Home Blog Page 1816

“ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში”- ჯოზეფ ბორელი

„ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების მიერ შეწყვეტილი აჯანყება მიუთითებს ბზარებზე მოსკოვის სამხედრო ძალაში, რაც, ბორელის თქმით, გამოწვეულია უკრაინასთან ომით.

„პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა „ისე, როგორც არასდროს“.

მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზე დაწინაურდა

ვროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში – „გამჭვირვალობა ომის დროს“ – გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე- 17 ადგილზე დაწინაურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

საქართველო რეიტინგში უსწრებს კანადას, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, შვეიცარიას, ირლანდიას, ისლანდიას, დანიას, ჩეხეთს, პორტუგალიას, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, საბერძნეთს, ბელგიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, კვიპროსს, სამხრეთ კორეას.

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, „ანგარიში იკვლევს მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, სთავაზობს რეალურ გამჭვირვალობის ზომას 143 ქვეყნისთვის. ინდექსის შეფასების ქულა ზომავს ფაქტებით და არა აღქმით მანძილს, თუ სად არის ქვეყანა და სად უნდა იყოს ის რეალურ გამჭვირვალობაზე ანგარიშვალდებულებისთვის მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის კრიტერიუმების გამოყენებით.“

რაც შეეხება ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსს“, ის უცვლელი დარჩა და საქართველო 6,72 ქულით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და ყველა დანარჩენს უსწრებს.

ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს. ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის კვლევისა და განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ვაგნერის“ ამბოხი ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს.

„სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ეს გვიჩვენებს უთანხმოებებს, რომლებიც არსებობს რუსეთში, სისუსტეს როგორც მის არმიაში, ასევე დამხმარე ძალებში, როგორიცაა „ვაგნერის“ ჯგუფი“, – აღნიშნა მაკრონმა La Provence-თან ინტერვიუში.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებდა თვალს.

„ამან უნდა გვაიძულოს, ვიყოთ უკიდურესად ფხიზლად და სრულად გაამართლოს მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინელებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

“პრიგოჟინი, ბუზალაძე და „პატრიოტიზმი“ ქართულად!”- ზაურ ნაჭყებია

“საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი საჩქაროდ ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვას და უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვდა. დაახლოებით იგივე ინიციატივით გამოვიდა ექსპრემიერი, პოლიტიკურად გაძარცვული გიორგი გახარია.” – წერს  სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ზაურ ნაჭყებია.
“პრიგოჟინი, ბუზალაძე და „პატრიოტიზმი“ ქართულად!
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით მიღებული შოკი არ მოგვინელებია (მსგავსი `შოკები` მისგან მომავალშიც გამორიცხული არ არის!), პრიგოჟინის „ამბოხმა“ და კრემლისკენ გეზის აღებამ უფრო მეტად დაგვშოკა:
მიუხედავად იმისა, დასავლეთი შედარებით მშვიდად (ფრთხილად)ადევნებდა თვალყურს რუსეთში დაწყებულ „რევოლუციურ პროცესებს“. ქართველმა ლიბერასტებმა და თითქმის მათთან გათანაბრებულმა ექსპერტ-პოლიტოლოგებმა სიხარულისგან ლამის ვენები გადაიჭრეს – ისეთი კაკაფონია გამართეს, ლამის საათები გვაშორებდა კრემლის დამხობას, რომელსაც, მათი აზრით, რუსეთის დაშლა უნდა მოჰყოლოდა.
ზოგიერთები უფრო შორსაც წავიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გამოეყენებინა ეს შანსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!
საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი საჩქაროდ ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვას და უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვდა. დაახლოებით იგივე ინიციატივით გამოვიდა ექსპრემიერი, პოლიტიკურად გაძარცვული გიორგი გახარია.
ტვინამღვრეულ თანამოქალაქეთა „ხბოს აღტაცებას“ ვინ ჩივის, ისეთ პროგნოზებს დებდნენ ქართველი ე.წ. პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები. ბევრს მეორე დღეს სოციალური ქსელიდან თავიანთი სტატიებისა და სტატუსების აღებამ მოუწია, ზოგიერთმა ბოდიშიც კი მოიხადა არასწორი პროგნოზების გამო.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა გია ხუხაშვილის ფეისბუქსტატუსი, რომელმაც „უტყუარად“ აღწერა, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა პრიგოჟინის „ამბოხება“ და როგორ განვითარდებოდა რუსეთში მოვლენები- რა გავლენას მოახდენდა ეს პროცესები დანარჩენ მსოფლიოზე და საქართველოზე.
არ ვდებ თავს დიდ პროგნოზისტობაზე, მაგრამ, როცა პრიგოჟინი მოსკოვს უახლოვდებოდა და მედიასაშუალებები პუტინის გაუჩინარებასაც ახმოვანებდნენ, გავბედე და დავდე პატარა ფეისბუქსტატუსი, სადაც გარკვევით ვწერდი, რომ შესაძლოა ეს „ამბოხება“ შეთანხმებული ყოფილიყო თავად პუტინთან და რაღაც სხვა მიზანს ემსახურებოდა.
ასეც რომ არა, გადაჭრით ვამბობდი, რომ რუსეთში არანაირი სამხედრო გადატრიალება არ იყო მოსალოდნელი, რადგან ხელისუფლებას გააჩნდა სათანადო ბერკეტი „ამბოხებულთა“ 25 ათასიანი ჯგუფის გასანეიტრალებლად.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი და კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც რუსეთის დაშლას წინასწარ ზეიმობდა, პირში ჩალაგამოვლებული აღმოჩნდა. ასე იცის ხოლმე „ხბოს აღტაცებამ“ და სურვილის რეალობად წარმოჩენამ.
უახლოესი დღეები გვიჩვენებს, რა მიზნით დაიდგა ეს სპექტაკლი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, რა „ჩისტკას“ განახორციელებს, „გასაქცევად გამზადებული პუტინი“ რუსეთის სამხედრო და ფინანსურ ელიტაში.
რუსეთზე ვსაუბრობთ და ბარემ აქვე ვიტყვი: სამწუხაროდ, ტვინგამორეცხილთა და ერთუჯრედიანთა არმია დღითიდღე მატულობს საქართველოში. ამის დასტურია ქართველი ახალგაზრდა მომღერლის, ნუცა ბუზალაძისადმი მათი ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული დამოკიდებულება- როგორ გაბედა მომღერალმა მოსკოვში ჩასვლა და მეგობრის დაბადების დღეზე იმღერა?! – ამაზე დიდი დაცემა ვერ წარმომიდგენია.
სად ხელოვნება და სად ბინძური პოლიტიკა?!
ასეთი აკვიატებული ზიზღითა და მოწამლული მენტალობით, საერთოდ გავედით ასტრალიდან და მეშინია დავუბრუნდებით თუ არა ბუნებრივ მდგომარეობას.
ეს არ არის ადვილად გასატარებელი – ეს სასჯელია!”- წერს სოციალურ ქსელში  ზაურ ნაჭყებია.

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს”

ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე – რადიკალური ოპოზიცია რომ საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციას “პრიგოჟინის იმედად” მყოფი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” ლიდერებს სწორი რეაგირება ჰქონდათ.

“როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას და ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა პრიგოჟინის იმედად მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ჩათვალა, რომ ხელისუფლების ნაცვლად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თითქოს მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყანასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აკეთებს დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გაუთვლელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა და არ ესმით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეროვნული ინტერესის და უსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულმა ლიდერმა აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით,” – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას აქვს კანონით დადგენილი თავის წესი და პროცედურა და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ამ წესების სრული დაცვით, საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.”

“რადიკალური ოპოზიცია რომ პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას საზოგადოებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას და ადეკვატურად მოქმედებს საგარეო რისკებთან, საერთაშორისო რისკებთან მიმართებით, რომელიც ახლა ამ რთული ომის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში არის ჩვენს რეგიონში,” – განაცხადა თალაკვაძემ.

გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა, რომ რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ახალ-ახალ პროექტებს და ღონისძიებებს სთავაზობენ. მაგალითად:

ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს; რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც „მეგობარი რუსეთის საჩუქარი“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა. მეორე ეტაპზე, რუსეთის საელჩოს მიერ, კვლვავ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები შეირჩა; ამჯერად ბავშვები იმ 15 სოფლიდან წაიყვანეს ექსკურსიაზე, რომელიც ახალი დაყოფის მიხედვით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელს ეკუთვნის.

რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც „თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული, „ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში ფილოლოგებისათვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ტრენინგები და გადამზადების კურსები ჩატარდება. სამომავლოდ, გადამზადება დაგეგმილია ყველა საგანში. სპეციალისტთა ჩამოყვანას მთლიანად რუსეთის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ამავე დროს, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები.

6 ივნისს სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, გალის რაიონიდან. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეკრების ძირითადი მიზანი სავარაუდოდ იყო არასრულწლოვანებზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რამდენადაც ღონისძიების მიმდინარეობისას ძირითადად სჭარბობდა განცხადებები რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში ცხოვრების დადებითი მხარეების შესახებ.

გალში მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, რუსებმა კრასნოდარის ოლქიდან ჩამოიყვანეს 120 ტრაქტორი და გალის მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარნენ: „ეს არის რუსეთის საჩუქარი მოძმე ქართველების მიმართ, არ უღალატოთ რუსეთს და ყველაფრის მოგვარება შეიძლება, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გადაეცით.”

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს აფხაზეთის მაცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე. ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და ასევე, შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის.

“ნიკა გვარამიას შეწყალებამ არა მგონია დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს”- გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით,  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი ქვეყანაში არსებულ დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს.

„არა მგონია, რომ ამან დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. მე მგონია, რომ პირიქით. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და არანაირად არ გვაქვს უფლება, რომ ამაში ჩავერიოთ. მაგრამ ხანდახან საზოგადოებრივი დაკვეთაც უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, როდესაც ბევრი ადამიანი უყურებს“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ  გადაცემაში “იმედი LIVE”.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყლა

“არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს” – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს. ვიცე-პრემიერი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ახასიათებს როგორც ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას.

„არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა“, – აცხადებს წულუკიანი.

26 ივნისის ამინდის პროგნოზი

26 ივნისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +29 გრადუსია, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +32, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +30 გრადუსია და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +21 გრადუსი და უნალექო დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +30 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ განახორციელებს

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.

მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“საქართველო გაივსო კიკუებით” – მიტროპოლიტი სტეფანე

საქართველო გაივსო კიკუებით. ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

მისთვის გაურკვეველია, “ასეთი ადამიანები რას ერჩიან საქართველოს”.

“დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ გახსოვთ იმაში რომ არის, დათა თუთაშხიაში. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც. ჩვენ უნდა დავინახოთ, მწყემსი ჩვენი არის უფალი, უფალს მივყავართ თავისი სამწყსო სასუფევლისკენ. სხვა დანარჩენი, ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი არც ღირებულება, არც საბრძოლველი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სულებისთვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სასუფეველში დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

“ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც… – გიორგი კეკელიძე

"თქვენ უსათუოდ იმღერებთ ხვალაც, ოღონდ უკვე გეცოდინებათ საკუთარი შეცდომის შესახებ, აღარ გაიმეორებთ და ვიცი, სხვასაც მოუწოდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი სისხლიანი"

“უხერხულია იმ ქალაქში რამის საჯაროდ ზეიმი, საიდანაც გაცემული ბრძანებებით, ყოველდღე უდანაშუალო ბავშვებს ხოცავენ” –  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში  მომღერალ ნუცა ბუზალაძეს  მიმართავს.

“ვფიქრობდი მე, ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთური წელი გამოივიარე და დღემდე ვებრძვი სიტყვებისგან დამჩნეულ საშინელ კვალს. სხვა საკითხია – სამართლიანს თუ უსამართლოს, სხვა საკითხია ისიც – ამგვარი მასშტაბური იყო ის ამბავი თუ გაცილებით ვიწრო. მეტი ქომაგი მყავდა თუ ნაკლები. ადამიანი ხომ აღქმების არსებაა და დარდი მიზეზით არ იზომება. მით უფრო, რომ ეს დღეები რთული გამოდგა – მაქვს ხოლმე მსგავსი ჩაშვებები, ფსკერს მოვინახულებ და ისევ ამოვყვინთავ – ეგ არ არის ახლა მთავარი.

ჰოდა, დავსვი კითხვები და ვუპასუხე. სამართლიანი იყო საზოგადოების აღფოთება? – სრულიად. უნდა ყოფილიყო ასეთი მწვავე? – დიახ!

სხვანაირად ყველა ამგვარი ამბავი,

ნელნელა, ნორმად შემოგვეპარება ოკუპირებულ, ბევრჯერ გათელილ და სისხლნანთხევ ქვეყანაში, ისედაც სასარგებლო იდიოტებით და მეხუთე კოლონით ,,განებივრებულში”. ოკუპანტს კი სხვა არაფერი უნდა, ეს არის მისი მთავარი სამუშაო – შემოგვაგუოს წაგლეჯილი ტერიტორიები, გამოდევნილი მოქალაქეები, დახოცილი გმირები ლოზუნგებით:

,,ხელოვნება და პოლიტიკა”, ,,სპორტი და პოლიტიკა” სხვადასხვაა”. გავა დრო და ახალ თაობას ასე განცდა გაუბაცდება. ასე, რომ: არ შეიძლება ახლა მოსკოვში ჩასვლა და იქ სიმღერა. არ შეიძლება, რადგან ეს ხმა აუცილებლად მისწვდება ანწუხელიძის ოჯახის სამუდამოდ ღიად დარჩენილ ფანჯრებს.

იძულებითი იყო ბოდიში? – ცხადია. თუმცა თავისი არსით, ყველა ბოდიში იძულებითია – ან გარემოება გკარნახობს ან სინდისი. არავის მოუგონია მისი მოტივაციის ამომცნობი დეტექტორი. შესაბამისად, ბოდიში უნდა მიიღო. ადეკვატური იყო ბოდიშის ფორმა? ცხადია, არა. დრო, კონტექსტი და გარემოება არის აღსაქმელი. ჯობდა, ეს ,,მეგობრის დაბადების დღე” საერთოდ არ ეხსენებიათ

– უხერხულია იმ ქალაქში რამის საჯაროდ ზეიმი, საიდანაც გაცემული ბრძანებებით, ყოველდღე უდანაშუალო ბავშვებს ხოცავენ.

ასე რომ, რაც გუშინ მოხდა და ითქვა – აუცილებელი იყო – თუნდაც სხვა მსგავსი დღეების ასარიდებლად.

და ის, რაც დღეს უნდა ითქვას:

მე ვიცი ჩვენი საზოგადოების საშინელი თვისება – იყოს საოცრად აღგზნებული და ერთიანი ჩაქოლვისას – თუმცა ეს მხოლოდ ჩვენებური საქმე არ გახლავთ – ადამიანებს გვჩვევია ზოგადად. ისიც ვიცი, რომ ამ ტალახის მსროლელთა შორის, ბევრი უბრალოდ ჩასაფრებული და მომლოდინე, ბევრიც ასმაგი სტანდარტით აღსავსე, ზოგიც კიდევ, წესითა და რიგით, ამგვარი ლანძღვისას უუფლებო იყო – მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ვერც მანდ განსაზღვრავ ლიმიტს. როცა რამე შეგეშლება, ვერ მოითხოვ, მაინცდამაინც სელექციურად გაკრიტიკებდნენ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი კარიერა დაიწუნა. გამოგიტყდებით, ჩემი მუსიკალური გემოვნება იმ მიმართულებას და შესრულების მანერას დიდად არ სცნობს, რომელსაც ნუცა წარმოადგენს. თუმცა, ეს არაფრით ნიშნავს, რომ ცუდი მომღერალია საკუთარ ჟანრში და რომ მისი წარმატება უმნიშვნელო იყო. სრულიად პირიქით.

მაგრამ მთავარი, რის გამოც დღეს გაწუხებთ კაცი, ვისაც გუშინ მკაცრი სიტყვები არ დაუშურებია, არის სხვა. და ეს სხვა, გულგრილად ნასროლი ფრაზაა: ნუცა ბუზალაძე დამთავრდა!

ვინ მოგცა შენ უფლება, მეორე ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ,,დამთავრებულად” გამოაცხადო? საიდან მიინიჭე ეს გამანადგურებელი ძალა? მაშ, სად გაქრა, ადამიანად ყოფნის მთავარი უპირატესობა და მისტერია – ფერისცვალების აქტი. შეცვლის, შეცდომის გამოსწორების, გადალახვის, ახლის ქმნის, მონანიების, თავიდან დაბადების. სად გაქრა ადამიანთა მიერ მოგონილი უმთავრესი საყრდენი ყოფიერების – მეტანოია? რატომ აღარ უტოვებ შემცდარს გზას და ყველა სავალს გამალებით უხერგავ, რაც უნდა ყალბად გეჩვენებოდეს მისი ბოდიში ან გაწყობდეს, რომ ყალბი იყოს? რა სამართალია ის სამართალი, რომელიც არც ვადას სცნობს დანაშაულის თუ შეცდომის გამოსყიდვის, არც სურვილს ატარებს ამისას?

თანაც ეგეცაა – იქ მყოფთაგანს, ბოდიში, სხვას არავის მოუხდია. ზოგი საერთოდ აქეთ შემოგვედავა ლამის.

მე ამგვარი სამართლისგან შორს ვდგები. ამგვარი სამართალი ვერ ააშენებს მომავლის საზოგადოებას. ჩემი მომავალი არა განადგურების, არამედ ახსნის და გარდაქმნის, შეცვლის და ახალი გზებისაა – ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები, მაგრამ ეს სიმკაცრე უნდა გულისხმობდეს მეორე, გაწვდილ ხელს – ადამიანის ორმოდან ამოსაყვანად. ეს არის ჩემი გზა.

ასე, რომ Nutsa Buzaladze , მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც – თქვენ უსათუოდ იმღერებთ ხვალაც, ოღონდ უკვე გეცოდინებათ საკუთარი შეცდომის შესახებ, აღარ გაიმეორებთ და ვიცი, სხვასაც მოუწოდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი სისხლიანი, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს გრძელ და უსამართლო ომში, რომ დევნილები დაბრუნდებიან, რომ გმირებს დიდება და დიდება უკრაინას! და რაც მთავარია – საქართველოს!

p.s. და თუ არ ნანობს და არ შეიცვლება – ამას დრო გვაჩვენებს. ბევრი მუსიკოსი და მომღერალია, ვინც 2008 წლის შემდეგ, რუსეთში კონცერტებს აწყობდა, ძალიან ბევრი – კარგიც და ცუდიც. გაგიკვირდებათ, ისეთები და კონტექსტიც გაგიკვირდებათ, სად და როგორ. არ ვაპირებ მათ ჩამოთვლას – ,,NAME AND SHAME,, – არ არის ჩემი სპორტის კატეგორია. მით უფრო, რომ დღეს ისინი სწორ პოზიციას იჭერენ და საჯაროდაც გამოდიან – რა იძულებით და მიზეზით – მე ეგ არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. სწორედ ეს არის ამ წერილის პათოსი და ასევე სათქმელია ამ საუკუნის შავი ჭირის, ,,გაუქმების კულტურის” წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ შეხსენება იმის, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს არის და ეს”, – წერს კეკელიძე.

საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღერალმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა. “თავს ვალდებულად ვთვლი, აგიხსნათ ყველაფერი…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს