“რასაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს, პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა” – გიორგი ვაშაძე

81
spot_img

რასაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს, პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა – უსამართლობაზე რომ საუბრობ, თუ რამეა დღეს უსამართლო, უსამართლოა ის, რომ შენ ხარ პრემიერ-მინისტრი! უსამართლოა, რომ “ქართული ოცნებაა” იმ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირის წევრობა უნდა! – ამ განცხადებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოჟეფ ბორელის დღევანდელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

ვაშაძის შეფასებით, “პრემიერ – მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის ღია და დაუფარავ საბოტაჟს ჰქონდა ადგილი”.

მისივე თქმით, “დღევანდელი საზიზღრობის შემდეგ, რუსული ინტერესების გამტარებელი “ქართული ოცნება” პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა წავიდეს”.

„წარმოუდგენელია იმის ყურება, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ. სადამდე დაეცით ხალხო! რა დღეში ხართ! როგორი სამარცხვინოები ხართ! ასეთი კონსენსუსი ევროპის მხრიდან, რომ სურთ, საქართველო ევროკავშირის წევრად იხილონ და ასეთი ანტიქართული ქმედება, რასაც თქვენ სჩადიხართ! რას აკეთებთ?! ნუთუ დარჩა ვინმე საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანა უნდა?!

წარმოგიდგენიათ ხალხო, საჯაროდ ასე ღიად რომ საბოტაჟში არიან, რას აკეთებენ დახურულ კარს მიღმა?!

ხართ სამარცხვინოები, ანტიქართველები, ანტიეროვნულები, რუსული ინტერესების გამტარებლები!

ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილი იყო, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს. როგორიც არ უნდა იყოს დეკემბერში ევროკავშირის გადაწყვეტილება, უნდა ვიცოდეთ, რომ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან ვუშვებთ და ყველა იმ რეფორმას ვატარებთ, რაც საქართველოს სჭირდება.

ამ მავნებლებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგებიან, ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ და ეს ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ. ვინ ხართ საერთოდ – სად გაიზარდეთ, სად ისწავლეთ, რანაირად მიყიდეთ სული რუსეთს იმ დონეზე, რომ ასე საჯაროდ და დაუფარავად სჩადიხართ იმას, რასაც სჩადიხართ!

ნუთუ დარჩა საქართველოში ვინმე, ვინც დღევანდელი დღის შემდეგ იტყვის, რომ “ქართულ ოცნებას” ევროკავშირი უნდა, მაგრამ კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ. დღევანდელი დღის შემდეგ საზოგადოებრივი კონსენსუსი უნდა იყოს, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა რუსეთი, ხოლო ქართველ ხალხს – ევროკავშირი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.