დათვები თუ ცხოველებად გადაცმული ადამიანები?

245
spot_img

ჩინეთის ქალაქ ჰანჩჟოუს იმის მტკიცება უწევს, რომ მისი ბინადარი მალაიური დათვები ნამდვილად დათვები არიან და არა დათვების კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც ზოოპარკის ბინადარი დათვი თავის ვოლიერში უკანა თათებზე დგას და ძალიან ჰგავს ადამიანს. სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა – როგორ დგას დათვი ასე სწორად, ასეთ წვრილ ფეხებზე. ამასთან, ბევრს მოეჩვენა, რომ ნაკეცები ცხოველის ზურგზე უფრო ცუდად მორგებულ კოსტიუმს ჰგავს, ვიდრე დათვის ტყავს.

თუმცა, ზოოპარკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანებმა მალაიურ დათვებზე ცოტა რამ იციან და დათვის სახელით განცხადებაც კი გამოაქვეყნეს:

„ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანივით გამოვიყურები. როგორც ჩანს, არც ისე კარგად მიცნობთ. როცა საუბარია დათვებზე, პირველი, რაც გაფიქრდებათ, უზარმაზარი აღნაგობა და დიდი ძალაა. თუმცა ყველა დათვი არ არის გიგანტი და საფრთხის განსახიერება“.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში დასძენენ, რომ მალაიური დათვები დათვების ყველაზე პატარა სახეობაა, რომელთა სხეულის სიგრძეც 1,5 მეტრს აღწევს. ეს გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობაა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს.