“საქართველოში რეფორმების პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციითა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობით ფერხდება”

79
spot_img

რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონით მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ხელშემწყობი რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმის პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობითა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევებით ფერხდება, – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, პარტიებს შორის დაძაბულობამ მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან შეზღუდულმა კონსულტაციამ იმოქმედა გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და განხორციელებაზე.

„პარლამენტი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას კომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად და 2022 წლის ივლისში, დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, მან შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად. პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ინკლუზიურობით (მმართველი პარტიის მიერ) კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტით. მიუხედავად ამისა, იყო მრავალპარტიული თანამშრომლობისა და კენჭისყრების კარგი მაგალითები, მათ შორის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკომისიის შეფასებით, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით.

„2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით. იმის გამო, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესი ნაწილი პარლამენტს დარჩა, რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის გასაძლიერებლად სამთავრობო ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაზე და გარკვეული პროგრესი ზოგიერთთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.