Home Blog Page 1798

“აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6223-დან 2.6454-მდე, ანუ 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8617-დან 2.8303-მდე, ანუ 1.1%-ით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6783 და 2.8422 შეადგინა.

სექტემბერში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.6879, ხოლო მინიმალურმა 2.6234 შეადგინა.

„სექტემბერში გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი. სექტემბერში საშუალოდ დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს, რუსული რუბლის და ლარის გაუფასურება, შედარებით მცირედით გაუფასურდა სომხური დრამი და თურქული ლირა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. სექტემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 10.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 23.6%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-სა და ბელარუსში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კირბალთან მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა, ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხორციელდება -ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, გუშინ კირბალთან მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა და საქართველოსთვის გადმოცემული იქნას დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა.

მისივე თქმით, საკითხით სპეკულირება და ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა უზნეობაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია და ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება და ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვითხოვთ, გამოძიებული და საქართველოსათვის გადმოცემული იქნას დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა და საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა. ასევე, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია.

სრული უზნეობაა სპეკულირება და ხელისუფლებისაკენ ხელის გამოშვერა, მით უმეტეს იმ პოლიტიკური ძალისაგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით, მასშტაბით, რა მასშტაბითა და ფორმითაც ვიხილეთ. ეს პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალს წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი, ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი და ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაც, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ოკუპაციურ ძალებს ახალი პროვოკაციების ჩადენის საშუალება არ მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 18-მეტრიანი ავტობუსები უახლოეს მომავალში ეყოლება

მიუნხენში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს, მიუნხენში, კომპანია MAN-ის წარმომადგენლებს შეხვდა და MAN-ის საგამოფენო დარბაზში თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერს MAN-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბარბაროს ოქტაიმ უმასპინძლა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება.

„დღეს მიუნხენში ვიმყოფებით, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები ვნახეთ, რომელიც თბილისისთვისაა განკუთვნილი. 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილებოდნენ. დღეს გარკვეული გამოწვევები გვაქვს – ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ქალაქს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იყო, რაც მომავლი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია“, რომელიც კომპანია MAN-თან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ავტობუსების მიმდინარე სერვისს მაღალი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილებით და სარემონტო მომსახურებით.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში, თბილისის მოსახლეობა MAN-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს. ერთის მხრივ, ის იქნება ყველაზე კომფორტული, მეორე მხრივ კი, გათვალისწინებულია გარემოზე ზრუნვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვალდებულებას ვიღებთ, რომ თბილისს მოვემსახუროთ ავტობუსების მოწოდებიდან დაწყებული, ავტობუსების გამართული ექსპლუატაციით დამთავრებული. კერძოდ, პროექტში გათვალისწინებულია ტრენინგები, გერმანული სტანდარტების დანერგვა საქართველოში და ავტოპარკის მოწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით“, – განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ირაკლი პაპიაშვილმა.

უწყების ცნობითვე, ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ტრანსპორტში საინფორმაციო სისტემა მოქმედებს, რომელიც მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო, საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას მოიცავს.

„მოხარული ვართ, რომ მიუნხენში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და „თეგეტა მოტორსიდან“ ჩვენს კოლეგებს ვმასპინძლობთ. მათ თბილისის მიერ შესყიდული 160 ერთეულიდან პირველი ავტობუსი დავათვალიერებინეთ. ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ ასევე, მოუთმენლად ველით სამომავლო პროექტებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ავტობუსების ნაწილს წლის ბოლოდან თბილისის ქუჩებში ვიხილავთ“, – განაცხადა MAN-ის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბურა ჯეიჰანმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში ეტაპობრივად იგეგმება. 2024 წლის ბოლომდე თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 400-ამდე ავტობუსი ეყოლება, რაც მთლიანი საავტობუსო პარკის დაახლოებით 40% იქნება.

“საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში”

საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა და სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ოჯახთან ერთად, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.

ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების მანძილზე, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება, საქართველოში სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში.

ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევიცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შეცვვლით. ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან -ირაკლი ბერაია

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებს და ნათესავებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ყველა ხედავს, რასთან გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება რუსული ოკუპაციისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების სახით, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ დამაფიქრებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის, წნეხის გაზრდისა და გაძლიერების მუდმივ საჭიროებას, ვიდრე არ მოხდება ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან. ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. ვერც ოთხოზორიას, ვერც ტატუნაშვილის, ვერც დავით ბაშარულის, ვერც 6 ნოემბერს მოკლული ჩვენი თანამოქალაქის მკვლელები ვერსად დაიმალებიან. რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი საკუთარ თავზე აუცილებლად გამოცდიან ქართული მართლმსაჯულების ძალასა და სიმკაცრეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ძალიან ამორალურია, როდესაც ვიღაცები, ვისაც ოკუპაციაზე საუბრის ყველაზე ნაკლები უფლება აქვთ, ცდილობენ მსგავსი ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში, განსახლების მსურველმა დევნილმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 14 ნოემბერს დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები, 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.

თბილისში  ბინის მიღების მოთხოვნით  განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც  დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება  საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

2023- 2025 წლებში, ჯამში, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს.

“2007 წლის 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ხალხმა გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას” – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და რეჟიმის შემოქმედ ადამიანს კიდევ პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს როცა ვიხსენებთ, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, რომელიც ზის ციხეში, უფრო სწორად, საავადმყოფოში, კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში. მგონი, 7 ნოემბერი იყო ზუსტადაც პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. რაც შეეხება მედიასთან მის დამოკიდებულებას და ზოგადად, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას, ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს არ მიუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებასთან ახლოსაც კი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ჩვენ მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თორმეტივე პუნქტს 12 დღეში საბოლოოდ შევასრულებთ და დავასრულებთ”-დავით უსუფაშვილი

ჩვენ, მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თორმეტივე პუნქტს 12 დღეში საბოლოოდ შევასრულებთ და დავასრულებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შეუსრულებელ პუნქტზე პარლამენტში დარეგისტრირებულია კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა.

„ლელო“ ევროკომისიის წარმომადგენლებთან წელიწად ნახევარია ერთი და იმავეს ვამბობთ, რომ მართალია, „ოცნებამ“ 12 პუნქტიანი რეკომენდაციები ცუდად შეასრულა, მაგრამ მათ უნდა დაინახონ, რომ ყველა იმ შეუსრულებელ პუნქტზე პარლამენტში დადებულია, დარეგისტრირებულია კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა. ამ ყველაფერს ჩვენ, მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თორმეტივე პუნქტს 12 დღეში საბოლოოდ შევასრულებთ და დავასრულებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს? – რას წერს ბრიტანული ჟურნალი

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს?“ (ავტორი – მარკ გალეოთი). მასში გაანალიზებულია უკრაინისა და დასავლეთის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში. ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს – როგორი შედეგებით მთავრდება მორიგი საომარი წელიწადი უკრაინისათვის, შემცირდა თუ არა აშშ-ში და ევროპაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და თუ შემცირდა, რას ფიქრობენ ამის თაობაზე  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის ჯარების სარდალი ვალერი ზალუჟნი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში კიევიდან სულ სხვა ტონის მქონე ამბები გვესმის:

ვაშინგტონიდან კიევში დაბრუნებული ვოლოდიმირ ზელენსკი ნაწყენი ყოფილა, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესში მორიგი მზგნებარე სიტყვით ვერ გამოვიდა და ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის შოუში ვერ მოხვდა. მოკლედ, ჟურნალ „თაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პრეზიდენტი უგუნებოდ ყოფილა. როგორც ჩანს, იგი იღლება – მუდმივი ბრძოლა საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით, თავის შედეგს იღებს. „ჩვენი გამარჯვებისა ისე არავის სჯერა, როგორც მე. არავის“, – დაჟინებით ამბობდა თურმე ვოლოდიმირ ზელენსკი, – მოკავშირეების დარწმუნება მთელ ძალებს და ენერგიას მართმევს… ჩვენს მიმართ მათი მხარდაჭერის შენარჩუნებას ბევრი შრომა ჭირდება“.

ჟურნალ „ეკონომისტში“ გენერალი ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის შეიარაღებული არმიის მთავარსარდალმა – ეროვნული სიმტკიცისა და გამძლეობის კიდევ ერთმა სიმბოლომ – აღიარა, რომ ომი ჩიხში შევიდა – „პირდაპირ ისე ხდება, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო“. მართალია, მისი მტკიცებით, რუსეთმა 150 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების სახით (სხვათა შორის, ეს სამჯერ მეტია დასავლურ შეფასებასთან შედარებით), გენერალმა იმავდროულად აღიარა, რომ მოსკოვი მაინც არ ავლენს დაზავების არავითარ სურვილს და დასავლეთი გააფრთხილა – „თუ უკრაინა უფრო თანამედროვე იარაღს არ მიიღებს, კონფლიქტი შეიძლება პოზიციურ ომად გადაიქცეს“, ანუ რომელი მხარე უფრო სწრაფად დაიქანცება და გამოიფიტება. „პოზიციური ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს, რაც უკრაინის სახელმწიფოს დანგრევას გამოიწვევს“.

ალბათ, ადამიანურ დონეზე, გონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ორივე მამაკაცი მართლაც დაღლილ-დაქანცული და უფრო მეტიც – გულგატეხილი და იმედგაცრუებულია. ვოლოდიმირ ზელენსკის უცხოური ვიზიტებითა და საჯარო გამოსვლებით გადატვირთული გრაფიკი აქვს – იგი ქვეყნის მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ვალერი ზალუჟნი კი, თავის მხრივ, ევროპაში 1945 წლის შემდეგ მომხდარ უდიდეს ომს ხელმძღვანელობს, რომელშიც უკრაინის შესაძლებლობები განისაზღვრება იმით, თუ რომელი დასავლელი მოკავშირე და უცხოელი სპონსორი მიაწვდის ფულს და იარაღს.

ვალერი ზალუჟნის აღიარება „ეკონომისტის“ კორესპონდენტთან საუბრისას, რომ რუსეთის თავდაცვითი ხაზის „ღრმა და ლამაზი გარღვევა, ალბათ, არ მოხერხდებაო“, აშკარად სიმართლეს ასახავს. უკრაინის საზაფხულო შეტევამ, მართალია, რუსეთის არმიას საკმაოდ საგრძნობი ზიანი მიაყენა, მაგრამ კიევისათვის სასურველ მიზანს – ტერიტორიის დაბრუნებას – ვერ მიაღწია. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკრაინელი პარტიზანები სუნთქვაშეკრულნი ელოდებოდნენ იმ მომენტს, როცა მელიტოპოლში უკრაინის არმია მრისხანედ შეიჭრებოდა, ქალაქიდან ოკუპანტებს გაყრიდა და გეზს აზოვის ზღვისაკენ აიღებდა. სამწუხაროდ, უკრაინის ჯარმა შუალედური სამიზნეც – მსხვილი სარკინიგზო ცენტრი ტოკმაკიც კი ვერ დაიკავა და ამჟამადაც მისი გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს უკრაინის არტილერიის წვდომის ფარგლებში მდებარეობს.

ასეთი გარემოებების პირობებში, ორი „ზ“-ს (ზელენსკისა და ზალუჟნის) აღიარება, როგორც ჩანს, რეალიზმისა და პიარის ერთმანეთთან დაბალანსების სტრატეგიას ასახავს. მათ ორივეს უწევთ იმის აღიარება, რომ კონტრშეტევამ იმაზე ბევრად ნაკლები შედეგები მოიტანა, ვიდრე ისეთი, რასაც რეკლმას უწევდნენ და ელოდებოდნენ, თუმცა ჯარს მორალური სიმტიკცე შენარჩუნებული აქვს. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ჯერ-ჯერობით  ვოლოდიმირ ზელენსკის მოსახლეობის მაღალი დონის მხარდაჭერა აქვს, უკრაინელებს კი ისევ სურთ ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის: აშკარაა, რომ მოქმედ არმიაში უკრაინელების გაწვევა სულ უფრო იძულებითი ხდება (ბევრი ახალგაზრდა ფრონტზე ბრძოლას თავს არიდებს). გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ თუ მოსკოვი ამ ზამთარს ისევ შეძლებს უკრაინის ენერგომომარაგების დარღვევას, დასავლეთი, სავარაუდოდ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეაგირებას [დახმარებას] შარშანდელი დონით აღარ გამოავლენს.

იმავდროულად, ორივე „ზ“ ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა იმ დროს, როცა ახლო აღმოსავლეთში მოულოდნელად დაწყებულმა ისრაელ-„ჰამასის“ ომმა უეცრად მთელი მსოფლიოს საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მასმედიის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა სკეპტიკურად დაიწუწუნა, რომ „არც ისრაელს და არც „ჰამასს“ ჩვენთვის სიკეთე არ მოაქვთო“.

თუ ცოტა ხნის წინათ კიევის პოზიცია იყო „მეტი იარაღი მოგვეცით და ჩვენ სწრაფად გავიმარჯვებთ“, ახლა ამბობენ – „მოგვეცით მეტი იარაღი, თორემ ეს ომი განუსაზღვრელი ვადით გაჭიანურდება“. ასეთი განცხადებებით ისინი „თამაშს“ ცდილობენ იმის საფრთხეზე, რომ ომი, რომელიც დასავლეთს უკვე 200 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა ( მხოლოდ პირდაპირი ფინანსური დახმარებით გამოხატული) და რომელიც 18 თვეა გრძელდება, შეიძლება „გაჭიანურებულ, მუდმივ ომად გადაიქცეს“ (ბედის ირონიით, ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაშიც ცენტრალური ადგილი სწორედ ომის გაჭიანურებას უკავია, დასავლეთის  ერთობის დარღვევისა და დაქანცვის მიზნით).

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეუძლია იმის უარყოფა – დასავლეთში უკრაინის გამო არავითარი დაღლილობა არ იგრძნობაო“, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, როცა რუს მასხარა სატელეფონო პრანკერებთან გულუბრყვილოდ საუბრობდა (მას ეგონა, რომ აფრიკის კავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ელაპარაკებოდა), თავისდა უნებურად, „კატა ტომრიდან გამოუშვა“ და გულახდილად აღიარა, რომ „ევროპაში უკრაინის გამო ყველა მხრიდან დიდი დაღლილობა იგრძნობა… ახლოვდება მომენტი, როცა ყველა მიხვდება, რომ გამოსავლის ძიება აუცილებელია“.

ამასობაში კი აშშ-ში ბევრი ოფიციალური პირი უკვე „ტრამპის გრაფიკის“ მიხედვით მოქმედებს, რომელიც იმას გულისხმობს, რომ [თუ დონალდ ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდება], რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დარეგულირდება, ან კიევში ხელისუფლება ოფიციალურად შეიცვლება და უკრაინის სამხედრო იმპულსი წარსულს ჩაბარდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ეყრდნობა რა თავს გამოცდილებას შოუ-ბიზნესში, რისკს აღიარებს: „ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი დასავლეთში დაღლას იწყებენ, ეს მათთვის შოუს ემსგავსება და უკრაინაზე ამბობენ – „აღარ შემიძლია ამ ერთიდაიგივეს მეათედ ნახავა“. ორივე „ზ“-ის მოვალეობაა ის, რომ მათ [ომისადმი] ჩვენი დაინტერესება შეინარჩუნონ.

———-

სტატიის ავტორი მარკ გალეოთი არის კონსალტინგური კომპანიის Mayak Intelligence-ს ხელმძღვანელი და კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის სლავური და აღმოსავლეთევროპული კვლევების სკოლის საპატიო პროფესორი. გამოცემული აქვს 25 წიგნი რუსეტის შესახებ. ამჟამად გამოდის მისი კიდევ ერთი წიგნი სახელწოდებით „პუტინის ომები: ჩეჩნეთიდან უკრაინამდე“.

წყარო

“გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება”

გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როდესაც ის მშვიდობაზე გვესაუბრება – დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევისთვის ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაა.

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან. ეს რას იძლევა, გვიჩვენებს მათ შორის ის უმძიმესი ფაქტები, რაც გუშინ ვიხილეთ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“საქართველო კანდიდატის სტატუსს პირობებით მიიღებს” – რიკარდ იოზვიაკი

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობებით მიიღებს, – წერს “რადიო თავისუფლების” ევროპელი მიმომხილველი, რიკარდ იოზვიაკი.

„27 ევროკომისრის კაბინეტის ხელმძღვანელები 6 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ განსახილველად შეიკრიბნენ. 7 ნოემბერს მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მთავარი წინაპირობები ნათელია: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას ელოდება (სავარაუდოდ, 2024 წლის მარტში) საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობებით”, – წერს იოზვიაკი.

ევროკომისიის რეკომენდაცია 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას  ევროკავშირის ლიდერები დეკემბერში მიიღებენ.

“ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაარტყეს” – პენტაგონი

ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე 17 ოქტომბერს თავდასხმების ტალღის დაწყების შემდეგ იერიში 38-ჯერ მიიტანეს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების უმეტესობა რაკეტებითა და დრონებით მოხდა და სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს. რაიდერმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება სულ მცირე 45-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის 24-ს ტვინის ტრავმული დაზიანებები ჰქონდა.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ამჟამად ოთხი ძირითადი მიზანი აქვს: რეგიონში აშშ-ის ძალების და მოქალაქეების დაცვა, „ჰამასის“ დაჯგუფებისგან თავის დასაცავად ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფა, მძევლების გათავისუფლებაში ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა და ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის გავრცელების თავიდან აცილება.