Home Blog Page 1832

“მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროკომისიის ვალდებულებებს ასრულებს”- ხორვატიის პრემიერ-მინისტრი

ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და აღნიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ხორვატიის რესპუბლიკაში ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი. მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა და მადლობას ვუხდი მას ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და ასევე, შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს.

გასულ წელს ევროპულ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს ევროკომისიის დასკვნაშია გაწერილი. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა.

რაც შეეხება საქართველოს ამბიციას ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრძანდებოდა სამიტზე და გააჟღერა გზავნილები. საქართველოს ამჟამად ორი ოკუპირებული ტერიტორია გააჩნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, რომლებიც რუსეთის მხრიდან არიან ოკუპირებული. ფორმალურად, რუსეთმა მოახდინა ანექსია, ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, სამხრეთ ოსეთის ნაწილიდან თბილისამდე არსებობს ადმინისტრაციული საზღვარი და დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზეა. მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ხორვატია და საქართველო გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ძალიან ახლოს ვართ, უნდა გაუმჯობესდეს დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობებიც.

ასევე, მივესალმებით ხორვატიის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას. კომპანიები ფუნქციონიერებენ საქართველოს ბაზარზე თავიანთი პროექტებით და გვინდა, ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველოდებით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის კვალობაზე, ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებზე, გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტების ფარგლებში, ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და ნახეს, რა არის ჩვენი გამოცდილება. ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

​მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ხორვატიაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აცნობა.

„ვესაუბრე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. ჩვენი მშპ 66 მილიარდი დოლარია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 22 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გავზარდეთ ტურისტული, ეკონომიკური მაჩვენებლები და გარდაქმნა, რომელიც ვიქონიეთ ევროზონის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროზონისა და შენგენის სივრცის წევრი. ეს არის ის სამიზნეები, რომლებიც შესრულდა წელს. ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ დღეს ზაგრებში გავხსნით ხორვატიაში საქართველოს საელჩოს. დიდ მადლობას მოგახსენებთ, პრემიერ-მინისტრო, ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით, თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

“საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში”-პრემიერი

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში.

„საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონული ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას.

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას. მათ შორისაა ნატოს მისიები ერაყსა და ავღანეთში“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას.

„ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს.

საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის. მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.

ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში.

დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის.

მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

კომპანია „საქართველოს მაცნე“ თიბისის პარტნიორობით კიდევ უფრო გაიზრდება

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერძო სტამბა და გამომცემლობა, „საქართველოს მაცნე“, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ფოფხაძე „საქართველოს მაცნის“ განვითარების ისტორიას გვიყვება:

„წიგნების გამოცემით 90-იანი წლების დასაწყისში დავინტერესდი. მაშინ არ არსებობდა კერძო გამომცემლობები და სტამბები, წიგნების გამოსაცემად აუცილებლად სახელმწიფო გამომცემლობასთან უნდა გეთანამშრომლა. ამიტომ გამომცემლობა „განათლებას“ გავურიგდი და მათთან ერთად დავიწყეთ მხატვრული ლიტერატურის გამოცემა. იმ წლებში დაახლოებით 30 წიგნი გამოვეცით, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა.

საქმე უკან მას შემდეგ წავიდა, რაც კუპონები შემოვიდა და ინფლაცია დაიწყო. ამან დიდი თანხები დაგვაკარგვინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, დარჩენილი რესურსით  პოლიგრაფიული საქმიანობა დაგვეწყო.

1996 წელს იჯარით ავიღეთ 100 კვ.მ ფართი და რამდენიმე დანადგარი და დავიწყეთ წიგნების ბეჭდვა. იმ დროისთვის უკვე გაჩნდა კერძო გამომცემლობებიც და ვბეჭდავდით როგორც საკუთარი გამომცემლობისთვის, ასევე მათთვისაც. საქმე კარგად წავიდა და მალევე გავხსენით კიდევ რამდენიმე, უკვე შედარებით დიდი ფილიალი და გავაფართოვეთ როგორც სტამბა, ასევე გამომცემლობაც.

იქიდან მოყოლებული, ვბეჭდავთ და გამოვცემთ ძირითადად სასკოლო სახელმძღვანელოებს, სასკოლო დამხმარე ლიტერატურას, ასევე მხატვრულ, საბავშვო და სამეცნიერო შემეცნებით ლიტერატურასაც.

ვმონაწილეობდით კონკურსებშიც და, მოხდა ისე, რომ 2008 წლამდე კერძო კომპანიებს შორის ყველაზე მეტი დასახელების – 67 წიგნი გვქონდა გამოცემული.

2012 წლიდან ეს კონკურსები შეწყდა. 2018 წელს კი, მათი განახლებისთანავე, ისევ ჩავერთეთ კონკურსებში და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს „საქართველოს მაცნის“ მიერ დაბეჭდილ და გამოცემულ რამდენიმე სახელმძღვანელოს ენიჭება გრიფი. წელს გრიფი მიენიჭა XI კლასის ფიზიკის და ქიმიის, პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე პირველი და მეორე კლასების ჭადრაკის სახელმძღვანელოებს.

დღეისათვის სტამბა  „საქართველოს მაცნის“ უკვე 5 შენობა განლაგებულია თბილისსა და წეროვანში. მეხუთე, 1100 კვ.მ ფართის შენობა თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ და აღვჭურვეთ უმაღლესი ხარისხის დანადგარებით.

სტამბაში სტაბილურად 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა „ცხელ თვეებში“, როცა დიდი რაოდენობით შეკვეთები გვაქვს მოსასწრები, დაახლოებით 15 ადამიანს ვამატებთ. გამომცემლობაში 15 დასაქმებულია.

მოთხოვნა სასკოლო სახელმძღვანელოებზე საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი წიგნის ბეჭდვა შევძლოთ, ამიტომ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დანადგარების რაოდენობა და შესაბამისად, სიმძლავრეც, რაშიც, რა თქმა უნდა, ისევ თიბისის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.“

(R)

“ფარას“ დოკუმენტები ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ თანხებს არ იშურებენ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის”-წილოსანი

„ფარას“ დოკუმენტები ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ, არკეთილსინდისიერად მიღებულ თანხებს არ იშურებენ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის,– ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი ოჯახი ზრუნავენ მავნებლური რეზოლუციების მიღებაზეც.

„ფარას“ კანონი კარგი და სასარგებლოა ქვეყნისა და ობიექტური ინტერესებისთვის, რაც, ჩვენს შემთხვევაში, ზუსტად ნათარგმნი კანონი „რუსულ კანონად“ იქნა მოხსენიებული. ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ნათლად დაინახავდა. ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ და არკეთილსინდისიერად მიღებულ თანხებს ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისთვის არ იშურებენ. ასევე, ზრუნავენ მავნებლური რეზოლუციების მიღებაზე. ყველაზე მძიმე სანახავია, რომ ფულის გადახდა ხდება იმისთვის, რომ საქართველო დასანქცირებული იყოს. „ფარას“ დოკუმენტებმა ზღვა ინფორმაცია მოგვცა ბევრი დასკვნის გასაკეთებლად. მათ შორის იმაზე, ვინ იყო ჩართული ამ პროცესების ლობირებაში. იყო პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდებოდა. ის, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები მის დაპირებებს არ შეესაბამება, ალბათ, გარკვეული ლობირების, თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარეა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები 19 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში მოქმედი კანონი საქართველოში უფრო დიდ საქმეს აკეთებს”

FARA კი არა ლუსტრაციის კანონი უნდა ერქვას! – წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის თქმით, ამერიკული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, დიდ საქმეს აკეთებს საქართველოში და ამხელს მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიისგან ფული აიღო.

მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების კამპანიაში ჩართული პირებიდან, შაქარიშვილი გამოჰყოფს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც FARA-ს დოკუმენტების თანახმად, 11 550 აშშ დოლარი გადაუხადეს.

„FARA კი არა ლუსტრაციის კანონი უნდა ერქვას! ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში მოქმედი კანონი, საქართველოში უფრო დიდ საქმეს აკეთებს – ამხელს კოლექტიურ კიკუებს!

მარგველაშვილი SALE-ზეა ნაყიდი 11.550 დოლარად…

არა რუსულ კანონს! “ – წერს ვატო შაქარიშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ლობისტური კომპანიის ანგარიშში ნახსენებია გიორგი მარგველაშვილიც – “გადახდილია11 559 აშშ დოლარი”

epa04476939 Georgian President Giorgi Margvelashvili speaks during an interview in Vienna, Austria, 04 November 2014. EPA/GEORG HOCHMUTH

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, აღნიშნულია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ მედიაკომპანიას ევალებოდა, გაევრცელებინა პრესრელიზები კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.

დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები 19 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

ამასთან, 20 ივლისს ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებები კვლავ დივერსიფიცირებულია

ეკონომიკის მიმდინარე ძლიერი ზრდა აჩენს კითხვას სავალუტო შემოდინებების კუთხით ერთ წყაროზე, კერძოდ რუსეთზე დამოკიდებულების მხრივ. ბოლო ერთი წლის მონაცემებზე დარყდნობით, შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიული დივერსიფიცირება მთლიანობაში გარკვეულწილად გაზრდილია კიდეც. კერძოდ, ევროკავშირი ინარჩუნებს პირველ ადგილს, რუსეთის წილი გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდით, 2019 წელთან შედარებით დიდწილად ერთ დონეზეა, სხვა ქვეყნების კონტრიბუცია კი გაზრდილია.

ცალსახაა, რომ მიგრაციის ეფექტის შედეგადეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის გარეშე იქნებოდა. აღნიშნული, მიგრანტებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებულთა მაღალი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის დინამიკაშიც იკვეთება. ამავდროულად, მიუხედავად საერთო აღქმისა, გეოგრაფიული წყაროებისა და შემოდინებების ტიპების მიხედვით, დივერსიფიცირება კვლავ მაღალია. ასევე, თიბისი კაპიტალის ოსაზრებით, ფულადი გადარიცხვების რუსული კომპანია Unistream-სათვის ახლახან დაწესებული სანქციების გათვალისწინებითაც, სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, 17 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და ამავდროულად, ივნისში სესხების მეტი დოლარიზაცია. ეს დინამიკა, სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, თიბისი კაპიტალის აზრით, მომდევნო კვირაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით შემცირების არგუმენტია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 R

“ყოფილი „ნაციონალები” არ არსებობენ” – ნინო წილოსანი

საქართველოს მიმართ ინტერესმა, რომ ჩართული იყოს საომარ პროცესებში და „ქართული ოცნების“ ძალიან სწორმა პასუხმა გაცილებით გაზარდა ჩვენი რეიტინგი – ჩვენი წინასაარჩევნო და პოლიტიკური აქცენტია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ქვეყნის ინტერესებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა კომენტარი „ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ მობრუნდეს ხელისუფლებაში, არანაირი ფორმატით მათ არ დააბრუნებენ.

„არაერთგზის დადასტურდა, რომ ყოფილი „ნაციონალები” არ არსებობენ, შესაბამისად, გაფანტული ელემენტები როდის დაუბრუნდებიან თავიანთ დედა პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას”, არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს თვითონ პროცესს. შინაარსი არ იცვლება, „ფარას” დოკუმენტებმაც დაადასტურა, თუ რა მიზანს ემსახურებიან ისინი და მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვისაც გაერთიანებულ თუ არა გაერთიანებულ ფორმატში იქნებიან ყველაზე რადიკალები და ეცდებიან დისკრედიტაცია გაუკეთონ ქვეყნის ინტერესებს.

არაერთ მსგავს გაერთიანებას გავიხსენებ, რამდენჯერ გაერთიანდნენ და დაიშალნენ, ვერავინ მოთვლის, ყველა არჩევნებზე დიდწილად ერთიანდებოდნენ და ამ ფორმატით გამოდიოდნენ „ქართული ოცნების” წინააღმდეგ, თუმცა 3 მოწვევის საპარლამენტო და არაერთი შუალედური თუ თვითმმართველობის არჩევნების გამარჯვებული არის „ქართული ოცნება”. შესაბამისად, ეს გაერთიანება მათ არაფერს აძლევთ, მით უფრო, როცა გაერთიანება ხდება „ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ მობრუნდეს, არ დააბრუნებენ არანაირი ფორმატით, შეუერთდება თუ არა მას ვაშაძე.

ჩვენი წინასაარჩევნო და პოლიტიკური აქცენტია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ქვეყნის ინტერესებზე. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოს მიმართ ინტერესმა, რომ ჩართული იყოს საომარ პროცესებში და „ქართული ოცნების” ძალიან სწორმა პასუხმა ვფიქრობთ, გაცილებით გაზარდა ჩვენი რეიტინგი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, არა მხოლოდ ჩვენი დაკვეთილი, ოპოზიციური პარტიების და არხების კვლევებიც. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და გათვლა, რომ უმრავლესობით მოვა “ქართული ოცნება” და გათვლა გვაქვს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ათვითცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა მოვიდეს 2024 წელსაც“, – განაცხადა წილოსანმა.

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის და გაუპატიურებაში დახმარებისთვის იძებნებოდა.

თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურა, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან წარმატებით თანამშრომლობის მზადყოფნას მომავალშიც გამოხატავს.

პრემიერ-მინისტრი ხორვატიაში დღეს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას ეწვია. დღეს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებასაც დაესწრება.

მთავრობის მეთაური ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, ამას პროცესი გადაწყვეტს”- პაატა მანჯგალაძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, ამას პროცესი გადაწყვეტს, ჩვენ არ გვინდა კაბინეტში დასახელებული ლიდერები, გვჭირდება საველე ლიდერები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მმართველ პარტიას არჩევნებში მოუგებს. მანჯგალაძის თქმით, მათი ბრძოლის მიზანია, „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური ამომრჩეველი მოაკლდეს.

„პირველ ადგილზე გავალთ, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც დაგვჭირდება. საერთო ჯამში, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს მოვუგებთ. ამის საფუძველს რა გვაძლევს? „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გვაქვს, როცა 2018 წელს 40 პროცენტზე მეტი ავიღეთ და, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნები მოვუგეთ. ოპოზიციის შეცდომა ზუსტად გვაქვს გაცნობიერებული და მას აღარ დავუშვებთ. ოპოზიციურ პარტიებთან ტალახის სროლას და კინკლაობას არ ვაპირებთ, რადგან ეს უკვე არსებული ხმების გადანაწილებას ნიშნავს. ჩვენ ამისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური ამომრჩეველი მოაკლდეს.

ზოგ ოპოზიციურ პარტიას ეს მიზანი არეული აქვს და ჰგონია, რომ თუ ჩვენს გაერთიანებას ორ პროცენტს ჩამოაკლებს და ბარიერს გადალახავს, ეს არის ეროვნული ამოცანა. ეროვნული ამოცანა საქართველოს გათავისუფლებაა რუსული რეჟიმისგან, რათა ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და არა მანდატებისთვის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, ამას პროცესი გადაწყვეტს – ვინც ბრძოლის ავანგარდში იქნება და მოქალაქეების მხარდაჭერა ექნება, ის იქნება კანდიდატი. პროცესი გამოაჩენს ლიდერს, ჩვენ არ გვინდა კაბინეტში დასახელებული ლიდერები, ჩვენ გვჭირდება საველე ლიდერები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ევან ელიოტი საქართველოს ხელისუფლების გადამტრიალებელი აგენტია”

გაირკვა, რომ ი/ევან ელიოტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ნაცსექტის მთავარი საკონტაქტო პირია – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, FARA-ზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია, სწორედ ევან ელიოტის დახმარებით ცდილობდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებას.

აბაშიძის თქმით, ელიოტი ხელისუფლების გადამტრიალებელი აგენტია და საქართველოდან მის გაძევებას ითხოვს.

„გაირკვა, რომ ი/ევან ელიოტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ნაცსექტის მთავარი საკონტაქტო პირია. ანუ საქართველოს ხელისუფლების გადამტრიალებელი აგენტია.
მე და ჩემნაირებს ტრადიციული ამერიკა გვიყვარს და გვეზიზღებიან მემარცხენე წითლები, რომელთა მსახურია კელი დეგნანი. არაფერი იმალება დოკუმენტების ვითომ წაუკითხველო დეგნანო! You are f**n liar! საქართველოს ხელისუფლებავ, გააძევეთ ვითომ მეგობრები!“ – წერს აბაშიძე.