“მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის” – ირაკლი კობახიძე

88
spot_img

მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში, ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა – სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს – ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!“, – წერს ირაკლი კობახიძე.