“უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის”

17
spot_img

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია.

მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ეს ანტიეკლესიური და პროვოკაციული ქმედება საჯაროდ იქნა მოწონებული და მხარდაჭერილი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მხრიდან, რაც ახალისებს რელიგიური ნიშნით სხვადასხვა მძიმე ქმედების ჩადენას.

„ამას ემატება ისიც, რომ გამოჩნდნენ ცალკეული პირები, რომლებიც თავს მარლმადიდებელ სასულიერო პირებად მოიხსენიებენ და საჯაროდ გამოდიან მოწოდებით: სამების ტაძრიდან შესაბამისი ხატის „გამოთრევით და მისი საჯაროდ დაწვით“. რელიგიური ნიშნით ასეთი ძალადობრივი მოწოდებები, რა თქმა უნდა, არაქრისტიანულია და შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას, ისევე როგორც არის მძიმე პროვოკაციის შემცველი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ქცევა და მოწოდებები შეურაცხმყოფელი და სამართლიანად აღმაშფოთებელია ნებისმიერი რელიგიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ. ამიტომ ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა, რათა არ დავუშვათ არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა.

მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას.

ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლებივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.).

ამიტომ ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს).

შედეგად, ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.