Home Blog Page 1826

“ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა” – “ევროსტატი”

„ევროსტატის“ მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.

2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის აკრძალვა რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვალს – ემბარგო ნავთობპროდუქტის იმპორტზე. „ევროსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა ზომებმა შედეგი გამოიღო 2023 წლის პირველ კვარტალში.

მონაცემების მიხედვით, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი იყო 26.0%-იანი წილით, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს წილი მხოლოდ 3.2%-ს შეადგენს. „ევროსტატის“ ინფორმაციით, იმავე პერიოდში გაიზარდა ნორვეგიის, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების წილი.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები მიწოდების სხვა წყაროებზე გადავიდნენ. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი იყო ევროკავშირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი 38,8%-იანი წილით. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი 21.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ყველაზე მეტად ნორვეგიის, ალჟირისა და დიდი ბრიტანეთის წილი გაიზარდა.

თხევადი ბუნებრივი აირის მხრივ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ევროკავშირის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო აშშ-ის შემდეგ (18,1%), 2023 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთის წილი 4.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

“რაზეც კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს, ეს არის, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს და გია ლორთქიფანიძეს”

ზურაბ ადეიშვილი, დღეს ჩვენ მეგობრულ ქვეყანაში არის გენერალური პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირი. ამ ადამიანის წინააღმდეგ 5 განაჩენია გამოტანილი – ის,რომ არ ზის საქართველოს ციხეში და უკრაინაში თბილ კაბინეტში ზის, არის თუ არა ეს ცუდი საქციელი? ამიტომ, არა თუ მიხეილ სააკაშვილის გადაცემა უკრაინისთვის, ჩვენ დიდი ხანია ველით იმას, რომ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გადმოეცემა საქართველოს აქ სასჯელის მოხდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაიწყება თუ არა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი.

„არანაირი საფუძველი არ აქვს. პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ, ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს სააკაშვილის მიმართ არის არასათანადო მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უპირველეს ყოვლისა, ეს საზიანო არის თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება, არის ის, რომ ეჭვ ქვეშ დააყენოს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას სამხედრო ომის გარდა მოსაგები აქვს, ასევე სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან. თუკი თავად ის და მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ეს უკრაინას ამ ბრძოლაში არ მიეშველება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვის არის საზიანო ამ განზომილებით, ვინაიდან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ, ამით ვინ ხარობს. ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაიანას და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხია დღეს გახარებული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილება უხარია და ასევე, ვნახეთ უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ. ასე რომ, ეს არის ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში. ერთი რამ გავიხსენოთ, წელიწადნახევრიანი კამპანია სააკაშვილთან დაკავშირებით, შემდეგ წელიწადზე მეტი, ასევე, კამპანია სანქციებისთვის გვერდის არიდებასთან დაკავშირებით, ეს იყო რუდუნებით, მილიონების დახარჯვით, კორუმპირებული საერთაშორისო ქსელების ჩართვით აწყობილი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ერთი თვის პერიოდში ხუხულასავით ჩამოეშალათ“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სიყალბეში და დეზინფორმაციაში ამხილა ყველა ის აქტორი, რომლებიც მანამდე ამბობდა, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი, ამ საკითხის წამოწევის მცდელობა კვლავ არის.

„რაც შეეხება კონსულტაციებს, ერთადერთი, რაზეც შეიძლება კონსულტაციები გაიმართოს, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადამიანი, რომელსაც 5 საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი. რომ შევკრიბოთ და ადეიშვილის პერიოდი რომ ყოფილიყო, შეკრებით მას 20 წელი აქვს მისჯილი, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანი აცემინა – კობა დავითაშვილზე ვსაუბრობ. ასევე, მათ შორის იმის გამო, რომ ციხეებში წამების სისტემა ააწყო და წამების სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მათ შორის, მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორები. სულ ახლახან მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს ელჩთან უკრაინაში. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წამების სისტემა შექმნა. მეორე- გია ლორთქიფანიძე, რომელიც ორგანიზატორი იყო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის აქ შემოპარვის და არეულობის ორგანიზების. ის არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს. მე პირადად ველი, რომ ეს ორი ადამიანი საქართველოსთვის იქნას გადმოცემული. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების გადმოცემას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“მთელი ცივილიზებული სამყაროს მორალური ლიდერის, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური იყო”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანი წითლიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ აბსოლუტურად ლოგიკური იყო.

„პრობლემა არის ის, რომ „რუსულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა, მთელი ცივილიზებული სამყაროს მორალური ლიდერმა გააკეთა ასეთი განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. პრობლემა უნდა ეძებოთ საქართველოს ხელისუფლებაში, და არა ზელენსკის განცხადებაში“, – აცხადებს ანი წითლიძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

“გონჩარენკო კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა ერთი დღით არ დაუტოვებია, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა”

გონჩარენკო კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არც ერთი დღით არ დაუტოვებია, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე არამეგობრულს უწოდებს გონჩარენკოს განცხადებას და აღნიშნავს, რომ როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს, გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული.

მისივე თქმით, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხი ამას ხედავს.

„როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული, რაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, ეს განცხადება არამეგობრულია. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხი ამას ხედავს. როგორც ჩანს, გონჩარენკო კარგად ვერ ხედავს ამ ყველაფერს. ის ასე კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არ დაუტოვებია არც ერთი დღით, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა და იყო იმ გამონაკლის ელჩებს შორის, ვინც ბოლომდე, ომის დღემდე, ომის მიმდინარეობის განმავლობაში რჩებოდა კიევში და უკრაინაში. ამიტომ, ეს განცხადება ნამდვილად არ არის სამართლიანი და მეგობრული ისეთი ელჩის მიმართ, როგორიც საქართველოს ელჩია, რომელმაც მართლაც აჩვენა უკრაინის თავდადება და მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ფაქტია, ვიღაცა ცდილობს რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს” – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს პირველ რიგში საზიანოა თავად უკრაინისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს, რაც უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი რუსეთთან. თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა თავად უკრაინისთვის არის საზიანო და მეორე, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ამით ძირითადად ხარობენ ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციები განათავსა

სალიზინგო ბაზრის ლიდერმა, თიბისი ლიზინგმა პირველად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ისტორიაში, ფინასურ ინსტიტუტებს შორის, ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამხორციელდა და მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, მწვანე სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.

მწვანე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება, ენერგო ეფექტური აქტივების – ელექტრო ავტომობილების, საწარმოო დანადგარებისა და მზის პანელების დაფინანსებასთან ერთად, განპირობებულია კომპანიის მიზანით – ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარის განვითარებას.

აღნიშნული ემისიის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან, კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით, მეორე მხარის მოსაზრება მიიღო. ამ მოსაზრების თანახმად, თიბისი ლიზინგის მწვანე ობლიგაციების ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP).

გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 2.75%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის სამთვიან ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, ‘BB ‘ სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული.

ობლიგაციებში ინვესტიცია ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, საპენსიო ფონდმაც განახორციელა.

“მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, პირველი ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო განთავსება თიბისი ლიზინგმა წარმატებით განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახსრები მიმართული იქნება ენერგოეფექტური აქტივების დაფინანსებისკენ, რაც თიბისი ლიზინგის მდგრადი განვითარების სტრატეგასთან სრულ შესაბამისობაშია.

ასევე მნიშვნელოვანია რომ, განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა, რაც როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს. ერთის მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინასნება. მეორეს მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობას.” – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე საჯარო ობლიგაციები, სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის – მე-9 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების რიგით მე-6 განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს ჩვენს წვლილს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, ბაზარზე ჩვენი მხარდაჭერით, უკვე მე-2 მწვანე ბონდები განთავსდა, რაც კიდევ ერთი დასტურია მდგარდი განვითარების მიმართ, ქვეყნისა და კომპანიების ინტერესის”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

R

“ზელენსკის ეს ნაბიჯი – ცალსახად ელჩის გაძევებაა, ხოლო იმის თქმა “კონსულტაციებისთვის წავიდესო” – დაცინვა”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

ვისაც დიპლომატიური ურთიერთობების ანა-ბანა ესმის, უნდა იცოდეს: კონსულტაციაზე ელჩის გამოძახება შეუძლია მხოლოდ ამ ელჩის გამგზავნ ქვეყანასა და არა მიმღებს. ზელენსკის ეს ნაბიჯი – ცალსახად ელჩის გაძევებაა, ხოლო იმის თქმა “კონსულტაციებისთვის წავიდესო” – დაცინვაა. ამით გვეუბნება, იმის ღირსადაც არა გთვლით, რომ ოფიციალურად გავწყვიტო თქვენთან დიპლომატიური ურთიერთობაო, ულტიმატუმს გიყენებთ და ელჩს ვაძევებ, სანამ სჯულზე უარს არ იტყვით (სააკაშვილის უკრაინისათვის გადაცემა – სიმართლეზე, სამართალზე, სამართლიანობაზე – ანუ სჯულზე უარის თქმაა, სხვა, არც არაფერი!), აქედან დამეკარგოსო! გამაოგნებელია! ეს ფაქტობრივად უტიფრობისა და თავგასულობის მწვერვალია, არანაირ დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება და ამის გატარება, რასაკვირველია, არ შეიძლება!

ჩვენებმა უპასუხეს და ისევ, მორიგჯერ თავი მოიქაჩლეს, ვითომც ეს გაუგონარი შეურაცხყოფა, რაც სახეში სილის გაწვნის ტოლფასია და კერძო ურთიერთობებში – დუელში გამოწვევას ნიშნავს, ხოლო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში სავსებით შესაძლებელია casus belli – ანუ საომარი მიზეზიც კი იყოს, არ შეიმჩნიეს. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა და პასუხი უნდა ყოფილიყო ადეკვატურად მკვახე და არა ასეთი, შეურაცხმყოფელი მხარის მიმართ დამთმობი და არაადეკვატურად “ზრდილობიანი”.

პასუხში პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, უნდა თქმულიყო, რომ საკონსულტაციო ჩვენს ელჩს არაფერი აქვს თავის მთავრობასთან, ხოლო თუკი ექნება, ამის მითითება ზელენსკისგან არ გვჭირდება. საკითხი სააკაშვილის გადაცემისა არათუ არც განიხილება, არამედ მსგავსი მოთხოვნა საქართველოს მიმართ მტრულ ნაბიჯად, მისი სუვერენიტეტის სრულ უპატივცემულობად და ქართული მართლმსაჯულების უკიდურეს შეურაცხყოფად, ქვეყნის პატივისა და ღირსების აშკარა შელახვად მიიჩნევა. ასევე, ესეც უნდა აღნიშნულიყო: თუ ბოდიშს არ მოიხდით, ამით საბოლოოდ დაადასტურებთ, რომ საქართველოს ელჩს მოეთხოვება თქვენი ქვეყნის დატოვება, ეს კი სხვაგვარად, თუ არა დიპურთიერთობის გაწყვეტად, ვერ და არც აღიქმება, გამომდინარე ორივე მხარისათვის მძიმე შედეგებით. შემდეგ კი შეიძლება ყოფილიყო ისიც, რაც ჩვენებმაც თავიანთ პასუხში აღნიშნეს, ოღონდ არა რბილი და დამთმობი, არამედ მკაცრი, მომთხოვნი ტონით, დაახლოებით ასე: . საქართველო არ ესწრაფვის ურთიერთობების გაწყვეტას უკრაინასთან, ხოლო თუ ეს უკრაინის ნებაა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რა გაეწყობა. იმედია, ბოდიშს მოიხდით ამ დიპლომატიური უწესობისათვის, რაც გაგებული იქნება, რომ ელჩი გააგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას და ეს ინციდენტი დავიწყებას მიეცემა. აი, ასეთი უნდა ყოფილიყო პასუხი. ხოლო ეს დამთმობი პასუხი, რაც ჩვენებმა გასცეს, კიდევ უარესად წაახალისებს ზელენსკის თავგასულობასა და ჩვენს ქვეყნებს მართლაც მიიყვანს სერიოზულ კონფლიქტამდე!

„თალიბანი“ ავღანეთში სილამაზის სალონებს კრძალავს

“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა, – ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მანკიერების პრევენციისა და სათნოების გავრცელების სამინისტროს პრესსპიკერის, მუჰამედ სადიკ აკიფის განცხადებით, ქალთა სილამაზის სალონები ერთ თვეში დაიხურება.

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ავღანეთის მთავრობა 2021 წლის აგვისტოში დაამხო და ძალაუფლებაში დაბრუნდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. გაერო-ს ექსპერტებმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადეს, რომ ავღანეთში ქალთა და გოგონების უფლებების მდგომარეობა 2002 წლამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა, როდესაც „თალიბანი“ქვეყანას აკონტროლებდა და ფაქტობრივად წაიშალა ქალთა უფლებების კუთხით 20 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი. ქალებს აეკრძალათ უნივერსიტეტებში სწავლა, შეეზღუდათ საჯარო სივრცეებში გამოჩენა და ბევრ სფეროში დასაქმების უფლება.

“არავის მივცემთ საშუალებას, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე LGBT ფესტივალი ჩატარდეს” – ვატო შაქარიშვილი

საქართველოში, თბილისში LGBT პრაიდი არასდროს ჩატარდება, – ამის შესახებ მოძრაობის, “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში დაგეგმილ LGBT კვირეულს გამოეხმაურა.

როგორც ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, კვირეულის ჩატარება 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი, რის საწინააღმდეგოდაც „საზოგადოება მტკიცე და მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს“.

„საქართველო არასდროს შეეგუება ამ იდეოლოგიის თავს მოხვევას, ქართული საზოგადოება დადგება ფეხზე, იქნება მტკიცე და ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, მასშტაბური სოდომი და გომორის მოწყობის მცდელობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არის მთელი ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის საყვარელი სარეკრეაციო დასასვენებელი ადგილი, იქ, სადაც ბავშვები ერთობიან. ჩვენ საშუალებას არ მივცემთ, რომ ასეთი მასშტაბის ე.წ. პრაიდ-ფესტივალი ჩატარდეს ჩვენი ბავშვების და საზოგადოების თვალწინ“, -განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

შაქარიშვილი კერძო მესაკუთრეებს მოუწოდებს, რომ ზომები მიიღონ და LGBT ფესტივალი აღკვეთონ.

„მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად ვის საკუთრებაში ტარდება ე.წ. ფესტივალი და სად აპირებენ ჩაატარონ სოდომი და გომორი ლისის ტბის მიმდებარედ. ეს არის კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისი“. კომუნიკაცია გვქონდა მესაკუთრეების ნაწილთან, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და კომპანია „თბილი ოუფენ ეარს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება. „თბილისის ოუფენ ეარს“ წარმოადგენს აჩიკო გულედანი, რომელიც არის ღია LGBTპროპაგანდისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით, ის უფლებას აძლევს ე.წ. ფესტივალის ორგანიზატორებს ეს აღვირახსნილობა გამართონ იმ მიწაზე, რომელსაც ფლობს „თბილისი იპოდრომ სერვისი“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

ვატო შაქარაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ ჩაშლიან ფესტივალს საკუთარ მიწაზე, ადგილზე საზოგადოების დიდი ნაწილი შეიკრიბება და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს, რომ LGBT ფესტივალის ჩატარების პრეცედენტი საჯარო სივრცეში არასდროს მოხდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისგან პასუხი შესაბამისი და ადეკვატური იქნება“, -აღნიშნა შაქარიშვილმა.

“17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია” – ილჰამ ალიევი

საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში, მიუმხრობელ ქვეყნებთა მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქო უერთდება გაერო-ს განცხადებას, რომელიც გმობს პოლიციის მხრიდან სროლას და მოუწოდებს საფრანგეთს, „სერიოზულად გადახედოს რასიზმისა და დისკრიმინაციის ღრმა პრობლემებს სამართალდამცავ ორგანოებში“.

ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთში რასისტული სიძულვილის ენა სულ უფრო ხშირად ისმის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების მხრიდან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო.

„ბოდიშის მოხდა მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ემანუელ მაკრონის წინამორბედებმა კოლონიზაციის პირობებში ამყოფეს, გამოიყენეს მონებად, მოკლეს, აწამეს და დაამცირეს, არ იქნება მხოლოდ საფრანგეთის ისტორიული დანაშაულის აღიარება. ეს დაეხმარება მას ღრმა პოლიტიკური, სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების დაძლევაში, რომელშიც ალჟირელი მოზარდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ აღმოჩნდა. საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი. ეს არის ცინიკური და ამაზრზენი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალჟირს თავისი გმირების ნეშტი გადასცეს. საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და სისხლიანი კოლონიური დანაშაულების, გენოციდის აქტების გამო, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, – თქვა ილჰამ ალიევმა.

ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

“შვებულება არ გექნებათ – როცა ვიტყვით, მაშინ მოხვალთ და იმუშავებთ” – მდინარაძე ოპოზიციას

შვებულებას რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარეს, მხოლოდ მმართველ გუნდს კი კვორუმის შეკრება გაუჭირდა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კარგია იმის დაფიქსირება, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან. იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება – იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, უკვე კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ. კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. დღეს რეგისტრაცია მხოლოდ 65 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა.