“ფინანსთა სამინისტროს მივაწოდე ინფორმაცია, რითაც პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება” – თეონა ჭალიძე

33
spot_img

დღეს, გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა და სავარაუდო თაღლითობის სქემასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.

ჭალიძის თქმით, სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

„პროკურატურიდან „ლიბერთი ბანკის“ სავარაუდო თაღლითობის სქემებთან დაკავშირებით ჩვენი ერთი განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, უკვე დაიწყო მოკვლევა.

დღეს გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის, სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება. რა მასშტაბის სავარაუდო ფინანსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა. სისტემური პრობლემა, რომელიც პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების უფლებებს არღვევს, უნდა აღმოიფხვრას. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოწყვლად ჯგუფებზე იზრუნოს და მათი მოწყვლადობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს,“ – განაცხადა ჭალიძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.