“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი
ავტორი: დავით ზარდიაშვილი
ვისაც დიპლომატიური ურთიერთობების ანა-ბანა ესმის, უნდა იცოდეს: კონსულტაციაზე ელჩის გამოძახება შეუძლია მხოლოდ ამ ელჩის გამგზავნ ქვეყანასა და არა მიმღებს. ზელენსკის ეს ნაბიჯი – ცალსახად ელჩის გაძევებაა, ხოლო იმის თქმა “კონსულტაციებისთვის წავიდესო” – დაცინვაა. ამით გვეუბნება, იმის ღირსადაც არა გთვლით, რომ ოფიციალურად გავწყვიტო თქვენთან დიპლომატიური ურთიერთობაო, ულტიმატუმს გიყენებთ და ელჩს ვაძევებ, სანამ სჯულზე უარს არ იტყვით (სააკაშვილის უკრაინისათვის გადაცემა – სიმართლეზე, სამართალზე, სამართლიანობაზე – ანუ სჯულზე უარის თქმაა, სხვა, არც არაფერი!), აქედან დამეკარგოსო! გამაოგნებელია! ეს ფაქტობრივად უტიფრობისა და თავგასულობის მწვერვალია, არანაირ დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება და ამის გატარება, რასაკვირველია, არ შეიძლება!
ჩვენებმა უპასუხეს და ისევ, მორიგჯერ თავი მოიქაჩლეს, ვითომც ეს გაუგონარი შეურაცხყოფა, რაც სახეში სილის გაწვნის ტოლფასია და კერძო ურთიერთობებში – დუელში გამოწვევას ნიშნავს, ხოლო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში სავსებით შესაძლებელია casus belli – ანუ საომარი მიზეზიც კი იყოს, არ შეიმჩნიეს. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა და პასუხი უნდა ყოფილიყო ადეკვატურად მკვახე და არა ასეთი, შეურაცხმყოფელი მხარის მიმართ დამთმობი და არაადეკვატურად “ზრდილობიანი”.
პასუხში პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, უნდა თქმულიყო, რომ საკონსულტაციო ჩვენს ელჩს არაფერი აქვს თავის მთავრობასთან, ხოლო თუკი ექნება, ამის მითითება ზელენსკისგან არ გვჭირდება. საკითხი სააკაშვილის გადაცემისა არათუ არც განიხილება, არამედ მსგავსი მოთხოვნა საქართველოს მიმართ მტრულ ნაბიჯად, მისი სუვერენიტეტის სრულ უპატივცემულობად და ქართული მართლმსაჯულების უკიდურეს შეურაცხყოფად, ქვეყნის პატივისა და ღირსების აშკარა შელახვად მიიჩნევა. ასევე, ესეც უნდა აღნიშნულიყო: თუ ბოდიშს არ მოიხდით, ამით საბოლოოდ დაადასტურებთ, რომ საქართველოს ელჩს მოეთხოვება თქვენი ქვეყნის დატოვება, ეს კი სხვაგვარად, თუ არა დიპურთიერთობის გაწყვეტად, ვერ და არც აღიქმება, გამომდინარე ორივე მხარისათვის მძიმე შედეგებით. შემდეგ კი შეიძლება ყოფილიყო ისიც, რაც ჩვენებმაც თავიანთ პასუხში აღნიშნეს, ოღონდ არა რბილი და დამთმობი, არამედ მკაცრი, მომთხოვნი ტონით, დაახლოებით ასე: . საქართველო არ ესწრაფვის ურთიერთობების გაწყვეტას უკრაინასთან, ხოლო თუ ეს უკრაინის ნებაა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რა გაეწყობა. იმედია, ბოდიშს მოიხდით ამ დიპლომატიური უწესობისათვის, რაც გაგებული იქნება, რომ ელჩი გააგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას და ეს ინციდენტი დავიწყებას მიეცემა. აი, ასეთი უნდა ყოფილიყო პასუხი. ხოლო ეს დამთმობი პასუხი, რაც ჩვენებმა გასცეს, კიდევ უარესად წაახალისებს ზელენსკის თავგასულობასა და ჩვენს ქვეყნებს მართლაც მიიყვანს სერიოზულ კონფლიქტამდე!