Home Blog Page 1786

მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.

თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ.

„თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.

“ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია- პაპუაშვილი

20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ქართული ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს თანამდევია.

,,20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

ქარბუქი, გზებზე ლიპყინული – ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

თელ ავივში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს

თელ ავივში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს.

ისრაელის მედიის ცნობით, დემონსტრანტები ჰაბიმას მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობა გააკრიტიკეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო და ამ ცნობების იგნორირებას ახდენდა.

მომიტინგეები პირადად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტების განცხადებით, ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა უნდა გადადგეს და ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს.

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი რთულ და მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ. ყურადღებით დააკვირდით, რა ხდება თქვენ ირგვლივ, რადგან შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ამ დღეს ურთიერთობა არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება – შეიძლება საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ.

კურო

ყოველმხრივ არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, მოერიდეთ სარისკო საქმიანობას, საშიშ სამუშაოებს და ქუჩაში მოძრაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. ემოციური სტრესი შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ, შესაძლოა ეს სპორტი ან სხვა ფიზიკური დატვირთვა იყოს.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ვალები დროულად გადაიხადოთ და დაპირებები შეასრულოთ – ეს თქვენზე სასიკეთოდ აისახება. ეცადეთ, მეგობარი გასაჭირში არ მიატოვოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. არახელსაყრელი დღეა დიდი და სერიოზული საქმეებისთვის, ამიტომ ეცადეთ, უკვე დაწყებული საქმე დაასრულოთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

კირჩხიბი

წარმატებული სამუშაო კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ აქტიურობა შეამციროთ და მიღებული შედეგებით დატკბეთ. იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და განთავისუფლდით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს, მაგრამ ახალი და მასზე ბევრად საინტერესო გამოჩნდება.

ლომი

საშიშ ავანტიურაში ან სარისკო საქმიანობაში ჩართვამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევ დასკვნებსა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ. ორ დღეში შეიძლება თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ დამოკიდებულება შეგეცვალოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული

გადაწყვეტილების მიღებამდე და დასკვნების გამოტანამდე ეცადეთ, ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოთ. ამ დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება რთული იქნება, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ – ახლა მათი მხარდაჭერა გჭირდებათ. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ, ეს ისე გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცას გული დაუმსახურებლად ატკინეთ, ბოდიში უნდა მოუხადოთ და გულწრფელად ესაუბროთ. შეიძლება, მოულოდნელად უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და თავაზიანობა გამოიჩინოთ. სახლის დალაგება და მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.

მორიელი

ცვალებადი განწყობა და ძლიერმა ემოციები შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს. მოერიდეთ ახლობელი ადამიანებისთვის შენიშვნების მიცემას და მათ კრიტიკას. სანამ რამეს რამეს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით – დღევანდელ შეცდომებს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, პროფესიულ საქმიანობაში კარიერული წინსვლა და ფინანსური წარმატება გელით. ეცადეთ, სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი წარმოსახვა და შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინოთ და საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი და ბედნიერი გახდება.

თხის რქა

დღევანდელ შეხვედრებთან თუ მოვლენებთან დაკავშირებით შთაბეჭდილება ხვალ მკვეთრად შეგეცვლებათ, ამიტომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოერიდოთ. ნუ აჩქარდებით, შეცდომების თავიდან ასაცილებლად რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

მერწყული

დროა, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და პრობლემას თვალი გაუსწოროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და გეგმებში მცირე შესწორებები შეიტანოთ. მეგობრებს თქვენი რჩევა დასჭირდებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ერთი შეხედვით, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ უარესობისკენაა, თუმცა რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.

თევზები

რთული და დაძაბული დღეა. გაუთვალისწინებელი სირთულეები გეგმების შეცვლას გაიძულებთ, ამიტომ ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოთ. იუმორის გრძნობა სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ. ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.

,,აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ტაივანის საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არჩევნებში ჩარევა „მიუღებელი იქნებოდა“ ნებისმიერი ქვეყნის მიერ.

როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ არჩევნები, გარდამავალი პერიოდი პეკინთან კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

ტაივანში დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ დაიცავს ტაივანს ჩინეთის საფრთხისგან და შეინარჩუნებს სტატუს კვოს.

,,ფაქტია, ის არავინ და არაფრიდან კაცად ბიძინა ივანიშვილმა აქცია”- თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, გიორგი გახარია სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ აქცია პოლიტიკოსად, თუმცა ახლა მას პოლიტიკოსობანას თამაშიც აღარ გამოსდის.

„გიორგი გახარია 2012 წელს ჩამოვიდა, მას რეკომენდაცია ხუხაშვილმა გაუწია, რითაც ბიძინა ივანიშვილთან ნდობაში მარტივად შევიდა და საინტერესო კარიერული გზა განვლო: იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ – ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი – პრემიერ-მინისტრი.

ფაქტია, ის არავინ და არაფრიდან კაცად ბიძინა ივანიშვილმა აქცია.

თუმცა საპასუხისმგებლო და გადამწყვეტ მომენტში, 2021 წლის 18 თებერვალს, მან საკუთარი მოღალატეობრივი პოზიცია ღიად დააფიქსირა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა მიზეზით, თითქოს მიზანშეუწონლად მიიჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება.

ამით მან ღიად წაახალისა ნიკა მელიას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მეტიც, მხარდაჭერა გამოუცხადა მას.

ამ დღიდან მოყოლებული გიორგი გახარია მოქმედ ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში გადავიდა, თუმცა ის ოპონირებაში დადგენილ წესებსაც არ ცნობს და წმინდა მოღალატეობრივ ქმედებებს აგრძელებს. ძირითადად, მისი ბრძოლის მანერა დღეს – მუქარა ან გამოწვევაა.

ამჟამად, მას უთხრეს, დროა „გაცოცხლდეო“, პიარული სვლა აიძულეს და განაცხადებინეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევო.

ნაძალადევი გამოწვევა ადრესატმა არ მიიღო, ლოგიკურიცაა – ტოლი, სწორი უნდა იყოს ის, ვინც გამოწვევას გაგიბედავს, რომ უპასუხო.

ბიძინა ივანიშვილის დუმილი გიორგი გახარიასათვის მორიგი პოლიტიკური მარცხია და დღეს ის ამას უკვე შემგუებლის თვალით უყურებს.

ალბათ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევასაც ნანობს, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომლის პოლიტიკური სვლები დროს უსწრებს და კაცი, რომლის გრანდიოზული ქველმოქმედების ციფრებში ასახვა ადამიანს გაგიჭირდება…

ბევრს არ დავწერ, მხოლოდ მცირედს გავიხსენებ – ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნებით, ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს;

დაფინანსდა სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობა. მატერიალურ დახმარებას დღემდე იღებს საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის ეროვნული ნაკრები;

აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება;

აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა ხალხის გადასარჩენად – პანდემიასთან ბრძოლისთვის;

ქალაქ თბილისში იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადასცა საჩუქრად და, მთლიანად, ყველა საჭირო სამუშაოს – გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაციასა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად იღებს საკუთარ თავზე;

ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელმაც მხოლოდ ქველმოქმედებაში ჯამში სამ მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. გამოდით და თქვით – ვინ გააკეთეთ ამდენი ან ამაზე მეტი?!

მინაწერი: ბატონო გიორგი გახარია, ვიცი, ამ კითხვაზე პოლიტიკურად გაჟრიალებთ, მაგრამ მაინც განვმეორდები – მრჩეველი არ გივარგათ, ფაქტია, ალბათ, მისი ვალიც გაქვთ, აბა, ისე რა რჩევაა… ვის ეტოლებით?! ვის ეჯიბრებით?!

„ქართული ოცნების“ გუნდის რეიტინგით კაცად იქეცით, მაგრამ პოლიტიკიდან ნიკა მელიას გამო გაიქეცით და ახლა პოლიტიკოსობანას თამაშიც აღარ გამოგდით“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

,,ქვეყანაში ამ ეტაპზე, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსი ცირკულირებს”- ალექსანდრე გოგინავა

გაზრდილი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში და ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში – ქვეყანაში ამ ეტაპზე, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ.

“გრიპს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ეს არის ძირითადად ცხელებით დასაწყისი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, შესაძლოა იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. სიმპტომები 5-დან 7 დღემდე ხანგრძლივდება. რთულ შემთხვევებში შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირამდე. რისკ-ჯგუფში არიან ასაკოვანი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები. ამიტომ, ასეთ კატეგორიაში თუ გრიპი დადასტურდება, მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ ექიმს,”- აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ამერიკის რკინის მუშტი – ავთანდილ წულაძე

შეერთებულმა შტატებმა მეორე დარტყმა განახორციელა იემენში ჰუსიტების პოზიციებზე. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ გააგრძელებს სამხედრო დარტყმებს, თუ ჰუსიტები არ შეწყვეტენ კომერციული გემების დაბომბვას.

ბაიდენმა ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გადადგა, რომელიც მისთვის ჯერჯერობით არც თუ ისე კარგად მიდის – რეიტინგებში დონალდ ტრამპი ლიდერობს. აშშ-ს კონგრესმა ჯერ კიდევ არ დაამტკიცა სამხედრო დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის, რაც ასევე ასუსტებს ბაიდენის პოლიტიკურ პოზიციებს.

ჰუსიტების პოზიციებზე სამხედრო დარტყმები მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია. ეს ნიშნავს ვაშინგტონის მიმდინარე პოლიტიკური შეხედულების შეცვლას რონალდ რეიგანის სტილის უფრო მკაცრი კურსისკენ. ამერიკამ „რკინის მუშტი“ აჩვენა თავისუფალი სამყაროს ყველა მტერს და ეს დემონსტრაციულად გაკეთდა. ტელეკომპანია CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა ტიპის იარაღები იქნა გამოყენებული დარტყმისთვის.

https://edition.cnn.com/2024/01/12/middleeast/weapons-us-uk-using-to-strike-yemens-houthis-intl-hnk-ml/index.html

ეს არის რაკეტები Tomahawk Land Attack Missiles (TLAM), რომლებიც გაშვებულია გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან და ატარებენ 1000 ფუნტის სამხედრო ტვირთს.

USS Florida არის ბირთვული მართვადი რაკეტების მქონე წყალქვეშა ნავი. ამ ნავს შეუძლია 154 Tomahawk საკრუიზო რაკეტის გადატანა. ეს არის უზარმაზარი დამრტყმელი ძალა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა პირველად აჩვენა 2011 წელს ლიბიაში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების დროს.

დიდმა ბრიტანეთმა განახორციელა დარტყმები Typhoon თვითმფრინავით, რომელმაც ჩამოაგდო 500 ფუნტიანი ბომბი იემენის სამხედრო ობიექტებზე.

აშშ-ს სამხედრო ძალის დემონსტრირება გაფრთხილებაა, პირველ რიგში, ირანისთვის, რომელიც მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში მის „პროქსი“-ძალებს. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ასევე ნიშანია სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეასუსტონ აშშ-ს პოზიციები მსოფლიო ასპარეზზე.

შეერთებულ შტატებში ჰუსიტების ბაზებზე დარტყმებს მხარი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატებმა ნიკი ჰეილიმ და რონ დესანტისმა გააკრიტიკეს ჯო ბაიდენი იმის გამო, რომ ეს დარტყმები ადრე არ განახორციელა. მხოლოდ დონალდ ტრამპმა ისაუბრა ჯო ბაიდენის ქმედებებზე კრიტიკულად და თქვა, რომ ბაიდენი ხელს უწყობს ომს ახლო აღმოსავლეთში. პარადოქსულია, მაგრამ პრეზიდენტის ქმედებები, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიულ პარტიას, შეესაბამება რესპუბლიკელების პოლიტიკურ შეხედულებებს.

ავტორიტარული რეჟიმების დამშვიდების პოლიტიკა და მათთან შეთანხმების მიღწევის მცდელობები სამხედრო კონფლიქტების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ჩაიშალა. შეერთებული შტატები იძულებული არიან მოიხსნან „ხავერდოვანი ხელთათმანები“ და გამოიყენონ „რკინის მუშტები“. ავღანეთიდან ამერიკული ჯარის წარუმატებელი გაყვანის შემდეგ აშშ-ს სამხედრო პრესტიჟი ძალიან დაზარალდა. ავტორიტეტის აღსადგენად, აშშ იძულებულია აჩვენოს სამხედრო ძალა მსოფლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა დაკარგავს თავის ეკონომიკურ უზენაესობას საერთაშორისო ასპარეზზე. ნათქვამია, რომ მსოფლიო დოლარის სისტემის არსებობას აშშ-ს საზღვაო ძალები განაპირობებს.

1980 წელს რონალდ რეიგანმა მოიგო არჩევნები ამერიკის დიდების დაბრუნების ლოზუნგით. მისი კონკურენტი ჯიმი კარტერი დამარცხდა ირანში ამერიკელი მძევლების კრიზისის გამო. ამჯერადაც, ამერიკის საგარეო პოლიტიკის რადიკალურად შეცვლის მიზეზი ირანია, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს, ჰუსიტებს და სხვა „პროქსი“-ძალებს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციების შესუსტების მიზნით. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი, ამერიკის „რკინის მუშტის“ საგარეო პოლიტიკა უცვლელი დარჩება.

ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

ირანი ომანის სრუტეში სანავთობო ტანკერის გატაცების შესახებ იუწყება

ირანი ომანის სრუტეში სანავთობო ტანკერის გატაცების შესახებ იუწყება, ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო კადრები ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელეარხმა გაავრცელა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ხომალდი, 12 იანვარს, ომანის სრუტესთან გააჩერეს.

ტანკერს ერაყული ნავთობი თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდა. ირანის განცხადებით, ტანკერის დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის მხრიდან, შარშან, ირანული სანავთობო ტანკერის დაკავების საპასუხოდ მოხდა.