“საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ქართველი ხალხისგან ვირტუალური განცალკევების ტაქტიკა რუსულ ჰიბრიდულ მეთოდებს შეესაბამება” – შალვა პაპუაშვილი

59
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევების მიზანმიმართული კამპანიის მოწმენი გავხდით, იქნება ეს ევროპულ ინტეგრაციასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა თუ შიდა პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

„ზოგიერთი უცხოური და ქართული პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანი ცდილობს, მთავრობის ინტერესები ხალხის ინტერესებისგან განცალკევებულად წარმოაჩინოს. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მაგალითზე. მოწოდება, „მიეცით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას“ – ამ ჭრელი პოლიტიკური დაჯგუფების გამაერთიანებელ დევიზად იქცა.აღნიშნული პრაქტიკა არ არის ახალი მათთვის, ვისთვისაც ნაცნობია რუსეთის ჰიბრიდული ომი“, – აღნიშნულია წერილში.

როგორც შალვა პაპუაშვილის წერილშია ნათქვამი, მთავრობის დელეგიტიმაციის გამოყენება პოლიტიკური დივერსიის ინსტრუმენტად საბჭოთა რეჟიმის გამორჩეულ ტაქტიკას წარმოადგენდა და, როგორ ჩანს, რუსეთის ამჟამინდელი მთავრობაც ენთუზიაზმით იყენებს მას.

„დღემდე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართველ ხალხს, მთავრობისგან განცალკევებულად უგზავნის სადღესასწაულო მილოცვებს. ქართული ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ აიტაცა ეს ტაქტიკა და ბევრჯერ შედარებით ზომიერ პოლიტიკურ პარტიებსაც თავს მოახვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ქართული ოპოზიციის ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წევრი სწავლობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მართულ საბჭოთა და რუსულ „საგანმანათლებლო“ დაწესებულებებში: მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი და უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს ამ ტაქტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ.

„პრორუსული“, „კორუმპირებული“ და „უნიათო“ მთავრობის ვირტუალურ განცალკევებას ხალხის მისწრაფებებისგან სხვა წყაროც აქვს: წმინდა წყლის პოპულიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე არამიმზიდველი პოლიტიკური ძალის გამორჩეული ტაქტიკაა.

„კორუმპირებული ხელისუფლების“ დაპირისპირება „სუფთა ხალხთან“ და, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მტკიცება, რომ არსებობს მთავრობის შეცვლის „საყოველთაო ნება“, ზუსტად შეესატყვისება თანამედროვე პოპულიზმის არსს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ პოპულიზმი მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.

ამრიგად, პარადოქსის მომსწრენი ვართ: ის ძალები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ „დემოკრატიულობას“, „პროგრესულობასა“ და „პროდასავლურობას“ იყენებენ მიუღებელ პოლიტიკურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე არადემოკრატიული და რეგრესული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის, და პოლიტიკური იდეოლოგიების ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ტაქტიკის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოყენება უსამართლო, დამაზიანებელი და ამორალურია.

პირველი, უსამართლოა იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა გამოირჩევა საჯარო სექტორის კეთილსინდისიერებით და დიდი ხანია, ძალისხმევას არ იშურებს დასავლეთში ინტეგრაციისთვის. არსებითად ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მთავრობა ჰყავს. აგრეთვე, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს დაახლოება ნატო-სთან, წარმატებით წარმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა მიიღო და მიაღწია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას“, – აღნიშნულია წერილში.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს ევროპული საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც.

„საქართველოს მთავრობამ, ასევე, განახორციელა მრავალმხრივი დემოკრატიული, ლიბერალური და პროგრესული რეფორმები. მათ შორისაა, მაგალითად, უმცირესობების დასაცავად ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება, რაც ვერც ერთმა წინა მთავრობამ ვერ შეძლო.

„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა დამაზიანებელიცაა იმიტომ, რომ დღესდღეობით საქართველო ორი გამოწვევის წინაშეა და ორივე საჭიროებს ყველა ეროვნული რესურსის საგანგებო მობილიზებას. პირველი მათგანი გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მომდინარეობს. საქართველოში უსაფრთხოების შენარჩუნება და, ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენი ხალხისა და მთავრობისგან.

მეორე, საგარეო საფრთხეებისა და შიდა რადიკალიზმის ფონზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელება, რთულად შესასრულებელ დავალებას წარმოადგენს. ამ კონტექსტში, მთავრობისთვის ძირის გამოთხრა სიცრუეზე დაფუძნებული ტაქტიკით, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს ამ პროცესს. ასეთი ორპირობა საქართველოს მთავრობის მიმართ განსხვავდება ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი საკუთარი მთავრობებისადმი ლოიალური მოპყრობისგან.

და ბოლოს, საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრა ქართველი ხალხისგან მისი ხელოვნურად განცალკევების გზით ამორალურია. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური განწყობების საფუძველს წარმოადგენდა, მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, რევოლუციური ტაქტიკის გახანგრძლივება კვლავ ხელს უწყობს პოლარიზაციას, ხოლო პოლარიზაციას შეუძლია გამოუსწორებლად დააზიანოს ჩვენი საზოგადოების სოციალური ქსოვილი. სიმართლე ისაა, რომ, დღესდღეობით, საქართველოს ისეთი ძლიერი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს, როგორიც აქამდე არასოდეს ჰქონია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო მხოლოდ სამ ათწლეულს ითვლის და გამოიარა რუსეთის არაერთი შემოჭრის, სამოქალაქო კონფლიქტების, სააკაშვილის დიქტატურისა და, ამჟამად, პოლიტიკის გაბოროტებული რადიკალიზაციის ეტაპები. საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა და თანამშრომლობა სჭირდება, ხოლო მთავრობის ხალხისგან განცალკევების ამორალური მცდელობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნულია წერილში.