დღეს პეტრე-პავლობაა

298
spot_img

მართლმადიდებლური სამყარო 12 ივლისს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების – პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, სასულიერო პირებმა და მრევლმა ტაძრებში, საზეიმო წირვით აღნიშნა.

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ წირვა ჯაყისმანის მამათა მონასტერშია აღავლინა.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 12 ივლისს დასრულდა. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

წმინდა პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. იგი მეთევზე იყო და სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე, თავდაყირა გაკრული აღესრულა.

წმინდა პავლე მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. როცა ის დროებით დაბრმავდა, ღმერთმა თავისკენ მოუწოდა. მოციქულის სიცოცხლე თავისკვეთით დასრულდა. პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ, ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე-პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ანუ 12 ივლისამდე ემარხულათ.

ქრისტიანული სამყაროსთვის პეტრე-პავლობის მარხვა წელს, 15 ივნისს დაიწყო. პეტრე და პავლე მოციქულებს სიყვარულის მოციქულებსაც უწოდებენ. ისინი მხოლოდ სიყვარულს ქადაგებდნენ და თავისი ცხოვრების წესითაც ამას ადასტურებდნენ, ამიტომაც ეკლესიამ მათ სიყვარულის მოციქულები უწოდა.