დავით ქართველიშვილი წმ.მატრონას ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

43
spot_img

.

სამების საკათედრო ტაძრისთვის შესრულებული წმინდა მატრონას ხატი მოიცავს ერთ-ერთი ეპიზოდის დედანს, რომელიც წმინდანის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდებთან ერთად, ეხება მათ შორის მის თითქოსდა შეხვედრას იოსებ სტალინთან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი ეხმიანება წმ.მატრონას ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველი, სასწაულმოქმედი, იყო, არის და იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღიარებული წმინდანი.

„როდესაც იქმნებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა”, პირველი, რამაც მიბიძგა მასში გაერთიანებისაკენ იყო სიტყვა “სიმართლე” და შესაბამისი ქცევის “კოდექსი”, განურჩევლად იმისა, თუ რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს აღნიშნული მიდგომა.

ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე წმინდა მატრონა მოსკოველი, სასწაულმოქმედი, იყო, არის და იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღიარებული და კანონიკური წმინდანი, რომლის ხატის შეურაცხყოფა იყო, არის და იქნება მკრეხელობა და მორწმუნე მრევლის გრძნობათა ხელყოფა. მაგრამ სიმართლე ან მასთან გაიგივებული ინფორმაცია მაინც უნდა გაჟღერდეს.

სამების საკათედრო ტაძრისთვის შესრულებული წმინდა მატრონას ხატი მოიცავს ერთ-ერთი ეპიზოდის დედანს, რომელიც წმინდანის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდებთან ერთად, ეხება მათ შორის მის თითქოსდა შეხვედრას იოსებ სტალინთან. ამ ეპიზოდის ხატად გადაქცევა ეკუთვნის რუსეთის მხატვარ-ხატმწერ ილია იოსების ძე პივნიკს, შესრულებულს 2008 წელს სანქტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვოს რაიონის სტრელნიას მოციქულთასწორი ოლღას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, იღუმენ ევსტათი ჟაკოვის დაკვეთით.

აღნიშნული ფრაგმენტის მქონე ხატი შემდგომ მცირე ხნით გავრცელდა მოსკოვის, პსკოვის, კურსკისა და რუსეთის ზოგიერთი სხვა ქალაქის ტაძრებში. ეკლესიებში აღნიშნული ფრაგმენტის მქონე წმ. მატრონას ხატის გავრცელებამ, რუსეთის სამრევლოში და სამღვდელოებაშიც გამოიწვია გარკვეული ვნებათაღელვა. რუსეთის ისტორიული და ეკლესიური წრეების ავტორიტეტული წარმომადგენლების მიერ, წმ.მატრონას და იოსებ სტალინის შეხვედრის ფაქტი არ დადასტურებულა. ამ სპეციალისტების გვარების მოყვანა ქართულ საზოგადოებას ვერაფერს შესძენს ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია მარტივი „დაგუგლვის” მეთოდით.

ასეა თუ ისე, იღუმენ ევსტათის ინიციატივამ, ფართო კრიტიკისა და სინოდალური განჩინების შემდგომ, მიიყვანა იქამდე, რომ “საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად”, ევსტათე ჟაკოვმა მიმართა ეპარქიის მღვდელმთავარს განცხადებით, გაეთავისუფლებინათ იგი სტრელნიას მოციქულთასწორი ოლღას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურებიდან. ხოლო აღნიშნული ხატი 2008 წლის 28 ნოემბერს მან ტაძრიდან საკუთარ სახლში გადაიტანა.

მე ვაცნობიერებ, თუ კრიტიკის რა ქარცეცხლში შეიძლება აღმოვჩნდე ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ეს ჩემთვის არახალია. ყველაფერი, რაც გაგიზიარეთ ინტერნეტში ხელმისაწვდომია. თუმცა მაინც ვიხმარ “თუ”-ს. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ რატომ? რატომ ყოველივე ის, რამაც თვით რუსეთშიც გამოიწვია ვნებათაღელვა, მაგრამ ჩვენთან იქნა გადმოტანილი? რაც თვით რუსეთშიც ჩაცხრა დიდი “ხანძრის” გაჩენის გარეშე. და რატომ ჩნდება ეს “ხანძარი” აქ, საქართველოში, წელს – საარჩევნო წელს. და ვინ იმკის დღეს უკვე განხორციელებული შედეგებიდან იაფფასიან პოლიტიკურ ქულებს?

ვიმეორებ, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ ინფორმაციის ღია წყაროებით. თითოეული მოყვანილი ფაქტის უკან ინტერნეტში იძებნება პირველწყარო. მაგრამ, თუ სიმართლე მრავალფეროვანია, ხოლო ჭეშმარიტება ერთადერთი, ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა უამრავ „სიმართლეს” შორის. თუ ვინმეს ვაწყენინე – მომიტევეთ…“- წერს ქართველიშვილი.