Home Blog Page 1812

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი.

სასამართლოს სხდომაზე გრიგორიდისმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ სურს სხდომაზე იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„მათი ადვოკატის ახსნილი და მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა მარტო. მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა“, – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

მანვე აღნიშნა, რომ მალე ექნება სასამართლო სხდომა ტელეკომპანია „იმედთან”, ვინაიდან მათ „ისე დაამონტაჟეს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას“.

მანვე თქვა, რომ ასევე ექნება სასამართლო დავა „თმებთან“ დაკავშირებითაც. „სამი სასამართლო მექნება ცოტა ხანში. ალბათ, გლდანის ციხესთანაც დაკავშირებითაც გავაკეთებ, რა დარღვევები ხდება იქ“, – თქვა ლაზარე გრიგორიდისმა დღევანდელ სხდომაზე.

“პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ”

პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, ყველაფერს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ, – ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ფეიკ ფოტოსესიის დროს უცაბედად გამოღვიძებულ ვეფხვს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერ დარჩენილს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ“, – წერს ნიკა გვარამია.

“მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა” – სააკაშვილი პუტინზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა“.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

ჩვენ ყველა უნდა მზად ვიყოთ ამ დროისთვის“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

“ქვეყანა გადარჩენილია, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება”

ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინ მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს, უძღვნიდნენ მას ეპითაპიებს, ლექსებს და ა.შ.

„ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე, რომ არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოევლინათ ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი, ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც გოუ, გოუ, ჟენიას პოსტავდა დილიდან მოყოლებული. პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც პირდაპირ მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო, ის ამით ამაყობდა. ასეთ კაცს გულშემატკვრობდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამით ჩანს მათი სახე, ჯერ საერთოდ ანალიზის უნარი რომ არ აქვთ. დილიდან ვერ გააანალიზეს მოვლენები. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა საქართველოს, ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში. მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები, ეს გოუ, გოუ, ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლების სათავეში. ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება. ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. საზოგადოება ამას აფასებს და აქედან გამომდინარე, ისინი ვერც მომავალში ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

“რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც და ამ ქვეყნის მტრებიც” – ღუდუშაური ოპოზიციას

რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ – თქვენ არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მისი თქმით, რაღაც დოზით ალბათ „ქართული ოცნების“ ბრალიცაა, რომ ოპოზიციის ზნე-ჩვეულება ვერ წაიკითხა.

„ალბათ რაღაც დოზით ჩვენი ბრალია, რომ ამ ხალხის ზნე-ჩვეულება ვერ წავიკითხეთ და რატომღაც გვწამდა, რომ საქართველოში შევძლებდით კონსოლიდირება მომხდარიყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესი ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ ამაში შევცდით. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე გაგიტარებთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. თქვენ არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?! კარგად დაფიქრდით და პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები კარგად გაიგრილეთ“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, დღეს არჩევანი შავსა და თეთრს შორისაა.

„მივმართავ ქართველ ხალხს – დღეს არის ძალიან მარტივი არჩევანი: შავი და თეთრი. თუ ვინმე ნამდვილად, ევროპული ღირებულებებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის რაიმეს აკეთებს – ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“ჩვენმა უწყებებმა არაერთხელ აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობა” – კობახიძე

იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა უწყებებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ამ კუთხით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და დევიდ ო’სალივანის ვიზიტიც ამას ემსახურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა უწყებებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ამ კუთხით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და ეს ვიზიტიც ამას ემსახურება. უნდა იყოს განხილული ყველა გზა, რომელიც დაკავშირებულია სანქციების გვერდის არ ავლასთან. შედგება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და იქნება მსჯელობა, აქამდე რა ზომებს იღებდა ხელისუფლება. ბუნებრივია, ამ ზომების მიღება უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოს ხელისუფლებასთან ის საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს განიხილავს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

“საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მივესალმები, ეს აუცილებელიც იყო” – ანა ბუჩუკური

ვიზიარებ და მივესალმები პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე. ეს აუცილებელიც იყო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის გზაზე დამაზიანებელი ნაბიჯია.

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და სრულად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფო უწყებას პარტიულ ვერტიკალში, მათ შორის, ცესკო-ს. ეჭვი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამ ვეტოსაც დაძლევს. რაც შეეხება პრეზიდენტის შეთავაზებას, მცირედად გადამზღვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სააბოლოო ჯამში, ეს არის ცესკო-ს მიმართ დაბალი სტანდარტის დაწესება. მესმის პრეზიდენტის არგუმენტაცია, სულ არფერს, ისე მაინც გაკეთდეს, რომ ოპოზიციის ნაწილობრივი თანხმობა იყოს საჭირო, თუმცა გაგახსენებთ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, „ნაცმოძრაობა“ მას დაეხმარა, 90 ხმა აიღეს. ვგულისხმობ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას. მთავარი არის, რომ ცვლილებები ცესკო-ს მიმართ ნდობას კიდევ უფრო ადაბლებს. ეს ცვლილებები მხოლოდ შიდა კონტექსტში არსებულ ვითარებას და ერთ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აზიანებს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც მძიმე შეფასებები მოვისმინეთ და იმ პირობებში, როცა დაკვირვების ქვეშ ვართ, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, რამდენად სრულდება რეკომენდაციები, ეს ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა.

უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანისთვის რუსები ყოველთვიურად 156 000 რუბლამდე იღებენ – უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანისთვის რუსი ოჯახები ყოველთვიურად 28 000-იდან 156 000 რუბლამდე (866-იდან 4 830 ლარამდე) იღებენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გზა, რომლის საშუალებითაც უკრაინიდან გატაცებული ბავშვების მშობლებისთვის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ეს გზა რთულია.

„რუსეთისთვის ეს მხოლოდ ბიზნესია. ყოველი ნაშვილები უკრაინელი ბავშვისთვის რუსული ოჯახი თვეში 28 000 რუბლს იღებს. თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ეს მაჩვენებელი თვეში დაახლოებით 156 000 რუბლს შეადგენს.

მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა რუსული ოჯახი ციმბირიდან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდა, აირჩია ერთდროულად 10-12 უკრაინელი ბავშვი, იშვილა და სახლში წავიდა.

ამჟამად არსებობს მექანიზმი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში გადაყვანილი ბავშვის მშობლებს ან ნათესავებს შეუძლიათ ბავშვის დაბრუნება, თუმცა ეს გზა რთულია. პირველ რიგში, ბავშვებთან ან იმ ოჯახთან დაკავშირებაა საჭირო, რომელშიც ისინი არიან. ხშირად მე თვითონ არ ვაკეთებ ამას, როგორც უმაღლესი რადას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში. ამას აკეთებს ჩემი დაწესებულების გუნდი, ცალკეული ორგანოების ჩართულობით, რომლებიც გვეხმარებიან იმისთვის, რომ ჩვენი უკრაინელი შვილები დავიბრუნოთ“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

“რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში „გენერლის სამხრეულის“ გადაცემის ცერემონია ჩაატარა. ლუკაშენკომ ღონისძიებაზე რუსეთში ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფ ბელარუსულ ოპოზიციას ქვეყანაში შეიარაღებული ამბოხის მოწყობა უნდოდა, მაგრამ მოხდა „ფალსტარტი“.

“შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა”

„ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი,

„შევახსენებ ყველას, რომ ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესი გაჭედილი იყო და მეც ბრიუსელში არაერთ ევროპელი ჩინოვნიკისგან მსმენია, რამდენად ეწინააღმდეგებოდა და არ იყო სათანადო პოზიციით ხელისუფლება საქართველოში, გაჭედილი იყო შეთანხმება კარგა ხანს ვერ იქნებოდა ეს რომ არა „ოცნება“, რომელმაც 2014 წელს ხელი მოაწერა და შემდეგ ეტაპებზე გაიყვანა საქართველო. დღეს რომ ლიბერალებს და პროევროპელებს ეძახდნენ თავის თავს, თავად ვერც კი იღებდნენ, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონს. რატომ ვერ მიიღეს ლიბერალებს ხომ ეძახიან თავს? სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი ძალა, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტული რეჟიმი და საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან არანაირი. შეგახსენებთ ევროკავშირის როგორ მოიხსენიებდნენ, ჩახედეთ არქივს 2012 წლამდე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ასოცირების ხელშეკრულების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“მუდმივად მონური ხელისუფლებები გვყავს”-დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ რუსულმა კომპანიებმა „ერთი დიდი მონსტრი შექმნან, რომელიც მთელი ქართველი ხალხის სიკეთეს მიითვისებს“.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, „საქართველოს მუდმივად მონური ხელისუფლება ჰყავს“.

„მუდმივად მონური ხელისუფლებები გვყავს. ემორჩილებიან მათ, ვინც ხელისუფლებაში დარჩენას დაპირდება და მათ ყველა უმსგავსობაზე თვალს დახუჭავს. ეს მთავრობაც ხელს უწყობს, რომ რუსულმა კომპანიებმა ერთი დიდი მონსტრი შექმნან, რომელიც მთელი ქართველი ხალხის სიკეთეს მიითვისებს, სამაგიეროდ ამათ „კარგად გაუმაზავს“, თორემ ხალხი, ან მათი ინტერესი ვის ადარდებს?!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარს მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„სწრაფად ნუ განვსჯით ადამიანებს“ – ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში ნუცა ადამიანებს მოუწოდებს უყვარდეთ ერთმანეთი და სწრაფად ნუ განსჯიან ადამიანებს.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას… ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება” – ნუცა ბუზალაძე მოქალაქეებს მიმართავს.

„რთული პერიოდი დიდხანს არ გრძელდება, მაგარი ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას. ასე რომ, მუდამ გაიღიმეთ და იყავით ბედნიერი იმით, რომ თქვენ გაქვთ შანსი შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა გვჭირდება. ვიყოთ კეთილები და სწრაფად ნუ განვსჯით ადამიანებს, ასევე მათ სიტუაციებს“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.