Home Blog Page 1784

ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 8 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნატოს სამიტის ფარგლებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუქსტრამ განაცხადა.

8 მილიონი ევრო, რომელსაც ნიდერლანდები ნატოს ნდობის ფონდში (DCB) გადარიცხავს, გამოყენებული იქნება საბრძოლო მასალის საწყობების დაცვის გაძლიერებაზე, დრონებთან ბრძოლის სისტემებზე და კიბერშეტევების მიმართ მედეგობის გაძლიერებაზე.

ვოპკე ჰუქსტრას განცხადებით, ასეთ არასტაბილურ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის იმ ფონზე, როცა რუსეთი საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.

ნინო ხარატიშვილის წიგნის, „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Amusement Park-ი, ოსკაროსანი ფილმის, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პროდიუსერები და The Ink Factory-ი, Emmy-ს მფლობელი „ღამის ადმინისტრატორისა“ და „პატარა დრამერი გოგონას“ პროდიუსერები აერთიანებენ ძალებს ნინო ხარატიშვილის საერთაშორისო ბესტსელერის, „მერვე სიცოცხლის“ სატელევიზიო სერიალად გადასაღებად, – ინფორმაციას The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

სერიალის პროდიუსერები იქნებიან მალტე გრუნერტი, ამელი ფონ კიენლინი და სუზანა კაპიცკი Amusement Park-დან და საიმონ კორნუელი, სტივენ კორნველი და მიქელე ვოლკოფი The Ink Factory-დან და მეგი ბოდენი. სერიალის შოურანერი კი სარა ლამბერტი იქნება.

გამოცემა წერს, რომ ინგლისურენოვანმა პროექტმა გრანტი გერმანიის რეგიონალური სუბსიდირების ორგანოსგან Medienboard Berlin-Brandenburg-გან მიიღო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 ივლისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც გამოიდარებს. დღისით +26, ღამის ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +1 6გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +30 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანი და მივცეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას” – შარლ მიშელი

მხარს ვუჭერთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ვილნიუსში განაცხადა, სადაც ნატო-ს სამიტის მეორე დღისთვის იკრიბებიან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობა და ერთიანობა, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირთან შესანიშნავი თანამშრომლობა. ნატო-სთან ერთად ვმუშაობთ ბევრს, რათა გავხდეთ უფრო მეტი უსაფრთხოების მიმწოდებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ერთიანი და მივცეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას,რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

“ჩვენ შეგვიძლია, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის სურვილში, იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ გახდეს ნატო-ს წევრი”

ჩვენ აქ ვართ, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მედიასთან ვილნიუსში განაცხადა, სადაც ნატო-ს სამიტის მეორე დღისთვის იკრიბებიან.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირი უკრაინასთან ერთად მუშაობს რეფორმების გასატარებლად.

„ომის დაწყების დღიდან ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და ვუცხადებთ ფინანსურ მხარდაჭერას, ვთავაზობთ თავშესაფრებს. ჩვენ შეგვიძლია, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის სურვილში, იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ გახდეს ნატო-ს წევრი. ამისთვის ვატარებთ რეფორმებს, ვაძლიერებთ ინსტიტუტებს, მაგალითად, ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად მუშაობს ამ რეფორმების გასატარებლად. შესანიშნავია იმის ყურება, თუ რა სისწრაფით ახორციელებს უკრაინა ამ რეფორმებს ომის მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი ამ სისწრაფით გააგრძელებენ სვლას, ეს იქნება მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, ქვეყანამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიაღწიოს ამ სურვილს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევზე თავდასხმა მოიგერია – რა ხდება ომის 504-ე დღეს

ომის 504-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 მიმართულებით 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ 28 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს.

„წარმატებული საბრძოლო მოქმედების შედეგად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ასევე, ჩვენმა დამცველებმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 5 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 65 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 71-ჯერ გაუხსნა.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი – საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების მართვის 3 პუნქტი, 10 საარტილერიო საშუალება, საჰაერო თავდაცვის სისტემა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს.

რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, თუმცა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა მათგანი გაანადგურეს, – ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მტერმა დედაქალაქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. მტერი ორი დღეა ზედიზედ უშვებს კიევისკენ ირანულ უპოლოტო საფრენ აპარატებს. საჰაერო იერიში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს“, – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ და მიმდინარეობს ოპერატიული მონაცემების განახლება და დაზუსტება.

დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისის სხდომაზე იმსჯელებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში აღარ დადის და პლენარულ სხდომაზეც რამდენჯერმე იყო.

დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი მაშინ იყო, როცა უმრავლესობა და პარლამენტი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამის მიზეზი კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გახდა, რომელიც უმრავლესობამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ საბოლოოდ პარლამენტიდან გაიწვია.

დღეს პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებლური სამყარო 12 ივლისს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების – პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, სასულიერო პირებმა და მრევლმა ტაძრებში, საზეიმო წირვით აღნიშნა.

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ წირვა ჯაყისმანის მამათა მონასტერშია აღავლინა.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 12 ივლისს დასრულდა. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

წმინდა პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. იგი მეთევზე იყო და სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე, თავდაყირა გაკრული აღესრულა.

წმინდა პავლე მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. როცა ის დროებით დაბრმავდა, ღმერთმა თავისკენ მოუწოდა. მოციქულის სიცოცხლე თავისკვეთით დასრულდა. პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ, ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე-პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ანუ 12 ივლისამდე ემარხულათ.

ქრისტიანული სამყაროსთვის პეტრე-პავლობის მარხვა წელს, 15 ივნისს დაიწყო. პეტრე და პავლე მოციქულებს სიყვარულის მოციქულებსაც უწოდებენ. ისინი მხოლოდ სიყვარულს ქადაგებდნენ და თავისი ცხოვრების წესითაც ამას ადასტურებდნენ, ამიტომაც ეკლესიამ მათ სიყვარულის მოციქულები უწოდა.

“საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის” – კობახიძე

ჩვენ მივყვებით პრაგმატულად ჩვენს პოლიტიკას. რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ პირიქით, ისე არ გაიწელოს პროცესი, რომ თვითონ ეს პროცესი გახდეს რისკი უსაფრთხოებისათვის,  – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება NATO-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.

მისივე თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს.

“საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის – რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები.

ჩვენც კი არ გვეშინია, ასე წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, უბრალოდ ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა რა განსხვავებაა?! – NATO-ს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას. თუ ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. NATO-ს ხელმძღვანელი პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელი ნატოზე, მათ იმის ეშინიათ, რისიც უნდა ეშინოდეთ. საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ნატოს პოლიტიკოსებს ეშინიათ ბირთვული ომის და ამიტომ არ შედიან რუსეთთან კონფრონტაციაში. ზუსტად ასეთივე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ ომთან მიმართებით, როცა საქართველოს ეხება საქმე. ჩვენ ზუსტად იგივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვეულებრივ ომთან დაკავშირებით, საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, რა პასუხისმგებლობასაც გრძნობს NATO საკუთარ წევრ ქვეყნებთან მიმართებით,

ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება – ეს არის მთავარი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე რთული საკითხების წარმატებით მოგვარებას ახერხებთ. ასე გააგრძელეთ! ადრე თუ გვიან, ამას თქვენი უფროსები აუცილებლად შენიშნავენ. ვარსკვლავების კეთილგანწყობა მოლაპარაკებაში წარმატებას მოგიტანთ – შეგიძლიათ, საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი თანამოსაუბრე დაარწმუნოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი დიეტის დასაწყებად.

კურო

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. დროა, გადადებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ – საქმის წარმატება დიდწილად მათზეა დამოკიდებული. კომუნიკაბელურობა და მეგობრული განწყობა რთული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერი ცვლილებისა და სიახლისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, შანსით ისარგებლოთ და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეცვალეთ. ბინის ან სამუშაო სივრცის მოწესრიგება-დასუფთავება უსიამოვნო ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

კირჩხიბი

პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმი დაგეგმილ ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუკი საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად შეაფასებთ და სამოქმედო გეგმას შეადგენთ, რათა დრო ტყუილად არ დაკარგოთ. ეცადეთ, დაპირებები დროულად შეასრულოთ და ვალები სრულად დაფაროთ – ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და თავდაჯერებას აგიმაღლებთ.

ლომი

ამ დღეს შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ რთული მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება ან რესურსების ნაკლებობის გამო გადადებული საქმეების დასრულება. გირჩევთ, გამოცდილ ადამიანებს მოუსმინოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ გაუცრუოთ.

ქალწული

დიდი ხანია ცვლილებებზე ოცნებობთ? გილოცავთ! მათი განხორციელებისთვის საუკეთესო დღეა. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო, რაც განვითარებაში ხელს გიშლით და გაფერხებთ და დაიწყეთ საქმე, რომელიც დიდი ხანია, გიზიდავთ და გაინტერესებთ.

სასწორი

გირჩევთ, პირად ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვეთ. ხელსაყრელია დღეა ნაყოფიერი მუშაობისა და კარიერული პოზიციის გაუმჯობესებისთვის. მენეჯმენტი თქვენს თავდადებას აუცილებლად შენიშნავს და დააფასებს.

მორიელი

სავარაუდოდ, მენეჯმენტს თქვენი ინოვაციური იდეებით ან საინტერესო გეგმებით თავს მოაწონებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ მათ შესახებ კოლეგებს ან ბიზნესპარტნიორებს უამბოთ. ეცადეთ, თქვენი დღე ისე დაგეგმოთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ და საღამოსთვის დასვენებისთვის დროც დაიტოვოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, შექმნილი სიტუაციის ან მიმდინარე პრობლემების შესახებ თქვენი ხედვა კოლეგებსა და უფროსებს გაუზიაროთ. თქვენი უჩვეულო იდეები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული საკითხების მოგვარებისთვის ალტერნატიული მეთოდები გამოიყენოთ. საღამოს ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი ნათესავი მოინახულოთ.

თხის რქა

თუ არ იზარმაცებთ და თქვენს თანდაყოლილ ლიდერის თვისებებს გამოავლენთ, ისეთ შედეგებს მიაღწევთ, როგორზეც არასოდეს გიოცნებიათ. ეცადეთ, რთული საკითხები თანამოაზრეების გუნდთან ერთად გადაწყვიტოთ. ნუ გადაიღლებით. დასვენებისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ახალ, მოგებიან შეთავაზებებს მოგიტანთ. თამამად დაიცავით საკუთარი მოსაზრება – ეს შეიძლება სხვა ადამიანებისთვის საინტერესო და სასარგებლო იყოს. ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და რაღაც საერთო საქმე დაგეგმოთ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე დიდ გავლენას მოახდენს. საღამოს საინტერესო შეხვედრა ან ძალიან მოგებიანი საქმიანი წინადადება გელით.

ბაქომ გამშვები პუნქტი „ლაჩინი” დროებით დახურა

ბაქომ დროებით დახურა გამშვები პუნქტი „ლაჩინი“. როგორც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში ამტკიცებენ, გამშვებ პუნქტ „ლაჩინის“ გავლით ხორციელდებოდა კონტრაბანდა და ამისთვის გამოყენებული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სატრანსპორტო საშუალებები.

„ამ ფაქტების გათვალისწინებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებამდე გამშვებ პუნქტ „ლაჩინის“ გავლით გადაადგილება დროებით შეჩერდა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით ხდება არასანქცირებული ტვირთის გადატანა. მათ შორის, ტელეფონების, დამუხტვის ხელსაწყოების და ბენზინის.

საპასუხოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს, რომ კონტრაბანდასთან კავშირს უარყოფენ.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინფორმირებულია იმ შეშფოთებების შესახებ, რომელიც გამოთქმულია არასანქცირებული ტვირთებითი ლაჩინის დერეფნით გადატანასთან დაკავშირებით და არ უჭერს მხარს ასეთ საქმიანობს. არცერთ ავტომობილში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ეკუთვნის არ იყო აღმოჩენილი არასანქცირებული ტვირთი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მედია იუწყება, ოთხი დაქირავებული მძღოლი ცდილობდა, მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაეტანა კომერციული ტვირთები მათ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით, რომელზეც დროებით იყო მიმაგრებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ემბლემა.

„ეს პირები არ არიან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები და კომიტეტმა მათთან დაუყოვნებლივ გაწყვიტა საქმიანი კონტრაქტები. ჩვენი სამუშაო ლაჩინის დერეფანში ყოველთვის ატარებს მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ლაჩინის დერეფანი ერთადერთ გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. 2023 წლის აპრილში ბაქომ ლაჩინის ხაკარის ხიდზე გახსნა გამშვები პუნქტი და ამის მიზეზად „ცოცხალი ძალის, იარაღისა და ნაღმების უკანონო გადატანის აღკვეთა დაასახელა.“

სომხეთში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არღვევს 2020 წელს მოსკოვში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას. ამასთან, ერევანი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულება, რომელი მიხედვითაც ლაჩინის დერეფანს რუსი სამხედროები უნდა აკონტროლებდნენ.

,,ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მინისტერიალი ნატოს ფარგლებში”- ილია დარჩიაშვილი

 

უკრაინა, რომელიც დღეს არის ომში, რომელსაც აქვს უზარმაზარი უსაფრთხოების გამოწვევა და მთავარი გზავნილი პარტნიორებმა მისცეს უკრაინას იმისთვის, რომ დღეს უკრაინის მხარდაჭერა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტნიორების და ალიანსმა დაადასტურა, რომ უკრაინას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ევროპისგან და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ ვილნიუსში ნატოს სამიტზე ვიზით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„მთავარი ჩანაწერიც კომუნიკესი ცალსახად აჩვენებს იმას, რომ პარტნიორები განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავენ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს მათი მხარდაჭერა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მინისტერიალი ნატოს ფარგლებში, რომელსაც საქართველოსთან ერთად ესწრებოდა მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინა. ჩვენ გვახსოვს წინა მინისტერიალი, რომელიც ასევე ბუქარესტში გაიმართა. იყო ძალიან საინტერესო დისკუსია. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ პარტნიორებისგან. როგორც ცნობილია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, დღეს ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან. ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით და ეს თავად ჩანაწერშიც კარგად ჩანს. მაღალ დონეზე შეფასებული საქართველოს ძალისხმევა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ეს შეფასებულია შესაბამისად ჩვენი პარტნიორებისგან და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველოს ტრადიციულად, ისე როგორც აქამდე, აქვს ძალიან დინამიური ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი ნატოსთან. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განმარტა დარჩიაშვილმა.