Home Blog Page 1786

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

სარჩელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ითხოვდა, აღიარებულიყო მისი უფლებების დარღვევა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და გაძევების გამო.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ“ (საჩივარი №8113/18) გადაწყვეტილებაში ერთხმად გამოაცხადა განცხადება დაუშვებლად. გადაწყვეტილება საბოლოოა“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმე ეხებოდა სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც 2015 წელს უკრაინაში ნატურალიზაცია მიიღო და აქტიური მონაწილეობდა უკრაინის პოლიტიკაში.

სააკაშვილი აცხადებდა უფლებების სხვადასხვა დარღვევაზე 2017 წელს, როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ასევე 2018 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დააკავეს და გააძევეს უკრაინიდან. სააკაშვილმა მოიხსენია მე-3 მუხლები (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), 5§1 (უფლება თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოებაზე), 6§2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია), მე-8 (პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებლის პატივისცემის უფლება), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება) და 18 (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების შეზღუდვა).

ყველა სარჩელში, გარდა ერთისა, სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა არ გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება და დანარჩენი პრეტენზიები – მე-13 მუხლის მიხედვით, აშკარად უსაფუძვლო იყო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისის შემდეგ, როდესაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა განაახლა, მას არაფერი უშლიდა ხელს უკრაინაში საჩივრების შეტანაში.

 

“ახლა უკრაინის ძალებში ეჭვის შეტანის დრო არ არის“ – ფილიპ ბრიდლოვი

აშშ-ის სამთავრობო სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე სათაურით „ახლა უკრაინის ძალებში ეჭვის შეტანის დრო არ არის“, აქვეყნებს ინტერვიუს თადარიგის გენერალ ფილიპ ბრიდლოვთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:

„უკრაინის შეიარაღებული ძალები რუს ოკუპანტებს რამდენიმე მიმართულებით უტევენ. მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში, კონტრიერიშის მიმართ მოლოდინები უკიდურესად მაღალია და კიევისგან ბრძოლის ველზე გამარჯვების ჩვენების წნეხიც არ მცირდება, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე – ამას ისურვებდნენ, მაგრამ ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ რუსებს თავდაცვის ხაზების გასამაგრებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ.

ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი და 40-წლიანი სამხედრო კარიერის მქონე თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაჭარბებული მოლოდინი მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ, ვისაც არ ესმის როგორ მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები თანამედროვე სამყაროში. სინამდვილეში კი უკრაინელები რამდენიმე მიმართულებას ამოწმებენ და პარტნიორები, რომლებმაც ნახეს, როგორი წარმატებული სტრატეგიით განდევნა უკვე უკრაინამ რუსები თავისი ტერიტორიებიდან, ამჯერადაც უნდა ენდონ მათ. მოვლენებს კი სიმშვიდითა და მოთმინებით დააკვირდნენ.

– უკრაინის კონტრშეტევა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, დაწყებულია. პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, რომ პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე – ისურვებდნენ. თუმცა იქვე ამბობს, რომ არ აპირებს საკუთარ ჯარისკაცებს ნაჩქარევად დანაღმული ტერიტორიებისკენ უბიძგოს. როგორ ფიქრობთ, რა ვითარებაა ახლა და როგორ გამოიყურება ის თქვენთვის სამხედრო თვალსაზრისით?

– ვფიქრობ, ყველა ცოტათი უნდა მოდუნდეს. ჩვენ ახლა ვხედავთ იმას, რაც მოსალოდნელი იყო უკრაინული ძალებისგან. ისინი არიან შემოწმების და გამოცდის ფაზაში. ამ პროცესში მათი ძალების დაახლოებით 30 %-ი ან ნაკლებია ჩართული. ისინი იწყებენ გარკვეული წარმატების მოპოვებას 1-2 მიმართულებით და ნაკლები წარმატება აქვთ სხვა მიმართულებებით. ჩვენ ახლა ვხედავთ მათ სამზადისს იმისთვის, თუ როგორ გამოიყენონ შემდეგ თავიანთი ძალების უფრო დიდი ნაწილი და – სად.

იმის მიხედვით, რასაც ყოველ დილით ვხედავ, დაახლოებით 4 ნაწილია, სადაც ისინი განსაკუთრებით ცდილობენ ძალების მოსინჯვას. მათგან ნახევარი დიდად ნაყოფიერი არ არის. ერთ მხარეს ისინი იწყებენ წარმატების მოპოვებას თავდაცვის პირველ ხაზებში. შემდეგ კი ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის დარტყმა, რომელიც იქნება სანაპიროსკენ მიმართული და რომელიც აჩვენებს გარკვეულ წარმატებას ახლა თავდაცვის მეორე ხაზების მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ ვართ, იქ, სადაც მოსალოდნელი იყო, რომ ვყოფილიყავით.

დიახ, იყო ცუდი მოლოდინი. იყო ხალხი, ვინც ელოდა, რომ ნახავდა დროშების ფრიალს და ბალაკლავის ბრძოლისას “მსუბუქი ბრიგადის შეტევის“ მსგავს მოძრაობად ქცევას. (ბრიტანული კავალერიის იერიში რუსული ჯარების წინააღმდეგ ყირიმში, მე-19 საუკუნეში). თანამედროვე ომი ასე არ მიმდინარეობს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რუსებს ამდენი თვე ჰქონდათ თავიანთი თავდაცვის მოსამზადებლად. მე ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი. მიეცით საშუალება უკრაინელებს გააკეთონ თავიანთი საქმე, მიეცით საშუალება მიიღონ კარგი გადაწყვეტილებები, ისეთი, როგორსაც ამ ომში აქამდეც იღებდნენ და ვნახავთ, როგორ წარიმართება მოვლენები.

– ამ კონტრიერიშის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია. ბევრი ჩქარობს, დაასკვნას, წარმატებულია თუ არა ის. ბევრი იმასაც შიშობს, რომ თუკი უკრაინა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან გამარჯვებებს ვერ აჩვენებს, შესაძლოა დასავლელი ლიდერები და მხარდამჭერი საზოგადოებებიც კი შეეგუონ იმას, რომ ეს კიდევ ერთ ე.წ. „გაყინულ კონფლიქტად“ იქცეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ წნეხს უკრაინის ძალების იერიშზე. როგორ შეიძლება ამ მოლოდინის შესრულების სურვილმა მათ სტრატეგიაზე და მეორე მხრივ კი უკრაინის დახმარების მომავალზე იმოქმედოს? როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას კიევი სამხედრო და პოლიტიკური კუთხით?

– ნათელია, რომ უკრაინა გარკვეული წნეხის ქვეშაა მათგან, ვისაც დაუყოვნებლივი შედეგების ნახვა სურს. მე არ ვარ კრიტიკული და არ ვსაუბრობ მაინცდამაინც ქედმაღლურად, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც არ ესმის ომი, და რომელთაც აქვთ არც ისე საფუძვლიანი მოლოდინები. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას ვურჩევდი. დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იქცეოდა უკრაინა, ამ ომში: მათ რუსებს სტრატეგიული მარცხი აწვნევინეს კიევის ჩრდილოეთით; სტრატეგიულად დაამარცხეს რუსეთი ხარკივის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით. მათ ოპერაციული წარმატება აქვთ ხერსონის შემოგარენშიც. და რატომ დავიწყეთ უეცრად მათი შეფასებების და გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება? ვფიქრობ, მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ განახორციელონ თავისი გეგმები.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გარკვეული პროგრესი აჩვენოს. ისინი, ვისაც ესმის, როგორ მიმდინარეობს ასეთი ომები, ალბათ უფრო მეტად მომთმენნი არიან. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს ჰქონდა დრო თავდაცვა გაეძლიერებინა, გაემაგრებინა პოზიციები, მომზადებულიყო. ასე რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს არ იქნება ბრძოლა უდიდესი შედეგების დაუყოვნებლივ ჩვენებით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ კარგ შედეგებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით და ეს გამამხნევებელია.

დიახ, უკრაინამ უნდა აჩვენოს გარკვეული წარმატება მსოფლიოს, დონორებს, მის საკუთარ ხალხსა და ჯარისკაცებსაც კი, ეს საჭიროა საბრძოლო მორალის ამაღლებისთვისაც. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინას მალე ექნება ამ ტიპის მონაპოვარი და მსოფლიოც დაიწყებს დაწყნარებას უკრაინისადმი მოლოდინებთან დაკავშირებით.

– თქვენ ამბობთ, რომ ის, რომ რუსეთს მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდა, ვითარებას ბევრად ართულებს. ხომ არ შეიძლებოდა ამ დროის უკეთ გამოყენება? თქვენ ხშირად საუბრობთ უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე. როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა ახლა უკრაინელებს ის, რაც სჭირდებათ და თუ არა, რა სჭირდებათ მათ?

– არა, არ აქვთ. და მე ამის შესახებ ყოველთვის ხმამაღლა, დაუფარავად ვსაუბრობ. ჩვენ უკრაინას მივეცით საკმარისი საიმისოდ, რომ ისინი ბრძოლის ველზე დარჩნენ და არ დამარცხდნენ, მაგრამ ვფიქრობ, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ არ მიგვეცა მათთვის ის ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდებათ.

ამ ბოლო ბრძოლებში სიახლეს ვხედავთ: მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მოულოდნელად ბევრად იმაზე უკეთ დაიწყეს ბრძოლა, ვიდრე მანამდე. ახლა ვხედავთ ომის ელექტრონული ელემენტის დამატებას მათ ბრძოლაში. ინჟინრებს ჰქონდათ დრო ბრძოლის ველის მოსამზადებლადაც, პოზიციების გასამაგრებლად, სიგნალების დასაბლოკად და ა.შ. ვხედავთ, რომ საბრძოლო შვეულმფრენების გამოყენებაც დაიწყეს ბრძოლაში. ასე რომ, უშუალოდ მათი ჯარისკაცების დიდად გაზრდილ შესაძლებლობებს ნამდვილად ვერ ვხედავთ. მაგრამ მათ ჰქონდათ დრო, რომ მომზადებულიყვნენ ბრძოლის ველზე სხვადასხვა საშუალებით, რომლებიც უკრაინამ უნდა გადალახოს. ზოგ შემთხვევაში ისინი ახლა ამას უკვე აკეთებენ და წინ მიდიან. სულ მცირე ერთი მიმართულებით, მათ უკვე გადაკვეთეს რუსების თავდაცვის მეორე ხაზი.

წყარო

“პუტინი „ვაგნერის“ გლობალური იმპერიის გაკონტროლებას ცდილობს” – The Wall Street Journal

ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „პუტინი „ვაგნერის“ გლობალური იმპერიის გაკონტროლებას ცდილობს“ (ავტორები – ბენუა ფოკონი, ჯო პარკინსონი და დრიუ ჰინშოუ).

პუბლიკაციაში განხილულია საკითხი, თუ როგორ აისახება „ვაგნერის“ ამბოხება აფრიკია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე (სირია, ლიბია, მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სუდანი, მოზამბიკი, ბურკინა-ფასო, კონგო, ზიმბაბვე და ა.შ.), სადაც რუსი დაქირავებულები სხვადასხვა მისიებს ასრულებენ – ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერიდან დაწყებული, სამშვიდობო მისიებით და სხვადასხვა წიაღისეულის საბადოების (მაღაროებისა და ღია კარიერების, გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების) დაცვით დამთავრებული.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დღეისათვის ჩამოთვლილ ქვეყნებში დაახლოებით ექვსი ათასამდე „ვაგნეროველი“ იმყოფება.

როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ თავიანთი წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა რაიმე კავშირს კერძო სამხედრო კომპანიასთან, „ვაგნერელთა“ კოლონის მოსკოვის მისადგომებთან შეჩერების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში აქტიური დიპლომატიური სატელეფონო საუბრები გამართა აფრიკელ და ახლო აღმოსავლელ პარტნიორებთან და ისინი დაარწმუნა, რომ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, მხოლოდ სხვა ხელმძღვანელების მეშვეობით.

„ვაგნერის“ ამბოხების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაფრინდნენ სირიაში, მალის რესპუბლიკაში. მაგალითად, დამასკოში გაემგზავრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე (გვარი დასახელებული არ არის), რომელიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა და დაარწმუნა, რომ იქ მყოფი „ვაგნერელები“ თავიანთი ფუნქციების შესრულებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. სირიაში მყოფ „ვაგნერელთა“ მეთაურს ლატაკიის რუსულ სამხედრო ბაზაში შესაბამისი კონსულტაციები ჩაუტარდა.

ასევე მოსკოვიდამ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ფოსტენ-არკანჟ ტუადერესთან, რომლის პირადი დაცვის შემადგენლობაში „ვაგნერელები“ არიან და განუცხადეს, რომ პარტნიორობა სამომავლოდაც უზრუნველყოფილი იქნება.

„რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს მიითვისოს და გააკონტროლოს ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის ფართო ქსელი… მაგრამ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენადაა ეს შესაძლებელია და რამდენად სწრაფად მოხდება“, – აღნიშნავენ ავტორები.

„ვაგნერი“ კრემლს დაეხმარა, რომ რუსეთს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა განემტკიცებინა“, – ციტირებს „უოლ-სთრით ჯორნელი“ საჰელისა და დასავლეთ აფრიკის რეგიონებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეცწარმომადგენლის ჯონ პიტერ ფამის გამონათქვამს.

წყარო

“საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ქართველი ხალხისგან ვირტუალური განცალკევების ტაქტიკა რუსულ ჰიბრიდულ მეთოდებს შეესაბამება” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევების მიზანმიმართული კამპანიის მოწმენი გავხდით, იქნება ეს ევროპულ ინტეგრაციასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა თუ შიდა პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

„ზოგიერთი უცხოური და ქართული პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანი ცდილობს, მთავრობის ინტერესები ხალხის ინტერესებისგან განცალკევებულად წარმოაჩინოს. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მაგალითზე. მოწოდება, „მიეცით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას“ – ამ ჭრელი პოლიტიკური დაჯგუფების გამაერთიანებელ დევიზად იქცა.აღნიშნული პრაქტიკა არ არის ახალი მათთვის, ვისთვისაც ნაცნობია რუსეთის ჰიბრიდული ომი“, – აღნიშნულია წერილში.

როგორც შალვა პაპუაშვილის წერილშია ნათქვამი, მთავრობის დელეგიტიმაციის გამოყენება პოლიტიკური დივერსიის ინსტრუმენტად საბჭოთა რეჟიმის გამორჩეულ ტაქტიკას წარმოადგენდა და, როგორ ჩანს, რუსეთის ამჟამინდელი მთავრობაც ენთუზიაზმით იყენებს მას.

„დღემდე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართველ ხალხს, მთავრობისგან განცალკევებულად უგზავნის სადღესასწაულო მილოცვებს. ქართული ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ აიტაცა ეს ტაქტიკა და ბევრჯერ შედარებით ზომიერ პოლიტიკურ პარტიებსაც თავს მოახვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ქართული ოპოზიციის ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წევრი სწავლობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მართულ საბჭოთა და რუსულ „საგანმანათლებლო“ დაწესებულებებში: მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი და უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს ამ ტაქტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ.

„პრორუსული“, „კორუმპირებული“ და „უნიათო“ მთავრობის ვირტუალურ განცალკევებას ხალხის მისწრაფებებისგან სხვა წყაროც აქვს: წმინდა წყლის პოპულიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე არამიმზიდველი პოლიტიკური ძალის გამორჩეული ტაქტიკაა.

„კორუმპირებული ხელისუფლების“ დაპირისპირება „სუფთა ხალხთან“ და, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მტკიცება, რომ არსებობს მთავრობის შეცვლის „საყოველთაო ნება“, ზუსტად შეესატყვისება თანამედროვე პოპულიზმის არსს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ პოპულიზმი მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.

ამრიგად, პარადოქსის მომსწრენი ვართ: ის ძალები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ „დემოკრატიულობას“, „პროგრესულობასა“ და „პროდასავლურობას“ იყენებენ მიუღებელ პოლიტიკურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე არადემოკრატიული და რეგრესული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის, და პოლიტიკური იდეოლოგიების ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ტაქტიკის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოყენება უსამართლო, დამაზიანებელი და ამორალურია.

პირველი, უსამართლოა იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა გამოირჩევა საჯარო სექტორის კეთილსინდისიერებით და დიდი ხანია, ძალისხმევას არ იშურებს დასავლეთში ინტეგრაციისთვის. არსებითად ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მთავრობა ჰყავს. აგრეთვე, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს დაახლოება ნატო-სთან, წარმატებით წარმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა მიიღო და მიაღწია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას“, – აღნიშნულია წერილში.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს ევროპული საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც.

„საქართველოს მთავრობამ, ასევე, განახორციელა მრავალმხრივი დემოკრატიული, ლიბერალური და პროგრესული რეფორმები. მათ შორისაა, მაგალითად, უმცირესობების დასაცავად ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება, რაც ვერც ერთმა წინა მთავრობამ ვერ შეძლო.

„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა დამაზიანებელიცაა იმიტომ, რომ დღესდღეობით საქართველო ორი გამოწვევის წინაშეა და ორივე საჭიროებს ყველა ეროვნული რესურსის საგანგებო მობილიზებას. პირველი მათგანი გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მომდინარეობს. საქართველოში უსაფრთხოების შენარჩუნება და, ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენი ხალხისა და მთავრობისგან.

მეორე, საგარეო საფრთხეებისა და შიდა რადიკალიზმის ფონზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელება, რთულად შესასრულებელ დავალებას წარმოადგენს. ამ კონტექსტში, მთავრობისთვის ძირის გამოთხრა სიცრუეზე დაფუძნებული ტაქტიკით, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს ამ პროცესს. ასეთი ორპირობა საქართველოს მთავრობის მიმართ განსხვავდება ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი საკუთარი მთავრობებისადმი ლოიალური მოპყრობისგან.

და ბოლოს, საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრა ქართველი ხალხისგან მისი ხელოვნურად განცალკევების გზით ამორალურია. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური განწყობების საფუძველს წარმოადგენდა, მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, რევოლუციური ტაქტიკის გახანგრძლივება კვლავ ხელს უწყობს პოლარიზაციას, ხოლო პოლარიზაციას შეუძლია გამოუსწორებლად დააზიანოს ჩვენი საზოგადოების სოციალური ქსოვილი. სიმართლე ისაა, რომ, დღესდღეობით, საქართველოს ისეთი ძლიერი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს, როგორიც აქამდე არასოდეს ჰქონია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო მხოლოდ სამ ათწლეულს ითვლის და გამოიარა რუსეთის არაერთი შემოჭრის, სამოქალაქო კონფლიქტების, სააკაშვილის დიქტატურისა და, ამჟამად, პოლიტიკის გაბოროტებული რადიკალიზაციის ეტაპები. საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა და თანამშრომლობა სჭირდება, ხოლო მთავრობის ხალხისგან განცალკევების ამორალური მცდელობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნულია წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს კის სვენდსენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და APM Terminals-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოში სანავსადგურო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნავსადგურების ღიაობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რა მიმართულებითაც APM Terminals-ის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრას APM Terminals Poti-ის მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

“კარგია, რომ სანქციების გვერდის ავლის კონკრეტული ფაქტები არ არსებობს” – ხათუნა სამნიძე

ის, რომ შეკითხვები არსებობს და ამასთან დაკავშირებით დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, ეს უკვე საგანგაშოა, რადგან ჩვენნაირი ქვეყანა ამ ომის ვითარებაში არ უნდა აჩენდეს საკუთარი ხელისუფლების არასწორი განცხადების გამო შეკითხვებს, შეკითხვები გაჩნდა და ძალიან ბევრი სტატია დაიბეჭდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ქვეყანასთან თუ კონკრეტული შეკითხვები ჩნდება, ამაზე სრულად პასუხისმგებელია ხელისუფლება.

„კარგია, რომ კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ასეთი ინფორმაციით ტოვებენ ჩვენი პარტნიორები ქვეყანას. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ისევ არ გააჩენს შეკითხვებს სანქციების თავის არიდების საკითხთან დაკავშირებით. კარგია, რომ კონკრეტული ფაქტები არ არის, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება შეკითხვებს აჩენს და არაფერს არ აკეთებს, რომ ჩვენი პოზიციები მტკიცე იყოს. მხოლოდ ოპოზიცია არ არის ინფორმაციის წყარო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ისინი ქვეყანაში კონკრეტულ ვითარებას სწავლობენ და ამის შესაბამისად ჩნდება შეკითხვები. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ თუ ქვეყანასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები ჩნდება, ამაზე სრულად პასუხისმგებელია ხელისუფლება, ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია და არის გადაწყვეტილების მიმღები“, – განაცხადა სამნიძემ.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“. ამასთან, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა საქართველოში, განაცხადა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“.

გორსა და თბილისში სპეცოპერაციები ჩატარდა – დეტალები

გორსა და თბილისში ნარკოდანაშაულში ბრალდებულების დასაკავებლად საპოლიციო მოქმედებები დამთავრდა, რომელიც დილიდან მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილია გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება“, – აღნიშნა ვალერი თელიამ.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, ფონიჭალაშიც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.

 

ფოტო: ანა შეპკინა

 ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ახალი პროგრამა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამა 5 წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.

პროგრამის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს; თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ფონდმა ღია კარის დღე გამართა.

“ღია კარის დღეზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიებს ახალი პროგრამის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების დეტალების, მათ შორის, პროცედურების ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს დროულად და უკეთესად მოემზადონ ტენდერებისთვის.

კომპანიების აქტიური ჩართულობა და კონკურენცია კი, მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ივანიშვილის ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას” – ვლადიმერ ბოჟაძე

რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტით დადასტურდა, რომ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების გაზრდას რუსეთ-უკრაინის ომთან რაიმე კავშირი აქვს, ბოჟაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონების გაზრდა გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას უკავშირდება.

„2011 წლიდან ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვენ ჩვენი სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას, მიზეზი საქართველოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად სავარაუდო გამოყენებაა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ორდღიანი ვიზიტით დადასტურდა რომ: ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელ პლატფორმად არ გამოიყენება, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის საშუალებითაც კონტროლდება ექსპორტი, ყველაზე სენსიტიური 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტი საქართველოდან, იგივე ეხება ფინანსური სანქციების აღსრულებასაც. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას და იმ განსაკუთრებულ ზომებს რაც სანქციების აღსრულებისთვის იქნა შემუშავებული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დევიდ ო’სალივანმა საერთოდ არ ისურვა. რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან. სინამდვილეში ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამართლებას და მისთვის კუთვნილი თანხების დაბრუნებას, იმ თანხების რომლებიც შვეიცარიულმა ბანკმა სრულიად უკანონოდ განკარგა, რაც დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომებზე. რაც არ უნდა ეცადოს ომის და ღალატის პარტია, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი გაავრცელოს ტყუილი და დეზინფორმაცია საკუთარი ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შედეგს ვერასდროს მიაღწევენ, რადგან სიმართლე ერთია და ეს სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ და საქართველომ!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

“როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ” – ირაკლი ზარქუა

საქართველოს მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი, მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანი და წმინდაა და როცა შენ მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ ამას ქმედებები შეიძლება მოჰყვეს – სიტყვას, პოზიციას ყველამ უნდა გავუფრთხილდეთ და როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუამ აღნიშნა ისიც, რომ ძალადობა დასაგმობია და ის რაც მოხდა, მიუღებელია.

„რაც არ უნდა განსხვავებული და მიუღებელი აზრი ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, ფიზიკური ანგარიშსწორების უფლება არა გვაქვს, თუმცა აქვე დავძენ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენს განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.

ძალადობა არ მომწონს, მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის. ასეთი არის არმია – მთელი საქართველოს მოსახლეობაა, ვინც შეებრძოლება მას, ვინც პატრიარქს, ადათ-წესებს აუგად მოიხსენიებს და სულში ჩაგვაფურთხებს.

ბუნებრივია, საზოგადოებას ამაზე რეაგირებას ექნება. შემდეგ რომ დადიან ჩივიან, ამას სჯობს მოზომო, რას საუბრობ, როგორ საუბრობ და ვის ესაუბრები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“გასათვალისწინებელია შიდსის გავრცელების რისკი“ – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართვას.  ბუწაშვილის პოსტს “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

არაერთი რუსი პაციენტი ჰყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი. ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენ ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არამარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ”,  – წერს მაია ბუწაშვილი.

 

https://www.facebook.com/maia.butsashvili/posts/pfbid02yi9UTVUPckaSZM1cr5pUz6U8LGmqAsDnxth8jU4KPoKJqMKR7fu6xfZhUekkbJzwl

 

 

“იცნობდეთ! ქართველი „ჟანა დ’არკი“ და მისი ერთგული „რაინდი“ გიგა ტარასკონელი!” -ხაინდრავა თამარ ჩერგოლეიშვილზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება.

„მე ფასეულობების ომში ვარ. ამ ომში ვუპირისპირდები: სიბნელეს, ბოროტებას, ჩამორჩენილობას, თვალთმაქცობას, ცილისწამებას, ძალადობას, გაუნათლებლობას. ამ ბრძოლაში თავისუფლების ბედი წყდება!

იცნობდეთ! ქართველი „ჟანა დ’არკი“ და მისი ერთგული „რაინდი“ გიგა ტარასკონელი!“, – წერს გოგა ხაინდრავა.