Home Blog Page 1791

“შუა დერეფანი დღეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია” – გია ვოლსკი

შუა დერეფანი დღეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია – მომავალი მსოფლიოს არქიტექტურის დიდი ნაწილი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული და მნიშვნელოვანი და საჭიროა ის აქტივობები, რასაც პრემიერ- მინისტრი ეწევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აბრეშუმის გზის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიცია აქვს.

“შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დიდი ხანია ლაპარაკია, მაგრამ დღეს ეს თემა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ყველასათვის, აღმოსავლეთისთვისაც, დასავლეთისთვისაც და ამ ორი ბაზრის დაკავშირება შუა დერეფნის გარეშე ვერ მოხდება. საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიცია შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის და სწორედაც საქართველოს გავლით ძალიან ბევრი რამ მოხდება. არქიტექტურის დიდი ნაწილი მომავალი მსოფლიოსი, რასაკვირველია, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული. ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი და საჭირო ის აქტივობები, რასაც პრემიერ-მინისტრი ეწევა და მისასალმებელი უნდა იყოს წესით ყველასათვის. სამწუხაროა, რომ ბევრი დესტრუქციული სუბიექტი გამოჩნდა, რომელიც ამ საკითხებზეც კი კრიტიკისთვის იცლის,” – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს მეშვეობით რუსეთისთვის სანქცირებული ტვირთების მიწოდების საკითხზე საუბარი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

“გონებრივად ჩამორჩენილი უნდა იყო, არაფერს უნდა წარმოადგენდე, ინფორმაცია არაფერზე გქონდეს, რას წარმოადგენს შუა დერეფანი – შუა დერეფანი კოსმოსსა და აზიას შორის კი არ არის, შუა დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არის და არ მგონია, დასავლეთში იყოს ისეთი განწყობები, რომ მიაწოდონ ისეთი ტვირთები ამ შუა დერეფნის გამოყენებით, რომელიც რუსეთში აღმოჩნდება საბოლოო ჯამში. ასე რომ ის თემა, რომ საქართველოს გავლით რუსეთი სანქციებს არიდებს თავს, მოიხსნა დღის წესრიგიდან, მითუმეტეს, ბოლო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენტური სტრუქტურის მიერ გაკეთებული განცხადება ამას გამორიცხავს, თუმცა, რასაკვირველია, არავინ უარყოფს იმას, რომ კონტროლი მუდმივად გაგრძელდება და ეს საჭიროა. ჯერჯერობით რაც გამოვლინდა, ამ სანქციების მიუხედავად რუსეთი საკმაოდ სერიოზულ დივიდენდებს იღებს თავისი ენერგორესურსებით ვაჭრობის მეშვეობით, მათ შორის უკრაინის გავლით,” – განაცხადა ვოლსკიმ.

“ეროვნული ბანკის მმართველობას და მის ქმედუნარიანობას საფრთხე არ დაუდგება” – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მმართველობას საფრთხე დეკემბერში საბჭოს ორ წევრის საქმიანობის ვადის გასვლის მიუხედავად, არ დაუდგება.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც 2023 წლის დეკემბერში, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგლეტარის საქმიანობის ვადის გასვლის შემდეგ ეროვნულ ბანკში წარმოქმნილ შესაძლო ჩიხს შეეხებოდა.

„ეროვნული ბანკის მმართველობას და მის ქმედუნარიანობას საფრთხე არ დაუდგება არც დეკემბერში, არც იანვარში, არც 2025 წლის დეკემბერში“, – აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის სამი მოქმედი ვიცეპრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა) ყველაზე ადრე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ვადა გასდის არჩილ მესტვირიშვილს. ხოლო არააღმასრულებელი წევრებიდან ასევე დეკემბერში ვადა გასდის რობერტ სინგლეტარს. ამჟამად ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია.

“ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს” – მეუფე შიო პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ილიაობის დღესასწაულზე მისალოცი სიტყვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის ყოველი ქადაგება სასოებითა და სიყვარულით არის გაჯერებული.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის – წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენებას აღნიშნავს. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული.

განსაკუთრებულია ქართველი ერის სიყვარული წმინდა ილია თეზბიტელისადმი, ვინაიდან მისი ხალენი, რომლითაც იგი დიდ სასწაულებს აღასრულებდა, სვეტიცხოვლის ტაძარში, მისი სახელობის ეკვდერშია დაფლული.

თქვენ არაერთგზის აღგინიშნავთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ილია წინასწარმეტყველის მადლი გიცავდათ; დღეს ჩვენ ვფიქრობთ თქვენ მიერ განვლილ სულიერი ცხოვრების გზაზე, თქვენს ღვაწლზე და, ამასთან, თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრება გვახსენდება. საოცარია ღვთისაგან განდგომილ ხალხში ჭეშმარიტი სარწმუნოების დასანერგად მისი თავგანწირული და უშიშარი მსახურება. ასევე ძალზე რთული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ ეკლესიის დევნის შედეგად ღვთისგან დაშორებული ერის რწმენისაკენ შემობრუნება, რაც თქვენ უფლის შეწევნითა და თქვენი მფარველი წმინდანის მეოხებით შეძელით.

მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ მუდამ ვგრძნობთ, თუ რა მძიმეა პატრიარქობის ჯვარი, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ათეიზმის ზეობისა და ეკლესიების ნგრევის ხანაში გარგუნათ და რომელსაც თქვენ ორმოცდახუთი წლის განმავლობაში ღვთისადმი დიდი მორჩილებით, ასე უდრტვინველად ატარებთ.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისი არის ის შეურყეველი ქვაკუთხედი, საიდანაც დევნის უმძიმესი პერიოდის შემდეგ საქართველოს ეკლესიის ფერისცვალება და ჩვენი ერის სულიერი აღმავლობა იწყება.

რთულია, სიტყვებით წარმოაჩინო თქვენი ღვაწლი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი მუხლჩაუხრელი მსახურება ერის ცხოვრების მრავალ სფეროს შეეხო. შეუძლებელია, აღინუსხოს ის სიკეთეები, რომლებიც თქვენ ათეული წლების განმავლობაში უფლისა და თქვენი მფარველი წმინდანის შეწევნით გიკეთებიათ.

საკუთარი თავის შეცნობა, ანალიტიკური აზროვნება, მოყვასის სიყვარული, შემწყნარებლობა, სიკეთის ქმნა – ეს ის სულიერი, ზნეობრივი და ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პრინციპებია, რომლებსაც თქვენ მუდამ შთაგვაგონებთ და რომლებიც ჩვენი ერის ცნობიერების კეთილგონიერებისკენ წარმართვისა და სულიერი განმტკიცების საწინდარი გახდა.

სასოებითა და სიყვარულით გაჯერებული თქვენი ყოველი ქადაგება დიდი ნუგეშის მატარებელია.

,,ნუ გეშინიათ, საქართველო გამთლიანდება! როგორც განუყოფელია კვართი უფლისა, ისე განუყოფელია საქართველო“, – ხშირად გითქვამთ თქვენ და ეს სიტყვები ყოველი ქართველისთვის ყველაზე დიდ სატკივარში დიდი იმედის მომცემია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თქვენი ღვაწლის წარმატებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს პირად სულიერ და ადამიანურ თვისებებს. სიყვარული და თანაგრძნობა, ლმობიერება და მოთმინება, სიმშვიდე და თავმდაბლობა, რომელსაც თქვენ მოყვასთან ურთიერთობაში მუდამ ავლენთ, ის უხილავი ძალაა, რომელმაც მრავალი ადამიანის გული გაათბო და ეკლესიის წიაღში მოიყვანა. ვისაც თქვენთან ურთიერთობა ჰქონია, თქვენ მათ ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა მიეცით და უფლის სიყვარულისა და ცოცხალი სარწმუნოების მაგალითი აჩვენეთ. ამასთან, თქვენი ეს თვისებები და სათნოებები გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოს ეკლესიას და თქვენს პიროვნებას დიდი ავტორიტეტი აქვს მოპოვებული საერთაშორისო ასპარეზზე როგორც სასულიერო, ასევე საერო მოღვაწეთა შორის.

,,ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემ თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზედ წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა”, – ბრძანეთ თქვენ; და ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ თქვენ დღესაც დიდი შემართებითა და ერთგულებით ასრულებთ უფლის მიერ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს; თავგანწირვითა და სიყვარულით ემსახურებით ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს.

ამიტომაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც წარსულში, თქვენი სიბრძნით არაერთხელ ააცილეთ საქართველოს დიდი განსაცდელი, დღესაც, როდესაც ჩვენი ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით, უფალი შეგვაძლებინებს მათ გადალახვას.

ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. ჩვენ ბედნიერი თაობა ვართ, რადგან უფალმა წილად გვარგუნა თქვენი თანამედროვეობა.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს დიდი სიყვარულით მადლობას გიხდით თქვენი სამოციქულო ღვაწლისა და მამობრივი ზრუნვისთვის.

ვევედრებით და შევთხოვთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ! მრავალსა წელსა მრავალჟამიერ! ამინ!,- აღნიშნა მეუფე შიომ.

“აბა, თუ მაგრები ხართ, საქმეზე გველაპარაკეთ” -გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი.

„„გამარჯვების პლატფორმის“ შექმნის პირველივე დღიდან ჩვენ დავიწყეთ საუბარი საქმეზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ ჩამოვაწეროთ უსამართლოდ მაღალი საპენსიო სესხები პენსიონერებს, როგორ გავუმართოთ ხელი ახალგაზრდებს. რას ვისმენთ რუსული რეჟიმის მხრიდან? ისევ და ისევ რაღაც ჭორები, შეთქმულების თეორიები, ლანძღვა-გინება. ჩვენ ამაში ვერ გამოგყვებით, ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება არის ეს, ჩვენ ვისაუბრებთ საქმეზე, თქვენ კი რაც გინდათ, ის აკეთეთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ რუსული დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში. ჩვენ წარვადგინეთ ანაკლია-ლაზიკის პროექტი, რომელიც დღეს ამუშავებული უნდა ყოფილიყო და 300 000 სამუშაო ადგილი შექმნილი უნდა ყოფილიყო, თქვენ კი ყველაფერს აკეთებთ და კვლავ აგრძელებთ რუსული დავალების შესრულებას, რომ ეს პროექტი საქართველოში არ განხორციელდეს. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე, ჭარბი შემოსავლები ბიუჯეტში სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, თქვენ კი გინდათ, ეს ფული ჯიბეში ჩაიდოთ და პენსიონერები იმ უმძიმეს ყოფაში ამყოფოთ, სადაც არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე, მათი განათლების გარემოს გაუმჯობესებაზე და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დაფინანსებით ხელის გამართვაზე, თქვენ კი ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ქვეყანა დატოვონ და კატასტროფული მიგრაცია კვლავ გაგრძელდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ დევნილებს, ვეტერანებს, სხვადასხვა ჯგუფს როგორ გავუმართოთ ხელი, როგორ დავაყენოთ ფეხზე სოფელი და ქალაქი, თქვენ კი კვლავ რუსულ დავალებას ასრულებთ და საბოტაჟს უცხადებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. თქვენ აღრმავებთ ურთიერთობებს და ისეთ სტრატეგიულ პარტნიორობებს აცხადებთ, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მე მთავარი, მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. 11 წელი არაფერი გაგიკეთებიათ, გარდა ამ ქვეყნის გაუბედურებისა, და ამის მაჩვენებელი არის ის კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელი, რაც დღეს არის და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ. აბა, თუ მაგრები ხართ, საქმეზე გველაპარაკეთ, აბა, თუ მაგრები ხართ, გამოგვყევით რომელიმე თემაში, კამათში, რომელიც ხალხს აწუხებს. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სწორედ ეს არის გამოძახილი, რაც მათი მხრიდან არის, როგორ გადავარჩინოთ დემოგრაფიულ კატასტროფას ქვეყანა, როგორ გავხადოთ საქართველო მძლავრი ეკონომიკური ჰაბი, თქვენ კი რუსულ დავალებას ასრულებთ და გინდათ, რომ ჩიხი იყოს ეს ქვეყანა, რაღაც სისულელეებს აცხადებთ, სტრატეგიულ პარტნიორობას არადემოკრატიულ ქვეყნებთან, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ თქვენ გინდათ, საბოლოოდ მოიყვანთ აღსრულებაში რუსული დავალება, რომ საქართველო იყოს ჩიხური ქვეყანა. მაგრამ ამას ვერ შეძლებთ, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, შევქმნით სამუშაო ადგილებს, ბევრ პროექტს განვახორციელებთ და ამას თქვენ – კობახიძე-ივანიშვილი-ღარიბაშვილის დაჯგუფებას ვეუბნები, ვერასდროს წინ ვერ აღუდგებით. მეტი შეხვედრა ხალხთან, მეტი საუბარი საქმეზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ვაშაძემ.

“სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი” – ილია მეორე

სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა.

პატრიარქმა მრევლს ილიაობა მიულოცა.

“იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი!” – აღნიშნა პატრიარქმა.

ამასთან, სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პატრიარქს მრევლი შეძახილებით “გვიყვარხარ პატრიარქო” შეხვდა.

ცნობისთვის, სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა.

წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907წ.წ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.

“ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით” – ალუდა ღუდუშაური

ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით, რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ მონაწილეობდა რეკომენდაციების შესრულებაში.

„ანგარიშში პოზიტიურადაა ის ნაბიჯები შეფასებული, რომელიც ჩვენ და ქვეყანამ გადავდგით და ამაში არის ძალიან წვლილი იმისა, რომ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ ვიმუშავეთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პრობლემა სწორედ აქაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს. დარწმუნებული ვარ, პოზიტიური ასპექტები რაც ანგარიშში არის გამოხატული, მათთვის არის კოვზის ნაცარში ჩავარდნის მკაფიო გამოხატულება. ხელმოცარული ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები აჩვენებს იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

“2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება, რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება” – პაატა მანჯგალაძე

2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება, რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც რუსეთთან კავშირშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ წინა არჩევნებსაც წააგებდა, საარჩევნო სისტემა პროპორციული რომ ყოფილიყო.

„ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წელს გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრაო და მას შემდეგ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის. რანაირად გააქრეს, თუ მთავარი დღის წესრიგი მაინც „ნაციონალური მოძრაობაა?“ მთავარი ოპოზიციური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ჩვენ არ გვინდა, რომ ჩავიკეტოთ პარტიებში და კამპანიას ვიწყებთ, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამარჯვების ნაწილი გახდეს. 2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება. ჩვენ რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც რუსეთთან კავშირშია. „ქართული ოცნება“ წინა არჩევნებსაც წააგებდა, საარჩევნო სისტემა პროპორციული რომ ყოფილიყო. ცალკე პარტიული დღის წესრიგი არ მაინტერესებს, როცა საქართველო არის გადასარჩენი. თუნდაც შეფუთვა დავარქვათ, მე ასე ვცხოვრობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა აგენტოკრატიის მზაკვრული გეგმა, ISFED-მა აღიარა არა დანაშაული, არამედ „შეცდომა“, შეცვალა ორგანიზაციის ხელმძღვანელი”

რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თუ რა ღრმა კრიზისია აშშ-ში, რომელიც ერთ დროს მისაბაძი იყო, განსაკუთრებით ახალი დამოუკიდებელი ქვეყნებისთვის. ამერიკელი რესპუბლიკელებისა და არა მხოლოდ მათ მიერ შეფასებულ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ დევნას დაემატა კიდევ ოთხი ბრალდება, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ტრამპისათვის ბოლო ფედერალური ბრალის წაყენებას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს თაღლითობისა და მოტყუების გზით, საბოტაჟი მოუწყვეს „ნაცების“ ვასალმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) და მისმა საგარეო სპონსორებმა.

მისი თქმით, ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები (PVT) უსირცხვილოდ გააყალბა, რამაც რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის არაერთი ტალღა გამოიწვია.

„რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თუ რა ღრმა კრიზისია აშშ-ში, რომელიც ერთ დროს მისაბაძი იყო, განსაკუთრებით ახალი დამოუკიდებელი ქვეყნებისთვის. ამერიკელი რესპუბლიკელებისა და არა მხოლოდ მათ მიერ შეფასებულ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ დევნას დაემატა კიდევ ოთხი ბრალდება:

– შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს.

– შეთქმულება, 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება.

– შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ.

– საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა.
ამ მორიგი უპრეცედენტო საქმით ვხედავთ, რომ ფარისევლური ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებაში ცხადზე ცხადია. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმი უმძიმესი დანაშაულია, ხოლო 2019 წლის 20-21 ივნისის იერიში საქართველოს

პარლამენტზე „გამოხატვის თავისუფლება“.

ტრამპისათვის ბოლო ფედერალური ბრალის წაყენებას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს თაღლითობისა და მოტყუების გზით, საბოტაჟი მოუწყვეს „ნაცების“ ვასალმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) და მისმა საგარეო სპონსორებმა.

ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები (PVT) უსირცხვილოდ გააყალბა, რამაც რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის არაერთი ტალღა გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა აგენტოკრატიის მზაკვრული გეგმა, ISFED-მა აღიარა არა დანაშაული, არამედ „შეცდომა“, შეცვალა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის, რომელზეც აშშ-ში სასჯელი უმკაცრესია, ბოდიშიც კი არ მოიხადეს არც კელი დეგნანმა და არც „ნაცების“ ლობისტობაში ჩართულმა, ISFED-ისა და სხვა ნაცპარტიული NGO-ების საელჩოს კურატორებმა.

ტრამპისადმი ამ უმძიმესი ბრალდებების წაყენების შემდეგ არ ველი, რომ რეპუტაციაშელახული ელჩი დეგნანი, IRI-ის, NDI-ის წარმომადგენლობები საქართველოში თუ სხვები ბოდიშს მოიხდიან ISFED-ის საბოტაჟის გამო. რადგან სწორედ ამ აქტორებმა უზნეოდ შერაცხეს FARA-ს ქართული კანონპროექტი „რუსულად“ საკუთარი მარგინალი აგენტების – ISFED, ლომჯარია, გიგაური და მსგავს ნაყარ-ნუყარ რადიკალთა დასაცავად.
თუმცა, ფაქტებსა და სიმართლეს ვერავინ, ვერასდროს გაექცევა!

2024 წელს, საქართველოს ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. აქ გაყალბების დაშვების პროცენტული მაჩვენებელი = 0-ს. თავად მინახავს შუალედურ არჩევნებში სპეციალისტებთან ერთად ევროპიდან შემოტანილი ეს აპარატურა, რომელიც ინტერნეტს არაა მიერთებული (ჰაკერული თავდასხმა გამორიცხულია). და ვერც „კარუსელს“ უშვებს – პირადობის ელექტრონული მოწმობის წამკითხველი აპარატი სხვა უბანზე მისულ ამომრჩეველზე მკაფიო ხმოვან სიგნალს იძლევა.

რასაკვირველია, ნაცრევანშისტები, მათი მარიონეტები და დასავლეთის ცალკეული წამქეზებლები მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზეც შეეცდებიან ‘წყლის ამღვრევას’, თუმცა მწარე გამოცდილება გაზიარებულია (lessons learnt) და სიმართლის დამტკიცებას თავდაცვითი მექანიზმებიც დაემატა“, – წერს აბაშიძე facebook – ზე.

„უკრაინის კონტრშეტევას ფართო დანაღმული ველები აბრკოლებს“ – უცხოური პრესა

„უკრაინის არმიის კონტრშეტევა თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს, მაგრამ საომარი მოქმედებები იმ მოლოდინს არ ამართლებს, რაც დასავლეთში და უკრაინაში იყო შექმნილი. რა უშლის ხელს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას? მთავარი და სერიოზული დაბრკოლება, რასაც უკრაინის არმია აწყდება, ექსპერტების აზრით, ესაა რუსების მიერ დანაღმული ველები – ფრონტის ხაზი და მის მიღმა არსებული ყოველი მეტრი სიკვდილს თესავს“, – ნათქვამია ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონტრშეტევას ფართო დანაღმული ველები აბრკოლებს“ (ავტორი – მეთიუ ბიგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სამწუხაროდ, კიევს საკმარისად არ აქვს ის ინსტრუმენტები და სპეციალური ტექნიკა, რომელიც დანაღმულ ველებს გააუვნებლებს.

ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რობერტ ლის თქმით, პრობლემა იმაშია, რომ რუსეთმა გზებისა და მინდორ-ველების დანაღმვა „ინოვაციური წესით“ განახორციელა, თავდაცვის რამდენიმე ხაზის ჩარჩოებში. სწორედ მათი გადალახვის მცდელობის დროს განიცადა უკრაინის არმიამ მძიმე ტექნიკისა და პირად შემადგენლობის დიდი დანაკარგები კონტრშეტევის საწყის ეტაპზე, რის სედეგადაც საომარი მოქმედებების ინტენსივობა შეფერხდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, გარკვეული დასკვნების შედეგად, უკრაინის არმიის სახმელეთო ქვედანაყოფებმა შეტევა კვლავ განაახლეს – „ამჟამად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, კიევმა შეტევაში ახალი სარეზერვო ძალები ჩააბა. უკრაინა ასევე იყენებს ტანკებსა და სპეციალურ განმნაღმავ ტექნიკას, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან მიწოდებულს.

მაგრამ როგორც კი უკრაინელებმა სპეცტექნიკა ბრძოლის ველზე გაიყვანეს დანაღმული ველების გასაუვნებლად, რუსებმა თავიანთი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ავიაცია გამოიყენეს და უკრაინის არმიის მოწყვლადი ადგილებით ისარგებლეს.

ავსტრალიის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორის მიკ რაიანის თქმით (იგი ლოუის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელია), განნაღმვის ტექნოლოგია ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არცთუ სწრაფად ვითარდებოდა, მისი სრულყოფა დაყოვნდა დრონებისა და ზუსტ მართვად რაკეტებთან შედარებით.

„უკრაინას განნაღმვის პროცედურის დასახვეწად ახალი ტექნოლოგიების შექმნა ჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუცილებელია „განნაღმვის მანჰეტენის პროექტი“, – ამბობს მიკ რაიანი, რომელსაც მხედველობაში აქვს მეორე მსოფლიო ომის წლებში არსებულიაშშ-ის პროგრამა ატომური ბომბის შექმნისათვის.

უკრაინას კონტრშეტევის წარმატებით გასავითარებლად ფაქტიურად არ აქვს სამხედრო-საჰაერო ძალები ანუ სახმელეთო ძალების ჰაერიდან მხარდაჭერა არ ხდება. ავიაცია კონტრშეტევის წარმატებისათვის აუცილებელია – დამრტყმელი ვერტმფრენები, რეაქტიული ავიაგამანადგურებლები, ბომბდამშენები.. დასავლეთი კი ავიასაშუალებების გადაცემას აჭიანურებს.

შეიარაღების დეფიციტისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, უკრაინის არმია ცდილობს სამ ფრონტზე შეტევას – მათგან ორი სამხრეთის სექტორშია, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან, ერთი კი ჩრდილოეთში, ბახმუტთან (არტემოვსკთან), რომელიც რუსულმა არმიამ მაისში დაიკავა. უკრაინის სარდლობა ისე მოქმედებს, რომ რუსეთი აიძულოს ძალების გადანაწილებაში შეცდომა დაუშვას, რასაც კიევი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

„უკრაინელები ცდილობენ რუსებს პრობლემები შეუქმნან ისე, რომ მათ რეზერვები მთლიანად გამოიყენონ“, – ამბობს რობერტ ლი, რომელიც ამას წინათ დაბრუნდა კიევიდან, სადაც იგი უკრაინის არმიის სარდლობის წარმომადგენლებს ესაუბრა.

ფილადელფიელი მკვლევარის აზრით, თუ უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიაღწევს წარმატებას და აღმოჩნდება, რომ ეს მთავარ მიმართულებას წარმოადგენს, მაშინ შედეგები არასაკმარისი იქნება. სავარაუდოდ, რუსეთი სწრაფად იმოქმედებს და ფრონტის ხაზის გარღვევის ადგილზე რეზერვებს გადაისვრის. „ამიტომ აუცილებელია შეტევა წარმატებით სამივე მიმართულებით განხორციელდეს“.

წყარო

“ტრამპს რა ბრალდებაც წარუდგინეს, ამ ამერიკული სტანდარტით, 2020 არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების გამო ბრალდება უნდა წარედგინოს ISFED-ის შემადგენლობას და USAID -ის წევრებს”

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ახალი ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დონალდ ტრამპს, ამერიკული სტანდარტით, 2020 არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების გამო ბრალდება უნდა წარედგინოს ISFED – ის შემადგენლობას და USAID – ის წევრებს, რომლებმაც პვტ გააყალბეს, ასევე რადიკალური ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერს.

„დონალდ ტრამპს რა ბრალდებაც წარუდგინეს, ამ ამერიკული სტანდარტით, 2020 არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების გამო ბრალდება უნდა წარედგინოს ISFED – ის შემადგენლობას და USAID – ის წევრებს, რომლებმაც პვტ გააყალბეს, ასევე რადიკალური ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერს“, – წერს გვენეტაძე facebook – ზე.

ყირიმში, რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, გვარდეისკოეს დასახლებაში მდებარე რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„დასახლება გვარდეისკოეში, რომელიც სიმფეროპოლის რაიონში მდებარეობს, რუსული ავიაბაზა არის განლაგებული. აეროდრომი რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვემდებარება. ტერიტორიაზე 37-ე შერეული საავიაციო პოლკი არის დისლოცირებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს.

მედიის ცნობით, გარდა ამისა, დილით ყირიმის ხიდიც იყო დაკეტილი, ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.

“რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მკაცრი სანქციებით – ყველა ქვეყანას შეუძლია მეტი გააკეთოს” – ანდრეი ერმაკი

რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი “ტვიტერში” წერს.

მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი.

“ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელიც მუდმივად გაიზრდება და გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინდუსტრიაზე. ასევე, ყველას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს. ყველა ქვეყანას შეუძლია მეტის გაკეთება”, – აცხადებს ერმაკი.

მისი თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება მეტი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა.

“აუცილებელია რუსული ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანება, რუსეთის ფედერაციისთვის ჰაერიდან თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობების წართმევა”, – წერს ერმაკი.