Home Blog Page 1781

ჩვენ არ გვაქვს გეგმა „ბ“ – გეგმა „ა“-ში დარწმუნებულნი ვართ -დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა აქტიურად მუშაობს დასავლეთის მხრიდან შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე და არ აქვს ალტერნატივა, თუ ის შეჩერდება.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში კითხვაზე – რა არის უკრაინის გეგმა „ბ“ იმ იარაღის ნაკლებობის ასანაზღაურებლად, რომელსაც ის ვერ მიიღებს დასავლეთის ქვეყნებიდან – კულებამ უპასუხა: ჩვენ არ გვაქვს გეგმა „ბ“. გეგმა „ა“-ში დარწმუნებულნი ვართ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის იბრძოლებს იმ რესურსებით, რაც აქვს.

“და როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, ის, რაც უკრაინას ეძლევა, ქველმოქმედება არ არის. ეს არის ინვესტიცია ნატოსა და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის დაცვაში”, – დასძინა კულებამ.

“ივანიშვილის მესამედ მოსვლაში არ უნდა ვეძებოთ ხალხის კეთილდღეობის ან სახელმწიფო ინტერესები”

ივანიშვილი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებით მოქმედებს – უნდოდა ერთი ხელით, კულუარებიდან ემართა მთავრობა, მაგრამ ნახა, რომ სანქციების რისკიც მაღალია და ქვეყნის შიგნითაც მაღალია რისკი, რომ ვიღაცებმა საკუთარი დაგროვებული სიმდიდრე ანაცვალონ ივანიშვილს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სწორედ ამაზე მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან კორუფციისა და გუნდის შიგნით დაპირისპირების რისკებზე გააკეთა.

„ივანიშვილის მესამედ მოსვლაში არ უნდა ვეძებოთ ხალხის კეთილდღეობის ან სახელმწიფო ინტერესები, ის მოქმედებს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. დაინახა, რომ საერთაშორისო რისკები გაზრდილია და რისკები გაზრდილია ქვეყნის შიგნითაც. იმდენი ქონება დააგროვეს „ქართული ოცნების” ე.წ.ლიდერებმა, ღარიბაშვილის და სხვა კლანებმა, იფიქრა, ამ ქონების გადასარჩენად არ გაწიროს ამ ხალხმა. ვრცელდება მისი ძველი ჩანაწერები, თუ ორჯერ მოვბრუნდი და არაფერი გავაკეთე, მესამეჯერ მობრუნებას რა აზრი აქვსო. ბატონო ბიძინა, მესამეჯერ მობრუნებას აზრი არ აქვს, მაგრამ უსაფრთხოება, შიში გაიძულებს ის გააკეთო, რის გაკეთებაც არ გინდოდა. მას უნდოდა ერთი ხელით კულუარებიდან ემართა მთავრობა, მაგრამ ნახა, რომ სანქციების რისკიც მაღალია და ქვეყნის შიგნითაც მაღალია რისკი, რომ ვიღაცებმა ივანიშვილს ანაცვალონ საკუთარი დაგროვებული სიმდიდრე. ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოლდოვას სცენარი, სადაც პლახატნუკი იყო არაფორმალური მმართველი და არანაირი თანამდებობა არ ჰქონდა. სწორედ ასევე გაზრდილია ივანიშვილის სანქცირების რისკი, ახლა მისი ძალაუფლება ლეგალური გახდა, კულუარებიდან გამოვიდა და ამბობს – რატომ უნდა დამასანქციროთ, ფორმალური მმართველი გავხდი. მას ჰგონია, რომ ეს რისკები დააზღვია.

ქვეყნის შიგნითაც სერიოზული რისკებია მისთვის. კლანი, რომელიც მილიარდებს იპარავს, როგორ გგონიათ, საქმე საქმეზე რომ მიდგება ივანიშვილს აირჩევს, თუ საკუთარ მოპარულ მილიარდს?! რა თქმა უნდა, მოპარულ მილიარდებს. თან არ დამალა, პირდაპირ თქვა, იმიტომ მოვდივარ, რომ კორუფციის რისკია და გუნდის შიგნით ერთმანეთის დაჭმისო. ეს ქონების გამო ხდება და არა ივანიშვილის სიყვარულის. საქართველო ივანიშვილისთვის უკანა ეზოა, სადაც როგორც ქათმებს, ისე გადმოგვიყრის საკენკს და დააკმაყოფილებს ხალხს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ასე საკენკ მოყრილი ქათმები ვართ, როგორც ივანიშვილს ჰგონია, თუ თავისუფლების მოყვარე არწივები. მე ვფიქრობ, საქართველო თავისუფლების მოყვარე არწივია,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

უკრაინას უკვე მივაწოდეთ დახმარების ბოლო პაკეტი, რისი სახსრებიც გვქონდა -ჯონ კირბი

უკრაინის დახმარების გაგრძელება რომ შევძლოთ, კონგრესისგან მხარდაჭერა გვჭირდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინას უკვე მიაწოდეს დახმარების ბოლო პაკეტი, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ჰქონდათ.

„ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი, რისი სახსრებიც გვქონდა, ზუსტად ახალ წლამდე, შობის შემდეგ. ახლა ჩვენ კონგრესის მხარდაჭერა უნდა მივიღოთ, რომ გავაგრძელოთ ამის კეთება“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, ახლა საჭიროა დამატებითი პაკეტის გამოყოფა. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ბოლო პაკეტი 250 მილიონის დოლარის ოდენობით შობის შემდეგ დღეებში გაიცა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 60 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა აშშ-ის კონგრესმა ის არ დაამტკიცა, რადგან სანაცვლოდ თეთრი სახლისგან მექსიკის საზღვართან საიმიგრაციო უსაფრთხოების გამკაცრებას მოითხოვს.

სიონისტური რეჟიმი პასუხს აგებს ირანში მომხდარი აფეთქებების გამო – ირანის პრეზიდენტი

სიონისტური რეჟიმი პასუხს აგებს ირანში მომხდარი აფეთქებების გამო, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა თეირანში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა.

„მე ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს, თქვენ ინანებთ ამას, თქვენ ფასს გადაიხდით ამ დანაშაულისთვის. ღრმად ინანებთ დანაშაულებს, რომლებიც ჩაიდინეთ“, – თქვა ირანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანში ორი აფეთქება მოხდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კერმანში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი დაშავდა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე, სადაც დიდი კლდოვანი მასა ჩამოიშალა, მძიმე ტექნიკა მუშაობს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე, ხაიშის მონაკვეთთან, დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო მოძრაობის სრული პარალიზება გამოიწვია.

ადგილზე, დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა. ჩახერგილი გზის მონაკვეთი იწმინდება მძიმე ლოდებისგან და ჩამოშლილი კლდოვანი მასისგან. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩამოშლილი მასის მოცულობიდან გამომდინარე, გზის გახსნას რამდენიმე საათი დასჭირდება. სოფელ ხაიშთან კლდოვანი მასა წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა.

ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან სვანეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ სოფელ ხაიშამდე.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მომდევნო ორი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ ცვლილებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, გზების მოყინვა და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს -„ქართული ოცნება”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.

ჩვენს ერს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად, ვინაიდან მისი სულიერი წინამძღოლი სწორედ ილია მეორეა. მისი უწმინდესობა, აღსაყდრებიდან 46 წლის შემდეგაც დაუღალავად შრომობს ქართველი ხალხის სულიერების და ზნეობის განმტკიცებისთვის.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავიდან ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან სწორედ მისმა სიბრძნემ, ზნეობის, სიყვარულისა და ღირებულებებისადმი ერთგულების მაგალითებმა შეუწყო ხელი ქართველი ერის რწმენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და საქართველოს ეკლესიის სათავეში კიდევ მრავალი წელი ყოფნას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავენ პარტიაში.

პოლიციამ „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს იინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, “თი-ბი-სი” ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშ არის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი).

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია.

ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946175 ლარი.

სააგენტოს თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს განხორციელდა 2023 წლის აგვისტოში. შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ, არ შეესაბამება სიმართლეს.

სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა.

“ღაზაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება” – CNN

ღაზის სექტორის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში, სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რაიონში სიტუაცია დაწყნარდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა რამდენიმე ქვედანაყოფი გაიყვანა, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ღაზის სექტორში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ოთხშაბათს ღაზას სამხრეთით მდებარე საავადმყოფოსთან საარტილერიო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ძლიერი აფეთქება მოხდა ღაზას ჩრდილოეთით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 22 300 ადამიანს გადააჭარბა.

CNN-ი იუწყება, რომ გამოიკვეთა შიში ფართო რეგიონული კონფლიქტის პოტენციალის შესახებ მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირანში მომხდარ აფეთქებებში, რომელსაც ასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელი დაადანაშაულეს და შურისძიებით დაიმუქრნენ.

ლიბანში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანთან ომს დაიწყებს, პასუხი “უსაზღვრო” იქნება. მისივე თქმით, ბეირუთში „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.

“ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის- კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა” -Corriere della Sera

იტალიის გაზეთი „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera) 4 იანვრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის: კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა“ (ავტორი – პაოლო ვალენტინო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასული წლის ბოლოს თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2024 წელს რუს დამპყრობლებს „უკრაინელთა რისხვა დაატყდება“, მტერი განადგურებული იქნება და ომიც დასრულდება. არ შეიძლება არ გამოვხატოთ აღფრთოვანება კიეველი ლიდერის შეუპოვრობითა და მამაცობით, რომელიც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იბრძვის, თანაც ამას ამბობს რუსეთის არმიის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების მასირებული დაბომბვისა და ინტენსიური სარაკეტო შეტევის ფონზე.

ვლადიმერ პუტინმაც, სხვათა შორის, თავის საახალწლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მასაც სურს ომის დასრულება, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი პირობებით. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად ხუთი ძირითადი პრობლემა აქვს, რომელიც მან აუცილებლად უნდა მოაგვაროს.

  1. დასავლეთის სოლიდარობის შესუსტება

ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა – დაიწყო მოლაპარაკება უკრაინის ევროკავშირში მიღებისათვის. მაგრამ სინამდვილეში უკრაინის გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ნაბიჯმა დაჩრდილა, რომელმაც ვეტო დაადო კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. რასაკვირველია, არსებობს გზები, თუ როგორ შეიძლება უნგრეთის ვეტოს გვერდი აუხვიო, მაგრამ ეს დიდ დროს მოითხოვს. ანალოგიური სიტუაცია შექმნილი აშშ-ის კონგრესშიც, რომლის მიერ (უფრო ზუსტად, რესპუბლიკელი კონგრესმენების ნეგატიური პოზიციების გამო) უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეშფოთება აშკარად ჩანს, როცა იგი დასავლეთს მოუწოდებს დახმარების გასაგრძელებლად. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტზე დონალდ ტრამპის ავბედითი აჩრდილი მოჩანს.

  1. რეიტინგის დაცემა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული შერჩევითი გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა მხოლოდ 54% დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. „ეს სიგნალია, – ამბობს ვლადიმერ პანიოტო, ისტიტუტის დირექტორი, – იმისა, რომ ომისაგან გამოწვეული დაღლილობა ფრონტიდან ზურგში გადმოდის და მოსახლეობაზეც გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგიც მცირდება: შარშან ომის დაწყების დროს მისი პოპულარობა 90%-ს აჭარბებდა, ახლა კი 60%-მდეა დაცემული.

  1. რთული სამხედრო სიტუაცია

მოსახლეობის მზარდი პესიმიზმი პირდაპირ არის გამოწვეული კონტრშეტევის ჩაშლით – უკრაინელებს იმედები გაუცრუვდათ და გული გაუტყდათ. მოწინააღმდეგე მხარეების მიერ ომი ერთმანეთის გამოფიტვისაკენ არის მიმართული. ამ მხრივ რუსეთს შედარებით უფრო „კარგი“ პოზიციები აქვს – ვლადიმერ პუტინი უყოყმანოდ ყრის ათასობით რუს ჯარისკაცს სისხლიან ხორცსაკეპში. კიევში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს ძველებურად სჯერათ თავიანთი არმიისა, მაგრამ ნაკლებად ენდობიან ვოლოდიმირ ზელენსკის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უნარს, რომელიც ხშირად ერევა სტრატეგიულ არჩევანში და სამხედროების საქმიანობაში.

  1. ოპოზიციის გამოღვიძება

თანხმობა უკრაინის ხელისუფლებაში უკვე წარსულს ჩაბარდა. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოება გაჩნდა. უკრაინული მასმედიის ცნობით, კონფიდენციალურად ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ორი „ზ“ (ზელენსკი და ზალუჟნი) ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მართალია, არჩევნების ჩატარება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ თვით ფაქტი ამ ორი ცნობილი ადამიანის კონფლიქტის თაობაზე მრავლისმეტყველია.

ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი მძიმეწონიანი ოპონენტი ჰყავს – კიევის მერი ვიტალი კლიჩკო,  ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, რომელმაც ამას წინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „დაშვებული შეცდომების ფასს მწარედ გადაიხდის“.

  1. პუტინის ფაქტორი

ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი რუსი სეხნიისა და კოლეგის – ვლადიმერ პუტინის ჯიუტობასა და გაძლიერებას უნდა შეეგუოს. კრემლის ბინადარი ისეთი ტახტშერყეული აღარ არის, როგორიც „ვაგნერელთა“ ამბოხების დროს იყო. ამჟამად რუსი დიქტატორი თავს ძველებურად მტკიცედ გრძნობს – მზარდი ეკონომიკით და ფრონტზე არსებული მეტ-ნაკლებად მომგებიანი სამხედრო სიტუაციით. მან უკვე გაგზავნა რუსი მამაკაცების მთელი თაობა სასაკლაოზე, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დემოკრატია რუსეთში დათრგუნულია.

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს 2024 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ფორმალურად „მეფობის“ ვადას კიდევ ექვსი წლით გაგრძელებენ. კრემლელი დიქტატორის თქმით, მას ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება სურს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დასავლეთი და უკრაინა რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს.

წყარო:

“მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის” – პრეზიდენტი პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისათვის.

თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“- აღნიშნავს პრეზიდენტი, რომლის მისალოც სიტყვასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.