“17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია” – ილჰამ ალიევი

472
spot_img

საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში, მიუმხრობელ ქვეყნებთა მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქო უერთდება გაერო-ს განცხადებას, რომელიც გმობს პოლიციის მხრიდან სროლას და მოუწოდებს საფრანგეთს, „სერიოზულად გადახედოს რასიზმისა და დისკრიმინაციის ღრმა პრობლემებს სამართალდამცავ ორგანოებში“.

ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთში რასისტული სიძულვილის ენა სულ უფრო ხშირად ისმის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების მხრიდან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო.

„ბოდიშის მოხდა მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ემანუელ მაკრონის წინამორბედებმა კოლონიზაციის პირობებში ამყოფეს, გამოიყენეს მონებად, მოკლეს, აწამეს და დაამცირეს, არ იქნება მხოლოდ საფრანგეთის ისტორიული დანაშაულის აღიარება. ეს დაეხმარება მას ღრმა პოლიტიკური, სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების დაძლევაში, რომელშიც ალჟირელი მოზარდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ აღმოჩნდა. საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი. ეს არის ცინიკური და ამაზრზენი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალჟირს თავისი გმირების ნეშტი გადასცეს. საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და სისხლიანი კოლონიური დანაშაულების, გენოციდის აქტების გამო, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, – თქვა ილჰამ ალიევმა.