პოლიცია ბერლინის ქუჩებში ლომს ეძებს

გერმანიის პოლიცია ბერლინში ლომს ეძებს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა მხეცზე ძებნა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ამის შესახებ მათ ორმა მოქალაქემ განუცხადა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც. უცნობია, საიდან მოხვდა ბერლინთან ახლოს ლომი, რადგან ზოოპარკებისა და ცირკების განცხადებით, ცხოველი მათ არ დაუკარგავთ. ადგილობრივებს ურჩევენ, ლომის პოვნამდე სახლები არ დატოვონ.

“გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, რა ამოცანა აქვთ, არ ვიცი, ალბათ მათაც უნდათ კეზერაშვილის სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა”- ვოლსკი

არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავიანთი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსზე გაემგზავრნენ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მათი მიზანია კეზერაშვილის სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ პოლიტიკურ ლიდერებად.

„უგულავასა და გაბაშვილს რა კონფიგურაცია აქვთ, ვერ გეტყვით, რადგან დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ელენე ხოშტარიას რეიტინგი მაღალი არ არის და ალბათ კვიპროსში თავის მოსაწონებლად ჩავიდნენ, რათა იმ სქემიდან არ ამოვარდნენ, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს. მათი მიზანია, ამ სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ იმ პოლიტიკურ ლიდერებად, რაც რევოლუციურ კომიტეტს სჭირდება და გაერთიანებულია ხაბეიშვილის გარშემო. არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავიანთი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში. არ მგონია, მათ მოგზაურობას სხვა დანიშნულება ჰქონდეს – ისინი სალაროში ჩავიდნენ, შეყვეს თავი და ეუბნებიან, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები, დაფინანსება ჰქონდეთ, კონკრეტული საქმიანობისთვის. გვახსოვს, ხოშტარია როგორ ახტებოდა მანქანებს. მაშინ, შეიძლება, რუსეთიდან მომდინარე დაფინანსება საკმარისი იყო, ახლა კი დამატება უნდა. სექტა მასაც გააჩნია. თავის დროზე გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, მათ რა ამოცანა და რა როლი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მათაც უნდათ, იმავე სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა. ეს ფანჯარა რამდენად ფართოა, ამაზე პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრემიერმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩაშალა მარცვლეულის ინიციატივა, ანადგურებს შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურას და კიდევ ერთხელ ახდენს გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას. ამ კრიტიკულ მომენტში, პოლონეთი, უკრაინის მთავრობის მეთაურის თქმით, აპირებს გაახანგრძლივოს ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება.

„ეს არის არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც სერიოზულად დააზარალებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და უკრაინის ეკონომიკას. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და ევროკომისიას, უზრუნველყონ უკრაინული სურსათის შეუფერხებელი ექსპორტი ევროკავშირში“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

“მოსალოდნელია, რომ გაერთიანების შედეგად დიდი პრობლემები გაუჩნდეთ” – მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელზე

მოსალოდნელია, რომ ამ გაერთიანების შედეგად დიდი პრობლემები უფრო გაუჩნდეთ, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას.

„მეჩვენება, რომ შეცდომაა, როდესაც ამ გაერთიანებას გამარჯვების პლატფორმას არქმევენ. ორი მიზეზითაა შეცდომა : პირველი – ახალი ენერგიაო და ამას მარკეტინგულად ბრენდავენ. ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ამით საზოგადოებაში აჩენენ იმის განცდას, რომ ამ დრომდე რაც იყო, ის იყო ცუდი და ახლა ამ ცუდის მკეთებლებისგან მიღებული დაპირება საზოგადოებისთვის, რომ ამიერიდან სუპერ ენერგიული და გადასარევი გავხდებიო, რასაკვირველია დამაჯერებელი არ არის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია – გამარჯვების რა გითხრათ – „ღატაკი და ქილა ერბოსავით“ არ გამოუვიდეთ ეს ყველაფერი. გამარჯვებაზე დიდ განაცხადებს აკეთებენ და მერე შეიძლება ეს ყველაფერი უკუღმა აღმოჩნდეს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ დიალოგის რეჟიმში რჩებიან და „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს მიაწვდიან.

“ჩემთვის წითელი ხაზია ის, როცა პოლიტიკოსი კადრულობს საკუთარ ქვეყანას ავნოს მარტო იმიტომ, რომ ეს გააფორმოს, როგორც ხელისუფლების შეცდომა”

საბედნიეროდ, მათი მავნებლური საქმიანობის მოსალოდნელი ზიანი ალბათ მინიმიზებული იქნება, რადგან მოხერხდა და სწრაფ გამოირკვა, ვინ რას აკეთებდა და რას „ჩალიჩობდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ FARA-ს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

„მაგრამ იქნება შემთხვევები, სადაც ეს ვერ გაირკვევა. რეალურად ჩვენი ოპონენტები დაკავებულები არიან მავნებლური საქმიანობით. ეს არის ხალხი, რომელიც კადრულობს იმას, რაც არც ერთ შემთხვევაში არავისთვის საკადრისი არ უნდა იყოს. ჩემთვის წითელი ხაზია ის, როცა პოლიტიკოსი კადრულობს საკუთარ ქვეყანას ავნოს მარტო იმიტომ, რომ ეს გააფორმოს, როგორც ხელისუფლების შეცდომა. ანუ, ქვეყანა უკან წავიდეს მარტო იმიტომ, რომ თვითონ წინ წავიდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.