აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლის, დავით ზაქარაიას ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

82
spot_img

აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლი, დავით აბელის ძე ზაქარაია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„დავით აბელის ძე ზაქარაია დაიბადა 1968 წლის 7 იანვარს სოხუმში; ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოხუმზე შტურმის დროს; დაკრძალული იყო აჩადარაში, საკუთარი სახლის ეზოში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის, 4 მებრძოლის_ გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას და 9 სამოქალაქო პირის_შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ თოდუას, გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავას და გულნარა აბულაძის ნეშტები გადმოასვენეს. იდენტიფიცირებულთა ნეშტები, დავით ზაქარაიას გარდა, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციებზე, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ. დღეისათვის, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.