Home Blog Page 1834

უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით გაიზარდა – “საქსტატი” “საქსტატი”

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ამასთან, ნათქვამია, რომ 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი.

„2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6პროცენტი). 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავიქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, ქ.თბილისში.

„ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის

გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა

მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. RPPI გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და რისკების შესაფასებლად;
საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებსა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების დასადგენად და მათ შესაფასებლად.
ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად საქსტატი ახდენს

მონაცემებთა შეგროვებას საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების

შემცველი ვებ-გვერდებიდან. მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით. ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი წარმოადგენს ე.წ. „შეთავაზების“ ფასს (offer price). RPPI-ის გასაანგარიშებლად საქსტატის იყენებს ე.წ. „მახასიათებლების ჰედონურ მიდგომას“, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივია – არც ერთ პარტიასთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ”- მიხეილ დაუშვილი

“ჩვენი გადაწყვეტილება არის მკაფიო, რომ არავითარ გაერთიანებას არ ვაპირებთ”- აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი .

მისივე თქმით, მისთვის არ არის დამაჯერებელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” დამარცხების ფორმულა არის “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანება.

“ვინ გაერთიანდება, როგორ, ეს მათი საქმეა, რა იქნება პროდუქტიული და რა კონტრპროდუქტიული, ამას გვაჩვენებს საბოლოო ჯამში არჩევნები. მე არ მჯერა, რომ ეს არის “ოცნების” დამარცხების ფორმულა. ზოგადად, არ მინდა სიღრმეებში წავიდე – გამოეყო, დაბრუნდა, მერე კიდევ გამოეყო, მერე კიდევ დაბრუნდა, ხან ლანძღავდა, ეს არსებითი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება არის მკაფიო, რომ არავითარ გაერთიანებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, დაუშვილი გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები შესაძლოა, გაერთიანდნენ და კონსულტაციები მიმდინარეობს გიორგი გახარიასთანაც. დაუშვილი აცხადებს, რომ მსგავსი კონსულტაციების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

“მე ამ კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. მე არ ვიცი, ვინ ყოფილი წევრები რა გაერთიანებას გეგმავენ, შეიძლება ვიღაცები ვიღაცებთან რაღაც გაერთიანებებზე ან თანამშრომლობაზე საუბრობენ, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს,”- განაცხადა დაუშვილმა.

“უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენთან” -ოდესის ეპარქიის მეუფე რუსეთის პატრიარქს

თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან, – ამის შესახებ ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსი ვიქტორი წერილში წერს, რომელიც მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს გაუგზავნა და რომელშიც ოდესაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმაზეა საუბარი.

„დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან“, – წერს მთავარეპისკოპოსი.

მისი თქმით, 2022 წლის 27 მაისს გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელმძღვანელობდა, მისი დაქვემდებარებიდან გადიოდა.

„მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ აირჩია. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც მათი შვილებისადმი თქვენს „კურთხევას“, – აღნიშნულია წერილში.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, სადაც თითქოსდა შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ღირებულებას და დაინტერესებულ პირებს ქონების ნამდვილ ფასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ.

„აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს სხვა მიწის ნაკვეთებს აჩვენებდნენ, რომლებზეც რეალურად საცხოვრებელი სახლები იყო განთავსებული, მათთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ. ხსენებული სქემით, ბრალდებულები ხუთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 221 725 ლარს დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, 6 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს საპატიმრო გირაო შეუფარდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

“აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა აკავშირებს მას სააკაშვილის ლობისტებთან” – ლევან ნიკოლეიშვილი ევან ელიოტზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, ევან ელიოტის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ელიოტის დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ევან ელიოტმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა მისი შეწყალების თაობაზე კომუნიკაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

„ეს კაცი არის ევან ელიოტი – ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ძალიან დიდ სკანდალშია გახვეული. ფარაზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ადამიანის გავლით ცდილობდნენ კრიმინალი სააკაშვილის ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას. მე ვფიქრობ, რომ ამ “პატიოსანმა კაცმა” აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა აკავშირებს მას სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა, დამნაშავის შეწყალებაზე კომუნიკაცია ერთი მხრივ ლობისტებთან, მეორე მხრივ პრეზიდენტთან. თუ ამ კითხვებზე პასუხს არ გასცემს, აუცილებლად უნდა გავაცემინოთ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

“აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, მოსკოვზე დრონებით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა”- რუსეთის საგარეო უწყება

უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“24 ივლისს დილით, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს და ჩამოაგდეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით”, – აცხადებენ სამინისტროში.

მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის ოთხ საათზე დრონები თავს დაესხნენ ორ არასაცხოვრებელ კორპუსს. მისი ინფორაციით, თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანება არ მომხდარა და არავინ დაშავებულა. ამასთან, დედაქალაქის ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით კომსომოლსკისა და ლიხაჩევის გამზირებზე მოძრაობა გადაიკეტა.

“მინიმალური პენსია სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი” – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ლიდერებთან ერთად, თბილისში პენსიონერებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარტიის ახალ ინიციატივებს, რომელიც საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევასა და მინიმალური პენსიის გაზრდას 400 ლარის ოდენობამდე გულისხმობს. ასევე, საუბარი შეეხო საპენსიო სესხების განულებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მაღივე ცნობით, ამ კამპანიის ფარგლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ, „ლიბერთი ბანკთან“ აქციაც გამართა.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი გაგრძელებენ მუშაობას პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.

„მინიმალური პენსია ანუ 295- ლარიანი პენსია, სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი. ყველა ის დანამატი, რომელიც არის, უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ არა 70 წლის ზემოთ, არამედ უკვე 65 წლის ზემოთ. ასევე, მაღალმთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დანამატები იყოს შენარჩუნებული და ეს ნიშნავს, რომ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და საბოლოო ჯამში, 65 წლის ზემოთ და მაღალმთიან რეგიონებში 600 ლარამდე. ამ თემებთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა თბილისელ პენსიონერებთან, ასევე ვისაუბრეთ საპენსიო სესხების განულებაზე და ასეთი არის 400 ათასამდე ადამიანი, რომელმაც აიღეს სესხი 1000-1500, მაქსიმუმ 2000 ლარი და ახდევინებენ 4000-4500 და 5000 ლარს. ფაქტობრივად, სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე იღებენ სესხს და ეს კანონის სახელით ძარცვა აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, შრომას ჩვენი პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რუსულმა ძალებმა ოდესას „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს – რა ხდება უკრაინაში ომის 516-ე დღეს

ომის 516-ე დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესას „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ნაწილი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის მოხალისეთა არმიის ოპერატიული სარდლობის, “სამხრეთის” პრესსპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქში საჰაერო განგაში თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

“მტერმა სცადა შეტევა ჩვენი რეგიონის სამხრეთზე. საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა, არის ჩამოგდების ფაქტები, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ფაქტებიც “, – განაცხადა ბრატჩუკმა.

მისი თქმით, რუსები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის მარცვლეულზე დარტყმის განხორციელებას.

ბრაჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაჩნდება მარცვლეულის შეთანხმება ახალ ფორმატში, უსაფრთხოების გარანტიებით.

საერთაშორისო საზოგადოება ოდესაზე თავდასხმას გმობს. სარაკეტო იერიში ქალაქზე 22 ივლისის ღამეს მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა. მათ შორის ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც.

მართლმადიდებლური ტაძრის დაბომბვის ფაქტს მოსკოვში ამ დრომდე უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს მხოლოდ ის ობიექტები წარმოადგენდა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა. უკრაინის პრეზიდენტი კი რუსეთს ომის მორიგი დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

“სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი მილიონებს ხარჯავენ საქართველოზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში”

გლობალური ომის პარტია ეს ის პოლიტიკური, ფინანსური თუ ოლიგარქიული ძალაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობა ემორჩილება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, გლობალური ომის პარტიას სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა უნდა იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთი მცირედი დაზიანება მიაყენოს საქართველოს, თუმცა როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს მისი გამოშვებით, ისე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

„ზოგადად, აკერმანებთან, როგორც ჩანს, საქართველოს მეგობრული ურთიერთობა არ გამოგვდის. ერთი აკერმანი იყო და საქართველოში რევოლუციის მოწყობას გეგმავდა და მეორე, ამ შემთხვევაში კომპანია „აკერმანია“ და პრაქტიკულად, საქართველოს დასანქცირების მცდელობებში იქნა მხილებული FARA-ს კანონის მეშვეობით. ძალიან სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი მილიონებს ხარჯავენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოზე ცრუ ინფორმაციები გავრცელდეს, ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად მტრული რეზოლუციები მიიღოს და ა.შ. მაგრამ, ეს ყველაფერი გადაფარა იმან, რომ ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს მიმართ სანქციები გავრცელდეს, რომელიც, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ეს არის ღალატი საქართველოს წინააღმდეგ, სხვას ამას, ვერაფერს დავარქმევ.

რაც შეეხება თანხას, რომელიც ამ ყველაფერშია დახარჯული (ოფიციალურად, მილიონზე ოდნავ მეტზეა ლაპარაკი), შეუძლებელია ამ თანხით ამდენი აქტივობის დაფინანსება მოხერხდეს. ჯერ მარტო რამდენიმე ათეული წერილი დაიბეჭდა საერთაშორისო პრესაში, CNN-ზე ინტერვიუ და სიუჟეტი იყო, „როიტერსში“ მასალები გამოქვეყნდა და ა.შ. ამ ყველაფერს გაცილებით მეტი ფული სჭირდება. ორი რამ არის რაც ამ მილიონზე ცოტა მეტის უკან დგას – პირველი: სავარაუდოდ, გაცილებით დიდი თანხაა გადახდილი და მეორე: ეს არის თემა, რომელსაც არც ორი და არც ოცი მილიონი არ ეყოფოდა, გაცილებით დიდი მოთამაშეების ინტერესები რომ არ იდგეს ამის უკან.

„აკერმანი“ ამ შემთხვევაში, არის ერთი პატარა ნაწილი, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ არის გაჩაღებული გლობალური ომის პარტიის მიერ. გლობალური ომის პარტია ეს ის პოლიტიკური, ფინანსური თუ ოლიგარქიული ძალაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობა ემორჩილება. მათ ვერ აუტანიათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ არის მათი პირდაპირი გავლენის ქვეშ. ამიტომაც არის, რომ მიუხედავად არაერთი მარცხისა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს და არ გამოუვიდათ მცდელობა, რომ რევოლუცია მოეწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სტატიაა გამოქვეყნებული, თუ რეზოლუციაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული, ესეც ვერ ახდენს სასურველ შედეგს და საქართველო ძალიან მტკიცედ მიუყვება ომის არდაშვების გზას, მაინც ეს მცდელობები არ ჩერდება, არ იკლებს და სულ უფრო და უფრო ბრუნებს იღებს. ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ ამ კამპანიების უკან დგას ძალიან დიდი ძალა და ამ ძალას ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარტიას.

სააკაშვილი ძალიან პატარა ჭანჭიკია ამ გლობალური ომის პარტიის ხელში, რომლის გამოყვანა უნდათ იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთი მცირედი დაზიანება მიაყენონ ქვეყანას, თუმცა როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს მისი გამოშვებით, ისე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ, მართლა რომ მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და ამ ნაბიჯს არ გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50 პროცენტი დაიბრუნა”-ენტონი ბლინკენი

უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50 პროცენტი დაიბრუნა, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, კიევს მძიმე ბრძოლა უწევს უფრო მეტი ტერიტორიის დასაბრუნებლად და კონტრშეტევის ვადების განსაზღვრა დღეისათვის რთული ამოცანაა. კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მიიღებს.

კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო, 19 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო, 19 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ხანძარმა ყველაზე მეტად კუნძულის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა.

ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება.

ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4 თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.

თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს.