Home Blog Page 1788

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

“პირობები შესრულდება, თუ მათ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ პრინციპში, ახალი არაფერია” – ნიკოლოზ სამხარაძე

პირობები შესრულდება, მით უმეტეს, თუ მათ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ პრინციპში, ახალი არაფერია – ძირითადად საუბარია დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაზე ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის თანხვედრას, სამხარაძე აცხადებს, რომ ამ მხრივაც არ არსებობს რაიმე პრობლემა და ეს ეხება ევროკავშირის განცხადებებზე მიერთებას.

მისივე თქმით, საქართველო შეიძლება არ მიუერთდეს მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით განცხადებებს არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, რათა ამ ქვეყნებს საშუალება არ მისცენ, რომ შემდეგ “შური იძიონ” და აღიარონ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

“ჩვენ მზადყოფნას ვაფიქსირებთ, რომ ახალი პირობები, რაც ახალ ეტაპზე გადასასვლელად გაჩნდა, ( ეს ახალი ეტაპი ნიშნავს მოლაპარაკებების დაწყებას ), ეს რეკომენდაციები და პირობები შესრულდება, მით უმეტეს თუ ჩავხედავთ პირობებს, ვნახავთ, რომ აქ შეუსრულებელი და პრინციპში, ახალი არაფერი არ არის, ძირითადად საუბარი არის დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაზე და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის განცხადებების უფრო მეტ მიერთებაზე. ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს საუბრები ევროკავშირთან. ერთადერთი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს ამ შემთხვევაში არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული და დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებით ევროკავშირთან ერთად ვიპოვით იმ ფორმულას, რომ შესაძლებელი იქნება ჩვენი მიერთების მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებზე იყოს ბევრად უფრო მაღალი და ამავდროულად საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს არაღიარებით პოლიტიკას”, – განაცხადა სამხარაძემ.

“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე” – სააკაშვილი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე – ჩვენ მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, პირველ რიგში, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე.

სტატუსი, პირველ რიგში, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა.

ჩვენი ისტორიული მისწრაფების გამო იმიტომ, რომ აიძულა შარშან ხელისუფლებას, შეეტანა სტატუსზე განაცხადი და იმიტომ, რომ 2013 წლამდე საქართველო ჩვენს დიდ რეგიონში ევროპის იდეის პიონერი და ლიდერი იყო.

მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ 2011 წელს თბილისში გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი. ხოლო უკრაინელი ხალხის იმიტომ, რომ მისმა გმირულმა წინააღმდეგობამ მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკა, გამოაღვიძა ევროპა, გააღებინა მას ფართოდ კარები.

სტატუსის მინიჭება ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ნაციონალურ პარლამენტებში და სხვადასხვა მთავრობებში მყოფი ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების დამსახურებაა. საქართველოს ხელისუფლების დამსახურება იმაშია, რომ მან ხალხის ზეწოლის ქვეშ შეიტანა განაცხადი და კიდევ კარგი უკან არ გაიტანა.

ჩვენ მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ”, – წერს სააკაშვილი.

,,დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”- სუბარი

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„გილოცავთ! ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვეკუთვნის და რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და დიდი ძალისხმევა გავწიეთ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მტკიცედ მიუყვება ევროპისკენ მიმავალ გზას და განუხრელად იცავს იმ კურსს, რომელსაც ქართველი ხალხი ირჩევს.
დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ დროს დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. და ბოლოს, მწამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრიც მალე გახდება“, – წერს სუბარი.

“ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი” – ბადრი ჯაფარიძე

მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების რეკომენდაცია.

„ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას”. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი. ახლა უკვე გვაქვს გასავლელი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ერთხმად გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ჯაფარიძე.

„დღევანდელი გადაწყვეტილება, სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების დასტურია”- პაპუაშვილი

„მისასალმებელი და დასაფასებელია ევროკომისიის შეფასება და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის რეკომენდაციის გაცემა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისწრაფების და ევროპული არჩევანის მიმართ.

„კიდევ უფრო განგვიმტკიცდა რწმენა, რომ ქართველი ერის თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის ამაოდ არ ჩაუვლია და ის აუცილებლად მივა ლოგიკურ შედეგამდე; რომ საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული; რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასწლოვან მემკვიდრეობას და 1989 წლის 9 აპრილის გმირების მიერ დაწყებულ საქმეს ექნება ღირსეული გაგრძელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ 8 ნოემბერს, – დღეს, როცა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი პასუხი მიიღო – საქართველოს უკვდავი შვილის, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.

„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების დასტურია, წმინდა ილია მართლის განვლილ გზას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა.

ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, რომ საქართველო არ არის მარტო და ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები. ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი.

დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს, ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. ეს ყველა ჩვენგანის საერთო მიღწევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ წინა წლის ბუნდოვანმა გადაწყვეტილებამ ქართველი ხალხის არაკეთილისმსურველებს არასასურველი სპეკულაციების საშუალება მისცა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ხელისუფლების ყველა შტო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მუხლჩაუხრელად მუშაობდა ქართული სიმართლის გამარჯვებისთვის, რამაც დღეს პირველი წარმატებული შედეგი გამოიღო.

„მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს, ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ევროკომისიის გადაწყვეტილება ყველა ჩვენგანის ერთიანმა, კოორდინირებულმა ძალისხმევამ მოიტანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ამავე დროს, იწყება გრძელი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, სადაც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცოდნა, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

„ეს გზა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში საკუთარი გულწრფელი წვლილის შეტანა. 2023 წლის 8 ნოემბერი, და იმედია, ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაც, საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ევროპის, ჩვენი საერთო ღირებულებების, კულტურის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფლობის სიმბოლო. საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება” – გიორგი ვაშაძე

გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება – ევროკავშირმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვა! – ასე ეხმაურება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის შეფასებით, ქართველი ხალხის დამსახურებით ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

“ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა – ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ და სწორედ ქართველი ხალხის, თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, რაც ძალიან მკაფიოდ იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აღნიშნული. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ვინც, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, ქართველი ხალხის ნება დააფასეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და რეკომენდაცია გაწიეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

წელიწადნახევრის მანძილზე, „ქართული ოცნება“ ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ დღეს მათ წააგეს ქართველ ხალხთან პირველ რიგში და დიახაც, გაიმარჯვა ჩვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ძალიან ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და დღეს ამ განცხადებით ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის როლი.

ჩვენ ახლა გვჭირდება დიდი ერთიანობა იმისთვის, რომ შემდგომი ერთი თვის მანძილზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, იყოს სრული კონსესუსი და მზაობა.

იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს საბოტაჟსა და წინააღმდეგობის პროცესს „ქართული ოცნება“ და ხალხის ნებას დაემორჩილება – გაუწევს ანგარიშს იმ დიდ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა ჩვენკენ გადმოდგა.

დიდი მადლობა პირადად ქალბატონ ურსულას ამ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის, რომელშიც, აბსოლუტურად, ყველაფერია ნათქვამი. ხალხო, ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია, რამხელა დეზინფორმაციის კამპანია მოქმედებდა საქართველოში, რომ ევროკავშირის სტატუსს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თითქოს ვიღაც რაღაცას გვაძალებს, მაგრამ დიდი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა ჩვენში, საქართველოში და არ დაგვტოვა რუსეთთან პირისპირ.

აი, ესაა მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს. საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, საქართველოს გზა არის განვითარებისკენ, არასდროს რუსეთი საქართველოში არ იქნება და რაც მთავარია, დეკემბერი – დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ჯერ მხოლოდ დასაწყისია, გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, რომ ვთქვათ – ფუნდამენტი შექმნა ევროკომისიამ, ახლა კი უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისშეშლა არ მოხდეს და მთავარია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან, არავითარი საქმე არ მაქვს მათთან – ყველამ აკეთოს თავისი საქმე”

მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან, მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან – ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ.

„მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან. მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. გასაგებია ახლა იგივე ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც. როგორც ჩანს, მათ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიგეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა, ამიტომ ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაცა ქულა მაინც წაეღოთ.

მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. არც შარშან, არც შარშან წინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ხალხს, ეს არის „ქართლი ოცნება“.

პრეზიდენტს აქვს თავისი როლი, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოვალეობანი. მე მინდა ყველამ კარგად გაიაზროს თავისი კონსტიტუციური უფლებამოვალეობანი, როგორც პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა და ყველამ. მე ვიცი ჩემი უფლებამოვალეობანი და რა თქმა უნდა, მივყვები კონსტიტუციას და ჩვენს მთავარ კანონს. ვიცავ და ვასრულებ პირნათლად. ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. ასევე მოვუწოდებდი პრეზიდენტს და ყველას კარგად ჩაიხედონ საკუთარ უფლებამოვალეობებში და გაერკვნენ. მე არ მსურს პრეზიდენტთან რაიმე პოლემიკაში შესვლა. პრეზიდენტს თავისი ფუნქცია აქვს განსაზღვრული, მთავრობას თავისი, პარლამენტს თავისი, ასე რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ყველამ აკეთოს თავისი საქმე – ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის. ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7025 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8825 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8847 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა” – ილია მეორე

კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა, ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზ გინტურის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის სამძირმის წერილში.

„კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

“საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოს ყველა საკვანძო მიმართულებით ეფექტური ზომების მიღება”

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულება, ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით, – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოს ყველა საკვანძო მიმართულებით ეფექტური ზომების მიღება. ეფექტურმა იმპლემენტაციამ უნდა მიგვიყვანოს ხელშესახები გამოცდილების დაგროვებამდე.

სწრაფად უნდა შეიქმნას კოორდინაციისა და მონიტორინგის ინკლუზიური და საიმედო მექანიზმი, რომელიც შესაძლოს გახდის სამოქმედო გეგმის დროულ გადახედვასა და მის შევსება, საჭიროების შემთხვევაში“,- ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები ასევე შეეხო კორუფციის წინააღმდეგ მუშაობის პროცესს.

„საქართველომ უნდა გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, თავი მოუყაროს ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციებს, რათა მკაცრად განიხილოს მაღალი დონის კორუფციული შემთხვევები. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური აღჭურვოს მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის შეღავათებს. 2022 წლის ODIHR-ის რეკომენდაციები სამსახურის უფროსის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უნდა იქნას განხილული.

საქართველომ ასევე უნდა გადახედოს კანონმდებლობას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“,- ნათქვამია ანგარიშში.

“მინდა ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა და მიღწეული შედეგების აღიარება” – მამუკა მდინარაძე

მინდა ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა და მიღწეული შედეგების აღიარება, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართლი ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მასშტაბური და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით.

„დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა. მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, მიუხედავად პირდაპირი საბოტაჟისა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისთვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ.

მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პოზიტიური დასკვნის მომზადების და საქართველოში არსებული დემოკრატიული პროგრესის ობიექტურად შეფასების პროცესში. მადლობა საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, ვინც დაუღალავად და კეთილსინდისიერად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად. და რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიმტკიცემ და ყველა სიტუაციაში გონიერებამ მოგვცა საშუალება ღირსებისა და სიმართლის დაცვით გვევლო ამ რთულ გზაზე. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში და თანხმდებოდა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული უამრავი დეტალი, რამაც, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოზიტიური შეფასების გაცემაში. ბუნებრივია, ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნა კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.