Home Blog Page 1797

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,არავის აქვს უფლება, პირადი გამორჩენისა თუ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება გააღვივოს” – ქადაგიძე

 

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ, სოციალურ ქსელში აფასებს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, აღნიშნული ცვლილებები უახლოეს მომავალში დაინიცირდეს, ქადაგიძე დროულსა და სწორს უწოდებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ყველა პიროვნებას თუ ორგანიზაციას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინც პროვოკაციას მოაწყობს ან ვანდალურ აქტს ჩაიდენს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზა მზად უნდა ჰქონდეს ნებისმიერი მსგავსი მცდელობის დროულად აღსაკვეთად.

„დროული და სწორი გადაწყვეტილებაა. სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაბამისად, პასუხისგების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ყველა პერსონისა თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვინც დაგეგმავს და განახორციელებს პროვოკაციას, ვანდალიზმსა თუ ხულიგნურ აქტს…

არავის აქვს უფლება, პირადი გამორჩენისა თუ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, გააღვივოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება…

გასაგებია, რომ ლიბერალ ფაშისტებსა და მათი რჯულის სექტანტებს სხვა გზა არ დარჩენიათ საკუთარი თავის გამოვლენისთვის, გარდა დაპირისპირებისა და რელიგიურ ნიადაგზე კონფრონტაციისა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს საკანონმდებლო ბაზა მზად, რათა ნებისმიერი ასეთი მცდელობა ჩანასახშივე იქნას აღკვეთილი…

ქართულ საზოგადოებას გამძლეობასა და გონიერებას ვუსურვებ, განსაკუთრებით, საარჩევნო წელია და ასეთი პროვოკაციული აქტები ბევრი იქნება.“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

“ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“- რომან გოცირიძე

ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ – მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს! – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომლის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა გამკაცრდება.

გოცირიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“.

“ამ პარლამენტარების, ამ ალილო ფარისევლების მხრიდან რომელ კანონიერებაზე და კანონის გამკაცრებაზეა საუბარი?! პარლამენტის შენობის წინ აღმართულია ჯვრის მსგავსი რაღაც კონსტრუქცია, რომლის აღმართვის დღეს ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა, დღემდე დგას და სწორედ ამ ფარისევლობის გამო ხელი ვერ ახლეს. ვითომ რელიგიასა და ვითომ რწმენას იცავენ. მათი რელიგია და რწმენა არის ფული და ძალაუფლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს და ემსახურებიან არა ქვეყანას, არამედ ივანიშვილის მმართველობას. ახლა რაღაც ახალი თემა გამოაგორეს კანონის გამკაცრებაზე…

ეშმაკის წარმომადგენელია სტალინი, ლენინი და ყველა ბოლშევიკი, რომლებმაც ასობით ათასი ადამიანი მარტო საქართველოში გაანადგურეს და რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ. ამ ადამიანების ხატებით არის მოფენილი პრორუსული ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

“ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია რიტუალურად ახსენდება, როდესაც ქუჩაში გამოეფინებიან და ალილოს მსვლელობაზე გამოსულ ადამიანებს კანფეტებს ურიგებენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 152-ე კილომეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის  შედეგადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ძლიერი წვიმის შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დავით ქართველიშვილი წმ.მატრონას ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

.

სამების საკათედრო ტაძრისთვის შესრულებული წმინდა მატრონას ხატი მოიცავს ერთ-ერთი ეპიზოდის დედანს, რომელიც წმინდანის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდებთან ერთად, ეხება მათ შორის მის თითქოსდა შეხვედრას იოსებ სტალინთან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი ეხმიანება წმ.მატრონას ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველი, სასწაულმოქმედი, იყო, არის და იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღიარებული წმინდანი.

„როდესაც იქმნებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა”, პირველი, რამაც მიბიძგა მასში გაერთიანებისაკენ იყო სიტყვა “სიმართლე” და შესაბამისი ქცევის “კოდექსი”, განურჩევლად იმისა, თუ რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს აღნიშნული მიდგომა.

ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე წმინდა მატრონა მოსკოველი, სასწაულმოქმედი, იყო, არის და იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღიარებული და კანონიკური წმინდანი, რომლის ხატის შეურაცხყოფა იყო, არის და იქნება მკრეხელობა და მორწმუნე მრევლის გრძნობათა ხელყოფა. მაგრამ სიმართლე ან მასთან გაიგივებული ინფორმაცია მაინც უნდა გაჟღერდეს.

სამების საკათედრო ტაძრისთვის შესრულებული წმინდა მატრონას ხატი მოიცავს ერთ-ერთი ეპიზოდის დედანს, რომელიც წმინდანის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდებთან ერთად, ეხება მათ შორის მის თითქოსდა შეხვედრას იოსებ სტალინთან. ამ ეპიზოდის ხატად გადაქცევა ეკუთვნის რუსეთის მხატვარ-ხატმწერ ილია იოსების ძე პივნიკს, შესრულებულს 2008 წელს სანქტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვოს რაიონის სტრელნიას მოციქულთასწორი ოლღას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, იღუმენ ევსტათი ჟაკოვის დაკვეთით.

აღნიშნული ფრაგმენტის მქონე ხატი შემდგომ მცირე ხნით გავრცელდა მოსკოვის, პსკოვის, კურსკისა და რუსეთის ზოგიერთი სხვა ქალაქის ტაძრებში. ეკლესიებში აღნიშნული ფრაგმენტის მქონე წმ. მატრონას ხატის გავრცელებამ, რუსეთის სამრევლოში და სამღვდელოებაშიც გამოიწვია გარკვეული ვნებათაღელვა. რუსეთის ისტორიული და ეკლესიური წრეების ავტორიტეტული წარმომადგენლების მიერ, წმ.მატრონას და იოსებ სტალინის შეხვედრის ფაქტი არ დადასტურებულა. ამ სპეციალისტების გვარების მოყვანა ქართულ საზოგადოებას ვერაფერს შესძენს ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია მარტივი „დაგუგლვის” მეთოდით.

ასეა თუ ისე, იღუმენ ევსტათის ინიციატივამ, ფართო კრიტიკისა და სინოდალური განჩინების შემდგომ, მიიყვანა იქამდე, რომ “საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად”, ევსტათე ჟაკოვმა მიმართა ეპარქიის მღვდელმთავარს განცხადებით, გაეთავისუფლებინათ იგი სტრელნიას მოციქულთასწორი ოლღას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურებიდან. ხოლო აღნიშნული ხატი 2008 წლის 28 ნოემბერს მან ტაძრიდან საკუთარ სახლში გადაიტანა.

მე ვაცნობიერებ, თუ კრიტიკის რა ქარცეცხლში შეიძლება აღმოვჩნდე ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ეს ჩემთვის არახალია. ყველაფერი, რაც გაგიზიარეთ ინტერნეტში ხელმისაწვდომია. თუმცა მაინც ვიხმარ “თუ”-ს. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ რატომ? რატომ ყოველივე ის, რამაც თვით რუსეთშიც გამოიწვია ვნებათაღელვა, მაგრამ ჩვენთან იქნა გადმოტანილი? რაც თვით რუსეთშიც ჩაცხრა დიდი “ხანძრის” გაჩენის გარეშე. და რატომ ჩნდება ეს “ხანძარი” აქ, საქართველოში, წელს – საარჩევნო წელს. და ვინ იმკის დღეს უკვე განხორციელებული შედეგებიდან იაფფასიან პოლიტიკურ ქულებს?

ვიმეორებ, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ ინფორმაციის ღია წყაროებით. თითოეული მოყვანილი ფაქტის უკან ინტერნეტში იძებნება პირველწყარო. მაგრამ, თუ სიმართლე მრავალფეროვანია, ხოლო ჭეშმარიტება ერთადერთი, ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა უამრავ „სიმართლეს” შორის. თუ ვინმეს ვაწყენინე – მომიტევეთ…“- წერს ქართველიშვილი.

“ეს არის ლინჩის წესის დანერგვა” – ნატა ფერაძე მის სახლთან გამართულ აქციაზე

წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით, როცა ისტორიული ეკლესიები თავზე გვენგრევა, ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მან გაითვალისწინა პოლიციის მოწოდება და დარჩა სახლში მაშინ, როდესაც „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები მის სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ.

„წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც „პრაიდთან“ ხდებოდა, და პატრულს „შეეპარნენ“ და დაარბიეს [„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები], და ასევე იგივე მოხდა ივლისში, დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ასევე არ „შემოიპარებიან“, თუმცა ამჯერად პატრულმა ნამდვილად კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. ძალიან დიდი მობილიზაცია იყო.

მე არ მიყურებია არც ტელევიზორში ჯერ გამორღვევაზე, თუმცა მესმოდა და პატრულის თხოვნით, გავიწიე და აღარ ვადევნებდი თვალყურს რას აპირებდნენ და რას აკეთებდნენ. ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ისინი არიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი. წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით და როცა ისტორიული ეკლესიები თავზე გვენგრევა, ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია“, – აღნიშნა ფერაძემ.

ნატა ფერაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვის მიერ შეიძლება იყვნენ მართული მის სახლთან შეკრებილი „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები, განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებას წინ საპატრიარქო უძღვის.

„რა ეჭვი უნდა ამას, საპატრიარქოს მიერ არიან მართულები, რა თქმა უნდა. საპატრიარქო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური აქტორი.“ – განაცხადა ნატა ფერაძემ.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები დღეს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. ისინი გუშინ ნატა ფერაძის მიერ სტალინისა და მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებდნენ. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის სახლში ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამ დროისთვის უკვე ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი „ალტ-ინფოს “წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. ადგილზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები რჩებიან.

,,ბლინკენსა და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ”- „სქაი ნიუს არაბია“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, „სქაი ნიუს არაბია“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პალესტინურმა მხარემ ბლინკენს მოუწოდა, ზეწოლა მოეხდინა პალესტინის ბლოკირებული საგადასახადო სახსრების გათავისუფლებაზე.

„სახსრების გათავისუფლების შესაძლებლობა თუ არ გაქვთ, როგორ გექნებათ შესაძლებლობა, ზეწოლა მოახდინოთ ისრაელზე და მიაღწიოთ მშვიდობას, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას?“ – „სქაი ნიუს არაბიას“ ინფორმაციით, მიმართა მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენს.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პალესტინის ადმინისტრაციას რეფორმირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს „ხელშესახებ ნაბიჯებს“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ.

ამასთან, მედიის ცნობით, შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია.

“უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის”

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია.

მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ეს ანტიეკლესიური და პროვოკაციული ქმედება საჯაროდ იქნა მოწონებული და მხარდაჭერილი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მხრიდან, რაც ახალისებს რელიგიური ნიშნით სხვადასხვა მძიმე ქმედების ჩადენას.

„ამას ემატება ისიც, რომ გამოჩნდნენ ცალკეული პირები, რომლებიც თავს მარლმადიდებელ სასულიერო პირებად მოიხსენიებენ და საჯაროდ გამოდიან მოწოდებით: სამების ტაძრიდან შესაბამისი ხატის „გამოთრევით და მისი საჯაროდ დაწვით“. რელიგიური ნიშნით ასეთი ძალადობრივი მოწოდებები, რა თქმა უნდა, არაქრისტიანულია და შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას, ისევე როგორც არის მძიმე პროვოკაციის შემცველი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ქცევა და მოწოდებები შეურაცხმყოფელი და სამართლიანად აღმაშფოთებელია ნებისმიერი რელიგიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ. ამიტომ ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა, რათა არ დავუშვათ არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა.

მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას.

ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლებივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.).

ამიტომ ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს).

შედეგად, ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“მისაღებად მიმაჩნია, ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, მაგრამ ადამიანს ოლიგარქს ძალით ეძახიან და ასეთი არაფერი მინახავს”

საუბედუროდ, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს, მისაღებად მიმაჩნია, ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

„კაცი ახალი მოსულია და არ მინდა, მის დასანქცირებაზე ველაპარაკო. მინდა, ველაპარაკო ჩემს პროექტებზე, იქნებ, რაიმე დამიჯეროს. მაგალითად, ამ მასშტაბის ქველმოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ქველმოქმედება ბოლომდე მიიყვანოს და ქართველ ხალხს უბოძოს სამართლიანობა, სიმდიდრე, რომელიც დღეს უპატრონოდ არის მიგდებული. ანუ, სახელმწიფო ქონება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად გადანააწილოს. ამაზე დიდი ქველმოქმედება მსოფლიო ისტორიის მანძილზე არავის ექნება გაკეთებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. იცით, რომ ოლიგარქიული მმართველობის გულშემატკივარი ვარ ერთპიროვნულ მმართველობასთან შედარებით. საუბედუროდ, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს და ვერ ავმაღლდით ოლიგარქიულ მმართველობამდე. მისაღებად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, მაგრამ ადამიანს ოლიგარქს ძალით ეძახიან და ასეთი არაფერი მინახავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

უცხოური ვალუტის კურსი 11 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9427 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.

“ნატა ფერაძეს რომ არ ვიცნობდე, მეგონებოდა, რომ ეს ქმედება იყო ხელისუფლების პროვოკაცია” -იაგო ხვიჩია

ნატა ფერაძეს რომ არ ვიცნობდე, ერთი შეხედვით, მეგონებოდა, რომ ეს ქმედება იყო ხელისუფლების პროვოკაცია, რადგან ყველაფერი რაც ხდება, ხელისუფლების სასარგებლოა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სტალინის გამოსახულებით სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ხატზე საღებავის შესხმას და ნატა ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დისკურსის ნაცვლად, ახლა მიმდინარეობს სტალინის და მატრონას, „ალტ ინფოს“ და ნატა ფერაძის შესახებ მსჯელობა, რასაც „პოლიტიკური თვალსაზრისით, არანაირი შინაარსი ზეგ უკვე აღარ ექნება“.

„ყველა პერსონა, რომელიც სადღაც ეკლესიაში შეიძლება იყოს გაკრული, შეიძლება არ იყოს ჩემი გემოვნების შესაფერისი, ეს ქმედება თავის შინაარსით შეიძლება ბუნებრივადაც ქნას ადამიანმა, მაგრამ მე პირველი ეჭვს მივიტანდი რომ ეს იქნებოდა ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რადგან ყველაზე მეტად აწყობდა ხელისუფლებას. ხელისუფლებამ შეძლო ამით ისრების გადატანა საერთოდ სხვაგან, საერთოდ სხვა თემაზე და ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური დისკურსი გვქონდეს და პოლიტიკურ თემებზე ვსაუბრობდეთ, ჩვენ ახლა ვარჩევთ სტალინს და მატრონას, „ალტ ინფოს“ და ნატა ფერაძეს, რასაც არანაირი შინაარსი პოლიტიკური თვალსაზრისით ზეგ უკვე აღარ ექნება. ხელისუფლება როგორ დავადანაშაულო, რომ მან დაკიდა ეკლესიაში ხატი, მე ამის მტკიცებულება არ მაქვს. ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია. რომ არ ვიცნობდე ნატა ფერაძეს და რომ არ მქონდეს ეჭვი, რომ შეიძლება თვითონაც გაეკეთებინა ეს დამოუკიდებლად, მეგონებოდა, რომ ეს ქმედება იყო ხელისუფლების პროვოკაცია, რადგან ყველაფერი რაც აქ ხდებოდა იყო ხელისუფლების სასარგებლო, ხელისუფლებამ გამოიყენა ისრების სხვაგან გადასატანად და ახლა იყენებს ამას მისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. ამის ხელოვნურად მოწყობა, არ ვიცი, ვის რაში აწყობს, თუ ის ხელისუფლებიდან არ იმართება, მაგრამ ვინაიდან ვიცნობ ნატა ფერაძეს, ვუშვებ, რომ მისი ინდივიდუალური პერფორმანსიც შეიძლება იყოს. საშინლად ვაფასებ ამ პერფორმანსს, მგონია, რომ ეს არის უაზრო პროვოკაციული პერფორმანსი, რომელსაც არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია ქართული საზოგადოებისთვის და არც მოჰყვება”, – განაცხადა ხვიჩიამ.

“ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის მხრიდან ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

ყველა არჩევნების წინ ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

„ოპოზიციის განცხადება იქნება, რომ ისინი გაიმარჯვებენ – ეს ცენტრებით იქნება, უცენტროდ, დაიცენტრებიან თუ – არა. რეალობას 2024 წლის არჩევნები გვაჩვენებს. იმედი ვიქონიოთ, რომ არჩევნების უსაფუძვლო გაპროტესტებით კიდევ ერთხელ არ დაღლიან არც საზოგადოებას და არც ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ყველა არჩევნების წინ ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს. ევროპის ძირითად ქვეყნებში 4-5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იმიტომ არის, რომ ეს ხელს უწყობს სტაბილური სურათის ჩამოყალიბებას, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პარტიების არსებობა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა. ჩვენ პარლამენტი ისე წარმოგვიდგენია, რომ ერთი და ორი კაცი თუ არის, იყოს პარლამენტში? ეს არ არის პარტია, ეს არის ჯგუფი და ამის გამო უნდა იყვნენ პარლამენტში? ხუთპროცენტიანი ბარიერი არის ის, რაც პოლიტიკური პარტიის სოციალურ ბაზას განსაზღვრავს და არა ის, რომ ათი-ოცი ათასი ადამიანი მოაგროვოს და პარლამენტში იყოს. იმის ილუზია აქვთ, რომ დაბალი ბარიერი თუ იქნება, ერთი-ორი კაცი ოცი ათასი ხმის მოგროვებას და პარლამენტში მოხვედრას მოახერხებს. ეს იწვევს არა პარლამენტის გაძლიერებას და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის გაზრდას, არამედ საპარლამენტო ცხოვრების დაკნინებას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.