Home Blog Page 1785

კახა კალაძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა – ეროვნული სიმბოლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის საყოველთაოდ საამაყო, ძვირფასი და პატივსაცემია.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც საქართველოს დროშის ქვეშ ასახელა ჩვენი ქვეყანა, დაიცვა მისი სახელი და დიდება!
გილოცავთ ყველას!
გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს კახა კალაძე.

მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე დგას – დავოსში განიხილებოდა „დაავადება X“

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ „დაავადება X“ -ს, რომელიც შეიძლება 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს ვიდრე კორონავირუსი.

როგორც მედია წერს, ახალ პანდემიასთან დაკავშირებით შეხვედრა ოთხშაბათს, 17 იანვარს გაიმართება.

ფორუმის პროგრამის მიხედვით, მსოფლიო ლიდერებს სურთ განიხილონ ახალი ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სისტემების მოსამზადებლად მრავალი გამოწვევისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, უცნობმა „დაავადება X“-მა შეიძლება გამოიწვიოს 20-ჯერ მეტი სიკვდილი, ვიდრე კორონავირუსის პანდემიამ.

მომხსენებლებს შორის არიან:  ტედროს ადანომ გებრეისუსი – ჯანმოს გენერალური დირექტორი, მიშელ დემარე – AstraZeneca Plc-ის თავმჯდომარე, შიამ ბიშენი – ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ჟენევის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, როი ჯეიკობსი – Royal Philips-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, პრეეტა რედი – შპს Apollo Hospitals Enterprise-ის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე, ნიცია ტრინდადე ლიმა – ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი,  ჯამილ ედმონდ ანდერლინი – ევროპის, Politico-ს მთავარი რედაქტორი.

როგორც აღინიშნა, „დაავადება X“ არის უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ეპიდემია ან პანდემია.

ამ დროისთვის რეალურ პრობლემად მაინც რჩება COVID-19, რომელიც არათუ არ გამქრალა, არამედ მუდმივად მუტაციას განიცდის. იაპონელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანის ქცევა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ახალი შტამების გაჩენაზე.

საქართველოს დროშა ევროპული ქვეყნების დროშებს შეუერთდება – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

იქ შეკრებილ საზოგადოებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. ათონელის რეზიდენციაში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა.

„სიამაყე, სიხარული, იმედი,  ეს არის ის განცდები, რომელი მე მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ვუყურებთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას. ეს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს სიმბოლო არის ჩვენი სახელმწიფოსი, მისი სუვერენობის, მისი დამოუკიდებლობის, იმის, რისთვისაც ჩვენი ბევრი წინაპარი ძალიან დიდხანს იბრძოდა, კვდებოდა იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემად ყოფილიყო და ჩვენთვის ხვალინდელი დღის იმედს წარმოადგენდეს.

დროშა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის. ის, რაც საქართველო იყო და რაც იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მინდა, რომ ეს ვუთხრა ახალგაზრდებს. ეს არ არის მხოლოდ ისეთი მატერიალური სიმბოლო. დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს. მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა და ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.

ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ სადაც საჭირო იქნება მუდამ, ყოველთვის. სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი და ამისთვის ჩვენი პატივისცემა და ჩვენი მადლიერება.

მინდა ახალგაზრდებს გითხრათ, ეს დროსა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია. ეს დროშა მუდმივად იქნება მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი”- ნატა ფერაძე

დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და “შეურაჯღობა” არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას.”– წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ტირანს (სტალინს) და არა რწმენას.

“სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი.

დროა სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით)

ჭავჭავაძის სახლმუზეუმს კითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე. ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ. დანარჩენი – ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ“- წერს ფერაძე.

ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით- მეუფე შიო

დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით… ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს გახლავთ რამდენიმე დღესასწაული ერთად; ეს არის შობის შემდგომი კვირა, ნათლისღების წინა კვირა, წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, წმინდა ბასილი დიდის ხსენება და ასევე დღეს გახლავთ ძველი სტილით ახალი წელი, რომელიც ხალხის მიერ იმდენად არის საყვარელი, რომ ჩვენი ოჯახების უმრავლესობაში აღინიშნება. ამიტომ ამასაც გილოცავთ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

იუდეველთა რჯულის მიხედვით, ყოველი ახალშობილი მამრობითი სქესის ჩვილი მერვე დღეს წინადაიცვითებოდა. ეს იყო ძველი აღთქმის ეკლესიაში ძალიან წმინდა წესი, რომლის მეშვეობითაც ეს წესი გახლდათ ნიშანი ღმერთსა და ებრაელ ხალხს შორის დადებული აღთქმისა. და აი, ამ დღიდან ადამიანს განეკუთვნებოდა ყველა ის აღთქმა და დაპირება, რომლებიც ღმერთმა მისცა ებრაელ ხალხს. ასევე ადამიანი იღებდა ვალდებულებას, რომ შეესრულებინა ყველა ის მცნება და დადგენილება, რომლებიც უფალმა მისცა ებრაელებს მოსესა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით.

ამრიგად, წინადაცვეთაზე უარის თქმა იუდეველობაზე უარის თქმის ტოლფასი იყო. გარდა ამისა, წინადაცვეთა იყო ქრისტიანული საიდუმლოს, ნათლისღების, წინა სახე და ნათლისღების მსგავსად მოასწავებდა კაცობრივი ცოდვილი ბუნების მოკვეთას, ცოდვასთან ბრძოლას, ღმერთის მორჩილებას და ღმერთთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს, დაწყებას.

მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ მიიღო წინადაცვეთა უფალმა იესო ქრისტემ, სოფლის მაცხოვარმა და მხსნელმა, რომელიც ჩაისახა და იშვა ცოდვის გარეშე, რომელსაც წმინდა და უბიწო სხეული ჰქონდა და რა თქმა უნდა, ეს არ სჭირდებოდა? უფალმა ეს იმიტომ გააკეთა, ისევე, როგორც დაიცვა ძველი აღთქმის სხვა წესები, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის საღვთო სჯულის მორჩილებისა და შესრულების მაგალითი. იგი ამბობს: „ნუ გგონიათ, რომ თითქოს რჯულის გასაუქმებლად მოვედი, არამედ აღსასრულებლად“. აი, ამ მოქმედებით უფალი ჩვენც გვასწავლის, რომ ზედმიწევნით უნდა აღვასრულოთ საღვთო რჯული და ეკლესიის დადგენილებები.

გარდა ამისა, მან იმიტომ მიიღო წინადაცვეთა, რომ ჩვენთვის ესწავლებინა შინაგანი, გულის წინადაცვეთა. ამაზეც საუბრობს წმინდა პავლე მოციქული, იგი ამბობს: „ჩვენ ქრისტეში ვართ წინადაცვეთილი, ხელთუქმნელი წინადაცვეთით. ეს არის განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან, ეს არის ქრისტესეული წინადაცვეთა,“ – აი, ასეთ სიტყვებს ამბობს იგი.

როგორც ხორციელი წინადაცვეთა იყო მტკივნეული პროცედურა, მაგრამ სასიკეთო, ასევე სულიერი, გულის წინადაცვეთაც არის მტკივნეული სულისთვის, იმიტომ რომ ეს არის მოკვეთა ვნებებისა, ბოროტი, მანკიერი მიდრეკილებებისა; მაგრამ ეს არის სულისთვის სასარგებლო და მაცხონებელი.

ამიტომ ჩვენ უნდა მოვიკვეთოთ მანკიერი მიდრეკილებები, ვნებები, არაწმინდა აზრები, გულის სიტყვები, რაც გვიშლის ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, სულიერ წარმატებასა და მადლის მოხვეჭაში, იმიტომ რომ ბოროტი აზრებისგან წარმოიშობა ბოროტი საქმეები. მაგრამ რომ არც გვქონდეს ჩვენ ბოროტი საქმეები, მარტო ეს ბოროტი გულის სიტყვები, აზრები და ვნებები უკვე ჩვენ გულთამხილველი ღმერთის წინაშე უღირსად გამოგვაჩენს. ამიტომ უნდა მოვიკვეთოთ ჩვენ ჩვენი ვნებებიც, როგორებიცაა: შური, მრისხანება, ამპარტავნება, უწმინდურობა და ა.შ. იმისთვის, რომ ჩვენი სხეულიც და სულიც იყოს კეთილსურნელოვანი ტაძარი ღვთისა. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ადამიანი, ეს არის ჩვენი დანიშნულება.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წინადაცვეთის დღესასწაულს. ეს დღე მოგვიწოდებს უფლის მცნებების შესრულებისკენ, ეკლესიის კანონების შესრულებისა და მათი სულიერი მნიშვნელობის დანახვისკენ.

ამიტომ დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში.

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება და ვთხოვოთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს სულიერი წინადაცვეთის გზაზე შედგომა, სიტყვისამებრ წმინდა პავლე მოციქულისა, რომელიც ამბობს: „ეს არის წინადაცვეთა, რაც გულისა და სულისმიერია; და რომელიც კაცთაგან კი არ იქება და იდიდება, არამედ იქება ღვთისაგან“, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“,- აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ლაზარე გრიგორიადისი არ გამორიცხავს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს

7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის  არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს  სალომე ზურაბიშვილის მიმართოს.

„არ ვიცი, არ მიფიქრია ეგეთ რაღაცებზე, შეიძლება. არ მიფიქრია არაფერი მაგდაგვარი…“, – აღნიშნა გრიგორიადისმა. 

შსს-ს ცნობით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღინიშნება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას დღესასწაულობს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

დღესვე ეკლესია წმიდა ბასილი დიდს იხსენიებს. ბასილი კესარიელი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი, მწერალი.

ქრისტიანული ეკლესიის დიდი მამათაგანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოღვაწედ ითვლება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვაში.

თბილისის სხვადასხვა რაიონში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება თბილისში არ ყოფილა.

თბილისის მერიის ცნობით, ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის ქუჩები, მეტრომშენის დასახლებისა და მახათას დამაკავშირებელი გზა, ვარკეთილი, ზემო ფონიჭალა, კახეთის გზატკეცილი, სოფელი დიდი ლილო.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული დროშა განთავსდა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა.

აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და  ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც.

ისტორიული წყაროების თანახმად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წევრებმა, კონსტანტინოპოლში დაუტოვეს ეს ეროვნული დროშა ევგენი დალეჯიოს, იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ. ამას ადასტურებს დროშის თეთრ ზოლზე სვიმონ მდივნის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის და ვასილ წულაძის, დამფუძნებელი კრების წევრის ხელმოწერები. იქვე, ხელს აწერს ევგენი დალეჯიო იმის ნიშნად, რომ დროშა ჩაიბარა და თავის ხელმოწერას კონსტანტინოპოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბეჭდით ამოწმებს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშის მხოლოდ სამი მეხუთედია შემორჩენილი. ისტორიული ექსპონატი სადემონსტრაციო სადგამით, სამინისტროს ცენტრალურ დარბაზში განთავსდა, მოგვიანებით კი, სხვა ექსპონატებთან ერთად, საქართველოს დიპლომატიის მუზეუმში იქნება განთავსებული.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

საქართველოს პრემიერის თქმით, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

„უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი.

ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას.

მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!”, – ნათქვამია პრემერის განცხადებაში.

,,ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი „ჰამასთან“ ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს.

მისი თქმით, ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე.

„ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან – ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პრემიერის თქმით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო, არის ის, რომ გადასასვლელი უნდა დაიხუროს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აჰმედ აბუ ზეიდმა განაცხადა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.