Home Blog Page 1790

“ისრაელი ღაზის ოკუპაციას არ გეგმავს” – ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი მარკ რეგევი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის ოკუპაციას.

ნეთანიაჰუს მრჩეველმა, მარკ რეგევმა კომენტარი გააკეთა ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ომის დასრულების შემდეგ ისრაელს განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება პასუხისმგებლობა ღაზაში საერთო უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ღაზის სექტორის რაიმე სახის მიმდინარე ოკუპაციაზე. ჩვენ უნდა განვასხვაოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პოლიტიკური კონტროლი“, – განაცხადა რეგევმა.

რეგევის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ომის დასრულების შემდეგ „ჰამასმა“ ძალების აღდგენა ვეღარ შეძლოს.

„„ჰამასს“ როცა დავამარცხებთ, მნიშვნელოვანია, რომ ტერორისტული ელემენტი ვერ აღდგეს. ისრაელის უსაფრთხოების ძალები უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი ხელახლა მოახდენს ღაზის სექტორის ოკუპაციას, ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი იქ ღაზის სექტორის სამართავად იქნება. პირიქით, ჩვენ დაინტერესებული ვართ ახალი ჩარჩოების ჩამოყალიბებით, სადაც ღაზის მოსახლეობა შეძლებს საკუთარი თავის მართვას, სადაც იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა ღაზის რეკონსტრუქციისთვის“, – აღნიშნა რეგევმა.

“ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას” – The Guardian

ევროკომისია დღეს მთავარ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესის შესახებ პირველი ოფიციალური მიმოხილვა იქნება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ცნობით, რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭათ, მოსალოდნელია, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

“ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს – კარგი ამბავია თბილისისთვისაც”

ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, – ინფორმაციას გამოცემა Politico ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა ვინაობასაც არ ასაჯაროებს.

„მწვანე შუქი უკრაინისა და მოლდოვისათვის: ევროკომისრების კაბინეტის ხელმძღვანელები, რომლებიც ორშაბათს ჰებდოს ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, უკვე შეთანხმდნენ იმ დიდ კითხვებზე, რომლებიც გაშუქდება დღევანდელ გაფართოების ანგარიშში: ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით – იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს. კარგი ამბავია თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი“,- წერს გამოცემა ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

“დამსახურებული სტატუსის მისაღებად, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს” – დავით სონღულაშვილი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის 35-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და კანდიდატის სტატუსის მიღებასა და საქართველოს ენერგოპროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო ახლა, თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა – ძალიან მალე ველოდებით კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს. შესანიშნავი მზაობა გვაქვს, წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა თუ სხვა საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით. ყველა შესაბამისი კრიტერიუმით ჩვენი ქვეყანა მოწინავეა, რასაც ასევე დაემატა 12 პუნქტის შესრულება. ამ მხრივ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასული 6 თვის განმავლობაში თითოეული პუნქტი ზედმიწევნით სრულყოფილად შესრულებულიყო. შესაბამისად, დამსახურებული სტატუსის მისაღებად ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, სტატუსის, რომლის მხარდამჭერია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. მათი არჩევანი ევროპაა, იგივე ღირებულებები, იგივე ცხოვრების წესი, იგივე კულტურა თუ განათლებისკენ სწრაფვა. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ნამდვილად ფასდაუდებელია, ისევე როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვა.

„თუმცა, აქამდე მარტივად არ გვივლია. დამოუკიდებელი საქართველოს ამ სამათეულწლიან ისტორიაში ძალიან მოკლე ვადიანი პერიოდი თუ მოიძებნება სიმშვიდის, ქვეყანაში სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის, გლობალური პროექტების. ამ პერიოდში, ჩემმა ქვეყანამ რამდენიმე ომი გამოიარა რუსეთთან, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღემდე ვებრძვით მცოცავ ოკუპაციას ქვეყანაში, მაგრამ არ გავჩერებულვართ და წინსვლა და გამარჯვება არ შეგვიწყვეტია, არც ეკონომიკური, არც ინფრასტრუქტურული, არც კულტურული და სპორტული, არც საგანმანათლებლო მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო საბერძნეთის პარლამენტს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და გისურვოთ ნაყოფიერი მუშაობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა „ომი შუაგულ ევროპაში, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ?“.

ათენში გამართული ასამბლეაში 24 წევრი ქვეყნის და რეგიონული პარლამენტის დელეგატები მონაწილეობენ.

“საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს” – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად დადებითი წინასწარი დასკვნის მოლოდინი აქვს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს დიმიტრი ხუნდაძეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოლოდინი არის პოზიტიური, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ეს მოლოდინი გამქრალიყო, რომ ის სამუშაო, რაც მმართველმა გუნდმა ჩაატარა საზოგადოების დაკვეთით, არ მისულიყო კონკრეტულ შედეგამდე. მე ვფიქრობ, ისინი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დარჩებიან გაწბილებულები და საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა შემდგომშიც გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განხორციელება. „რა თქმა უნდა, ამისათვის არის გარკვეული რეფორმები განსახორციელებელი და მმართველი გუნდი ამაზე უარს არასდროს ამბობს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

“ქვეყანა, რომელიც მოწინავე იყო ასოცირებულ ტრიოში, ელოდება სტატუსს, ტრიოს დანარჩენი 2 წევრი ერთი ნაბიჯით წინაა”

ქვეყანა, რომელიც ერთ დროს იყო მოწინავე ასოცირებულ ტრიოში, დღეს ელოდება სტატუსს, ტრიოს დანარჩენი ორი წევრი კი ერთი ნაბიჯით წინაა – წელიწად ნახევარი ხელისუფლებამ პროცესის დასაზიანებლად გამოიყენა, შეფასება არ იქნება პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სტატუსის მიღებას, ლილუაშვილის მოლოდინი ამ მხრივ პოზიტიურია, თუმცა, როგორც აღნიშნავს, იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ხელისუფლების ნაბიჯები არ იქნება.

“თვენახევრის წინ იყო დაახლოებით ზეპირი მოსმენა, სადაც გაჟღერდა ხელისუფლების შეფასება. სამოსნობა – მე ასე ვარქმევ ამას, სხვას ვერაფერს დაარქმევ, როცა 12 – დან 3 რეკომენდაციაა შესრულებული. მის შემდეგ “ქართულ ოცნებას” რაიმე არსებითი ნაბიჯი რეკომენდაციების შესასრულებლად არ გადაუდგამს. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავდგით არაპოპულარული ნაბიჯი და სამუშაო ჯგუფებში შევედით, არც ერთი ჩვენი რეკომენდაცია რეფორმებთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებიათ. ხშირ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” არათუ არ ასრულებდა რეკომენდაციებს, არამედ ხელს უშლიდა ამას, მაგალითად, როცა გამოვიდნენ და დეკლარირებულად თქვეს, რომ არ მოახდენდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას. რატომ? – რადგან ეს ნიშნავს სასამართლოში გავლენის ბერკეტების შესუსტებას, ჩახსნას. მე არ მგონია, რომ რაიმე არსებითი პროგრესი დაფიქსირდეს, რადგან ქვეყანა, რომელიც ერთ დროს იყო მოწინავე ასოცირებულ ტრიოში, დღეს ელოდება სტატუსს, ხოლო ტრიოს დანარჩენი ორი წევრი ერთი ნაბიჯით წინაა და გაწევრიანების მოლაპარაკებებში ერთვება, ჩვენ კი სტატუსის მოლოდინში ვართ, რადგან მთელი წელიწადნახევარი ხელისუფლებამ პროცესის დასაზიანებლად გამოიყენა. ამიტომ, შეფასება არ იქნება პოზიტიური სამწუხაროდ და “ქართულ ოცნებას” სიმართლისთვის თვალის გასწორება მოუწევს. რაც შეეხება სტატუსის მიღებას, თუკი ჩამოვთვლიდით, რის გამო მოგვცემენ სტატუსს, ამაში არ მოხვდებოდა ხელისუფლების ნაბიჯები. ამოვიღოთ რა ნაბიჯები გადადგა, თუ ერთი გადაწყვეტილებით მცირე ნაბიჯს წინ გადავდგამდით, სხვა გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტი იქნებოდა, ცესკოს დაქვემდებარება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თაღლითურად დაკომპლექტება თუ სხვა, ორი ნაბიჯით უკან მიდიოდა ხელისუფლება. ამიტომ რის გამოც შეიძლება გვაძლევდნენ სტატუსს, ამ ჩამონათვალში ეს ნამდვილად არ მოხვდება, მოხვდება დანარჩენი ბევრი სხვა რამ, დაწყებული გეოპოლიტიკით, გაგრძელებული საქართველოს მოქალაქეთა ნებით, მათ შორის, ჩვენი მოკრძალებული წვლილით, გააზრების იმ საკითხით, რომ ხელისუფლება დროებითია და ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ წაართვა სახელმწიფოს ევროპული მომავალი, როცა ხედავ, რომ მოქალაქეები ურყევად ამ პროცესის ერთგულნი არიან,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.

პოლონელმა გადამზიდავებმა უკრაინის საზღვარზე ორი გადასასვლელი პუნქტი სრულად დაბლოკეს

პოლონელმა გადამზიდავებმა უკრაინის საზღვარზე ორი გადასასვლელი პუნქტი სრულად დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ გვერდზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სერგეი დერკაჩმა გაავრცელა.

საუბარია სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „იაგოდინოსა“ და „რავაზე“, სადაც სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილია.

ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაბრკოლების გარეშე ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთს და სამგზავრო ტრანსპორტს.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ უკრაინელ გადამზიდავებს ევროკავშირში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დაუწესონ. ეს სისტემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიან ომამდე მოქმედებდა, თუმცა 2022 წლის თებერვალში ევროკავშირმა უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად ნებართვები დროებით გააუქმა. ახლა პოლონელი გადამზიდავები უკრაინელებისთვის დაწესებული შეღავათების მოხსნას ითხოვენ.

“რეფორმები ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული”

რეფორმები ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე ელოდება, რომ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მდგომარეობას ასახავს, კრიტიკული იქნება, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი, დადებითი.

“ქართული ოცნება” სულ იცვლის პოზიციას და რთულია პოზიციაში მისდიო. ხალხი, რომელიც საუბრობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს და თავისთვის დაიტოვონო, სათაგურია და თავი შეაყოფინეს ქვეყანასო, დღეს საუბრობენ, რომ დაიმსახურეს სტატუსი. მოგვცენ და იყოს ამის მთქმელი ხალხის დამსახურება.

ჩვენ ვიცით, რომ გარდა რეფორმებისა, რასაც ქვეყანას სთხოვენ, საბოლოო ჯამში, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება, პროცესი თავის არსით პოლიტიკურია. რეფორმები ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ მე მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული. შეფასებას ველოდები კრიტიკულს და ჩვენ გვეტყვიან, რომ რეკომენდაციების ნახევარიც არ გვაქვს შესრულებული, მაგრამ არ უნდათ, მოლდოვას და უკრაინას დააშორონ ქვეყანა ამ გზაზე, ეს იქნება ალბათ, ჩვენთვის შესაძლებლობის მოცემის მთავარი განმსაზღვრელი, რომ კარი არ დაიხუროს და გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.

პროკურატურამ, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების ორგანიზებას დაპირდა. ბრალდებული წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 28 მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას – 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

„სამართალდამცავებმა ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა‘ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით გამოძიებას აგრძელებს, რის შემდგომაც შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დემოკრატებმა“ სენატში დაბლოკეს ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი, რომელშიც უკრაინა არ იყო ნახსენები

აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა დაბლოკეს „რესპუბლიკელების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის საგანგებო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა, ვინაიდან მასში უკრაინის დახმარება არ იყო ნახსენები. ამის შესახებ Reuters-მა განაცხადა.

7 ნოემბრის სხდომაზე „რესპუბლიკელმა“ როჯერ მარშალმა განაცხადა, რომ სენატმა „არც ერთი დღით აღარ უნდა გადადოს ისრაელისთვის დახმარების გამოყოფა“.

„დემოკრატიული პარტიის“ წევრებმა კი აღნიშნეს, რომ აშშ-მა დახმარება როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას უნდა გამოუყოს. „უკრაინაში ჩვენი დახმარება ისევე გადაუდებლად სჭირდებათ, როგორც ისრაელში“, – განაცხადა სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარემ, პეტი მიურეიმ.

ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, მიიღო კანონპროექტი ისრაელისთვის 14,3 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე. უკრაინის დახმარება ამ კანონპროექტში არ იყო ნახსენები. ამის შემდეგ კანონპროექტი სენატს უნდა განეხილა, სადაც უმრავლესობა „დემოკრატიულ პარტიას“ აქვს. მათ თავიდანვე განაცხადეს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესის ორივე პალატა მიიღებს ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს, რომელშიც უკრაინა არ იყო ნახსენები, ის დოკუმენტს ვეტოს დაადებს.

ისრაელმა ომში უკვე 31 ჯარისკაცი დაკარგა

7 ოქტომბრის შემდეგ, „ჰამასთან“ ომში მოკლული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობამ 31-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზა“ სთხოვა.

„დღეს არ მქონია მასთან საუბრის საშუალება. გუშინ მე მას პაუზა ვთხოვე,“- განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს. ბაიდენს დაუსვეს შეკითხვა, შესთავაზა თუ არა მან ნეთანიაჰუს სამდღიანი პაუზა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს ჰუმანიტარული პაუზის ხანგრძლივობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს დროებითი ხასიათის პაუზებს ბრძოლაში კონკრეტული მიზნებისთვის, მათ შორის ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისთვის.