“უკრაინული ტრაგიკომედია: რეიგანი ეიზენჰაუერის წინააღმდეგ” – Политика

57
spot_img

სერბეთის პოპულარულ გაზეთ „პოლიტიკაში“ (Политика) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “უკრაინული ტრაგიკომედია: რეიგანი ეიზენჰაუერის წინააღმდეგ” (ავტორი – ოზრენ მილანოვიჩი), რომელშიც განხილულია ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლებაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები და მეორე მხრივ, თუ რა გავლენას მოახდენს საშინაო-პოლიტიკური კონფლიქტი ქვეყნის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

პოლიტიკურმა სტრატეგებმა უკვე შეუქმნეს იმიჯი ვოლოდიმირ ზელენსკის და იგი უკრაინელ რონალდ რეიგანად გამოაცხადეს (საშუალო დონის მსახიობად, მაგრამ ბრწყინვალე პრეზიდენტად), ახლა კი გენერალ ვალერი ზალუჟნის რიგიც დადგა, რომელსაც სულ უფრო ხშირად უწოდებენ უკრაინელ დუაიტ ეიზენჰაუერს. გენერალი მასმედიის ყურადღების ცენტრში რჩება, მისი გუნდი კი ცდილობს, რომ ეს ინტერესი არ ჩაქრეს – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ცნობილ ამერიკელ მხედართმთავარს დუაიტ ეიზენჰაუერს ამსგავსებენ, რომელმაც 1953 წელს, თეთრ სახლში ჰარი ტრუმენი შეცვალა და აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. დღეს უმთავრესი კითხვა ასეთია: რატომ არ აცხადებს ვალერი ზალუჟნი ამჟამად თავის პოლიტიკურ ამბიციებს და პერსპექტივებს?

ახლახან, გარკვეული პაუზის შემდეგ, ვალერი ზალუჟნი მასმედიის სივრცეში და სოციალურ ქსელებში ისევ გამოჩნდა – 29 დეკემბრიდან „ტელეგრამ“-არხზე, რომელიც მის სახელს ატარებს, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მიერ რუსული რაკეტების მოგერიების შესახებ ინფორმაციების გამოქვეყნება დაიწყო.

სკანდალები გარემოცვაში

რადგან საჰაერო დარტყმების მოგერიების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები აქვეყნებენ – მათი წარმომადგენლის იური იგნატის სახელით, ამიტომ ვალერი ზალუჟნის გააქტიურება შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
2023 წლის დასასრული უმაღლესი მთავარსარდლის ირგვლივ სკანდალებით აღინიშნა: ჯერ იყო და მის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს, შემდეგ კი მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვალერი ზალუჟნის ახალ კონსულტანტზე ტატიანა ეფრემოვაზე, რომელიც ადრე თითქოსდა საბავშვო ანიმატორად მუშაობდა და მოდელის კარიერას იკეთებდა, ანუ სამხედრო საქმესთან არანაირი კავშირი და გამოცდილება არ ჰქონდა. მომდევნო სკანდალი დაიწყო ალა მატრინიუკთან დაკავშირებით, რომელიც ვალერი ზალუჟნის შტატგარეშე კონსულტანტად დაინიშნა: მან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ „ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით, ამიტომ მშვიდად უნდა შევხედოთ უკრაინელი მამაკაცების ფრონტზე მობილიზაციის საკითხსო“. ვალერი ზალუჟნის პირადად მოუწია სკანდალის ჩაქრობა: მან განაცხადა, რომ შტატგარეშე თანაშემწეები უფლებამოსილები არ არიან საჯაროდ კომენტარი გაუკეთონ რომელიმე საკითხს მთავარსარდლის სახელით და ყველა, ვინც რაიმეს იტყვის, ეს მხოლოდ მისივე პირადი აზრი იქნება.

ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის ორი მოადგილე ჰყავს – გენერალ-პოლკოვნიკები ევგენი მოისიუკი და ნიკოლაი ბალანი. განწესის მიხედვით, არსებობდა აგრეთვე მრჩეველთა შტაბი, რომლის ფუნქციებს მთავარსარდლისათვის და მისი მოადგილეებისათვის კონსულტაციების გაწევას და მეთოდოლოგიურ ხელშეწყობას წარმოადგენდა ცალკეულ საკითხებში, თუმცა 28 დეკემბრიდან [ოფიციალურად] მათი რაოდენობა შემცირებულია.

ამბიციები და ომი

ვალერი ზალუჟნი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მაგრამ მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ჟურნალში „ეკონომისტში“ მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა და რომელშიც გენერალმა აღიარა – ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა და უკრაინის არმია ბევრი პრობლემის წინაშე დგასო. პუბლიკაციის შემდეგ პოლიტიკურმა მიმომხილველებმა და ექსპერტებმა საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის გაჩენილ დაპირისპირებაზე დაიწყეს. ამასთან, გენერლის რეიტინგმა და პოპულარობამ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია და პრეზიდენტისათვის ერთგვარ კონკურენტად იქცა.

კიდევ ერთი მომენტი: მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ გენერლის კრიტიკა დაიწყო – თითქოსდა სპეციალურად, „ზემოდან მითითებით“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო ან არ მოისურვა ამ მითქმა-მოთქმის და მოარული ხმების გაფანტვა. 2023 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა იხუმრა, რომ ვალერი ზალუჟნისა და დეპუტატ მარიან ბეზუგლაიას, უბრალოდ, „ლაიქები“ ძალიან უყვართო.

თვითონ ვალერი ზალუჟნის დეპუტატის კრიტიკის გამო სიტყვა არ დაუძრავს და მობილიზაციის შესახებ გამართული ბრიფინგის დროს ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. არადა, გენერალს ერთი სიტყვის თქმით შეეძლო შეთქმულების თეორიის უარყოფა, მაგრამ თავისი უთქმელობით ეჭვები უფრო გააძლიერა.

ვალერი ზალუჟნის პოპულარობა უდავოა, ამას ადასტურებს არამარტო უკრაინაში ჩატარებული ელექტორალურ-სოციოლოგიური გამოკითხვები, არამედ დასავლური მასმედიის პუბლიკაციებიც. ანუ თუ საერთაშორისო პრეცედენტებს მოვძებნით, უკრაინის არმიის მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ირგვლივ შექმნილი დრევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს აშშ-ის არმიის მთავარსარდალ დუაიტ ეიზენჰაუერის ირგვლივ 1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილ მდგომარეობას.

ვინ სვამს და ვინ იხდის

უკრაინელი ექსპერტის სერგეი გაიდაის აზრით, კონსულტანტებთან დაკავშირებულმა სკანდალმა აჩვენა, რომ მასმედიასთან და საზოგადოებასთან ნორმალური მუშაობა არ წარმოებს – გაუგებარია თუ ვის, სად, როდის და რის თქმა შეუძლია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საზოგადოებასთან კავშირებში ლოგიკურად არც ხელისუფლება არ მოქმედებს და არც უკრაინის სამხედრო სარდლობა. „მაგალითად, ავიღოთ მობილიზაციის საკითხი: თავდაპირველად ამაზე ლაპარაკი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედიოდა, შემდეგ გადაეცა თავდაცვის მინისტრს უმეროვს, მან კი ბრიფინგი ვალერი ზალუჟნის ჩაატარებინა, რის შემდეგაც ყველაფერი ბურუსმა მოიცვა“, – ამბობს სერგეი გაიდაი.

როგორც პოლიტოლოგი ოლეგ პასტერნაკი აღნიშნავს, ამჟამად პრეზიდენტის ოფისსა და სამხედრო სარდლობას შორის ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობს, თუ ვინ გამოაქვეყნებს პირველი კარგ და დადებით ამბებს. ამას წინათ 230 სამხედრო ტყვის გაცვლაზე ინფორმაცია პირადად პრეზიდენტის მიერ იქნა გაჟღერებული და არა ანდრეი ერმაკისაგან, როგორც ადრე იყო და არც კირილ ბუდანოვისაგან, თუმცა ეს პროცესი მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან იყო კოორდინირებული. ეს ადასტურებს კონკურენციას: როგორც ტრადიციულად არის ცნობილი, ის ადამიანი, რომელიც კარგ ამბებს ლაპარაკობს, ავტომატურად იგულისხმება პოზიტიურ პიროვნებად და სწორედ ის სარგებლობს საზოგადოებრივი აზრის სიკეთით.

ოლეგ პასტერნაკი ვარაუდობს, რომ ვალერი ზალუჟნის უკვე ჰყავს თავისი პიარ-გუნდი, ამიტომ ახლო მომავალში მოსალოდნელია ახალი განცხადებები მობილიზაციისა და რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ომის გასაგრძელებლად. შეიძლება აგრეთვე იმის ვარაუდიც, რომ სხვადასხვა პარტიები, რომლებიც მობილიზაციის საკითხით არიან „შეიარაღებულნი“, შეეცდებიან ვალერი ზალუჟნის ჩათრევას პოლიტიკურ თამაშებში, მისი იმიჯის გამოყენების მიზნით.

წყარო