“კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი”

91
spot_img

კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება.

როგორც მან აღნიშნა, „რუსული ოცნება“ მხარს უჭერს არა საქართველოსა და უკრაინას, არამედ, კრემლს და პუტინთან თანამშრომლობს.

„კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი. „რუსული ოცნება“ პუტინთან თანამშრომლობს. ეს ძალა მხარს უჭერს არა ქართველ ხალხს, საქართველოსა და უკრაინას, არამედ, კრემლს. მისი მიზანია, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს დამარცხებულის მხარეს და რუსეთის იმპერია გახდეს. სწორედ ამას ემსახურება რუსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლა და ხელისუფლების წარმომადგენლების მოღალატეობრივი განცხადებები.

ერთ მხარეს არის „რუსული ოცნება“ და ის რუსი ტურისტი, რომლისთვისაც აფხაზეთი საქართველო არაა, მეორე მხარეს კი არის ჩვენი ქვეყანა. ან ისინი, ან საქართველო, ან ქართველი ხალხი ან ივანიშვილის რეჟიმი, ან რუსული ჭაობი ან ევროპა, კეთილდღეობა, თავისუფლება და ღირსება, ეს არის არჩევანი და ასეთია რეალობა დღეს. ესენი არ არიან მხოლოდ პრორუსები, ესენი არიან ბერბიჭაშვილები, რომლებიც ილიას საქართველოს იდეას კლავენ“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება გაუგებარი იყო.

„ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მითუმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, უბრალოდ არასწორია“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“.