Home Blog Page 1783

“როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან ირაკლი კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში”

როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში, – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს და ახალ ეტაპზე აიყვანეს ურთიერთობა, მე არ ვიცი, რაში მდგომარეობდა ამის საჭიროება. ჩვენ ჩინეთთან ფანტასტიური ეკონომიკური ურთოერთობები გვაქვს, ჩვენი, მათ შორის, გახარიას ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამის შემდეგ რა საჭირო იყო პარტნიორულ დონეზე ურთიერთობების აყვანა, მე არ ვიცი. როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, ლილუაშვილმა პარლამენტიდან განცხადებით მიმართა მედიის ნაწილის ხელმძღვანელებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდა დებატებისთვის ტელევიზიების კარი გახსნას.

„მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების („იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს:

ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია „ოცნების“ პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად.

ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს.

„ოცნება“ დღეს „ნაცების“ მსგავსად მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, fake-ის გავრცელებისა და ხალხისათვის სიმართლის დასამალად.

სააკაშვილის მოგონილი მედია ბოიკოტის კოპირების გზით, შეშინებული კობახიძეები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან.

ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და „ოცნებას“ გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის.

გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის! ვიმეორებ ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად, სასამართლო დარბაზიდან!”- აღნიშნა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გახარიას გუნდი ელოდება ივანიშვილისგან, თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე.

რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ერთ დღე-ღამეში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე მთლიანად, იანვრის დასაწყისიდან. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადამიანების ნაწილი მეწყრების ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა, ნაწილი წყალში დაიხრჩო, ხოლო ზოგს დენმა დაარტყა. ყველაზე მეტად რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთ ნაწილი დაზარალდა.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ შეძლებისდაგვარად საცხოვრებელი არ დატოვოს.

“ჩვენი ამოცანა , რომ წელს ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები” – ბადრი ჯაფარიძე

ჩვენი ამოცანა არის ის, რომ წელს ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს -„ლელო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები დადგეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ცვლილებები ქვეყნისთვის აუცილებელია, რომელიც უნდა დადგეს 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ წელს ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს, ცვლილებები, რომელიც მოიტანს სიმშვიდეს, ჰარმონიულ განვითარებას, რომელიც გაამთლიანებს საზოგადოებას, დააჩქარებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში და რომელიც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად, ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი პირობები და ქვეყანა აუცილებლად გახდება რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი. ამას მოიტანს სწორედ ის ცვლილებები, რომელიც ქვეყნისთვის აუცილებელია, რომელიც უნდა დადგეს ამ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად. „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები დადგეს, ეს ცვლილებები სიკეთის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა დაადგეს განვითარების შეუქცევად გზას“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის პარტია „ლელოში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ბადრი ჯაფარიძე, თავმჯდომარის მოადგილედ ანა ნაცვლიშვილი, ხოლო, პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე გახდა.

“ბადრი ჯაფარიძე ერთხმად იქნა არჩეული „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ” – მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოში“ შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა. პარტიის პოლიტსაბჭომ თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე მის მოადგილედ კი ანა ნაცვლიშვილი აირჩია. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,.

დღეს პოლიტსაბჭოს სხდომამ ირაკლი კუპრაძე ოფიციალურად დაამტკიცა გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

„დღეს „ლელოში“ დამთავრდა საარჩევნო პროცესი. მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა წარმოგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და ის წაიყვანს პოლიტსაბჭოში აღმასრულებელ მიმართულებას. ასევე ირაკლი კუპრაძე დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. მინდა გითხრათ. რომ ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია სრულიად მობილიზებულია იმისთვის. რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის. გამარჯვებაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, რომ ეს ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს სამშობლოს და ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ საქართველოში სამუშაოს დაწყების საშუალება, ჩვენს პენსიონერებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულად მობილიზებულები, იმისთვის, რომ 2024 წელი არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი და გამარჯვების წელი“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას -წულუკიანი

ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ და კულტურის სამინისტრომ ღირსეულად გაართვეს თავი ამ ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას, რამაც შესანიშნავი და უნიკალური ფონი შექმნა ქვეყნისა, რომელმაც მიაღწია წარმატებას და მიიღო წინა წლის დეკემბერში ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იყო შესანიშნავი აკომპანემენტი ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი პანოპლია კულტურული ღონისძიებებისა, რომელმაც აქაურ ევროპელ მსმენელს, მაყურებელს, დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ქართული კულტურა ერთი მხრივ არის თვითმყოფადი და თავისი ფესვებით ნამდვილად ევროპული კულტურის ქვეყანა. ყველას მინდა ვუთხრა მადლობა და მივულოცო წარმატებით ჩატარებული რამდენიმეთვიანი უმნიშვნელოვანესი ფესტივალი და ერთი-მეორეზე წარმატებული ღონისძიებები.

თუ უფრო სუბიექტურები ვიქნებით, ვიტყვით, რომ 99% პროცენტი, რომელთა ინიციატორიც იყო საქართველოს მთავრობა და კულტურის სამინისტრო, ყველა ჩატარდა ანშლაგით. ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა გვეჩვენებინა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი ევროპაში და არ წარმოვჩენილიყავით ისე, როგორც ჩვენ წარმოვუდგენივართ სხვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სცენაზე გვყოლოდნენ ჩვენი ჩოხიანი ღირსეული კაცები, გვყოლოდა მოცეკვავეთა მთელი კოჰორტა, რომელმაც ღირსეულად წარმოადგინა საქართველო. გვყოლოდა ჩვენი ვახტანგ კახიძე, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო არა მხოლოდ ფოლკლორის, არამედ მაღალი დონის მუსიკის ქვეყანაა. გვყოლოდა აშუღი ნარგილე, რომელიც ერთადერთი ქალია ამ დარგში და მას ეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ მრავალეროვანი, მრავალეთნიკური კონფესიებით და მათ შორის ჰარმონიული თანაცხოვრების ქვეყანა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ ბრიუსელში დღეს სრულდება.

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს ეწვევა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ, 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორივე ქვეყანაში ის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ, ოფიციალურ პირებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

“მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული” -გიორგი კეკელიძე

“დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე”-წერს სოციალურ ქსელში, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე.

“დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე.
დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე.
იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან:
ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის
და ვუთხარი:
რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული.
რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით.
და ამ ქმნის პარალელურად
არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი,
რადგან ვიცოდით, რომ
ადამიანი არის მთავარი –
რომ წიგნს ქმნის ადამიანი,
რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე,
და წიგნს კითხულობს ადამიანი –
და რომ მთავარი არიან თვითონ,
ადამიანები – სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი
და რომ ადამიანი არის არჩევანი
და ხანდახან უარჩევნობაც
და რომ ცხოვრება გრძელდება
და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად
და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშმეტკივარი.
P.S. ეს მარო მაყაშვილის ბაღია, რომელიც შვიდი წლის წინ დავაარსეთ, ეს კი ბიბი, რომელიც ერთი წლის შევიფარეთ. სულ ბოლოს მას ვუთხარი ნახვამდის.
#ეროვნულიბიბლიოთეკა,”- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

“2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.5 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 6 090.6 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, გაიზარდა 9.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15 438.5 მლნ აშშ დოლარი იყო და ზრდამ 14.0 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.

ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებს გმობს

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხემძღვანელს, მაჰდი ალ-მაშატს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის მიერ „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშები დაგმო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„უდავოა, რომ ასეთ ქმედებებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საგარეო აგრესიას და ახლა ეფექტურ როლს თამაშობენ პალესტინელი ხალხის დაცვაში, უარყოფენ და გმობენ მსოფლიოს თავისუფლების მაძიებელი ქვეყნები“, – განაცხადა რაისმა მაჰდი ალ-მაშატისთან საუბარში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს. წუხელ კი აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს.

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

15 იანვარი წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

წმინდა სერაფიმ საროველს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.“არასოდეს ეომოთ ივერიას, რადგან ამით ღვთისმშობელს შეებრძოლებით…

ამ მიწაზე მზაკვარი ანტიქრისტე ვერ გამეფდება და უკანსაკნელ ჟამს საუფლო ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა…”

 წმინდა სერაფიმ საროველს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, ვინც კი მას ნახავდა, ყველა ერთს ამბობდა – გარეგნობით მოხუცია, მაგრამ გული ბავშვივით მოსიყვარულე აქვსო..

 ღამით წმინდანის სენაკთან მიდიოდნენ მხეცები: დათვები, მგლები, კურდღლები და მელიები, გველები, ხვლიკები და სხვა ქვეწარმავლებიც მოხოხავდნენ. წმინდა სერაფიმე სენაკიდან გამოდიოდა და მათ თავისი საპურიდან აჭმევდა.

 ცნობილია, რომ სერაფიმე საროველს გამოცხადებით ემცნო: „დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო – ივერია, მეორე – ათონი, მესამე – კიევო-პეჩორის ლავრა და მეოთხე იქნება დივეევო.

 აღსასრულამდე რამოდენიმე დღით ადრე, წმინდანს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამცნო ამ ქვეყნიდან გასვლის დღე.
წმინდა სერაფიმ საროველი აღესრულა მუხლმოდრეკილი – ღვთისმშობლის ხატის წინაშე.

2 (15) იანვარი; ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს.
მამა – ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში ატატებული ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო მომჯობინება. პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა.
ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა. პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე ატარებდა. მალე სხვა მორწმუნეებთან ერთად პროხორე ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში პეჩორის სიწმიდეების თაყვანისაცემად. სქემ-მონაზონმა დოსითეოსმა მას ურჩია, საროვის უდაბნოში დამკვიდრებულიყო.
შინ დაბრუნებული ღვთისმოყვარე ჭაბუკი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას და ნათესავებს, 1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა. ახალი მორჩილი სიხარულით ასრულებდა ყოველგვარ დავალებას, ისე გულმოდგინედ იღწვოდა, თითქოს თავად უფალს ემსახურებაო. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისაგან, რომელიც, როგორც შემდგომ აღნიშნავდა, ყველაზე საშიში საცდურია. ამ წლებშივე პროხორემ, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა.
„მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს – ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მინდობილი,” – უთხრა მან მამა პახუმის და ზიარება მოითხოვა. და აი, მაშინ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისემეტყველის თანხლებით. ყოვლადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს, სასწაულებრივად გაჩენილი ნასვრეტებიდან სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმიდანი სრულიად გამოჯანსაღდა. წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს. ერთი წლის შემდეგ სერაფიმე მსახურებდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურღიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი – უდაბურ ტყეში, განმარტოებულ კელიაში ლოცულობდა.
1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. მას განუშორებლად თან დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას ჩაიკითხავდა ხოლმე. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც.
სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობის დროს გალობით აღავლენდა ლოცვებს. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა. წმიდა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად სიარულს მოუხშირეს არა მხოლოდ მონასტრის ძმებმა, არამედ ერისკაცებმაც. ეს არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა თავისთან მოსვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი – ყველა დანარჩენს. სერაფიმეს ლოცვით მის კელიასთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მოჰქონდათ მონასტრიდან.
ღირსი სერაფიმეს ახოვანი მოსაგრეობა თვალში არ მოსდიოდა ადამიანთა მოდგმის მტერს – ეშმაკს. მან გააძლიერა ბრძოლა წმიდანის წინააღმდეგ: ჯერ ეცადა, დაეფრთხო იგი, ამის შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილულნი განერიდნენ იქაურობას. წმიდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.
როდესაც იღუმენი ისაია გარდაიცვალა, წმიდა მამამ, მდუმარების ღვაწლი იტვირთა. ის ცდილობდა ლოცვით ყოველგვარი ამაო ფიქრისაგან განეწმიდა გონება: თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმიდანმა თითქმის სამი წელიწადი, კვირის წირვებზეც კი არ მიდიოდა სავანეში. მაშინ ახალმა იღუმენმა ნიფონტმა და მონასტრის ძმებმა სთხოვეს ბერს, წირვა-ლოცვაზე მაინც მისულიყო მათთან, ან საერთოდ დაბრუნებულიყო სავანეში. ღირსმა მამამ ეს უკანასკნელი არჩია, რადგან შორ მანძილზე სიარული უჭირდა და 1810 წლის გაზაფხულზე 15 წლიანი განდეგილობის შემდეგ სავანეში დაბრუნდა. აქ იგი ერთ კელიაში დაეყუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. უფალმა მოშურნე ბერს ხანგრძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისათვის განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა. 1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმიდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის.
მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევის დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ. სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ კელიის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეამზადებინა თავისთვის, ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას.
1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმიდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო. წმიდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: „სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება.” როცა კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

“რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები”

რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, ჩინეთს აქვს მთელი რიგი ისეთი ინტერესები, რომელიც არ არის და ვერ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში, შესაბამისად, უნდა აირჩიო ან ერთი, ან მეორე.

„სავაჭრო დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები კარგი და მისასალმებელია, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, გარდა რუსეთის ფედერაციისა და მასთან აფილირებული ავტოკრატიებისა, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ძალიან მარტივად – “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს უთხრას რომ მას, “ქართულ ოცნებას” გააჩნია განსხვავებული ღირებულებითი ღერძი, რომელიც აღარ ემთხვევა ამერიკის და ევროპული კავშირის გეოპოლიტიკურ და საგარეო ინტერესებს,” – განაცხადა გეგელიამ.