“მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან, არავითარი საქმე არ მაქვს მათთან – ყველამ აკეთოს თავისი საქმე”

97
spot_img

მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან, მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან – ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ.

„მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან. მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. გასაგებია ახლა იგივე ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც. როგორც ჩანს, მათ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიგეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა, ამიტომ ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაცა ქულა მაინც წაეღოთ.

მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. არც შარშან, არც შარშან წინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ხალხს, ეს არის „ქართლი ოცნება“.

პრეზიდენტს აქვს თავისი როლი, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოვალეობანი. მე მინდა ყველამ კარგად გაიაზროს თავისი კონსტიტუციური უფლებამოვალეობანი, როგორც პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა და ყველამ. მე ვიცი ჩემი უფლებამოვალეობანი და რა თქმა უნდა, მივყვები კონსტიტუციას და ჩვენს მთავარ კანონს. ვიცავ და ვასრულებ პირნათლად. ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. ასევე მოვუწოდებდი პრეზიდენტს და ყველას კარგად ჩაიხედონ საკუთარ უფლებამოვალეობებში და გაერკვნენ. მე არ მსურს პრეზიდენტთან რაიმე პოლემიკაში შესვლა. პრეზიდენტს თავისი ფუნქცია აქვს განსაზღვრული, მთავრობას თავისი, პარლამენტს თავისი, ასე რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ყველამ აკეთოს თავისი საქმე – ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის. ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.