“ქვეყანა, რომელიც მოწინავე იყო ასოცირებულ ტრიოში, ელოდება სტატუსს, ტრიოს დანარჩენი 2 წევრი ერთი ნაბიჯით წინაა”

76
spot_img

ქვეყანა, რომელიც ერთ დროს იყო მოწინავე ასოცირებულ ტრიოში, დღეს ელოდება სტატუსს, ტრიოს დანარჩენი ორი წევრი კი ერთი ნაბიჯით წინაა – წელიწად ნახევარი ხელისუფლებამ პროცესის დასაზიანებლად გამოიყენა, შეფასება არ იქნება პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სტატუსის მიღებას, ლილუაშვილის მოლოდინი ამ მხრივ პოზიტიურია, თუმცა, როგორც აღნიშნავს, იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ხელისუფლების ნაბიჯები არ იქნება.

“თვენახევრის წინ იყო დაახლოებით ზეპირი მოსმენა, სადაც გაჟღერდა ხელისუფლების შეფასება. სამოსნობა – მე ასე ვარქმევ ამას, სხვას ვერაფერს დაარქმევ, როცა 12 – დან 3 რეკომენდაციაა შესრულებული. მის შემდეგ “ქართულ ოცნებას” რაიმე არსებითი ნაბიჯი რეკომენდაციების შესასრულებლად არ გადაუდგამს. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავდგით არაპოპულარული ნაბიჯი და სამუშაო ჯგუფებში შევედით, არც ერთი ჩვენი რეკომენდაცია რეფორმებთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებიათ. ხშირ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” არათუ არ ასრულებდა რეკომენდაციებს, არამედ ხელს უშლიდა ამას, მაგალითად, როცა გამოვიდნენ და დეკლარირებულად თქვეს, რომ არ მოახდენდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას. რატომ? – რადგან ეს ნიშნავს სასამართლოში გავლენის ბერკეტების შესუსტებას, ჩახსნას. მე არ მგონია, რომ რაიმე არსებითი პროგრესი დაფიქსირდეს, რადგან ქვეყანა, რომელიც ერთ დროს იყო მოწინავე ასოცირებულ ტრიოში, დღეს ელოდება სტატუსს, ხოლო ტრიოს დანარჩენი ორი წევრი ერთი ნაბიჯით წინაა და გაწევრიანების მოლაპარაკებებში ერთვება, ჩვენ კი სტატუსის მოლოდინში ვართ, რადგან მთელი წელიწადნახევარი ხელისუფლებამ პროცესის დასაზიანებლად გამოიყენა. ამიტომ, შეფასება არ იქნება პოზიტიური სამწუხაროდ და “ქართულ ოცნებას” სიმართლისთვის თვალის გასწორება მოუწევს. რაც შეეხება სტატუსის მიღებას, თუკი ჩამოვთვლიდით, რის გამო მოგვცემენ სტატუსს, ამაში არ მოხვდებოდა ხელისუფლების ნაბიჯები. ამოვიღოთ რა ნაბიჯები გადადგა, თუ ერთი გადაწყვეტილებით მცირე ნაბიჯს წინ გადავდგამდით, სხვა გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტი იქნებოდა, ცესკოს დაქვემდებარება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თაღლითურად დაკომპლექტება თუ სხვა, ორი ნაბიჯით უკან მიდიოდა ხელისუფლება. ამიტომ რის გამოც შეიძლება გვაძლევდნენ სტატუსს, ამ ჩამონათვალში ეს ნამდვილად არ მოხვდება, მოხვდება დანარჩენი ბევრი სხვა რამ, დაწყებული გეოპოლიტიკით, გაგრძელებული საქართველოს მოქალაქეთა ნებით, მათ შორის, ჩვენი მოკრძალებული წვლილით, გააზრების იმ საკითხით, რომ ხელისუფლება დროებითია და ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ წაართვა სახელმწიფოს ევროპული მომავალი, როცა ხედავ, რომ მოქალაქეები ურყევად ამ პროცესის ერთგულნი არიან,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.