“დამსახურებული სტატუსის მისაღებად, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს” – დავით სონღულაშვილი

98
spot_img

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის 35-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და კანდიდატის სტატუსის მიღებასა და საქართველოს ენერგოპროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო ახლა, თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა – ძალიან მალე ველოდებით კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს. შესანიშნავი მზაობა გვაქვს, წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა თუ სხვა საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით. ყველა შესაბამისი კრიტერიუმით ჩვენი ქვეყანა მოწინავეა, რასაც ასევე დაემატა 12 პუნქტის შესრულება. ამ მხრივ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასული 6 თვის განმავლობაში თითოეული პუნქტი ზედმიწევნით სრულყოფილად შესრულებულიყო. შესაბამისად, დამსახურებული სტატუსის მისაღებად ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, სტატუსის, რომლის მხარდამჭერია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. მათი არჩევანი ევროპაა, იგივე ღირებულებები, იგივე ცხოვრების წესი, იგივე კულტურა თუ განათლებისკენ სწრაფვა. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ნამდვილად ფასდაუდებელია, ისევე როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვა.

„თუმცა, აქამდე მარტივად არ გვივლია. დამოუკიდებელი საქართველოს ამ სამათეულწლიან ისტორიაში ძალიან მოკლე ვადიანი პერიოდი თუ მოიძებნება სიმშვიდის, ქვეყანაში სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის, გლობალური პროექტების. ამ პერიოდში, ჩემმა ქვეყანამ რამდენიმე ომი გამოიარა რუსეთთან, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღემდე ვებრძვით მცოცავ ოკუპაციას ქვეყანაში, მაგრამ არ გავჩერებულვართ და წინსვლა და გამარჯვება არ შეგვიწყვეტია, არც ეკონომიკური, არც ინფრასტრუქტურული, არც კულტურული და სპორტული, არც საგანმანათლებლო მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო საბერძნეთის პარლამენტს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და გისურვოთ ნაყოფიერი მუშაობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა „ომი შუაგულ ევროპაში, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ?“.

ათენში გამართული ასამბლეაში 24 წევრი ქვეყნის და რეგიონული პარლამენტის დელეგატები მონაწილეობენ.