Home Blog Page 1803

“არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს”- კელი დეგნანი

არ არის მნიშვნელოვანი რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ ისინი მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი.

„ამ ქვეყნის გამო ოჯახებია დაყოფილი ხელოვნური ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლებით. არავინ უნდა ელოდოს, რომ საქართველოში მიესალმებიან იმ ქვეყნიდან  ჩამოსულ ხალხს, რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან ეს რამდენიმე თვე გრძელდება. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით“, – განაცხადა დეგნანმა.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

“ჩვენმა მტრებმა ჩვენი ჯარისკაცებისთვის უნდა ილოცონ” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევის მიმდინარე კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა.

„თუ წარმოვიდგენთ, რომ ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელი ბანდერების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტის 06/02/2020 ბრძანებულების წესების შესაბამისად, ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა”, – აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებით, არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ხელს უშლიან გლობალური კონფლიქტის გაღვივებას.

“ამიტომ, ჩვენმა მტრებმა ჩვენი ჯარისკაცებისთვის უნდა ილოცონ. ისინი არ უშვებენ მსოფლიო ბირთვული ცეცხლის გაჩაღებას”, – აღნიშნა მედვედევმა.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ”-სერგო ჩიხლაძე

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ – პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია და ღარიბაშვილი კანონმდებლობას არღვევს, – ასე ეხმაურება  “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ  საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ გამოქვეყნებულ  ერთობლივ განცხადებას 

მისი თქმით, წარმოუდგენელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის მიმართულებით ისევე, როგორც უკრაინაში რუსეთის აგრესიის პოზიციაზე.

“სტრატეგიულ პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს პარლამენტი და ეს კანონით არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გვაქვს აშშ-სთან. ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია. აქაც ბატონი ღარიბაშვილი არღვევს კანონმდებლობას. ამასთან სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა მიმართულებით. როგორ წარმოგიდგენიათ სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, უკრაინაში ომის პოზიციასთან მიმართებით?! კარგი და პარტნიორული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩინეთთან უნდა გვქონდეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეა და ამას სჭირდება პარლამენტთან შეთანხმება. ეს არის გარკვეული დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ, რადგან თუ ხარ სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სი, ევროკავშირის, ცოტა რთულია იგივე დონის სტრატეგიული პარტნიორობა გქონდეს ჩინეთთან. ამ ქვეყნებს არ აქვთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, გარკვეული პოლიტიკური ბალანსია დასაცავი. ეს არის გზავნილი დასავლეთის მიმართ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა არსებული სტრატეგიული პარტნიორობა დაზიანებულია. საქართველოს მთავრობა ახლა უნდა ზრუნავდეს არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებაზე, გამყარებასა და გაძლიერებაზე უკვე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებთან და არ უნდა გარბოდეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საძებნელად,” – განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობა; საერთაშორისო.განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

“პროტესტის ავანგარდში არიან ის „ნაცები“, რომელთა ბელადი აგვისტოს ომის შემდეგ პირადად ხვდებოდა ლარსზე რუს ტურისტებს”

პროტესტის ავანგარდში არიან ის „ნაცები“, რომელთა ბელადი აგვისტოს ომის შემდეგ პირადად ხვდებოდა ლარსზე რუს ტურისტებს, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით.

„23 ნაცია შეკრებილი ბათუმში ხაბეიშვილის დავალებით და აქვთ ატეხილი წივილ-კივილი. ეს ყალბი აჟიოტაჟი მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ – როგორმე ქვეყანაში მოხდეს არეულობა და დაიძაბოს ვითარება, რადგან „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“ ბევრად მარტივია, თან არ დაგავიწყდეთ, პროტესტის ავანგარდში არიან ის ნაცები, რომელთა ბელადი აგვისტოს ომის შემდეგ პირადად ხვდებოდა ლარსზე რუს ტურისტებს”, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის Astoria Grande, გაჩერებას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ლაინერი ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შევიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ. შსს-მ აქციის 9 მონაწილე დააკავა.

რუსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო

რუსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო. საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო. ახალი მონაცემების მიხედვით კი, აგვისტოდან რეისები ბათუმის მიმართულებით აღარ შესრულდება.

31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან.

ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს.

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.

“ისედაც შოკში მყოფმა ოპოზიციამ მეორე ინფარქტი მიიღო” – გურამ მაჭარაშვილი

ისედაც შოკში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ მეორე ინფარქტი მიიღო, როცა ჩინეთმა პრემიერი მაღალ დონეზე მიიღო. მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ პატივს არ გვცემს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს.

მისი თქმით, ოპოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობას ბატონ-ყმობად აღიქვამს.

“პრემიერ- მინისტრის ვიზიტი ჩინეთში იმდენად წარმატებული იყო, რომ ისედაც შოკში მყოფი რადიკალურო ოპოზიცია მეორე ინფარქტის წინაშე აღმოაჩნდა, რადგან ნახეს, რომ ჩინეთმა, რომელიც არის ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და მათ შორის აშშ ცდილობს მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო მაღალ დონეზე და თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ სხვა პატივს არ გვცემს.

სტრატეგიულ ურთიერთობას ისე ვუყურებთ, როგორც არსებობს. მანჯგალაძემ გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მოსაზრება და მოკლედ ასე ჩამოაყალიბა, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკასთან ბატონ-ყმური ურთიერთობა გვირჩევნიაო. ეს მისი აზროვნების პრობლემაა. მერე მისი უფროსი შეეცადა გამოესწორებინა, ეს მანჯგალაძემ კი არ თქვა, სახარებიდან არისო – ვაშაძემ თქვა. თუ სახარება არ იცი, კითხვა მაინც უნდა იცოდე. მანჯგალაძემ პირდაპირ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახუროთო, ეს პათოსი აქვს ოპოზიციას. ეს ციტატა სულ სხვაა, იქ წერია, ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებაო. უფალს და ეშმაკს ვერ ემსახურებიო, თვითონ ჩამოყალიბდნენ ჩინეთს და ამერიკას შორის უფალი რომელია და ეშმაკი რომელია. თუ ოპოზიცია თვლის, რომ ორი ბატონი არ შეიძლება ჰყავდეს, რა გამოდის, როცა აშშ-სთანაც გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და ევროკავშირთანაც? გვითხრან ბოლოს და ბოლოს ვისი ვასლები ვართ – ამერიკის თუ ევროკავშირის. სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენი აზრით ბატონ-ყმურ ურთიერთობას არ ნიშნავს, ოპოზიციის აზრით ამას ნიშნავს,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“იანვარ-ივნისში საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა”- საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლებია. საუბარია 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 25.4 პროცენტით აღმატება. საქსტატის ცნობით, ნებართვების 73.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 337.1 ათასი კვ.მ ფართობის 1 465 ობიექტი. ობიექტების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.3 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა -„საქსტატი“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უმნიშვნელოვანესია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს და მხარეებმა ცეცხლის განახლება აღარ დაუშვან.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „კავკასიური სახლი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ (CPCD); „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI); „საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის“. მათ განცხადებას სომხეთის საელჩო ავრცელებს.

„ჩვენთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, უმნიშვნელოვანესია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და მშვიდობა რეგიონში. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ხელახალი დაძაბულობა, რომელიც დაიწყო 2022 წლის დეკემბერში მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვით. 2023 წლის 23 აპრილს კი აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩადგმის შესახებ გაავრცელა ცნობა.

ამ რეალობაში თითქმის 7 თვეა მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ამ დრომდე შეზღუდულია მათი გადაადგილება ყველა მიმართულებით, რაც მათ სრულ იზოლაციაში აქცევს. 25 ივლისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც მანამდე ჰუმანიტარული ტვირთის შემტანი ძირითადი ორგანიზაცია იყო რეგიონში, განაცხადა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ის ვეღარ ახერხებს ჰუმანიტარული რესურსების მიწოდებას ადგილობრივებისთვის.

დაახლოებით 1 თვეა, რაც რეგიონში რუსმა სამშვიდობო ძალებმა ასევე შეწყვიტეს საკვების, მედიკამენტებისა და სხვა რესურსების მიწოდება რეგიონისთვის, რაც 15 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

სხვადასხვა ორგანიზაციისა და მედია წყაროების თანახმად, რეგიონში საკვების, სამედიცინო საშუალებებისა და საბაზისო მოხმარების ნივთების მწვავე დეფიციტია. Amnesty International-ის ცნობით, საკვების დეფიციტის გამო ქალებსა და ბავშვებში ჩანს იმუნოდეფიციტის, ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების და დიაბეტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რომელთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეზღუდულია ან ზოგ შემთხვევაში სრულიად შეფერხებულია. ბლოკირებულ რეგიონში ორმაგად გართულდა ქალთა უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. მთიანი ყარაბაღის რეგიონში მოსწავლეებს, რომელთა რაოდენობა 27 000 აღწევს, ეზღუდებათ განათლებაზე წვდომის საბაზისო უფლება, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება გათბობისა და ელექტროენერგიის შეზღუდულობის გამო ფერხდება. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, მთიან ყარაბაღში 1100-მდე ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, მათ შორის 270 ბავშვი მშობლებს დაშორებულია.

2022 წლის 28 დეკემბერს სომხეთმა სახელმწიფოთაშორისი განაცხადის ფარგლებში ლაჩინის დერეფანზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დროებითი ზომების მოთხოვნით მიმართა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს დაავალა ლაჩინის დერეფანზე უზრუნველყოს ტვირთის, ადამიანების და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება, ორივე მიმართულებით.

სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ დროებითი ზომების მიღება აუცილებელია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (CERD) გარანტირებული უფლებების უზრუნველსაყოფად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ეს არის გადაადგილების თავისუფლება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ასევე ხელმისაწვდომობა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე, და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

სასამართლოს თქმით, ლაჩინის დერეფნის ბლოკადით ამ უფლებების განხორციელებას მყისიერი საფრთხე შეიძლება შეექმნას, ამიტომ აზერბაიჯანი ვალდებულია, ყველა ზომა მიიღოს გადაადგილებისთვის დაწესებული ბარიერების აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 22 დეკემბერს ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რითაც აზერბაიჯანი დაავალდებულა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლაჩინის დერეფნის გავლით ადამიანების გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ეზღუდებათ ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე, მათ შორის მძიმე ავადმყოფებს ჯანდაცვის სერვისებზე.

მთიან ყარაბაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი 2023 წლის 26 ივლისს კიდევ ერთხელ კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირმა.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გვსურს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კონფლიქტებით დაზარალებულ მოსახლეობას კონფლიქტის ყველა მხარეს, რომელთა ცხოვრებასაც მძიმე დაღი დაასვა 30 წლიანმა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა. კონფლიქტებისა და ომების შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებს ყველაზე მძიმე და შეუქცევადი ზიანი ადგებათ. შეიარაღებული დაპირისპირებები და გადაუჭრელი კონფლიქტები შეიწირავს ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და მომავალს. ჩვენთვის როგორც მშვიდობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე აქტორებისთვის უპირველესი სწორედ მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებების და ინტერესების დაცვა და მხარდაჭერაა. ჩვენთვის არსებითია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში პრიორიტეტად სწორედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი და პერსპექტივა დააყენოს. მიგვაჩნია, რომ სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს ნდობის აღდგენის და ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა.

შექმნილ კრიზისულ გეო-პოლიტიკურ სიტუაციაში, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს საერთო ინტერესი შექმნან მშვიდობიანი თანაცხოვრების ახალი გამოცდილებები, ნდობის, ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის ისეთი პრეცენდენტები, რომლებიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრებას, განვითარებას და სოციალური კეთილდღეობას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია:

მხარეებმა აღარ დაუშვან ცეცხლის განახლება, თავი შეიკაონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს მოლაპარაკებების ისედაც მყიფე გარემოს და დაიცვან კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა ღირსება, უფლებები და უსაფრთხოება.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაიცვას მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები. ის თუ როგორ გაამრთმევს თავს ამ გამოწვევას აზერბაიჯანი, გავლენას მოახდენს მთლიანად რეგიონში მცხოვრებ ხალხთაშორის ურთიერთობებსა და მშვიდობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

“საუდის არაბეთი ხელს უწყობს დასავლეთს „გლობალური სამხრეთის“ მიმხრობაში“ – The Wall Street Journal

„საუდის არაბეთი უკრაინის ირგვლივ სამშვიდობო მოლაპარაკების ჩატარებისათვის ემზადება, მაგრამ რუსეთის გარეშე. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა იქნება დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევის გამოხატულება, რომლებიც უკრაინის საკითხში „გლობალური სამხრეთის“ მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საუდის არაბეთი ხელს უწყობს დასავლეთს „გლობალური სამხრეთის“ მიმხრობაში“ (ავტორები – ლოურენს ნორმანი და სტივენ ქეილანი).

დიპლომატების თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ქალქ ჯიდაში 5-6 აგვისტოს ჩატარდება, მონაწილეობას 30 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მიწვეულთა შორის არიან ინდონეზია, ეგვიპტე, ჩილი, მექსიკა, სამხრეთის აფრიკის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები.

როგორც დასავლელი და უკრაინელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, ამ ძალისხმევის კულმინაცია იქნება წლის ბოლოსათვის დაგეგმილი სამიტი, რომლის დროსაც მსოფლიოს ლიდერები ხელს მოაწერენ კონფლიქტის მოგვარების საერთო პრინციპებს. მათ იმედი აქვთ, რომ ჯიდაში შეთანხმებული პრინციპებით მომავალ მსოფლიო სამიტზე ისეთი პირობები შეიქმნება, რომელიც კიევისათვის სასარგებლო იქნება.

საუდის არაბეთმა აქტიურად დაიწყო უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის გზების ძიება მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ერ-რიადი პრორუსულობაში და კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთმა მხარი დაუჭირა ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნებას, რითაც მოსკოვმა ისარგებლა. მოგვიანებით ერ-რიადი ცდილობდა „შეცდომა გამოესწორებინა“ და ამ მიზნით ხელი შეუწყო სამხედრო ტყვეების გაცვლას რუსეთსა და უკრაინას შორის, გარდა ამისა, მაისში უმასპინძლა ვოლოდიმირ ზელენსკის, არაბული სამიტის ჩარჩოებში.

დასავლელი დიპლომატების მტკიცებით, სამიტის ადგილად საუდის არაბეთის შერჩევა ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა – მასში პეკინის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, რომელსაც მოსკოვთან ახლო კავშირები აქვს. ამავე დროს, საქმეში ჩახედულმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ მაინცდამაინც დიდად არ არიან დარწმუნებული ჩინეთის დელეგაციის მონაწილეობაში, თუმცა ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

ჯიდაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, ივნისში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა წინასწარი თათბირი, რომელშიც ბრაზილიის, ინდოეთის, თურქეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, თათბირში ვიდეოკავშირით ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.

ევროპელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ ჯიდის შეხვედრა ხელს შეუწყობს აზრთა სხვადასხვაობას უკრაინასა და განვითარებად ქვეყნებს (ანუ „გლობალურ სამხრეთს“) შორის, რათა კონფლიქტი შედარებით მალე დასრულდეს და წლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტი ჩატარდეს… თუმცა ასეთი ვადები საკმაოდ ამბიციურია. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კოპენჰაგენში ჩატარებულმა თათბირმა უკრაინასა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება გამოავლინა. საქმე იმაშია, რომ კიევმა დანიაში გეგმა წარადგინა, რომელიც მოიცავს: ა) უკრაინის ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ბ) უკრაინის მცხოვრებლების ტყვეობიდან გათავისუფლებას; გ) უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; დ) რუსეთის ჯარების გაყვანას და საომარი მოქმედებების შეწყვეტას; ე) სამართლიანობის აღდგენას; ვ) ეკოციდის შეწყვეტას და ზ) ომის დასრულების ფიქსაციას.

„სამხრეთელებმა“ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ მართალია, ისინი მზად არიან კონფლიქტის დარეგულირების საერთო პრინციპების განსახილველად, მაგრამ ხელს არ მოაწერენ კიევის გეგმებს, რომლებიც, სხვათა შორის, მოლაპარაკების დაწყებამდე რუსეთის ჯარების გაყვანას და „ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას“ ითვალისწინებს. მოკლედ, „სამხრეთელებს“ რუსეთის სრული მარცხი არ სურთ.

წყარო

“ნებისმიერ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმის ნავსადგურში შემოდის, პოლიცია ადის და ამოწმებს”-ბათუმის პოლიციის უფროსი

ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის განცხადებით, სამართალდამცავები საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეზე“ შემოწმების მიზნით იყვნენ ასულები და ეს კანონის დაცვით მოხდა.

„ნებისმიერ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმის ნავსადგურში შემოდის, პოლიცია ადის და ამოწმებს, იღებს შესაბამის ზომებს, ეს არის სტანდარტული პროცედურა. შესაბამისად, პოლიცია კანონის დაცვითაა ასული აღნიშნულ საკრუიზო გემზე“, – განაცხადა დგებუაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საკრუიზო გემის მგზავრების მიერ ნაგვის სროლა მათ დასაკავებლად საკმარისი წინაპირობა, დგებუაძის თქმით, „ნებისმიერ წესრიგის დარღვევაზე პოლიცია მოქმედებს შესაბამისად“.

აქციაზე, ამ დროისთვის, 10 პირია დაკავებული.

ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” საპროტესტო აქციით დახვდნენ.

თიბისის მხარდაჭერით თურქეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

თურქეთის ქალაქ სინოპში მცხოვრები ქართველებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ქართული ლიტერატურით ინტერესდება, თიბისის მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართული წიგნების სივრცე გაიხსნა.

თურქეთში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის მიზანი მსურველთათვის სხვადასხვა ქართველი მწერლის შემოქმედების უფრო ფართოდ გაცნობა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. მკითხველს, ბიბლიოთეკის სივრცეში, თანამედროვე ქართველი მწერლების, სხვადასხვა ჟანრის პროზისა და პოეზიისა, აგრეთვე საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

სინოპში ბიბლიოთეკის გახსნას წინ უძღოდა, ა.წ. 23 მაისს, თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც, სამომავლოდ, ქართული ბიბლიოთეკების გახსნა, თურქეთის მსგავსად, სხვა ქვეყნებშიცაა დაგეგმილი.

„თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხელი შევუწყოთ საქართველოსთან კავშირების გაძლიერების პროცესში.  მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალ ეტაპზე გადავიდა და საზღვარგარეთ კიდევ ერთი ქართული კულტურულ-შემეცნებითი სივრცე გაჩნდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას შეუწყობს ხელს“. – მარიამ თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

R