უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევზე თავდასხმა მოიგერია – რა ხდება ომის 504-ე დღეს

83
spot_img

ომის 504-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 მიმართულებით 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ 28 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს.

„წარმატებული საბრძოლო მოქმედების შედეგად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ასევე, ჩვენმა დამცველებმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 5 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 65 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 71-ჯერ გაუხსნა.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი – საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების მართვის 3 პუნქტი, 10 საარტილერიო საშუალება, საჰაერო თავდაცვის სისტემა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს.

რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, თუმცა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა მათგანი გაანადგურეს, – ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მტერმა დედაქალაქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. მტერი ორი დღეა ზედიზედ უშვებს კიევისკენ ირანულ უპოლოტო საფრენ აპარატებს. საჰაერო იერიში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს“, – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ და მიმდინარეობს ოპერატიული მონაცემების განახლება და დაზუსტება.