“რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები”

24
spot_img

რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, ჩინეთს აქვს მთელი რიგი ისეთი ინტერესები, რომელიც არ არის და ვერ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში, შესაბამისად, უნდა აირჩიო ან ერთი, ან მეორე.

„სავაჭრო დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები კარგი და მისასალმებელია, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, გარდა რუსეთის ფედერაციისა და მასთან აფილირებული ავტოკრატიებისა, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ძალიან მარტივად – “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს უთხრას რომ მას, “ქართულ ოცნებას” გააჩნია განსხვავებული ღირებულებითი ღერძი, რომელიც აღარ ემთხვევა ამერიკის და ევროპული კავშირის გეოპოლიტიკურ და საგარეო ინტერესებს,” – განაცხადა გეგელიამ.