“გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება” – გიორგი ვაშაძე

82
spot_img

გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება – ევროკავშირმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვა! – ასე ეხმაურება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის შეფასებით, ქართველი ხალხის დამსახურებით ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

“ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა – ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ და სწორედ ქართველი ხალხის, თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, რაც ძალიან მკაფიოდ იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აღნიშნული. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ვინც, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, ქართველი ხალხის ნება დააფასეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და რეკომენდაცია გაწიეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

წელიწადნახევრის მანძილზე, „ქართული ოცნება“ ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ დღეს მათ წააგეს ქართველ ხალხთან პირველ რიგში და დიახაც, გაიმარჯვა ჩვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ძალიან ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და დღეს ამ განცხადებით ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის როლი.

ჩვენ ახლა გვჭირდება დიდი ერთიანობა იმისთვის, რომ შემდგომი ერთი თვის მანძილზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, იყოს სრული კონსესუსი და მზაობა.

იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს საბოტაჟსა და წინააღმდეგობის პროცესს „ქართული ოცნება“ და ხალხის ნებას დაემორჩილება – გაუწევს ანგარიშს იმ დიდ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა ჩვენკენ გადმოდგა.

დიდი მადლობა პირადად ქალბატონ ურსულას ამ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის, რომელშიც, აბსოლუტურად, ყველაფერია ნათქვამი. ხალხო, ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია, რამხელა დეზინფორმაციის კამპანია მოქმედებდა საქართველოში, რომ ევროკავშირის სტატუსს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თითქოს ვიღაც რაღაცას გვაძალებს, მაგრამ დიდი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა ჩვენში, საქართველოში და არ დაგვტოვა რუსეთთან პირისპირ.

აი, ესაა მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს. საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, საქართველოს გზა არის განვითარებისკენ, არასდროს რუსეთი საქართველოში არ იქნება და რაც მთავარია, დეკემბერი – დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ჯერ მხოლოდ დასაწყისია, გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, რომ ვთქვათ – ფუნდამენტი შექმნა ევროკომისიამ, ახლა კი უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისშეშლა არ მოხდეს და მთავარია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.