“ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევის შედეგები სამწუხაროა, ბრალდება არის ძალიან მძიმე” – ზურაბ აზარაშვილი

15
spot_img

ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები ძალიან სამწუხაროა. ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება მკაცრი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

„დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის ცხრათვიანი მოკვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები. ეს შედეგები არის ძალიან სამწუხარო. დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე, თანაც ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე, ასევე მივმართავ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი “, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად.

„ბრალდება არის ძალიან მძიმე. ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად. მასალებით დასტურდება, რომ კომპანიები ცალსახად იყვნენ გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე. მედიკამენტი ათასობით ლარი როცა ღირს, თეორიულადაც კი მინიმალურია იმის ალბათობა, რომ ერთი თეთრის სიზუსტით, ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. იცით, რომ წლიური ლიმიტი გვაქვს ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. სამწუხაროდ, სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა თანხების გახარჯვა. შესაბამისად, ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.