Home Blog Page 1789

“მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის” – ირაკლი კობახიძე

მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში, ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა – სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს – ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!“, – წერს ირაკლი კობახიძე.

“ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის – მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ისტორიული დღე.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები” – ოლივერ ვარჰეი კირბალთან მომხდარზე

ჩვენ ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქრონიკის“ კითხვა ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხებოდა.

„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

“ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს და რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსის მისაღებად” – ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს და რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე წერს.

მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს და რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსის მისაღებად.

მხარდაჭერისთვის მადლობელნი ვართ და  ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე სვლას სიხარულით ვაგრძელებთ”, – აღნიშნავს პრემიერი.

“საქართველოში რეფორმების პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციითა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობით ფერხდება”

რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონით მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ხელშემწყობი რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმის პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობითა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევებით ფერხდება, – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, პარტიებს შორის დაძაბულობამ მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან შეზღუდულმა კონსულტაციამ იმოქმედა გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და განხორციელებაზე.

„პარლამენტი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას კომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად და 2022 წლის ივლისში, დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, მან შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად. პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ინკლუზიურობით (მმართველი პარტიის მიერ) კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტით. მიუხედავად ამისა, იყო მრავალპარტიული თანამშრომლობისა და კენჭისყრების კარგი მაგალითები, მათ შორის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკომისიის შეფასებით, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით.

„2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით. იმის გამო, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესი ნაწილი პარლამენტს დარჩა, რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის გასაძლიერებლად სამთავრობო ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაზე და გარკვეული პროგრესი ზოგიერთთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

“დღეს საქართველოსთვის საზეიმო დღეა – ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი”-ურსულა ფონ დერ ლაიენი

დღეს საქართველოსთვის საზეიმო დღეა – ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნისთვის, რაც აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ძალიან შთამბეჭდავ მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ქრონიკის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„პირველ რიგში, დღეს საქართველოსთვის ნამდვილად საზეიმო დღეა – ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვთქვით, რომ საშინაო დავალება ჯერ კიდევ შესასრულებელია. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნისთვის, რაც აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ძალიან შთამბეჭდავ მისწრაფებას, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის საქართველოს მოსახლეობის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერის, ბოლო წლებში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება”

კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა, ბოლო წლებში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ, მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება, რადგან ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

“ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ”

ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები“, – წერს ზურაბიშვილმა.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

“ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვექნება პირველი მიკრობანკი” – ნათია თურნავა

მიკრობანკების ახალი ლიცენზიის შემოღება ემსახურება იმას, რომ გაჩნდეს დამატებითი საინტერესო, ინვესტორებისთვის მიმზიდველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც, გარკვეულწილად, გარდამავალი ეტაპი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სრულყოფილ ბანკებს შორის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.

ნათუა თურნავას ინფორმაციით, კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი არსებობს.

„მქონდა შეხვედრა ინდუსტრიასთან, საფინანსო სექტორთან. ვესაუბრებოდი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ფიქრობენ, შემოიტანონ განაცხადი. შეიძლება, გარკვეული დახვეწა დასჭირდეს რეგულაციებს, რადგან ეს არის ახალი პრაქტიკა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღია ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატები“, – აღნიშნა თურნავამ.

„სიენენის“ კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს

„სიენენის“ მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს.

გამოკითხვის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 28% მიიჩნევს, რომ აშშ-ში საქმე კარგად მიდის. რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის ჩატარებული გამოკითხვით, ტრამპის რეიტინგი 49%-ს აღწევს, ბაიდენის კი 45%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ, აგვისტოსთან შედარებით, ტრამპის უპირატესობა გაზრდილია.

კითხვაზე, აქვს თუ არა ჯო ბაიდენს გამძლეობა და საზრიანობა, პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს, დადებითი პასუხი მხოლოდ 25-მა პროცენტმა გასცა. ტრამპმა ამ კატეგორიაში გაცილებით უკეთესი შედეგი – 53 პროცენტი აჩვენა. ამავე კვლევის მიხედვით, 35 წლამდე ამომრჩევლებს შორის 48% მხარს უჭერს დონალდ ტრამპს, ხოლო 47% – ჯო ბაიდენს.

ცნობისთვის, „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად თავის მთავარ კონკურენტს ექვსი მერყევი შტატიდან ხუთში უსწრებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი”

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ ბევრი რეფორმა იქნება განსახორციელებელი, რომელიც „ოლიგარქიული მმართველობის, ივანიშვილის რეჟიმში ვერ და არ იქნება“.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღებისა, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ნამდვილად იმედი გვქონდა და გვაქვს დღესაც, როდესაც სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ევროკომისიის გადაწყვეტილება.

მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საბოლოო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც დეკემბერში იქნება. ქართველი ხალხის ხმა იქნებოდა უფრო ძლიერი, ხმამაღალი და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით ევროკავშირი მისცემს საქართველოს ამ შესაძლებლობას, რომ ამ ისტორიულ მომენტში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა განვახორციელოთ ბევრი რეფორმა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკების პროცესი. ყველას კარგად ესმის, რომ ამის გაკეთების პოლიტიკური ნება ოლიგარქიული მმართველობის, ივანიშვილის რეჟიმში ვერ და არ იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ვალდებულებები და რეფორმები ისევ ჩვენი განსახორციელებელია. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიული, პროდასავლური მთავრობა ძალიან დიდი წარმატებით გაივლის ამ გზას ქართველ ხალხთან ერთად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.