“საუდის არაბეთი ხელს უწყობს დასავლეთს „გლობალური სამხრეთის“ მიმხრობაში“ – The Wall Street Journal

92
spot_img

„საუდის არაბეთი უკრაინის ირგვლივ სამშვიდობო მოლაპარაკების ჩატარებისათვის ემზადება, მაგრამ რუსეთის გარეშე. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა იქნება დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევის გამოხატულება, რომლებიც უკრაინის საკითხში „გლობალური სამხრეთის“ მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საუდის არაბეთი ხელს უწყობს დასავლეთს „გლობალური სამხრეთის“ მიმხრობაში“ (ავტორები – ლოურენს ნორმანი და სტივენ ქეილანი).

დიპლომატების თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ქალქ ჯიდაში 5-6 აგვისტოს ჩატარდება, მონაწილეობას 30 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მიწვეულთა შორის არიან ინდონეზია, ეგვიპტე, ჩილი, მექსიკა, სამხრეთის აფრიკის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები.

როგორც დასავლელი და უკრაინელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, ამ ძალისხმევის კულმინაცია იქნება წლის ბოლოსათვის დაგეგმილი სამიტი, რომლის დროსაც მსოფლიოს ლიდერები ხელს მოაწერენ კონფლიქტის მოგვარების საერთო პრინციპებს. მათ იმედი აქვთ, რომ ჯიდაში შეთანხმებული პრინციპებით მომავალ მსოფლიო სამიტზე ისეთი პირობები შეიქმნება, რომელიც კიევისათვის სასარგებლო იქნება.

საუდის არაბეთმა აქტიურად დაიწყო უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის გზების ძიება მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ერ-რიადი პრორუსულობაში და კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთმა მხარი დაუჭირა ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნებას, რითაც მოსკოვმა ისარგებლა. მოგვიანებით ერ-რიადი ცდილობდა „შეცდომა გამოესწორებინა“ და ამ მიზნით ხელი შეუწყო სამხედრო ტყვეების გაცვლას რუსეთსა და უკრაინას შორის, გარდა ამისა, მაისში უმასპინძლა ვოლოდიმირ ზელენსკის, არაბული სამიტის ჩარჩოებში.

დასავლელი დიპლომატების მტკიცებით, სამიტის ადგილად საუდის არაბეთის შერჩევა ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა – მასში პეკინის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, რომელსაც მოსკოვთან ახლო კავშირები აქვს. ამავე დროს, საქმეში ჩახედულმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ მაინცდამაინც დიდად არ არიან დარწმუნებული ჩინეთის დელეგაციის მონაწილეობაში, თუმცა ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

ჯიდაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, ივნისში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა წინასწარი თათბირი, რომელშიც ბრაზილიის, ინდოეთის, თურქეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, თათბირში ვიდეოკავშირით ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.

ევროპელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ ჯიდის შეხვედრა ხელს შეუწყობს აზრთა სხვადასხვაობას უკრაინასა და განვითარებად ქვეყნებს (ანუ „გლობალურ სამხრეთს“) შორის, რათა კონფლიქტი შედარებით მალე დასრულდეს და წლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტი ჩატარდეს… თუმცა ასეთი ვადები საკმაოდ ამბიციურია. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კოპენჰაგენში ჩატარებულმა თათბირმა უკრაინასა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება გამოავლინა. საქმე იმაშია, რომ კიევმა დანიაში გეგმა წარადგინა, რომელიც მოიცავს: ა) უკრაინის ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ბ) უკრაინის მცხოვრებლების ტყვეობიდან გათავისუფლებას; გ) უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; დ) რუსეთის ჯარების გაყვანას და საომარი მოქმედებების შეწყვეტას; ე) სამართლიანობის აღდგენას; ვ) ეკოციდის შეწყვეტას და ზ) ომის დასრულების ფიქსაციას.

„სამხრეთელებმა“ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ მართალია, ისინი მზად არიან კონფლიქტის დარეგულირების საერთო პრინციპების განსახილველად, მაგრამ ხელს არ მოაწერენ კიევის გეგმებს, რომლებიც, სხვათა შორის, მოლაპარაკების დაწყებამდე რუსეთის ჯარების გაყვანას და „ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას“ ითვალისწინებს. მოკლედ, „სამხრეთელებს“ რუსეთის სრული მარცხი არ სურთ.

წყარო