Home Blog Page 1798

“საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას და მაშინ ამერიკელი მეგობრების დახმარებით შეძლო საქართველომ, რომ ოკუპანტებისთვის არ მიეყიდათ ეს გაზსადენი.

„რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიიღება, იმ პერსპექტივიდან არის მიღებული, თუ რამდენად ეხმიანება ის ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. საქართველოს ინტერესების პირველი დამცველი საქართველოს ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებშია.

გახსოვთ, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას და მაშინ სწორედ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით შეძლო საქართველომ, რომ ოკუპანტებისთვის არ მიეყიდათ ეს გაზსადენი. მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპანტს აძლევდა ამ გაზსადენს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.

„თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს დედოფლისწყაროში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: დედოფლისწყარო, ახალი საავადმყოფოს შენობა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 820 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 992 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“მთავარია, ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს” – შალვა პაპუაშვილი

მთავარია, ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს, ხალხი თუ სრულად გარიყავს მას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა უკვე არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა ჯერ მხოლოდ გამოითქვა და რა ფორმას შეიძენს, არ იცის.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და 10-წლიანი ოპოზიციაში ყოფნის დროს პასუხისმგებლობას, ეს პოლიტიკური ძალა და ზოგადად, იგულისხმება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთლიანად ეს იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობას, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, საბოლოოდ დამარცხდეს. ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე 10 წელია, არ უშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან კავშირში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე სახელისუფლო ბერკეტი მიიღონ. ახლა უკვე ამოცანა არის ის, რომ ქართული საზოგადოების ეს დამოკიდებულება ისე გამოიხატოს, რომ მოხდეს მარგინალიზება მთლიანად ამ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.

საპარლამენტო თუ სამართლებრივ მექანიზმებზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცით, ზოგადად რას გულისხმობენ ამ ინიციატივაში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური განაჩენი „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ხალხმა გამოუტანოს. სამართლებრივად ამას მერე მნიშვნელობა უკვე არ ექნება. მთავარია, ხალხმა მარგინალიზება მოახდინოს ამ პოლიტიკური ძალის, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს და თუკი ქართველი ხალხი ამაში სრულად იქნება კონსოლიდირებული, სრულად გარიყავს და მოახდენს ამ ძალის მარგინალიზებას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“მზარდია ევროკავშირის, ისრაელის, ყურის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების და მათი დანახარჯების ოდენობა” – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმიდან შემოსავლები სტაბილურად იზრდება და პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მზარდია ევროკავშირის, ისრაელის, ყურის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა და მათი დანახარჯების ოდენობა.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩინებას საერთაშორისო არეალზე. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს მობილობის ზრდას და ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოსვლას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (348,461,374 აშშ დოლარი).

2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 661,999,720 (57.9%) აშშ დოლარით. წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 260,291,106 (34.8%) აშშ დოლარით.

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები – პესკოვი

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე აშკარაა, ზომები მიიღება, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატის მორიგი დარტყმის შესახებ განაცხადა.

„გუშინ ვთქვი, რომ ექსპერტული თვალსაზრისით, ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მხოლოდ სამხედროებმა. ნამდვილად, საფრთხე არსებობს, ის აშკარაა, ზომები მიიღება“, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

 ღამით უპილოტო საფრენი აპარატით კვლავ განხორციელდა რუსეთის დედაქალაქში „მასკვა სიტიზე“ თავდასხმა.

“ამერიკაში რუსებს დიდი პატივით ხვდებიან, ქართველები კი უპატრონოდ ქუჩაში კვდებიან”-თამარ ჩიბურდანიძე

„ამერიკაში რუსეთის მოქალაქეებს დიდი პატივით ხვდებიან ამ ომის ფონზე. მათთვის ყველაფერია შესაძლებელი, თუნდაც არალეგალური დასაქმება, დაბინავება, ელემენტარული სოციალური ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც ოჯახებით ჩასული ქართველი ემიგრანტები, პატარა ბავშვებით მეტწილად ქუჩაში ცხოვრობენ, სკვერში, სკამებზე სძინავთ, შიათ და სცივათ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიბურდანიძის თქმით, ამერიკის ელჩი არ უნდა მოუწოდებდეს საქართველოს იმის გაკეთებისკენ, რასაც მისივე ქვეყანა არ აკეთებს.

„დღეს ბათუმში ტურისტულ გემთან ოპოზიციის მიტინგს ამერიკის ელჩი გამოეხმაურა და შეაქო იქ მყოფი ოპოზიციური პარტიის წევრები. ბუნებრივია, კელი დეგნანისთვის ოპოზიციის ყველა ქმედება მისაღებია, მათ შორის ისიც, რასაც საკუთარ ქვეყანაში არ აკეთებენ. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებთან, ჩვენს ემიგრანტებთან უცხოეთში და ვიცი, რა ხდება იქ. შეძრწუნებული ვარ ამერიკიდან მიღებული ინფორმაციით სწორედ ამ პერიოდში, უკრაინის ომის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ამერიკაში რუსეთის მოქალაქეებს დიდი პატივით ხვდებიან ამ ომის ფონზე.

მათთვის ყველაფერია შესაძლებელი, თუნდაც არალეგალური დასაქმება, დაბინავება, ელემენტარული სოციალური ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც ოჯახებით ჩასული ქართველი ემიგრანტები, პატარა ბავშვებით მეტწილად ქუჩაში ცხოვრობენ, სკვერში, სკამებზე სძინავთ, შიათ და სცივათ. რამდენი გარდაცვალებაა უკვე ბოლო თვეებში ამერიკაში ქართველ ემიგრანტებში, განსაკუთრებით, ახლად ჩასულებში.

არალეგალური მიგრაციის მომხრე არა ვარ და პატივს ვცემ კანონის უზენაესობას ყველა ქვეყანაში. 2019 წელს, როდესაც ქართულ დიასპორას შევხვდი ნიუ-იორკში, ქალაქის ხელმძღვანელობას მათთან ერთად, მადლობაც კი გადავუხადე ქართველების ასეთი დაფასებისთვის. მაგრამ დღეს? უკრაინის ომის ფონზე, რაშიც მთლიანად არის ჩართული ამერიკა და მათი მტერია დღეს რუსეთი, ბევრად უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს მათთვის რუსეთის მოქალაქეები, ვიდრე მათი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მოქალაქეები? თუ ამერიკაში არ შეიძლება ტურისტს პასუხი მოსთხოვო მისი ქვეყნის ხელისუფლების გამო და საქართველოში დასაშვებია? რატომ იწონებს ამერიკის ელჩი საქართველოში იმ ქმედებას, რასაც თავად არ აკეთებენ? ისევ და ისევ ორმაგი სტანდარტი და ყურმოჭრილი ოპოზიციის ლობიზმი.

დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გვაქვს მხოლოდ პოლიტიკურ აქტთან და არავითარ შემთხვევაში ეროვნულ ღირსებასთან. ეს არის პროვოკაცია და ვინ იცის, იყო თუ არა გემზე ამ ოპოზიციის პროვოკატორი რუსი, რომლის ქმედებაც აანთებდა იმ ნაპერწკალს, რისგანაც აგიზგიზდებოდა მათთვის სანატრელი ომი საქართველოში?“ – წერს ჩიბურდანიძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ალმატის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი,
ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალიშერ აბდიკადიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება.

ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება

დათვები თუ ცხოველებად გადაცმული ადამიანები?

ჩინეთის ქალაქ ჰანჩჟოუს იმის მტკიცება უწევს, რომ მისი ბინადარი მალაიური დათვები ნამდვილად დათვები არიან და არა დათვების კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც ზოოპარკის ბინადარი დათვი თავის ვოლიერში უკანა თათებზე დგას და ძალიან ჰგავს ადამიანს. სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა – როგორ დგას დათვი ასე სწორად, ასეთ წვრილ ფეხებზე. ამასთან, ბევრს მოეჩვენა, რომ ნაკეცები ცხოველის ზურგზე უფრო ცუდად მორგებულ კოსტიუმს ჰგავს, ვიდრე დათვის ტყავს.

თუმცა, ზოოპარკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანებმა მალაიურ დათვებზე ცოტა რამ იციან და დათვის სახელით განცხადებაც კი გამოაქვეყნეს:

„ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანივით გამოვიყურები. როგორც ჩანს, არც ისე კარგად მიცნობთ. როცა საუბარია დათვებზე, პირველი, რაც გაფიქრდებათ, უზარმაზარი აღნაგობა და დიდი ძალაა. თუმცა ყველა დათვი არ არის გიგანტი და საფრთხის განსახიერება“.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში დასძენენ, რომ მალაიური დათვები დათვების ყველაზე პატარა სახეობაა, რომელთა სხეულის სიგრძეც 1,5 მეტრს აღწევს. ეს გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობაა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „ნაცმოძრაობისთვის“ პოლიტიკური ვერდიქტი იქნება” – რატი იონათამიშვილი

ბოროტება, რაც „ნაცმოძრაობაში“ ბუდობდა, არსად წასულა. უბრალოდ, დღეს მას ძალაუფლება არ აქვს. შესაბამისად, პირდაპირ არ შეუძლიათ, მოქალაქეებსა და ქვეყანაზე იძალადონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზნე არ შეუცვლია.

„მათი ზნე არ შეცვლილა და ეს ყველაფერი კარგად ჩანს. რაც შეეხება პოლიტიკურ ვერდიქტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „ნაცმოძრაობისთვის“ პოლიტიკური ვერდიქტი იქნება, რაც ამ პარტიას დაასრულებს და ამ გადაწყვეტილებას ქართველი ამომრჩეველი მიიღებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

“კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი”

კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება.

როგორც მან აღნიშნა, „რუსული ოცნება“ მხარს უჭერს არა საქართველოსა და უკრაინას, არამედ, კრემლს და პუტინთან თანამშრომლობს.

„კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი. „რუსული ოცნება“ პუტინთან თანამშრომლობს. ეს ძალა მხარს უჭერს არა ქართველ ხალხს, საქართველოსა და უკრაინას, არამედ, კრემლს. მისი მიზანია, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს დამარცხებულის მხარეს და რუსეთის იმპერია გახდეს. სწორედ ამას ემსახურება რუსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლა და ხელისუფლების წარმომადგენლების მოღალატეობრივი განცხადებები.

ერთ მხარეს არის „რუსული ოცნება“ და ის რუსი ტურისტი, რომლისთვისაც აფხაზეთი საქართველო არაა, მეორე მხარეს კი არის ჩვენი ქვეყანა. ან ისინი, ან საქართველო, ან ქართველი ხალხი ან ივანიშვილის რეჟიმი, ან რუსული ჭაობი ან ევროპა, კეთილდღეობა, თავისუფლება და ღირსება, ეს არის არჩევანი და ასეთია რეალობა დღეს. ესენი არ არიან მხოლოდ პრორუსები, ესენი არიან ბერბიჭაშვილები, რომლებიც ილიას საქართველოს იდეას კლავენ“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება გაუგებარი იყო.

„ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მითუმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, უბრალოდ არასწორია“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“.

“ბათუმში აქციაზე პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერები იყვნენ” – გურამ მაჭარაშვილი

ბათუმში აქციაზე პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერები იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ხალხის ძალის” წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა, სადაც სოჭიდან ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა საია- ს განცხადებას, რომელიც შსს- ს „ანტიკონსტიტუციური ქმედებების“ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს და საგანგაშოს უწოდებს იმას, რომ პოლიცია ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ საია-მ ობიექტურობა დაკარგა.

“შევახსენებ საია-ს, რომ ადამიანის უფლებების კონვენცია არსებობს, მარტო საია-ს წევრების უფლებების დაცვა კი არ არსებობს მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვა არსებობს. როცა საია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე საუბრობს, მათ შორის, ეთნიკურად ქართველების, კარგად გადახედოს ინფორმაციებს რუსეთის მოქალაქეები მილიონობით, მათ შორის, ტურისტულად თუ სხვა მიზნით ჩადიან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ- ში და იქ მშვენივრად გრძნობენ თავს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც საია იჩენს, რაც ადრე ჰქონდა ის ობიექტურობა დაკარგა. ჩვენ ვნახეთ იქ ვინ იყვნენ, მშვენივრად ჩანდა – პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერი წევრები. დაუძველდათ მეთოდები, ეს პრიგოჟინის პარტიას ვეღარ უშველის,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ომი მალე საბოლოოდ გადავა “ომის ავტორების” ტერიტორიაზე” – მიხაილო პოდოლიაკი

მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც, თავის მხრივ, მალე საბოლოოდ გადავა “ომის ავტორების” ტერიტორიაზე, რათა მათი ვალები შეაგროვოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერზე” წერს.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია.

“ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია. მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი”, – აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსეთის დედაქალაქზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მოსკოვის მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრ “მოსკოვი-სიტიში” ერთ-ერთი ცათამბჯენის ფასადი დაზიანდა.