Home Blog Page 1811

“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც შეიძლება, გურიაში, სტიქიის ადგილზე გაკეთდეს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე გურიაში, სტიქიის ადგილზე ჩავიდა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მძიმე ტექნიკა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.

მამუკა მდინარაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

„ვითარება საკმაოდ მძიმეა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ამ რაოდენობის ნალექი მათ არ ახსოვთ. მთელი ღამის განმავლობაში იყო კოკისპირული წვიმა, რამაც, როგორც ჩანს, მეწყრული ზონები გააქტიურა. მაგალითად, ჩოჩხათის თემში, ექვსივე სოფელში რამდენიმე ადგილას არის მეწყერი ჩამოწოლილი. ჩოჩხათის თემში ახლაც ეძებენ მოზარდს, რომელიც სახლის გვერდით მდებარე ნაგებობაში იმყოფებოდა. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. უმძიმესი ტრაგედიებია წელს, ძალიან მძიმე წელია – შოვი, ახლა ეს ვითარება. მძიმეა, როცა ადგილობრივებს უსმენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს თუკი რაიმე შეიძლება, გაკეთდეს. უამრავ ადგილზეა ხიდები დაზიანებული, ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა მაქსიმალური რაოდენობით. მაშველები იმყოფებიან ყველა ლოკაციაზე. ყველას დაეხმარნენ, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდათ, მაგრამ დამატებით თუ რაიმე საჭიროება იქნება, მზად არიან დახმარებისათვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, ხომ არ იყო დაგვიანებული სამაშველო ღონისძიებები, რაზეც მან აღნიშნა:

„ხდება რისკების შეფასება, სადაც მეტი რისკია, პირველ რიგში, მეხანძრე-მაშველი მიდის იქ. ამ წუთას არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც საფრთხე აქვს და არ ეხმარებიან. ბუნებრივია, შედარებით ნაკლები საფრთხე სადაცაა, მყისიერი საფრთხე არ არის, იქ შესაძლოა, ოდნავ დაგვიანებით მივიდეს. მაგალითად, ვისაც უბრალოდ დატბორილი აქვს პირველი სართული და წყლის ამოტუმბვა გახდეს საჭირო. ბუნებრივია, ეს ოდნავ მოგვიანებით იქნება. პირველ რიგში, მაშველები და უწყებები, მისი წარმომადგენლები მიდიან იქ, სადაც საფრთხე არის მყისიერი. ამასთან დაკავშირებით დამატებით გეოლოგებიც მუშაობენ. იმხელა ნალექი მოვიდა, რომ მიძინებული მეწყრული ზონები გაააქტიურა, რაზეც ცალკე შეფასებას აკეთებენ. ამან გამოიწვია უდიდესი ტრაგედია. ყველა სამუშაოს წევენ იმისათვის, რომ რისკები გამოირიცხოს. პირველ რიგში, იმ ადამიანებთან მიდიან, რომლებსაც მყისიერი დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და მათ თანადგომას უცხადებს.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“რასაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს, პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა” – გიორგი ვაშაძე

რასაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს, პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა – უსამართლობაზე რომ საუბრობ, თუ რამეა დღეს უსამართლო, უსამართლოა ის, რომ შენ ხარ პრემიერ-მინისტრი! უსამართლოა, რომ “ქართული ოცნებაა” იმ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირის წევრობა უნდა! – ამ განცხადებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოჟეფ ბორელის დღევანდელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

ვაშაძის შეფასებით, “პრემიერ – მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის ღია და დაუფარავ საბოტაჟს ჰქონდა ადგილი”.

მისივე თქმით, “დღევანდელი საზიზღრობის შემდეგ, რუსული ინტერესების გამტარებელი “ქართული ოცნება” პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა წავიდეს”.

„წარმოუდგენელია იმის ყურება, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ. სადამდე დაეცით ხალხო! რა დღეში ხართ! როგორი სამარცხვინოები ხართ! ასეთი კონსენსუსი ევროპის მხრიდან, რომ სურთ, საქართველო ევროკავშირის წევრად იხილონ და ასეთი ანტიქართული ქმედება, რასაც თქვენ სჩადიხართ! რას აკეთებთ?! ნუთუ დარჩა ვინმე საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანა უნდა?!

წარმოგიდგენიათ ხალხო, საჯაროდ ასე ღიად რომ საბოტაჟში არიან, რას აკეთებენ დახურულ კარს მიღმა?!

ხართ სამარცხვინოები, ანტიქართველები, ანტიეროვნულები, რუსული ინტერესების გამტარებლები!

ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილი იყო, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს. როგორიც არ უნდა იყოს დეკემბერში ევროკავშირის გადაწყვეტილება, უნდა ვიცოდეთ, რომ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან ვუშვებთ და ყველა იმ რეფორმას ვატარებთ, რაც საქართველოს სჭირდება.

ამ მავნებლებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგებიან, ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ და ეს ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ. ვინ ხართ საერთოდ – სად გაიზარდეთ, სად ისწავლეთ, რანაირად მიყიდეთ სული რუსეთს იმ დონეზე, რომ ასე საჯაროდ და დაუფარავად სჩადიხართ იმას, რასაც სჩადიხართ!

ნუთუ დარჩა საქართველოში ვინმე, ვინც დღევანდელი დღის შემდეგ იტყვის, რომ “ქართულ ოცნებას” ევროკავშირი უნდა, მაგრამ კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ. დღევანდელი დღის შემდეგ საზოგადოებრივი კონსენსუსი უნდა იყოს, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა რუსეთი, ხოლო ქართველ ხალხს – ევროკავშირი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6251 ლარი ეღირება, ევრო – 2.8083 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2738 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6251 ლარი ღირდა, ევრო – 2.8112 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2706 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 სექტემბერს ამოქმედდება.

“არ გამოვრიცხავ, სტატუსი რაღაც დათქმებით მოგვცენ” – იაგო ხვიჩია

ჯოზეფ ბორელისგან გავიგე, რომ ყველაფერი ესმის, რაც ჩვენს თავს ხდება. სტატუსს ახლა არ ვიმსახურებთ, თუმცა ევროკავშირს ესმის, რომ სტატუსის არმოცემა, შეიძლება, საფრთხე იყოს გარუსების თვალსაზრისით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, არ გამორიცხავს, საქართველომ სტატუსი რაღაც დათქმებით მიიღოს.

„ადამიანი საქართველოში ჩამოსულია იმ განწყობით, რომ ოღონდ ჩვენ რაიმე გავაკეთოთ, რათა მიგვიღონ, მაგრამ „ქართული ოცნება“ იბრძვის, რომ არაფერი გააკეთოს. არ გამოვრიცხავ, სტატუსი რაღაც დათქმებით მოგვცენ. ამიტომ ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რა შეიძლება იყოს ასეთი დათქმები, რომ მისი შესრულება პრინციპული იყოს და რაღაცნაირად გარანტი, რომ ისინი სხვა რამეს არ გააკეთებენ, რაც ევროპას არ უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

#ერთადგავიმარჯვებთ

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ თიბისისთან ერთად ემზადება. #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, საგულშემატკივრო ნივთების შეძენა სითი მოლში, თიბისის პოპ-აპ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარ მომხმარებლებს მაღაზიაში რაგბის თემატიკით ბრენდირებული ნივთების და ტანსაცმლის კოლექცია დახვდებათ. გლობალურ ასპარეზზე გამარჯვებას მთელი ერი მოუთმენლად ელის, რისთვისაც თითოეული ქართველი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდება. ერთიანი შემართებისა და გულშემატკივრობის გამოხატვა კი უკვე ბრენდირებული კოლექციით იქნება შესაძლებელი.

მომხმარებელს საგულშემატკივრო ნივთების თიბისის ნებისმიერი სადებეტო ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდება.

R

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ უხვი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

“არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია” – ჯოზეფ ბორელი

არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია მისთვის მიუღებელია.

„არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასოდეს. ასეთი რამ არასდროს არ იქნება ჩემს მიერ მიღებული, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. თქვენზეა ეს საქმე. მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუვნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულების შესრულებაში, ამ მოთხოვნების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მლრდ ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში. ამიტომ, საქართველო არის ჩვენს ინტერესთა მიმართულებით. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი, დროც არის, გააკეთეთ, ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

“მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მარცვლეულით დატვირთულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო წვდომა შავ ზღვასთან.

როგორც მარლ მიშელმა ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირება და დაბომბვა.

„მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის სურსათის დეფიციტს. უკრაინაზე განზრახ თავდასხმით, კრემლი მათ იმ სურსათის გარეშე ტოვებს, რომელიც სასიცოცხლო სჭირდებათ. სკანდალურია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დატოვების შემდეგ ახდებს უკრაინული პორტების ბლოკირებას და ახორციელებს მათზე თავდასხმას. ეს უნდა შეჩერდეს. მარცვლეულით დატვირთულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო წვდომა შავ ზღვასთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ცინიკურია კრემლის შეთავაზება, რომ ღარიბ აფრიკულ ქვეყნებში უსასყიდლოდ გააგზავნის რუსულ მარცვლეულს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სურსათის ალტერნატიული მარშრუტებით ექსპორტში.

“მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური და პროპაგანდა, დეზინფორმაცია” – ჯოზეფ ბორელი

მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სისულელე იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბორელს დაუსვა კითხვა, რომლის მიხედვითაც, „მუდმივი თავდასხმაა დასავლელ პარტნიორებზე ომში ჩართვის მცდელობაში დადანაშაულებასთან დაკაშვირებით“.

ბორელის თქმით, ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური, ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რაზეც ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია, როდესაც კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოდ, მათაც შეძლონ იმავეს კეთება, რათა თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი, ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს, ეს მაჩვენებელიც უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იქნეს ხაზგასმით ახსნილი, განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის“, – განაცხადა ბორელმა.

თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე გარკვეული დროით მოძრაობა შეიზღუდება

კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 9 და 10 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება.

ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.

“ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს სოფლებში, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები” – დავით გუმბარიძე

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით გუმბარიძე აცხადებს, რომ მეორე სოფელში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე ავიდა.

გუმბარიძის თქმით, სტიქიის ადგილზე ვერტმფრენის გარეშე მისი სიმაღლიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

„ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს. სამაშველო სამსახური შეძლებისდაგვარად მუშაობს. ჩვენც ჩართული ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეების გამოყვანა ხდება იმ სახლებიდან, სადაც არ არის მეორე სართული და დაბალია პირველი სართული. გვეხმარებიან ადგილობრივი ბიჭებიც, ნავებით გამოჰყავთ მოსახლეობა. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ.

წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე. მეორე სოფელში საჭიროა ვერტმფრენის ჩართვა. ადამიანის, რომელიც სიმაღლეზეა ასული, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, არის მდინარის პირას. როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და წუთი-წუთზე ელოდებიან“, – განაცხადა სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა, დავით გუმბარიძემ.