Home Blog Page 1790

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 28 ივნისის 17:00 საათიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია, გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისათვის“. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია, – ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“.

„კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი „იმედის“ ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ „ტელეიმედის“ მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ჩვენი ფეისბუქგვერდის აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებგვერდზე – imedi.ge, imedinews.ge და „იმედის“ იუთუბ არხზე. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც „ფეისბუქზე“ ბოლო საათების განმავლობაში მაუწყებლობს „იმედის“ სახელით. არცერთ მათგანს არანაირი შეხება „იმედთან“ არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდი“, – ნათქვამია განაცხადებაში.

“დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ნიკოლოზმა ჩანთა” – ნეკა დოროყაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა 2018 წელს, ნიუ-იორკში გადაღებული ვიდეომასალა წარადგინა, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

საკუთარ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეომასალა დოროყაშვილმა მოსამართლეს პირადად აჩვენა და თან ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებიც გააკეთა.

„დააკვირდით მოძრაობას, ნიკოლოზი მოემართება ჩემკენ და ეძებს რაიმე ნივთს, რომ ჩამარტყას. დააკვირდით ხელის მოძრაობას… მომხვდა თავში, მეტკინა ძალიან, მართალია, სხვა დაზიანებებიც მქონდა ამ დროს მიღებული, აღვნიშნე, რომ ბოლო კადრებია, არ მქონია მოლოდინი, რომ იძალადებდა კიდეც ფიზიკურად, მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიურად გააგრძელებდა ძალადობას. მანამდე იყო იატაკზე თრევა.

ნიკოლოზი ნამდვილად ოთახში იმყოფება, ნამდვილად ვეუბნები, რატომ მირტყამო, ხმას არ მცემს და აგრძელებს ძალიან მშვიდად და წყნარად, არ მეწინააღმდეგება, არ მეუბნება, რას ამბობ, მე არ გირტყამო. საერთოდ, რად გვინდა ეს დისკუსია, როცა არსებობს ძალადობის კადრები, საერთოდ რატომ დავდივარ აქ, რატომ დავდივარ ეს 4 წელია, გამაგებინეთ. მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი. მე დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა“, – განაცხადა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სხდომას არ დასწრებია ნიკოლოზ ბასილაშვილი.

შემდეგ სხდომაზე, რომელიც 7 ივლისს, 11:00 საათზე ჩატარდება, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ქვეყნის პირველმა ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო განაჩენს უცვლელად დატოვებს.

“ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯფუფის ორი ხელმძღვანელია ჩამოსული, რა უნდათ საქართველოში, თუ პრობლემა არ არის?”

ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯფუფის ორი ხელმძღვანელია ჩამოსული. რა უნდათ საქართველოში, თუ პრობლემა არ არის? თუ სანქციების გვერდის ავლაში თქვენ არ ეხმარებით ან ვერ აკეთებთ თქვენს საქმეს, რატომ ჩამოვიდოდნენ?, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცრიძემ განაცხადა ბიუჯეტის ანგარიშის განხილვისას, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბევრ რამეზე ტრაბახობს რუსეთთან ვაჭრობისა, თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებით, უკრაინაში ომის გახანგრძლივების ხარჯზე, რაც უზნეო საქციელია.

„ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ევროოპტიმისტებმა“ გამოგიგზავნეთ შეკითხვა, როგორ ებრძვით რუსეთში სანქცირებული ტვირთების შეტანას. არ მოგწერეთ, რომ რატომ უწყობთ ხელს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დღეს ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯფუფის ორი ხელმძღვანელია ჩამოსული. რა უნდათ საქართველოში, თუ პრობლემა არ არის? თუ სანქციების გვერდის ავლაში თქვენ არ ეხმარებით, ან ვერ აკეთებთ თქვენს საქმეს, რატომ ჩამოვიდოდნენ? დღეს ბრიფინგი ჩატარდა. რა უნდათ სომხეთში, რა უნდათ საქართველოში? წერილი მოგწერეთ, დაარღვიეთ, მეორეჯერ მოგწერეთ და ახლა მივიღეთ ფინანსთა მინისტრისგან – თქვენი წერილის პასუხი იხილეთ ჩვენს განცხადებაში და განცხადების ლინკი დაურთეს. კი მაგრამ, რატომ არ სცემთ პატივს პარლამენტს, მის ხელმძღვანელობას და რეგლამენტს? ეს ადამიანები აქ რომ არიან ჩამოსული, ეს არის ნიშანი და სხვათა შორის, თუ თქვენ გადაახვევთ და მოუსმენთ, ერთ-ერთმა თქვა, რომ რუსეთის მიერ სანქციების დარღვევაში ხელის შეწყობა ნიშნავს უკრაინაში ომის გახანგრძლივებას. რას ნიშნავს უკრაინაში ომის გახანგრძლივება? გახანგრძლივება ნიშნავს ახალ მსხვერპლს, ახალ დახოცილ ადამიანებს, ჯარისკაცებს, ბავშვებს, ქალებს და დაბომბილ ქალაქებს. ეკონომიკის ზრდაც ფიქტიურია, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ქაღალდზე არის, რუსეთიდან შემოსული ადამიანების ხარჯზე, ისევე როგორც დასაქმებულთა ზრდა, 20 ათასზე მეტი ინდმეწარმე დარეგისტრირდა, რუსეთის მოქალაქე საქართველოში. ჩვენი სტატისტიკით საკმარისია ერთი ფირმის შექმნა ინდმეწარმის სახით, უკვე დასაქმებულად ითვლები. ხელისუფლება ბევრ რამეზე ტრაბახობს, რუსეთთან ვაჭრობისა, თუ სხვა საქმიანობის, ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებით, სწორედაც რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივების ხარჯზე. ეს არის უზნეო საქციელი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ. „ამ საკითხზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში, ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას“.

“აზერბაიჯანელებმა სომხების პოზიციები დაბომბეს, დაიღუპა 4 ჯარისკაცი” – სომხური მედია

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სომხეთის პოზიციები დაბომბეს, – ინფორმაციას სომხური მედია ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მარტუნსა და მარტაკერტში სომხური პოზიციების არტილერიით დაბომბეს, ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები“, – აცხადებენ ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაში.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედიაც. მათი ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ დაარტყა უკანონო სომხური შეიარაღებული რაზმების პოზიციებს აღდარასა და ხოჯავანდის მიმართულებით, რის შედეგადაც მათი 4 წევრი „გაანეიტრალეს“.

“რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები”

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები – საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ნატო-ს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემისკენ მოუწოდა.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვების გამოცდილება და მორალური უპირატესობა. ამის რეალობად ქცევისთვის საჭიროა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ალიანსიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ გახედვა შეწყვიტონ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის შიდა ძალებიც კი აღარ უყურებენ „კრემლის სუსტ პატრონს“.

პრეზიდენტის განცხადებით, ნატო იქნება უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის და უკრაინული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფენ ნატო-ს სხვა წევრების უსაფრთხოებასა და დაცვას.

ზელენსკის შეფასებით, „ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი ომია, ომი, რომელიც გარდაუვალად გაღვივდება და კითხვა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, როდის მოხდება ეს, რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს“.

„სწორედ ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას უნივერსალური სარგებელი გააჩნია: უკრაინა არასდროს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის არცერთ ვარიანტს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად”

ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.

“კიდევ კარგი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ არის ხელისუფლებაში – ქვეყანაში რუსული ტანკები იდგებოდა”

სააკაშვილის განცხადება იყო ცარიელი სპეკულაცია. როცა საუბარია „კავკასიურ გაერთიანებაზე“, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს არიან ფედერაციული სუბიექტები. ანუ, საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოეხერხებინა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები.

„ესეც არის რა თქმა უნდა მორიგი პროვოკაციული, „პრიგოჟინისტული“ განცხადება სააკაშვილის მხრიდან და აქედან ჩანს მათი ბუნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კიდევ კარგი ეს ადამიანები: სააკაშვილი, გვარამია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ხაბეიშვილი და ა.შ. არ არიან ხელისუფლებაში. ქვეყანაში დღეს იდგებოდა რუსული ტანკები . მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„უკრაინას შეუძლია რღვევის პროცესში მყოფ რუსეთის რეჟიმს ბოლო მოუღოს“ – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინას შეუძლია რღვევის პროცესში მყოფ რუსეთის რეჟიმს ბოლო მოუღოს“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ალბათ, ერთადერთი, რაც შეიძლება დარწმუნებით ითქვას „ვაგნერის“ მხრიდან გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის არის, რომ რუსეთს არათუ მსხვილი ქალაქების, არამედ საკუთარი საზღვრების დაცვაც არ შეუძლია. შესაბამისად, დასავლეთმა ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გააკეთოს: უკრაინას იმდენი თავისუფლება და ინსტრუმენტები უნდა მისცეს, რომ კიევმა რუსეთის სისუსტით ისარგებლოს და ვლადიმერ პუტინის რეჟიმი საბოლოოდ დაამხოს.

მთელი ამ ომის განმავლობაში პუტინი ეყრდნობოდა იმ ვარაუდს, რომ უკრაინის საომარი მოქმედებები მხოლოდ მისივე ტერიტორიით იქნებოდა შემოფარგლული. კრემლს ეგონა, რომ ომს თითზე ჩამოსათვლელ დღეებში დაასრულებდა. ახლა პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთი უკრაინის არმიას თავისი საზღვრების გარეთ გასვლის ნებას არ მისცემს. რუს დიქტატორს ჰგონია, რომ ნატოს ეშინია და ამიტომ უკრაინის ჯარის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას არ დაუშვებს.
მაგრამ რატომ არ უნდა შეიჭრას უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე? მოსკოვი უკვე დასავლეთიდან ეკონომიკურად იზოლირებულია, მისი არმია ძლივძლივობით იცავს თავს და აქედან გამომდინარე, აღორძინების პროცესში მყოფი დასავლეთისადმი მას წინააღმდეგობის გაწევა უჭირს.

რა თქმა უნდა, უკრაინის არმიას აქვს შესაძლებლობა ღია მასიური დარტყმა მიაყენოს საკუთრივ რუსეთის ტერიტორიას. გასული დღეების მოვლენები ექსტრაორდინარული იყო: რამდენიმე ათასმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა იოლად გაიარა ასობით კილომეტრი და მოსკოვს მიუახლოვდა. და ამ დროს, თქვენ წარმოიდგინეთ, რას იზამს ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის რეგულარული არმია, რომელიც უახლესი დასავლური იარაღით არის შეიარაღებული?
რუსეთის მიერ განცდილმა დანაკარგებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ მისი არმია ახალწვეულებისა და იმ ქვედანაყოფების იმედზეა, რომლებიც დიდი მანევრირებულობით არ გამოირჩევიან. შესაბამისად, უკრაინას უჩნდება შესაძლებლობა, რომ მან კონტრშეტევა, კარგი მომზადების წყალობით, უფრო შედეგიანად წარმართოს და გაარღვიოს მოწინააღმდეგის გამაგრებული ზღუდეები, რომლებსაც რუსეთი თითქმის ერთი წელი აშენებდა.

დასავლურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ აქვთ იმის შიში, რომ თუ ვლადიმერ პუტინი მარცხს იგრძნობს, ის „ბირთვული იარაღის ჟღარუნს დაიწყებს“. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არის დიდი რისკი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა, მაგრამ განა რუსეთში ყველას სურს ბირთვული ომის დაწყება?

და თუ ვლადიმერ პუტინს ბირთვულქობინებიანი რაკეტების გაშვება სურს, მას ამის საბაბი დიდი ხანია აქვს – რუსული სამხედრო დოქტრინა პრეზიდენტს უფლებას აძლევს ბირთვული იარაღით ისარგებლოს, თუ მოწინააღმდეგე მის ტერიტორიას შეუტევს. კრემლმა ოკუპირებული დონბასი თავის ტერიტორიად იურიდიულად გამოაცხადა და როცა უკრაინის არმია ახლა დონბასს უტევს, მოსკოვს შეუძლია ზემოხსენებული უფლება გამოიყენოს. მაგრამ მას დღემდე არაფერი არ გაუკეთებია. და არც მაშინ არ გააკეთებს, როცა უკრაინა 2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიის (ყირიმის) გათავისუფლებას დაიწყებს.

გავიხსენოთ, რომ კრემლი იმუქრებოდა – თუ უკრაინა ნატოს ქვეყნების მიერ მიცემულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა, რუსეთის ამგვარ ქმედებას ნატოს აგრესიად ჩათვლიდა. ბელგოროდში შეჭრილმა უკრაინის დაქვემდებარებაში მყოფმა „რუსულმა ლეგიონმა“ ჩეხური და ბელგიური იარაღი გამოიყენა. რა გააკეთა საპასუხოდ რუსეთმა? არაფერი.

ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უბრალოდ, მას არ შეუძლია ამის გაკეთება. მან კარგად იცის, რომ თუ იგი წითელ ღილაკზე თითით დაჭერას შეეცდება, ეს ფიზიკურად მის სასიკვდილო განაჩენსაც ნიშნავს, გარანტირებული განადგურების ან შიდა სასახლის გადატრიალების სახით. პუტინი ის კაცი არ არის, რომელიც ასეთ რისკზე წასვლად გადაწყვეტს. „ვაგნერის“ ამბოხებამ მის ავტორიტეტს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა: ჩვენ პირველად ვნახეთ მისი ხელისუფლების საფრთხე რუსეთის შიგნით, თუ როგორ დაიხია უკან ე.წ. „ძლიერმა კაცმა“.

იმდენად, რამდენადაც, როგორც ჩანს, მისი ხელისუფლება მართლაც დასუსტდა, ჩვენ არავითარი სინდისის ქენჯნა არ უნდა გვქონდეს, თუ მისი დამხობისათვის მოვლენებს დავაჩქარებთ. ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ სიფრთხილე დავიცვათ, რადგან შეიძლება პუტინის მემკვიდრე უფრო უარესი აღმოჩნდესო. მაგრამ ჩვენ უკვე ერთხელ დავუშვით მსგავსი შეცდომა, როცა ერაყის პირველი ომის დროს სადამ ჰუსეინს ხელისუფლებაში დარჩენის უფლება მივეცით. თუ დიქტატორი მეზობლების წინააღმდეგ ომს იწყებს, ასეთ სიტუაციაში ყველა ალტერნატივა უკეთესია. მისი მემკვიდრე უფრო უარესი რუსეთისათვის იქნება და არა ჩვენთვის.

წყარო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6220 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6220 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6220 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8727 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8774 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი” – ჯიმ ო’ბრაიენი

ჩვენი შეხვედრებისა და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანია არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, მათ იციან, რომელი დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში, – ამის შესახებ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურ დირექტორთან, კუმარ აიერთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი იყენებს ომის კამპანიისთვის.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი იყენებს ომის კამპანიისთვის და აქ არ არის საუბარი ერთ და ორ შემთხვევაზე. მთავარია, მას არ ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და ამ მიმართულებით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმ.

“საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია” –

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაცია ყოველთვის ლიდერი იყო ამ მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის რიგით 27-ე გენერალური ასამბლეის გახსნისას.

წელს ასამბლეის თემატიკაა: კანონთან შესაბამისობის გამარტივება გადამხდელებისათვის, სერვისების გაციფრულება; საგადასახადო სისტემებისა და ადმინისტრირების ტრანსფორმაცია; გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციის მექანიზმები; სამართლიანი და კონკურენტული გარემო გადამხდელებისათვის; საერთაშორისო ანგარიშგების სტანდარტის დანერგვა და ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლის დაწყება; კრიპტოაქტივების მონიტორინგი; დღგ ციფრულ სამყაროში და სხვა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის გაციფრულება საგადასახადო ადმინისტრაციებისგან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მოითხოვს ეფექტიანობის გაზრდას, რათა შესაძლებელი გახდეს რისკებთან გამკლავება.

„საქართველოს არასდროს შეუწყვეტია საგადასახადო სისტემის რეფორმირება. 2012-2024 წლებზე გათვლილი სამთავრობო სტრატეგია გადამხდელთა მომსახურების გამარტივებისათვის ითვალისწინებს ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას. ამგვარად, გაციფრულებას ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ ახალი სერვისების შეთავაზებისა და კანონთან გადამხდელის შესაბამისობის გამარტივების მექანიზმს, არამედ როგორც გადასახადების თავიდან აცილების პრევენციის საჭირო ინსტრუმენტს, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და კონკურენტულ ბიზნესგარემოს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა საერთაშორისო საგადასახადო სტანდარტებთან დაახლოებისთვის.

„საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2016 წელს ჩვენ ერთ-ერთი პირველი შევუერთდით “ინკლუზიურ პლატფორმას” ასოცირებული წევრის სტატუსით და ვიკისრეთ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის აღკვეთის (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვა. ამასთანავე, საქართველო არჩეულ იქნა “ინკლუზიური პლატფორმის” მმართველი ჯგუფის წევრად და აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების პროცესში”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან პარტნიორ საგადასახადო ადმინისტრაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება ეროვნული საგადასახადო ადმინისტრაციების შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას – 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“-ნათქვამია განცხადებაში.