Home Blog Page 1782

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 2

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები. ამ დროისთვის, აფეთქების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გურჯაანში 24 წლის მამაკაცი დაჭრეს – დეტალები

გურჯაანში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა.

ჩხუბის დროს 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ბიჭი დაჭრა. ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

“ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე

ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან.

„შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, ასევე მინისტრის მოადგილეს, ასევე შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვასაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ფინანსთა სამინისტროს მივაწოდე ინფორმაცია, რითაც პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება” – თეონა ჭალიძე

დღეს, გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა და სავარაუდო თაღლითობის სქემასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.

ჭალიძის თქმით, სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

„პროკურატურიდან „ლიბერთი ბანკის“ სავარაუდო თაღლითობის სქემებთან დაკავშირებით ჩვენი ერთი განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, უკვე დაიწყო მოკვლევა.

დღეს გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის, სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება. რა მასშტაბის სავარაუდო ფინანსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა. სისტემური პრობლემა, რომელიც პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების უფლებებს არღვევს, უნდა აღმოიფხვრას. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოწყვლად ჯგუფებზე იზრუნოს და მათი მოწყვლადობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს,“ – განაცხადა ჭალიძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

“სტრატეგიას სახავენ, თითქოს ვიღაც თანამშრომლობას აპირებს მელიასთან” – მიხეილ სარჯველაძე

მიკვირს, როცა სტრატეგიას ისე სახავენ, რომ ვიღაც თანამშრომლობას აპირებს მელიასთან, მაგრამ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გეგონება, მელია რომელიმე სხვა პარტიიდან ან დაჯგუფებიდან იყოს მოსული. შიდა განხეთქილების შედეგად ნანგრევების კონფიგურაციაა, რასაკვირველია, დღეს ისევ საუბარია „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დადასტურდა, რომ ვიდრე მელია „ნაცმოძრაობაში“, პარტიის ხელმძღვანელი იყო, „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ურთიერთთავსებადი პარტიები ყოფილან.

„ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს არაფერი აქვს საერთო კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან. სინამდვილეში, ეს ნაკარნახებია მხოლოდ მერკანტილური მიზნებით, რომ საკუთარი ვიწროპარტიული გადმოსახედიდან ნახონ შესაძლებლობა, ბარიერი გადალახონ. ამ გაერთიანებებს სხვა ფუნქცია არ აქვთ. შეუძლებელია, ვინმემ ახსნას, რა არის იდეოლოგიური თანხვედრა „ლელოსა“ და მელიას შორის. ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან გამოკვეთილი არ ყოფილა. ცალკეულ ლიდერებს პერსონალური თავსებადობა როგორი აქვთ, ეს არის ამ გაერთიანება-არგაერთიანების განმსაზღვრელი. ვითომ „ნაცმოძრაობასთან“ ართანამშრომლობა ნაკარნახევია იმით, რომ კარგად ხვდებიან, „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობა იმდენად უარყოფითი ფაქტორი და იარლიყია, ამის გამხელა არავის უნდა. წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოძევებულ ხალხთან თანამშრომლობა რამდენად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, იგივე „ლელოსთვის“. ეს ის შეცდომებია, რაც შემოდგომაზე ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზი იქნება. რაც შეეხება „ლელოს“ შანსებს, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ალბათ, წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების პერსპექტივაც კი არ აქვთ, თუ არ ჩავთლით იმ შესაძლებლობებს, რაც ოპოზიციურ ფლანგზე „ნაცმოძრაობის“ დიდი ფიასკოს შემდეგ გაჩნდა. შეიძლება, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი აღმოჩნდეს, ვისაც ეს ჯგუფი იზიდავდეს. როგორც ჩანს, მელიასთან დაწყებული კონსულტაციაც ამ მიზანს ემსახურება. „ლელოს“ განახლების განა რა რესურსი აქვს, თავისი თავის გასჭირვებია. არ მგონია, მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ, რომ განახლება შეძლონ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ 2023 წლის 28 დეკემბერს განაცხადა, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს. დღეს კი, „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს” – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“პოლიტიკურ სპექტრს ვაიძულებთ, „ნაცები“ წავიდნენ „ნაცებთან“, ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც არც „ნაცობა“ უნდათ და არც „ქოცობა“, კარი გავუხსნათ”

პოლიტიკურ სპექტრს ვაიძულებთ, რომ „ნაცები“ წავიდნენ „ნაცებთან“, ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც არც „ნაცობა“ უნდათ და არც „ქოცობა“, კარი გავუხსნათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ჯერჯერობით პოლიტიკური ვაჭრობა მაინც „ნაცების“ კართან მიდის და ამიტომ მთავარი ყურადღება იქით არის გადატანილი.

„როგორც კი „ნაცებთან“ ვაჭრობა მორჩება და ვერ შეთანხმდებიან, ალბათ შემდეგ საინტერესო იქნება, ის ვერშეთანხმებული ხალხი რას იზამს. რაზე ვაჭრობენ? ძირითადად საარჩევნო სიაზე ვაჭრობენ. „ნაცებში“ სიას ვინ დაალაგებს, არ ვიცი, თუმცა წინა სიაც არ იყო მაინც და მაინც კარგად დალაგებული. ამიტომ თუ იგივე ხალხი აკეთებს სიას, შეიძლება, დალაგებული არ იყოს. იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარყოფით გამოცდილებას და სიაზე შეცდომას გაითვალისწინებს. პარტიის არსებული შემადგენლობა გასაახლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტის ფარგლებში ესტონეთში გაემგზავრება

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც პროდუქტის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში, ესტონეთში გაემგზავრება.

საქართველოში არსებული უამრავი სამოგზაურო კომპანიის მიუხედავად, მოგზაურობის მსურველთათვის საკმაოდ რთულია მოგზაურობის ეფექტურად, საინტერესოდ და ბიუჯეტურად დაგეგმვა. TourTour – ის დაარსების იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლები თავად გადააწყდნენ მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ერთი მხრივ, ტურისტულ კომპანიებს დახმარებოდნენ საინტერესო პაკეტების შედგენაში და მომხმარებლის მოზიდვაში, მეორე მხრივ კი, ტურისტებისთვის გაემარტივებინათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთება.

„ჩვენს პლატფორმაზე ტურისტებს საშუალება აქვთ, ერთიან სივრცეში დაათვალიერონ უამრავი შეთავაზება, შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ტური თუ პაკეტი, მიიღონ ინფორმაცია ფასების შესახებ, შეადარონ ერთმანეთს რამდენიმე სააგენტო და ამ ყველაფრის საფუძველზე შეარჩიონ მათზე მორგებული, ბიუჯეტური და საინტერესო პაკეტი. მეორე მხრივ, ჩვენს პლატფორმაზე სააგენტოებს უჩნდებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთარი შეთავაზებები, მოიზიდონ ტურისტები, შექმნამ მიმზიდველი პაკეტები, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და შესაბამისად, კიდევ უფრო განვითარდნენ“, – ამბობს Tour Tour-ის დამფუძნებელი, თემო ჭეიშვილი.

ტურისტული სააგენტოებისთვის TourTour- ზე რეგისტრაცია, ისევე, როგორც ყველა სხვა სერვისი, უფასოა. ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სააგენტოს შეუძლია თვალი ადევნოს სტატისტიკას და დააკვირდეს, რამდენმა ადამიანმა დაათვალიერა მისი შეთავაზებები. სააგენტოები საკომისიოს მხოლოდ მას შემდეგ იხდიან, რაც საინტზე მათი ტური გაიყიდება. შესაბამისად, გამართული, მრავალფეროვანი ციფრული პლატფორმა სააგენტოებისთვის საკუთარი მომსახურების გაყიდვის დამატებით არხს წარმოადგენს.

„გარდა იმისა, რომ პლატფორმაზე უფასოდ ვათავსებთ სააგენტოების შეთავაზებებს, ვზრუნავთ მათ პრომოუშენზეც სოციალურ ქსელებსა და იუთუბ არხზე. ამ ყველაფერზე ჩვენი მარკეტინგის გუნდი დამატებით მუშაობს. ამით, ერთი მხრივ, თავად მათ ვეხმარებით პოპულარიზაციაში, მეორე მხრივ კი, საკუთარ პროდუქტზეც ვზრუნავთ, რადგან ჩვენი წარმატება პირდაპირ უკავშირდება ტურისტული სააგენტოების წარმატებას. შესაბამისად, ბუნებრივად ხდება იმ კომპანიების წინ წამოწევა და პოპულარიზაცია რომლებიც სხვებზე უკეთეს პაკეტს სთავაზობენ მომხმარებელს. ამით იზრდება ჯანსაღი კონკურენციაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის.“

ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა TourTour რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ბაზარზე ჯერ არ დატესტილა, თუმცა კომპანია უკვე ესაუბრა ქართულ ბაზარზე მომუშავე ტურისტულ სააგენტოებს, რომელთაგანაც 52 სააგენტო მზადაა, TourTour-ის ამუშავებისთანავე დარეგისტრირდეს პლატფორმაზე. სტარტაპი ბაზარზე მარტის თვიდან გავა, მანამდე კი დამფუძნებლები ბოლო დეტალების დახვეწაზე მუშაობენ.

სწორედ პროდუქტის დახვეწის მიზნით მონაწილეობს TourTour Impact Hab პრე-აქსელერატორის პროექტში, რომელიც ოქტომბრის თვიდან ეხმარება მონაწილე სტარტაპებს თავიანთი პროდუქტების განვითარებაში.

„როცა პრე-აქსელერატორში მოვდიოდით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, განგვევითარებინა უნარები, რომლებიც აუცილებელია ერთი მხრივ ინვესტორებთან, მეორე მხრივ კი მომხმარებელთან ურთიერთობისას. პროექტი ამაში ძალიან დაგვეხმარა. საბოლოოდ, მარკეტინგული კვლევა სწორედ ჩვენი მენტორის რჩევების შედეგად ჩავატარეთ. გარდა ამისა, გავიცანით უკვე წარმატებული სტარტაპერები, საინტერესო სპიკერები და მენტორები, რომლებთან ურთიერთობასაც მომავალშიც გავაგრძელებთ. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოვხვდით იმ სტარტაპების გუნდში, რომელიც იანვარში ტალინში მიემგზავრება ბუტკემპზე, სადაც გვექნება საშუალება, უკვე საერთაშორისო ბაზარზე წარვადგინოთ ჩვენი პროდუქტი. ეს დაგვეხმარება, დავგეგმოთ – როგორ უნდა შევიდეთ საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდოთ იქაური ინვესტორები.“

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

R

“უკრაინული ტრაგიკომედია: რეიგანი ეიზენჰაუერის წინააღმდეგ” – Политика

სერბეთის პოპულარულ გაზეთ „პოლიტიკაში“ (Политика) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “უკრაინული ტრაგიკომედია: რეიგანი ეიზენჰაუერის წინააღმდეგ” (ავტორი – ოზრენ მილანოვიჩი), რომელშიც განხილულია ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლებაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები და მეორე მხრივ, თუ რა გავლენას მოახდენს საშინაო-პოლიტიკური კონფლიქტი ქვეყნის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

პოლიტიკურმა სტრატეგებმა უკვე შეუქმნეს იმიჯი ვოლოდიმირ ზელენსკის და იგი უკრაინელ რონალდ რეიგანად გამოაცხადეს (საშუალო დონის მსახიობად, მაგრამ ბრწყინვალე პრეზიდენტად), ახლა კი გენერალ ვალერი ზალუჟნის რიგიც დადგა, რომელსაც სულ უფრო ხშირად უწოდებენ უკრაინელ დუაიტ ეიზენჰაუერს. გენერალი მასმედიის ყურადღების ცენტრში რჩება, მისი გუნდი კი ცდილობს, რომ ეს ინტერესი არ ჩაქრეს – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ცნობილ ამერიკელ მხედართმთავარს დუაიტ ეიზენჰაუერს ამსგავსებენ, რომელმაც 1953 წელს, თეთრ სახლში ჰარი ტრუმენი შეცვალა და აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. დღეს უმთავრესი კითხვა ასეთია: რატომ არ აცხადებს ვალერი ზალუჟნი ამჟამად თავის პოლიტიკურ ამბიციებს და პერსპექტივებს?

ახლახან, გარკვეული პაუზის შემდეგ, ვალერი ზალუჟნი მასმედიის სივრცეში და სოციალურ ქსელებში ისევ გამოჩნდა – 29 დეკემბრიდან „ტელეგრამ“-არხზე, რომელიც მის სახელს ატარებს, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მიერ რუსული რაკეტების მოგერიების შესახებ ინფორმაციების გამოქვეყნება დაიწყო.

სკანდალები გარემოცვაში

რადგან საჰაერო დარტყმების მოგერიების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები აქვეყნებენ – მათი წარმომადგენლის იური იგნატის სახელით, ამიტომ ვალერი ზალუჟნის გააქტიურება შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
2023 წლის დასასრული უმაღლესი მთავარსარდლის ირგვლივ სკანდალებით აღინიშნა: ჯერ იყო და მის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს, შემდეგ კი მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვალერი ზალუჟნის ახალ კონსულტანტზე ტატიანა ეფრემოვაზე, რომელიც ადრე თითქოსდა საბავშვო ანიმატორად მუშაობდა და მოდელის კარიერას იკეთებდა, ანუ სამხედრო საქმესთან არანაირი კავშირი და გამოცდილება არ ჰქონდა. მომდევნო სკანდალი დაიწყო ალა მატრინიუკთან დაკავშირებით, რომელიც ვალერი ზალუჟნის შტატგარეშე კონსულტანტად დაინიშნა: მან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ „ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით, ამიტომ მშვიდად უნდა შევხედოთ უკრაინელი მამაკაცების ფრონტზე მობილიზაციის საკითხსო“. ვალერი ზალუჟნის პირადად მოუწია სკანდალის ჩაქრობა: მან განაცხადა, რომ შტატგარეშე თანაშემწეები უფლებამოსილები არ არიან საჯაროდ კომენტარი გაუკეთონ რომელიმე საკითხს მთავარსარდლის სახელით და ყველა, ვინც რაიმეს იტყვის, ეს მხოლოდ მისივე პირადი აზრი იქნება.

ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის ორი მოადგილე ჰყავს – გენერალ-პოლკოვნიკები ევგენი მოისიუკი და ნიკოლაი ბალანი. განწესის მიხედვით, არსებობდა აგრეთვე მრჩეველთა შტაბი, რომლის ფუნქციებს მთავარსარდლისათვის და მისი მოადგილეებისათვის კონსულტაციების გაწევას და მეთოდოლოგიურ ხელშეწყობას წარმოადგენდა ცალკეულ საკითხებში, თუმცა 28 დეკემბრიდან [ოფიციალურად] მათი რაოდენობა შემცირებულია.

ამბიციები და ომი

ვალერი ზალუჟნი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მაგრამ მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ჟურნალში „ეკონომისტში“ მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა და რომელშიც გენერალმა აღიარა – ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა და უკრაინის არმია ბევრი პრობლემის წინაშე დგასო. პუბლიკაციის შემდეგ პოლიტიკურმა მიმომხილველებმა და ექსპერტებმა საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის გაჩენილ დაპირისპირებაზე დაიწყეს. ამასთან, გენერლის რეიტინგმა და პოპულარობამ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია და პრეზიდენტისათვის ერთგვარ კონკურენტად იქცა.

კიდევ ერთი მომენტი: მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ გენერლის კრიტიკა დაიწყო – თითქოსდა სპეციალურად, „ზემოდან მითითებით“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო ან არ მოისურვა ამ მითქმა-მოთქმის და მოარული ხმების გაფანტვა. 2023 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა იხუმრა, რომ ვალერი ზალუჟნისა და დეპუტატ მარიან ბეზუგლაიას, უბრალოდ, „ლაიქები“ ძალიან უყვართო.

თვითონ ვალერი ზალუჟნის დეპუტატის კრიტიკის გამო სიტყვა არ დაუძრავს და მობილიზაციის შესახებ გამართული ბრიფინგის დროს ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. არადა, გენერალს ერთი სიტყვის თქმით შეეძლო შეთქმულების თეორიის უარყოფა, მაგრამ თავისი უთქმელობით ეჭვები უფრო გააძლიერა.

ვალერი ზალუჟნის პოპულარობა უდავოა, ამას ადასტურებს არამარტო უკრაინაში ჩატარებული ელექტორალურ-სოციოლოგიური გამოკითხვები, არამედ დასავლური მასმედიის პუბლიკაციებიც. ანუ თუ საერთაშორისო პრეცედენტებს მოვძებნით, უკრაინის არმიის მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ირგვლივ შექმნილი დრევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს აშშ-ის არმიის მთავარსარდალ დუაიტ ეიზენჰაუერის ირგვლივ 1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილ მდგომარეობას.

ვინ სვამს და ვინ იხდის

უკრაინელი ექსპერტის სერგეი გაიდაის აზრით, კონსულტანტებთან დაკავშირებულმა სკანდალმა აჩვენა, რომ მასმედიასთან და საზოგადოებასთან ნორმალური მუშაობა არ წარმოებს – გაუგებარია თუ ვის, სად, როდის და რის თქმა შეუძლია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საზოგადოებასთან კავშირებში ლოგიკურად არც ხელისუფლება არ მოქმედებს და არც უკრაინის სამხედრო სარდლობა. „მაგალითად, ავიღოთ მობილიზაციის საკითხი: თავდაპირველად ამაზე ლაპარაკი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედიოდა, შემდეგ გადაეცა თავდაცვის მინისტრს უმეროვს, მან კი ბრიფინგი ვალერი ზალუჟნის ჩაატარებინა, რის შემდეგაც ყველაფერი ბურუსმა მოიცვა“, – ამბობს სერგეი გაიდაი.

როგორც პოლიტოლოგი ოლეგ პასტერნაკი აღნიშნავს, ამჟამად პრეზიდენტის ოფისსა და სამხედრო სარდლობას შორის ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობს, თუ ვინ გამოაქვეყნებს პირველი კარგ და დადებით ამბებს. ამას წინათ 230 სამხედრო ტყვის გაცვლაზე ინფორმაცია პირადად პრეზიდენტის მიერ იქნა გაჟღერებული და არა ანდრეი ერმაკისაგან, როგორც ადრე იყო და არც კირილ ბუდანოვისაგან, თუმცა ეს პროცესი მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან იყო კოორდინირებული. ეს ადასტურებს კონკურენციას: როგორც ტრადიციულად არის ცნობილი, ის ადამიანი, რომელიც კარგ ამბებს ლაპარაკობს, ავტომატურად იგულისხმება პოზიტიურ პიროვნებად და სწორედ ის სარგებლობს საზოგადოებრივი აზრის სიკეთით.

ოლეგ პასტერნაკი ვარაუდობს, რომ ვალერი ზალუჟნის უკვე ჰყავს თავისი პიარ-გუნდი, ამიტომ ახლო მომავალში მოსალოდნელია ახალი განცხადებები მობილიზაციისა და რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ომის გასაგრძელებლად. შეიძლება აგრეთვე იმის ვარაუდიც, რომ სხვადასხვა პარტიები, რომლებიც მობილიზაციის საკითხით არიან „შეიარაღებულნი“, შეეცდებიან ვალერი ზალუჟნის ჩათრევას პოლიტიკურ თამაშებში, მისი იმიჯის გამოყენების მიზნით.

წყარო

„ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ევრორეკომენდაციებს შეასრულებენ” – ანა ნაცვლიშვილი

„ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ისინი ევრორეკომენდაციებს შეასრულებენ – მათ რეფორმების განხორციელების არანაირი სურვილი და პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გასატარებლად 11 წელი ჰქონდა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე, ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც უზრუნველყოფს, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. „ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ისინი ამ რეფორმებს გაატარებენ,“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ კორუფციული გარიგებების შემოქმედი და მფარველია.

„ქართული ოცნება“ არის კორუფციული ხელისუფლება, რომელმაც თავისი თავი გაათანაბრა კორუფციასთან და არის პირდაპირ მფარველი და შემოქმედი ამ კორუფციული გარიგებების,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დღეიდან ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია შესაძლებელი გახდა

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. „საქპატენტის“ ინფორმაციით, 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყება (EPO), წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას. ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. გარდა ამისა, გავრცელების სტატუსი გააჩნია ერთ ქვეყანას, ვალიდაციის სტატუსი კი – ოთხ ქვეყანას. დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით – მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც, ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნულია „საქპატენტის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 15 იანვრიდან ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად ექნება იგივე იურიდიული ძალა და მათზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, როგორიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტისათვის.

„საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის, რომელმაც ერთი თვის წინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე თქმით, ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ დაახლოებას ევროპულ ბაზართან. ამავდროულად, გაიზრდება საქართველოს ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობაც.

გიორგაძე აცხადებს, რომ მომავალში ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

„საქართველოსთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა გაზრდის ევროპული საპატენტო სისტემის მიმზიდველობას და მასზე წვდომას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვაზე. ის აგრეთვე შეამცირებს საქმის წარმოების დროსა და ხარჯს განმცხადებლისთვის, ასევე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ადმინისტრაციულ ძალისხმევას, მოიტანს რა სამართლებრივი სიმყარის გარანტიას“, – ნათქვამია ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის ციტატაა მოყვანილი.

საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყველა იმ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ან საერთაშორისო (PCT) განაცხადზე, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან შემდგომ.

“ბიძინა ივანიშვილი აცდენილია ქვეყნის მიზნებს” – ბადრი ჯაფარიძე

ბიძინა ივანიშვილი აცდენილია ქვეყნის მიზნებიდან – მას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ამოძრავებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ და ქვეყანა ჩვენი მოქალაქეების ინტერებიდან გამომდინარე იმართებოდეს, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელო” უახლოეს პერიოდში საკუთარ გეგმებზე მოსახლეობის ინფორმირებას გააგრძელებს.

“მას [ბიძინა ივანიშვილს] ამოძრავებს ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი უსაფრთხოება, პირადი კეთილდღეობა და ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ, რომ ქვეყანა იმართებოდეს არა ვინმეს პირადი კეთილდღეობის და ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ინტერებიდან გამომდინარე. რაც შეეხება “ლელოს” – ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ როგორც კი “ქართული ოცნება” შეიცვლება და სათავეში პროევროპული დემოკრატიული კოალიციური მმართველობა მოვა,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესაძლო თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “ამ ეტაპზე, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს”.

გარდა ამისა, მან “ქართული ოცნების” დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ გამოხატოს.

“ჩინეთთან ურთიერთობაში ეკონომიკური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ, რაც არის ძალიან პრინციპული და ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ჯაფარიძემ.